გურული ისტორიები ღვინის, არყისა  და ჩაის თანხლებით

გურიის ისტორიების მოყოლას ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმიდან დავიწყებთ. საიცარი ბიოგრაფიის კაცია. საქართველოს სამოციქულო ეკლესის მიერ წმინდანად შერაცხული,  სახლ-მუზეუმსაც ვეწვევით ლიხაურში, შემდეგ კი აჭის ეკლესიას მოვინახულებთ. დიდი ისტორია აქვს, თუმცა ახლა სულ სხვა ისტორიებს მოგიყვებით. ისტორია კი იცოცხლე, გურულებს  დიდი აქვთ. დიდი და უაღესად საინტერესო. თქვენ წარმოიდგინეთ, საკუთარი რესპუბლიკაც კი ჰქონდათ… მეორე პარიზის კომუნად სახელდებული  გურიის რესპუბლიკა გურულებმა 1905 წლის ზაფხულის ბოლოს გამოაცხადეს  და    1906 წლის 10 იანვრამდე  ანუ გაუქმებამდე არჩევნებიც ჩატარებაც მოასწრეს, სხვათაშორის  არჩევნებში ქალების მონაწილეობაც დაუშვეს.   პრეზიდენტიც აირჩიეს, მაგრამ… თქვენ წარმოიდგინეთ და სოციალისტურ-დემოკრატიულ  რესპუბლიკაში  პრეზიდენტს ხანდახან გურიის მეფეს ეძახდნენ.   ასეთი, ცოტა არ იყოს უცნაური ხალხი ვართ  გურულები.  არ დამავიწყდეს პრეზიდენტს ბენია ჩხიკვიშვილი ერქვა და   გურიის რესპუბლიკის გაუქმების შემდეგ ჯერ   ბათუმის გენერალ-გუბერნატორი იყო და მერე  თბილისის. ხომ მეთანხმებით, საინტერესო ადამიანი გაგაცანით… ბევრია ასეთი ადამიანი გურიაში, პოლიტიკოსიც და არაპოლიტიკოსიც… მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი არქიტექტორიც ჩვენებურია. კი, კი ბატონი ედუარდი. სხვათაშორის სამი გურულიდან ორი პოლიტიკოსია, მესამეც პოლიტიკოსია, მაგრამ არ ამხელს. გურულებმა პოლიტიკის გარდა ფეხბურთი იციან… იყო დრო სსრკ უმაღლესი ლიგის 18 გუნდში 3 ქართული გუნდი იყო… და ერთ-ერთი ლანჩხუთის გურია… ლანჩხუთში თქვენ წარმოიდგინეთ იმ დროს სულ 10000 ადამიანი ცხოვრობდა…   და სტადიონის დაახლოებით მაგ რაოდენობის ადამიანს იტევდა… რაღა ათენის თეატრი და რაღა ლანჩხუთის სტადიონი… ერთ სულ მოქალაქეზე – 1 სკამი! გურულებს ფეხბურთის გარდა  ცხენოსნობა  უყვართ ნამეტნავად. ნამდვილი პროფესიონალები იყვნენ… წარმოგიდგენიათ გურულმა მოჯირითეებმა  ამერიკაში გამართულ ველური დასავლეთის შოუებში (Wild West Shows) იმონაწილეეს და იქაურ პრესას თუ დავუჯერებთ ლამის მთელი ამერიკა გადარიეს…  არ გეგონოთ პირდაპირ ამერიკას შეესია გურულების ათკაციანი ჯგუფი – არც აციეს, არც აცხელეს და მარსელიდან  პარიზი ჰავრის გავლით ლონდონში ამოყვეს თავი…  სხვათაშორის გურულ ყაზახებს არც დედოფალ ვიქტორიასთან სტუმრობისას შეურცხვენიათ თავი.  არშერცხვენის ამბავი კი   დაიწყო ლონდონის Earl’s Court-ში გამართული საერთაშორისო მებაღეობის გამოფენით, სადაც სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთდ გაიმართა ბუფალო ბილის შოუს წარმოდგენები.გამოფენაზე  გურულების ჯირითმა   დიდი ინტერესი გამოიწვია. დედოფალმა ვიქტორიამ მათი ნახვა უინძორის სასახლეში მოისურვა. 1892 წლის 25 ივნისს ქართველი მხედრები ივანე მახარაძის მეთაურობით ინგლისის სამეფო ოჯახისა და სხვა არისტოკრატების წინაშე წარდგნენ. აღტაცებულმა დედოფალმა წარმოდგენის ამსახველი ფოტოების მოოქროვილი ალბომი გადასცა.

