1857 წლის ჟურნალ „ცისკარის“ იანვრის ნომერში ილია ჭავჭავაძის პირველი ლექსი – „ჩიტი“ დაიბეჭდა.
ილიას იმდროინდელ ემოციაზე, მე კი არა, მგონი არავინ არაფერი იცის, შეიძლება იცის კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის შესახებ მე არაფერი წამიკითხავს. ჩემი გადასახედიდან, გაუხარდებოდა ძალიან.
გამოქვეყნებულ ვარიანტში „ჩიტს“ არანაირი მინიშნება არ აქვს თარგმანი რომაა, თუმცა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებულის ოცტომეულის მესამე ტომშია განთავსებული, აღნიშნული ტომი რომ იტყვიან, თავიდან-ბოლომდე, ილიას მხატვრული თარგმანებს აერთიანებს.
მოკლედ, თქმა არ უნდა, ლექსი თარგმნილია, მიუხედავად იმისა, რომ უცნობია ორიგინალის ავტორის ვინაობად სიმართლე გითხრათ, არც დიდად დავინტერესებულვარ ამ ამბით.
სულ სხვა ადამიანი დაინტერესდა ამ ამბით, რომ იტყვიან ბევრის მცოდნე და მნახველი, პუშკინის “ჩიტიც” გაიხსენა და ისიც, რომ პუშკინი ამ დროს 23 წლისაა და იმხანად, ბესარაბიაშია გამწესებული… южная ссылка-თ იყო ბესარაბიაშიო – არც ეს დავიწყებია ქალბატონ კოლეგას.
„ამ ლექსის ავტორი ცნობილი არ არის. არსებობს ამ თარგმანის ილიასეული სამი ხელნაწერი კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის ილია ჭავჭავაძის ფონდის №105 ხელნაწერი წარმოადგენს ლექსის თარგმანის პირველ რედაქციას. იგი საგრძნობლად განსხვავდება სხვებისაგან და მის ტექსტს იქვე ვარიანტებში ცალკე ვბეჭდავთ. შემდგომში „ჩიტის“ თარგმანის შესწორებული პირი (ავტოგრაფი №108) ილიას გადაუცია ჟურნალ „ცისკარში“, სადაც იგი დაიბეჭდა 1857 წლის საახალწლო ნომერში. შემდეგ ეს თარგმანი ზოგიერთი ცვლილებებით დაიბეჭდა 1892 წელს „ქართველთა ამხანაგობის“ მიერ გამოცემულ ილიას თხზულებათა პირველ ტომში.“ – ვკითხულობთ „ჩიტის“ თანდართულ შენიშვნებში, სად თუ არა, ხსენებულ მესამე ტომში.
თქვენი არ ვიცი, მე კი, არსად წამიკითხავს ამ ლექსის ანალიზი, დარწმუნებული ვარ იქნება, უბრალოდ მეტი ძიება იყო საჭირო, ვიდრე მე – ვეძებე და ვერსად – ვპოვე.
თავად ლექსი, დიდი მისახვედრი არაა, აღნიშნული ტომიდან მომაქვს:
„ყოვლთ უწინარეს მე გავიღვიძებ,
ფრთას ფრთას შემოვჰკრავ, რა თვალს ვახილებ,
დავჰკრავ, დავუშტვენ, ღმერთსა ვადიდებ,
მშვენიერის ხმით მსმენელს ვაგიჟებ.
უფლისაგან მაქვს სასმელ-საჭმელი,
არც ვთეს, არცა ვმკი, არცა ვარ მხვნელი,
გამაძღარი ვარ, მაქვს მე ყოველი,
მოდი, ზაფხულო, მე შენ მოგელი.
მიყვარს ზაფხული მწვანით შემკული,
ვცელქობ და ვფრინავ გახარებული,
სახლი მაქვს მინდვრად ღვთის მოცემული
და საფრენად ცა განათებული;
ზეცით მწვანეზედ ჩამოვეშვები,
მშვენიერთ ყვავილთ შორისა ვჯდები,
ხან ტყის, ხან წყლისა პირს მოვედები,
ვითა ისარი მასზე გავსხლტები…
ვინ მომეწევა, გინდ იყოს ცხენი,
გინდ მიმინო და გინდ შავარდენი…
გარნა მიჭერენ მცირის მახითა,
მიტყუებენ რა ხორბლის მარცვლითა“.
ლექსი, რომელიც სულ ახლახან გაგახსენეთ, ბევრჯერ მაქვს წაკითხული. სიმართლე გითხრათ, ხან – მომწონს, ხან -არ მომწონს. თუ მკითხავ შენ ვისი ტიკ-ტომარა ხარ, ილიას ლექსი, ხან, რომ მოგწონს და ხან არ მოგწონსო, გეტყვი: რომ მომწონს – მიხარია, რომ არ მომწონს, ვფიქრობ, რომ სათანადოდ ვერ გავიზარდე… ხდება ხოლმე… არც გალაკტიონის ყველა ლექსი მომწონს სამწუხაროდ… რას ვიზამთ, გარდა იმისა რომ, საქვეყნოს ვაღიარო…
სხვათასორის, რჩეული სამსტრიქონებიც მაქვს: მაგ., აი ეს:
„უფლისაგან მაქვს სასმელსაჭმელი,
არც ვსთეს, არცა ვმკი, არცა ვარ მხვნელი,
ვარ გამაძღარი, მაქვს მე ყოველი“
ანდაც
„სახლი მაქვს მინდვრად ღვთის მოცემული,
ცისა ქვეშ ვფრინავ გახარებული;
ზეცით მწვანეზედ ჩამოვეშვები“
როცა ამ სამსტრიქონიანებს ვკითხულობ „შეხედეთ ცის ფრინველებს, რადგან არ თესენ, არც მკიან, არც აგროვებენ ბეღლებში და მამა თქვენი ზეცათა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე უმჯობსენი არა ხართ?“ – ეს რომ მახსენდება, თქმა არ უნდა, სხვაც მახსენდება, უკვე ბარნოვის „გველის ზეიმიდან“.
გახსოვთ ხომ, როგორცაა?
„- ოღონდაც რომ ფრინველნი ცისანი, ჰაერის შვილნი! არცა თესენ, არც მოიმკიან და სახიერი აცხოვრებს მათ შვებით.“
და მაინც, „ჩიტი“, მე რომ მომწონს, არა მგონია იმ სამსრტიქონების გამო დაწერეილიყო,.
ბოლო ორსტრიქონიანია, დაწერის თავიცა და ბოლოც:
„გარნა მიჭერენ მცირის მახითა,
მიტყუებენ რა ხორბლის მარცვლითა.“
19 წლისაა ამ დროს ილია… მხოლოდ 19-ის და ალბათ, ამ დროს პირველად გაიფიქრა, სავარაოდოდ, არც ჩიტი ვარ, მიუხედავად შინაგანი თავისუფლებისა და არც ის ადამიანები ხართ, მე რომ ხორბლის მარცვლით მიმიტყუებ და მცირე მახით დამიჭერო…
აი, აქ, დათა თუთაშხია, გამახსენდა მე…
გამახსენდა და ვიპოვი იმ ადგილს და წავიკითხავ კიდევ ერთხელ…
მანამდე, კიდევ ერთხელ წავიკითხავ „ჩიტს“…
ავტორი: გიორგი კილაძე