ამბავი გაზეთ “დროების” დახურვისა და მასში ერთი გურულის უშუალო მონაწილეობისა.

1885 წლის 17 სექტემბერს მთავარმართებელ ა. დონდუკოვ-კორსაკოვის განკარგულებით აიკრძალა თბილისში ქართულ ენაზე გამომავალი გაზეთ „დროების“ გამოცემა.

დახურვის მიზეზების გაცნობა დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია ნელი ბოსტაშვილის სტატიაში “რატომ დაიხურა გაზეთი” (“დროება”? : [ივანე მაჩაბელი და მეფის ცენზურა] / ნელი ბოსტაშვილი // საისტორიო მოამბე. – , 1991. – N61-62. – გვ.262-287.)

თუ რამე დამეჯერება, სტატია ბევრი რამის გამო არის მეტად საინტერესო, თუმცა, ამჟამად (ვის თუ არა, მე) მხოლოდ „ილიასა და გურულების” კონტექსტში მაინტერესებს და მაინც, გვერდს ვერ ავუვლი გაზეთის დახურვის მიზეზებზე საუბარს.

სტატიაში ვკითხულობთ:

„ თუ რამდენადაა გაღვივებული გაზეთ „დროებაში“ მთავრობის საწინააღმდეგო სული და მავნე მიმართულება, კარგად ჩანს იმ სტატიების ჩამოთვლით, რომლებიც მომიტანა კავკასიის საცენზურო კომიტეტმა და რომლებიც სხვადასხვა დროს წარდგენილი იყო ამ გაზეთში გამოსაქვეყნებლად, მაგრამ ცენზურის მიერ არ იყო დაშვებული:

ა. სახელწოდებით: „რა დროს ბოდიშია“, მიმართულია ქართველ თავადაზნაურთა გასაღიზიანებლად გლეხთა ფენების წინააღმდეგ.

ბ. სეპარატისტული ხასიათის მოწინავე წერილი, რომელიც მოუწოდებს, რომ ხელები ჩასჭიდონ ერთმანეთს.

ვ. ლექსი სათაურით „№ ქალწულს“, სადაც რუსეთი წარმოდგენილია ჩრდილოეთის ცივი ქალწულის სახით, რომელსაც წინადადება ეძლევა ჩამოშორდეს, მოსცილდეს ჩვენს ქვეყანას (საქართველოს).

გ. ვარსკვლავებით აღნიშნული ლექსი მოუწოდებს ქართველ ხალხს აჯანყებისაკენ.

დ. მოწინავე წერილი ყველაფერი ქართულის აუცილებელი შესწავლის შესახებ, რათა აღდგეს ეროვნულობა.

ე. სტატია „შეერთებული ქვეყნების მმართველობის სხვადასხვა სისტემა“, მიმართული მთავრობის წინააღმდეგ საქართველოსთან ურთიერთობაში.

ვ. ლექსი „მწყემსი“, რომელშიც ურიგოდაა აღწერილი მეფე და მისი ქვეშევრდომები.

ზ. სიმღერა: „ვინა სთქვა საქართველოზე, რომ ეს ლომის ბოკვერი უკვე კვდებაო“, მოუწოდებს ყველას შეერთებისა და მტრის წინააღმდეგ იარაღის ასხმისაკენ.

თ. სტატია: „გორის მაზრის სატრაპები“, ურიგოდაა აღწერილი მაზრის უფროსის და მისი ქვეშევრდომი მოხელეების მოქმედება.”

სიმართლე გითხრათ არცთუ დიდხნიანი ძიების შემდეგ ვერც „მაზრის უფროსის და მისი ქვეშევრდომი მოხელეების მოქმედებას” გავეცანი და ვერც ზემოთ ჩამოთვლილ სხვა სტატიებსა და ლექსებს.

ვერ გაცნობილებს შორისაა სიმღერა „ვინა სთქვა საქართველოზე, რომ ეს ლომის ბოკვერი უკვე კვდებაო”, რომელიც ივანე მაჩაბელს უნდა ეკუთვნოდეს (იხ. სტატიის ეპიგრაფი”), თუმცა, ერთი „ძალიან მაგარი” ლექსი, რომ არ გამხსენებოდა, შეუძლებელი იყო.

ლექსის ავტორი, ბაჩანა რაზიკაშვილია. ლექსს სრულად, არა, მაგრამ დასაწყისს აუცილებლად შევახსენებ მკითხველს:

„ვინა სთქვა საქართველოზე,

„ეგ არის ლომი კვდებაო,

ჩაუხდა ბედის ვარსკვლავი,

მალე მზეც გაუქრებაო,

თავს დასტრიალებს ყორანი,

დასჩხავის ზედიზედაო?!“

თვალთამც დაჰბზარვენ ყორანნი,

გამაგრდი, ქართლის დედაო!