ახლა კი  ვიდრე გურულ  ღვინოსა და არაყს დააგემოვნებთ  გურული ჩაი  გავსინჯოთ. ჩაიზე მოსაყოლი ისტორიებიც  გურულებს ბლომად გვაქვს. სხვათაშორის ჩაის პირველი ბუჩქები საქართველოში გურიაში გაშენდა და ვინ თუ არა ნაკაშიძეებმა გააშენეს.

ნაკაშიძის გვარი კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ და ამას გურიანთაში ჩაის სმისას გავაკეთებთ და ვიდრე იქ მივალთ გურიის სახელწოდებაზე ვთქვათ:  აკადემიკოს ნიკოლოზ ბერძენიშვილის მოსაზრებით, გურიანთის სახელწოდებიდან წარმოიშვა ტოპონიმი გურია. სოფლის ტერიტორიაზე მდინარეების: სკურდუმისა და ნატანების შესართავთან მდებარეობს ვაშნარი. სკურდუმის მარჯვნივ აღმოჩენილია ნეოლითური ნამოსახლარი.

გვიან ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა ნაკაშიძეების სამფლობელოს.  სოფლის ტერიტორიაზე ასევე იყო კახურის წმინდა გიორგის ეკლესია ხისა და მონასტრის მთავარანგელოზთა ეკლესია და მემორიალური მუზეუმი  მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილია სოფლის ისტორიის ამსახველი მასალები, მათ შორის: გურიანთა-ციხისფერდის უბანში მდინარე სკურდუმის ბორცვზე 1963 წელს გათხრების შედეგად აღმოჩენილი გვიანი ნეოლითის ხანის კაჟის, რიყისქვის იარაღები, ადრეფეოდალური ხანის ვაშნარის ციხე-ქალაქის მასალები. მუზეუმის ერთ დარბაზში წარმოდგენილია გურული სახლი, ციხისფერდში ნაპოვნი ქვის ვერძის ქანდაკება. დარბაზებში გამოფენილია სოფლის ისტორიის ამსახველი ფოტოები და ხელნაწერები. ანასეულის ნამოსახლარში ნავარაუდებია რკინის გამოდნობა მაგნეტიტური ქვიშიდან.

გურული ჩაის დაგემოვნების შემდეგ ანასეულს ვესტუმრებით. გემრიელ არაყს დავაგემოვნებთ. მანამდე კი ცოტას ანასეულზე მოგიყვებით: საინტერესო ისტორიის დასახლებაა.  სხვა რომ არაფერი ორი საკავშირო მნიშვნელობის ინსტიტუტი  ფუნქციონირებდა ერთი ციცქნა ტერიტორიაზე. ანასეულის სახელწოდება გურიის მთავრის, მამია მეორის (1600-1625) ქალიშვილს, ანა ბატონიშვილს უნდა უკავშირდებოდეს. მამია II-მ ქალიშვილი ანა კახთა მეფე თეიმურაზს მიათხოვა და მამული უბოძა. სხვათაშორის ანასეულში უულამაზესი პარკიცაა. სამოქალაქო ბიუჯეტისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამებით რეანიმირებულები. ცოტას რომ გადავკრავთ შევიაროთ, უამრავი საინტერესო ხე-ბუჩქია პარკში სანახავად რომ ღირს.

გვეყო ახლა სეირნობა. დაპირებული ექვთიმე  თაყაიშვილის სახლ-მუზეუმი დავათვალიეროთ სოფელ ლიხაურში.  ექვთიმე ღვთისკაცის სახლმუზეუმი.  საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესად წოდებული. რატომ უწოდეს ასე? ამაზე ჩვენი გიდი მოგიყვებათ კომპეტენტურად როგორც კი სახლ-მუზეუმის ეზოში შევაბიჯებთ.

ლიხაურში აჭის ეკლესიააც დავათვალიერებთ და აჭის ულამაზეს ხეობასაც ავუყვებით ლამის აჭარამდე.

ფოტო https://guriatourism.com/

საღამოს კი ღვინის დაგემოვნებით დავასრულებთ. ქართულ ხალხურ სიმღერებსაც მოვუსმენთ და ეგებ ავმღერდეთ კიდეც.

შთაბეჭდილებებით სავსე ტური იყო – დაგვეთანხმეთ!

ავტორი: გიო კილაძე

დატოვე კომენტარი