იოჰან შენსპერგერი და იმპერატორ მაქსიმილიანეს „ლოცვანი“

იმპერატორ მაქსიმილიან პირველთან დაკავშირებულია რამდენიმე საეკლესიო და საერო ილუსტრირებული გამოცემების ბეჭდვა. მან საფუძველი ჩაუყარა ახალ საგამომცემლო წამოწყებას – ბეჭდური წიგნების დასურათებას: საიმპერატორო სასახლეში მიიწვია სახელგანთქმული მხატვრები და მათ დაავალა საკუთარი ჩანაფიქრის აღსრულებაში მონაწილეობის მიღება. წიგნების სტამბური წესით ბეჭდვა და გამოცემა კი იმპერატორმა აუგსბურგელ იოჰან შენსპერგერს მიანდო. მაქსიმილიან I-ის ინიციატივით დაბეჭდილმა გამოცემებმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდრეს მსოფლიო პოლიგრაფიული ხელოვნების ისტორიაში.46983731_1609151145852014_5096772685833175040_n
გერმანელი მესტამბე-გამომცემელი იოჰან შენსპერგერ უფროსი 1455 წელს დაიბადა აუგსბურგში. მას მამინაცვალმა – იოჰან ბამლერმა შეასწავლა წიგნის გადაწერისა და ბეჭდვის ხელოვნება. თვით ბამლერი გახლდათ მწიგნობარი, კალიგრაფი, წიგნის ბეჭდვის საქმეს კი გიუნტერ ზაინერის სახელოსნოში დაეუფლა და პირველი წიგნი 1472 წელს გამოსცა.
იოჰან შენსპერგერმა პოლიგრაფიული საქმიანობა დამოუკიდებლად 1481 წელს დაიწყო მშობლიურ ქალაქში. 1500 წლამდე მან ორასზე მეტი სხვადასხვა გამოცემა დაბეჭდა. განსაკუთრებული მოთხოვნა იყო ეგრეთ წოდებულ „სახალხო გამოცემებზე“, რომლებიც ფართო მასებისათვის იყო გათვალისწინებული. ამ სერიით შენსპერგერი სხვათა მიერ გამოცემულ წიგნებს ხელმეორედ ბეჭდავდა გაცილებით დაბალ ფასში, რის გამოც ისინი ხელმისაწვდომი ხდებოდა ყველასათვის. მესტამბემ ამ სერიის სახელწოდებით გამოაქვეყნა თვრამეტი დასახელების ორმოცდაცხრა გამოცემა.
იოჰან შენსპერგერმა გაითვალისწინა მკითხველთა დიდი ინტერესი და თავიდან დაბეჭდა ანტონ კობერგერის მიერ, 1493 წელს გამოცემული პოლიგრაფიული ხელოვნების შედევრი „Nuremberg Chronicles“ – „ნიურნბერგის ქრონიკები“, წიგნი მსოფლიოს ისტორიის შესახებ, რომელსაც „ქრონიკის წიგნადაც“ მოიხსენიებენ. ისტორიული გამოცემა რამდენჯერმე გამოვიდა: 1496 და 1500 წლებში – გერმანულ და 1497 წელს – ლათინურ ენაზე. შენსპერგერის მიერ გამოცემული წიგნები შედარებით მცირე ფორმატისა იყო, ვიდრე კობერგერისა.
შენსპერგერმა რამდენჯერმე დაბეჭდა გენუის ეპისკოპოსის, დომინიკელი იაკობ დე ვორაგინეს მიერ დაახლოებით 1260 წელს დაწერილი ნაშრომი „Legenda Aurea“ – „ოქროს ლეგენდა“. შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნი თავისი პოპულარულობით მხოლოდ ბიბლიას ჩამოუვარდებოდა. წერილობითი წყაროებისა და ხალხური თქმულებების მიხედვით შექმნილი თხზულება წმინდანთა ცხოვრებისა და ქრისტიანული ლეგენდების კრებულს წარმოადგენდა.
იოჰან შენსპერგერმა 1508 წლიდან მოიპოვა მაქსიმილიან I-ის კარის მბეჭდავის წოდება. მომდევნო წლებში მან გამოსცა მრავალი წიგნი, რომელთა შორის იყო სებასტიან ბრანტის „ბრიყვთა გემი“, ელია დონატის „ლათინური ენის გრამატიკა“. განსაკუთრებული გამოცემა, რომელმაც ყველა განაცვიფრა გახლდათ „მაქსიმილიან I-ის ლოცვანი“. 1513 წლის 30 დეკემბრისთვის შეკვეთა მთლიანად დასრულებული იყო და იმპერატორის ჩანაფიქრი მართლაც არაჩვეულებრილი გამოდგა. იოჰან შენსპერგერს მანამდე ამის მსგავსი არაფერი დაუბეჭდავს. მართალია, ლოცვანის ტირაჟი მხოლოდ ათი ეგზემპლარი გახლდათ, მაგრამ მასზე დიდი შრომა და ენერგია იყო დახარჯული. წიგნი ლათინურ ენაზე დაიბეჭდა.
წიგნი დაბეჭდილია ორ ფერში: ტექსტი – შავი საღებავით, წითლით კი – ცალკეული განყოფილებების სათაურები, დასაწყისი ფრაზების სათაო ასოები და ტექსტები, რომელთა გამოყოფაც სურდათ. 46983776_1609151029185359_6095432687588212736_o
იოჰან შენსპერგერი „ლოცვანის“ ბეჭდვისას ფურცელზე ტოვებდა ფართო მინდვრებს, რომლებსაც მხატვრები ავსებდნენ საოცარი ილუსტრაციებითა და ორნამენტებით. გამოცემა შეამკეს მხატვრებმა – ალბრეხტ დიურერმა, ლუკას კრანახ უფროსმა, ლუკას კრანახ უფროსმა, ალბრეხტ ალტდორფერმა, ჰანს ბურკმაიერმა. ძირითადი სამუშაო 1514 წელს ჩატარდა და 1515 წელს მთლიანად დასრულდა.
ბეჭდური ხელოვნების ეს შედევრი რამდენჯერმე დაიბეჭდა. მისი პირველი ვარიანტი 1807 წელს ლითოგრაფიული წესით დაისტამბა. წიგნის ერთ-ერთი გამომცემლი კი გახლდათ თვით ამ ახალი მეთოდის გამომგონებელი – ალიოზ ზენეფელდერი.
შენსპერგერმა 1517 წელს გამოსცა პოლიგრაფიის ხელოვნებაში ერთ-ერთი ულამაზესი წიგნი, მელქიორ პფინცინგის (1481-1535) რაინდული პოემა „Tewrdannck-ი“, რომელიც იმპერატორ მაქსიმილიან პირველისა და ბურგუნდიის პრინცესას – მარიას თავგადასავალსა და მათ ქორწინებას აღწერდა.

წიგნის მუზეუმი /იშვიათ გამოცემათა განყოფილება / წიგნმცოდნეობის კაბინეტი