ბევრმა გვიქადა კვლავაცა,

ბევრმა იუბნა ესაო,

ბევრმა გვიკრიჭა კბილები,

ჩუმად ფრანგული ლესაო.

ცუდად წაუხდათ ქადილი,

ვერრას გამოჰრჩნენ ვეფხვსაო,

ლეკვები წამოეზარდნენ,

მტრებზედ ილესენ ბწკლებსაო,..”

დარწმუნებული ვარ, მკითხველს არ გამორჩენია ვეფხვის არა, მაგრამ მაინც, ბრჭყალები.

ბაჩანა ამ დროს ლამის 20 წლისაა და დანამდვილებით ვიცით, უკვე გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ლექსი, მათ, შორის, რაც ახლა მახსენდება, „მუხა“ და „სიმღერა, მაგრამ რასაც ვერაფრით „გავიხსენებ“ არის პასუხი კითხვაზე: ნეტა, სად გაეცნო ბატონი ბაჩანა ივანე მაჩაბლის ცენზურის აკრძალულ ლექსს?!

დამეთანხმეთ, კითხვა საინტერესოა, თუმცა, პასუხი არც „გუგლში“ არსად ჩანს, არც ეროვნული ბიბლიოთეკის ელბაზებსა და კოლექციებში და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ვერც გავიგებ და არც მეცოდინება.

სულ სხვა ცოდნა მაქვს, ზემოხსენებული სტატიის დახმარებით და თქვენც გიზიარებთ:

„გიორგი ქართველიშვილი, ივანე მაჩაბელი და ილია ჭავჭავაძე ბეჭდვითი სიტყვის მთავარი სამმართველოს სახელზე 22 აგვისტოს შედიან განცხადებით, რომ რედაქტორად დანიშნონ ყოველთვიური ქართული ჟურნალის „ივერიის“ რედაქტორი ილია ჭავჭავაძე. ,მაგ: რომ რუსი მოხელეებისათვის კარგად იყო ცნობილი, რომ „დროების“ და „ივერიის“ ტონი და მიმართულება ერთმანეთისაგან არ განსხვავდებოდა. მართებულად წერს ვახტანგ ჭელიძე ნაშრომში „ცხოვრება ივანე მაჩაბლისა“ (გვ. 154), რომ „იმ წლებში „ივერიასა“ და „დროებაში“ გამოქვეყნებულ ბევრ წერილს, ხელმოწერას თუ არ დახედავ ან, მითუმეტეს, თუკი სულაც არა აქვს გვარი მოწერილი, ვერც გაარჩევ-ილიას ეკუთვნის, თუ მაჩაბელს. ივანე მაჩაბელმა ერთბაშად შეითვისა ილიას წერის მანერაც კი. მისი წერილებიც გამოირჩევიან პირდაპირობით, გაბედულობით, სამართლიანობით, დაუნდობლობამდე მისული მოურიდებლობით“. ეს ყველაფერი კარგად იყო ცნობილი მათთვის, ვისაც ჯერ არს”…

კიდევ ერთი გურული გავიხსენე ამჯერზე – მწერალი, მთარგმნელი, რედაქტორი, გამომცემელი, რომ იტყვიან უბრალოდ, „მაგარი კაცი“ (სულ რომ არაფერი იცოდე მის შესახებ ნათქვამის სისწორეში მხოლოდ „ანდერძი“ დაგარწმუნებს!, რომ იცოდეთ, როგორ მიჯრით და სიამოვნებით წავიკითხე „ქართლის ქრონიკების“ 4 ტომი და „ცხოვრება ივანე მაჩაბლისა“, 1988 წელს!) ვახტანგ ჭელიძე და ვისაც კიდევ ბევრჯერ გავიხსენებ “ჩემი ილიას ” წერისას, განსაკუთრებით თუ გავბედე და ილია და ივანე მაჩაბლის ურთიერთობას შევეხე.

ჰო, მხოლოდ შევეხე და არა, მიმოვიხილე…

შესაშური მოთმინება გაქვს, გაზეთ „ალიონის” მკითხველო…

ამდენი ხანია „მკითხულობ“, ე.ი მისმენ და მშვიდად ელოდები როდის გამცნობ, თუ რა კავშირი აქვს უკვე ნათქვამს „ილია და გურულების” ურთიერთობასთან.

