სლო

სლო  ჩვენი  სოფლის  ობოლი  იყო. მისი  მშობლები  დიდი  ხნის წინ  გარდაიცვალნენ,  როგორც  მახსოვს, ავტოავარიის  შედეგად.  სლოს  არ ჰყავდა ახლობლები, ან იქნებ ჰყავდა, მაგრამ გაითქვიფნენ  სხვა  კალთამადლიანთა შორის და შესაძლებელია ისინიც  სხვებთან ერთად  ზრუნავდნენ   ბიჭზე. სოფლის ქალები ზედმეტ ლუკმას და  ბავშვების ძველ ტანსაცმელს   არ იშურებდნენ სლოსათვის.

ხშირად  გულუხვობასაც  იჩენდნენ  და  ახალი  შეძენილი ტანსაცმლითა  და ფეხსაცმლით ასაჩუქრებდნენ. ხშირი  იყო  ისეთი  დღეები, როცა სლოს  ნაყინით, ნამცხვრითა   და  მურაბით   უმასპინძლებოდნენ.  მურაბას  სლო  სადილის კოვზით ჭამდა  და  სიამოვნებისაგან  თვალებს  ნაბავდა. ზოგჯერ სლოს ფულსაც აძლევდნენ. ფული  მოწყალების  საზღვრებში არ  ჯდებოდა, ამიტომაც ფასის  შესახებ  წინასწარ მოელაპარაკებოდნენ:

̶   ამდენ შეშას რამდენად  დამიპობ?

̶   რასაც  მომცემ, – იყო პასუხი.  ნამდვილად  იცოდნენ სლო რასაც იტყოდა, მაგრამ როგორც  კეთილსინდისიერი  „დამსაქმებელი“    მაინც ჰკითხავდნენ,  „ რამდენად“?..

მე  სლოსი მეშინოდა.  ის თითქმის  14-15 წლის იქნებოდა,  მაგრამ მე მაშინ ძალიან პატარა  ვიყავი  და  ის  დიდი მეჩვენებოდა.  დიდი, უზარმაზარი და მხრებში მოხრილი.  ჩაფართხუნებული,  გრძელმკლავებიანი კოსტიუმით, ასე  გეგონებოდათ, კი არ აცვია,  არამედ აკერია სლოს გამხდარ  და განიერ  მხრებსო.  სახე  სულ  მუდამ შეშინებული ჰქონდა, ხელში ქვა ეჭირა …სლოს  ხელში  სულ ქვა ჰქონდა.  სლო ტროტუარზე დადიოდა,  ხელში ქვით,  თავჩაღუნული დადიოდა… გამუდმებით  უკან  იხედებოდა,  თითქოს  მადევარს  გაურბისო. როდესაც მას ესაუბრებოდნენ ქვიან  მუჭს მაგრად მიიკრავდა მკერდზე და მზად  იყო  ქვის  გამოსაქნევად. სოფლის  10-12 წლისთავზე  ხელაღებულები  სლოს მოსვენებას  არ აძლევდნენ, დღე ისე გავიდოდა, რაიმე ოინი არ დაეწია თმისთვის… ჯიბეში ბაყაყს უგდებდნენ,  საჯდომზე  ნემსს  ურჭობდნენ მიეპარებოდნენ დამალულად  ჭრიდნენ მხრებზე გაფენილ ოქროსფერ თმებს.

სლო  წამოხტებოდა და  გაბოროტებული  თვალებით ეძებდა მორიგ მოწინააღმდეგეს. ვერ პოულობდა და ხელში ჩაბღუჯულ  ქვას  გაიქნევდა  თავშეყრილებისაკენ  და გაიქცეოდა  თავის პატარა   მიწურ   სახლში.

სლო ჭკუას მაინც ვერ  სწავლობდა, ალბათ იმიტომ, რომ მარტოობა არ უყვარდა. ხშირად მოვიდოდა და გაერეოდა სოფლის  შარაზე  გამოფენილ  ხალხში. ჩაცუცქდებოდა  კუთხეში და შესცქეროდა  ხან  ერთს  და  ხან  მეორეს. ისმენდა მათ საუბარს,  დაწყებული გაძვირებებიდან დამთავრებული  აიწოს წერილამდე,  რომელიც,  როგორც  ამბობდნენ, ბრეჟნევისაგან  მიუღია.  ვუცქერდი და ვხედავდი როგორ იცინოდა სლო. როდესაც სლოს აბუჩად აგდებისაგან  დაღლილი  სოფლელების    გული სიახლეს ითხოვდა და დაიწყებდნენ ერთამენთის გაქილიკებას, სლო იცინოდა. იცინოდა და აჩენდა თეთრ  კბილებს, მხრები უცახცახებდა მაგრამ ქვა…ქვა მაგრად ჰქონდა ჩაბღუჯული მუშტში, მუშტი კი  მტკიცედ  მიკრული  მკერდზე.

… შემოდგომის  მზიანი დღე  იდგა.    ჰაერში მოახლოებული ზამთრის სურნელი უკვე იგრძნობოდა და შემოდგომის ამ იშვიათ თბილ ამინდს სოფლის მცხოვრებლების ახლებიდან  გარეთ  გამოეყვანა.   ამათაც სოფლის  ცენტრში, დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ  ობელისკთან,  თავი  მოეყარათ. დედაჩემი სოფლის კულტურის სახლის დირექტორი  იყო და მისი სამუშაო ოთახის ფანჯარა პირდაპირ გადაჰყურებდა  ობელისკს. მე  ფანჯრიდან  ვიხედებოდი. უცებ მოულოდნელი რამ  მოხდა.  ადამიანები, რომელიც მანამდე წყნარად ისხდნენ წამოვარდნენ და  აქეთ-იქეთ  გარბი-გამორბოდნენ. მერე  სლო  დავინახე, მისი კოსტიუმი   იწვოდა  უკანა  მხრიდან. ხალხმა   ცეცხლი  ყაყანითა და მუჯლუგუნებით ჩააქრეს. ამჯერად  სლოს შეკრებილთათვის  ქვა  არ  უსროლია, სახლშიც  არ გაქცეულა.    ჩამოჯდა კუთხეში და ხელით კოსტიუმის დამწვარი კალთების  ჩასწორება დაიწყო.  დანარჩენი კი მე  არ  მინახავს… დანარჩენს თვეების განმავლობაში  უყვებოდნენ  ადამიანები  ერთმანეთს… მერე  აღარ  ყვებოდნენ, რადგანაც  მომხდარის  შესახებ  ყველამ  ზეპირად   იცოდა. ასე  მომხდარა…

სლო   რამდენიმე წუთი  უძრავად  ყოფილა  გაჩერებული  ტროტუარზე, მერე ქვეშ შეუვარდა,  თურმე,  დამრეცზე  დიდი  სიჩქარით   მომავალ   სატვირთო   მანქანას… სლო  გარდაიცვალა   საავადმყოფოში.  ამბობენ, როცა  ექიმი  ბიჭს  შუბლზე  ეამბორა, სლომ  ხელში ჩაბღუჯული   ქვა  შეუმჩნევლად  დადო   მაგიდაზე.

გაიანე  პოღოსიან

სომხურიდან ქართულად თარგმნა  ელენე  ტუღუშმა

  

დატოვე კომენტარი