“სულ ზევით, ზევით მაღლა და მაღლა”

კურორტი „ბახმარო“ მინდა გაგაცნოთ, ჩემი თვალით დანახული, მოკლედ, ჩემეული. გაცნობას სახელდებით ვიწყებ, სულ ორი მოსაზრება არსებობს. ორთაგან ერთი, ლეგენდა უფროა, ვიდრე სინამდვილე, ულეგენდოდ, აბა, როგორ იქნებოდა?! ბახმარო ხომ ზღაპრული ადგილია. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე გაშენებული კურორტი.

ლეგენდის თანახმად კურორტის სახელი ულამაზეს თავადის ქალს, მაროს უკავშირდება. მარო თურქებმა მოიტაცეს, უკან დადევნებულ მდევარს კი ხანჯლით განგმირული დაუტოვეს, გვერდით ქვაზე კი, მისივე სისხლით დააწერეს: „ბახ მარო“ – ნახეთ თქვენი მარო.

მეორე ვერსია უფრო მეცნიერულია,  გურული მეცნიერის იური სიხარულიძის აზრით ბახმარო სვანური წარმოშობის სიტყვაა და კაცის გადასასვლელს ნიშნავს.  თუ დაგაინტერესებთ, სხვა დროს, სვაანეთშიც გამოგზაურებთ და აჭარაშიც, მაგალითად ბათუმში. და ბეშუმში. „ბახ“ არის გადასასვლელი, ხოლო „მარო“ არის სახეცვლილება სვანური „მარეხისა“, რომელიც კაცს ნიშნავს.

ბახმაროს ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც გარშემორტყმულია აღმოსავლური ნაძვის, სოჭის და კავკასიური ფიჭვის მარადმწვანე ტყის კორომებისაგან და რევოლუციამდე  ეკუთვნოდა გურიის ფეოდალებს, ერისთავებს, რომელთა საცხოვრებელი რეზიდენცია სოფელ გორაბერეჟოულში იყო.

გორაბერეჟოულის დენდროლოგიურ  პარკშიც უნდა შევიაროთ. გვერწმუნეთ, პირველივე ნახვისთანავე აღფრთოვანდებით და გაოცდებით. გორაბერეჟოულში ბევრს ნახავთ და მოისმენთ, მაგალითად, აი, ასეთ რამეს „რამდენადაც გურულებს მესაქონლეობა სათაკილო საქმედ მიაჩნდათ, აქ საქონელი ბორჯომის ხეობის მოსახლეობას ამოჰყავდა, ხოლო ერისთავები მათგან იღებდნენ „ბალახის ბაჟს“. ეს იყო ერთი თავი ყველი, ერთ მეწველ ძროხასა და კამეჩზე და ერთი მეათედი მეწველ თხასა და ცხვარზე. არამეწველ საქონელზე ბაჟი არ ვრცელდებოდა.“ თქვენი არ ვიცი,  მაგრამ ასეთ  ,,ბაჟს“ გურულის გარდა დედამიწის ზურგზე ვერავინ დააწესებდა.

by  DOROTA CHOJNOWSKA – WŁÓCZYKIJ

ბახმარო მთის კლიმატური კურორტია, პროფილაქტიკური და პულმონოლოგიური პროფილით.  მისი ჰაერი კარგია, ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური დაავადებები, სისხლნაკლებობა, ნევრასთენია, ლიმფადენიტი, სეზონი – ივნისი-სექტემბერი. ოქტომბრიდან -მაისამდე, ბახმაროს გზა თოვლის გამო იკეტება.

19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, ბახმაროში ყოველწლიურად იმართება დოღი და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებები, რითიც სეზონის დასრულება აღინიშნება. პოპულარული ადგილებია მზის „ამოსავალი“ (მთა გადრეკილი) და „ჩასავალი გორები“ (მთა საქასარია), საიდანაც დამსვენებლები მზის ამოსვლასა და ჩასვლას აკვირდებიან.

ვიდრე მზე ჩადის, მოდით ერკეთის დედათა მონასტერს ვესტუმროთ. გურიაში IX საუკუნეში აგებულ  მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების  სახელობის ეკლესიას, ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ერკეთის ეკლესია, ისევე როგორც ბახმარო  გურულ ერისთავთა მამულს წარმოადგენდა, მისი წინამძღვრები აფხაზი  შარვაშიძეები იყვნენ. ეკლესიის სტუმრებს  აუცილებლად უყვებიან დეკანოზ მგალობლიშვილის გმირობას, რომელმაც იატაკის ქვეშ დამალა ტაძრის ძვირფასეულობები, რათა ისინი გურიაში შეჭრილი ალიხანოვ-ავარსკის დარბევისგან ეხსნა.

ერკეთის მონასტრიდან, ნაბეღლავს ვესტუმრებით, მისი მთავარი სიმდიდრე  ნაბეღლავის მინერალური წყალია, რომელიც  ბორჯომის ტიპისაა. იყენებენ სასმელად და აბაზანებისთვის, ასევე კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, სანაღვლე და საშარდე გზების დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის მოშლის სამკურნალოდ. სეზონი მთელი წელი. სოფელში არის შ.პ.ს. „წყალი მარგებელის“ ქარხანა. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა პანსიონატი. საბჭოეთი წარსულია – გერმანული  რაუხი აწმყო და მომავალი. „რაუხი“  აწარმოებს  წვენებს, ცივ ჩაის, ლიმონათსა და სხვა უალკოჰოლო სასმელს.

„ნაბეღლავი“ გარდა იმისა, რომ  ხასიათდება უნიკალური სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებებით, მისი მოხმარება შეიძლება შეუზღუდავი რაოდენობით, ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის.  ნაბეღლავის სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას მავნე ნივთიერებებისაგან და მის გამდიდრებას აუცილებელი მინერალებით.

ვიდრე თქვენ წყალს აგემოვნებთ, ჩვენ ცხრაწყაროზე გეტყვით რამდენიმე სიტყვას. ცხრა წყარო   ინგლისურად nine mine – ითარგმნება, თუმცა ძველ ქართულში 9  ბევრს აღნიშნავდა. ცხრაწყაროზე ერთი ტრადიციაა, აქ ყველა ამვლელ-ჩამლევი შეჩერდება და წყლით სახეს იბანს, რატომ? ზევით რომ ავალთ თქვენც ასე მოიქეცით, შედეგს სარკეში „ერთ წამში“ დაინახავთ.

ცოტაც და მზე ჩაესვენება, დროა სასტუმროში დავბრუნდეთ.

P.S.

იფ! იფ! რა მაგარი ამბავი მაქვს! რომ იტყვიან „ბლოგური“ დადებულიც არ მქონდა, ჩოხატაურიდან რომ შემეხმიანენ და საუკეთესო ამბავი მამცნეს: “ბატონო გიორგი, ზამთარში უკვე აქტიურად ვმასპინძლობთ უცხოელ მოთხილამურეებსა  და გაუკვალავში მოსრიალე ტურისტებს და ამიტომ „ბახმარო” სეზონურ კურორტად აღარ ითვლება…”

ბარაქალა, გურულებო ზოგადად და ჩოხატაურლებო კონკრეტულად! კაი საქმე დაგიტრიალებიათ, ბახმაროში!

ავტორი: გიო კილაძე

დატოვე კომენტარი