აქვს და დარწმუნებული ვარ, შენც არ გეპარება ამაში ეჭვი: განა მიუხედავად არც თუ თანმიმდევრული თხრობისა მთავარ სათქმელს (ლირიკულ და არც თუ ლირიკულ გადახვევები რომ იქნებოდა, განა წინასწარ არ გაგაფრთხილე? ორი „განა! რა ამბავიაო თუ გაიფიქრე გიბოდიშებ, რა ვქნა, დიდი მცდელობა დამწირდა, ვიდრე ასე უშუალოდ მომემართვა შენთვის,,. მოკლედ, მგონი მოვახერხე და შევძელი ამ ბოლო დროს ზუსტად ისე ვწერ, როგორც ვლაპარაკობ”) თუნდაც ერთხელ ავუარე გვერდი?!

არა, და არც ახლა ვაპირებ, ენდე!

„დროების” დახურვის კიდევ ერთ და ჩემი აზრით, არც თუ უმნიშვნელო მიზეზს გაგახსენებ/გაგაცნობ და ყველაფერს უჩემოდაც მიხვდები!

ილია ჭყონიას სტატია („გურიის ცხოვრებიდამ”. (გაზეთი „დროება“, 1885. 3 ივლისი. № 140). უნდა გაგახსენო გაზეთ „ალიონის“ მკითხველო.

გახსენება 1 ქალბატონ ნელის სტატიაშიც შეიძლება და თავად „დროების” მითითებულ ნომერშიც, თუმცა, მინდა, როგორც უკვე მრავალჯერ, გთხოვ, თუ დაგაინტერესდი ეროვნული ბიბლიოთეკის “მამარდაშვილის ციფრული კოლექციებში” გაეცანი შესაბამის ბმულზე (იხ.http://www.nplg.gov.ge/…/HASH6087a2318e2ddd9fe1353b…), მიზეზი ერთადერთია, დიდი შრომა გვაქვს ჩადებული მე და ჩემ რამდენიმე კოლეგას “მამარდაშვილის კოლექციის“ ახალი სიცოცხლისთვის და მინდა ბევრმა გაიცნოს!

რას ვიზამ, მეც ადამიანი ვარ და მეც ნებისმიერი ადამიანივით მჭირდება მოტივირება ანუ ზომიერად შექება!

… და ვიდრე ჩემი მოტივირებისთვის (შექებაზე, მეორედ ენას როგორ დავძრავ?!) შესაბამის სიტყვებს ეძებ მე „გურიის ცხოვრებიდამ“ ერთ აბზაცს მოვიტან ჭაშნიკად:

„იქ სადაც გურიის ტურფა მთა-მინდვრებზე მწვანე ნაპირებთ შორის ვეფხივით მოხტის ქვებიდან ქვებზე ანკარა ბჟუჯი (ვახუშტის „ხინოს წყალი“) და მას სამხრეთის გორიდან ზვავობით დასცქერს მედიდური მონასტერი შემოქმედისა, ე. ი. მონასტრისავე სახელით წოდებულს სოფელს შემოქმედში მოხდა იმგვარი შემთხვევა, რომელსაც საშუალო საუკუნეთა ისტორიაში უნდა ჰქონოდა ადგილი და არა მეცხრამეტე საუკუნის ღამლევს გაზეთის სვეტებზე. ერთ მშვენიერს ივანობისთვის დილას ცხრა წლის „გაუპუტკნული“. მაგრამ „ვაშლლოყებიანი“,შავთვალწარბა და თეთრ – წითური გლეხის ვაჟი ტყეში შევიდა ფიჩხის „მოსახიკად“ (შესაგროვებლად), მოხიკა შეაგროვა) კიდეც, ერთს ადგილს დააგროვა და მერმე … მერმე კაცმა არ იცის, სად წავიდა სადაური, სად აღეფხვრა საღით ძირი. იციან მხოლოდ, რომ ცას არ აუტაცნია, ქვესკნელს არ ჩაუყლაპავს, წყალს არ წაუღია და ნადირს არ შეუჭამია. ის ერთი ხმა, რომელსაც ერისას უწოდებენ და ღვთისას უდრიან ,ასე მოგახსენებთ, რომ იგი ტყვედ გაჰყიდესო! ტყვედ თუ გაჰყიდეს, მაშინ არ იქნება გასაკვირველი, თუ რატომ ვერ მიაკვლია ამ საარაკო შემთხვევის მსხვერპლის კვალს ადგილობრივმა გამგეობამ: ამგვარ შემთხვევაში თავდაპირველ გამოსაძიებლად ლეკოკია საჭირო და არა ყბაში ტყაპასანის წყალობით წინ წაწეული …”.

„ყბაში ტყაპასანის წყალობით” არა, მაგრამ ჩვენც წავიწიოთ წინ…

თავად ილია ჭყონიას მოსაზრება მინდა გაგაცნოთ „დროების” დახურვასთან დაკავშირებით, რისთვისაც ჟურნალ “მნათობში” (ჟურნალი მნათობი N8-9 აგვისტო-სექტემბერი 1928) გამოქვეყნებული სტატიის „ჩემი დღე და სოფელი“ გასხენება მოგვიწევს.

„1885 წ. მთავარ-მართებლის დონდუკოვ-კორსაკოვის მიზეზით დახურეს გაზეთი „დროება“ და მით მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს ივ. მაჩაბლის გავლენას და მოღვაწეობას. – უშუალო მიზეზი გაზეთის დახურვისა იყო ორი ფელეტონი: ერთი თვით ივ. მაჩაბლის და მეორე ამ პწკრების დამწერის. – პირველში მაშინდელი მეფის ნაცვალი დონდუკოვ-კორძrms :19ი და ხშირათ პროვინციებში საქეიფოთ მიმოსვლის მოყვარული ალეგორიუITifდ გამოყვანილი იყო დათვად, რომელიც ეწვევა შუა ბაზარს, სადაც შეივლის თაფლის კასრებით სავსე ბინებში, სტეხს კასრებს და სვლეპს თაფლს რამდენსაც შესძლებს.

მეორე ფელეტონში გამოყვანილი იყო ოზურგეთის პოლიცია—მაზრის უფროსი— ხოჯად, ხოლო მისი პრისტავი — მოლად.

– პირველმა აალაპარაკა მთელი ტფილისი და შემდეგ მთელი საქართველოც, ხოლო მეორემ ოზურგეთი გურიანად“

რაც შეეხება ილია ჭყონიას ბიოგრაფიას, დაინტერესებული მკითხველი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონიდან და ვიკი-ენციკლოპედია „ბიბლიოვიკიდან“ გაეცნობა.

საინტერესო ბიოგრაფიის კაცია, მენდეთ!

ავტორი: გიორგი კილაძე

,,ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაში.

სამაგიდო თამაშებს დიდი ხნის ისტორია აქვთ და „ალეგრის“ სახელწოდებით ვიცნობთ. საქართველოში პირველი ასეთი ლიტერატურული თამაში ილია ჭავჭავაძის დროს დაიბეჭდა. ეს იყო აფორიზმების ლოტო. საბჭოთა პერიოდშიც არაერთხელ განხორციელდა მისი გამოცემა.
38431599_1463823510384779_2347211829266087936_nქართული ლიტერატურა და კულტურა ,,ვეფხისტყაოსნის“ გარშემო ტრიალებს. ,,ვეფხისტყაოსანი“ ყველა ეპოქაში აქტუალური იყო. მასში საუკუნეების განმავლობაში ადამიანები პოულობდნენ პასუხებს მათთვის საჭირო კითხვებზე: რა არის მეგობრობა, სიყვარული, ერთგულება. პოემა არა მხოლოდ ლიტერატურულ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აყალიბებდა გემოვნებას, მსოფლმხედველობას და რთულ ვითარებაში ზოგჯერ კომუნიკაციისა და მიმოწერის ყველაზე საიმედო საშუალებაც იყო. ომის დროს, ცენზურის პირობებში, მიმოწერისას დახმარებისთვის წერილის დასაშიფრად ხშირად პოემის ტექსტს მიმართავდნენ.
მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი პოპულარობისა, თანამედროვე სამყაროში მაინც საჭიროა ,,ვეფხისტყაოსნის’’ პოპულარიზაცია და თანამედროვე ინტერაქტიულ გარემოში დაბრუნება. სამაგიდო თამაშები ტექსტის სიღრმისეულად გაგებისა და გათავისების ძალიან კარგი საშუალებაა მთელს მსოფლიოში. ლიტერატურული სამაგიდო თამაში უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა, რადგან უშუალოდ რუსთველისეულ სიტყვიერ სამყაროში ამოგზაურებს მოთამაშეს და მისი ბუნებრივი ნაწილი ხდება.

წიგნის მუზეუმი /იშვიათ გამოცემათა განყოფილება / წიგნმცოდნეობის კაბინეტი

გაზეთი ”დროშა”- პირველი ქართული ემიგრანტული პერიოდული გამოცემა

140 წლის წინ, 1873 წლის 1 აპრილს გამოვიდა პირველი ქართული ემიგრანტული პერიოდული გამოცემა გაზეთი „დროშა”.  იგი პარიზში გამოსცა ნიკო ნიკოლაძემ დათა მიქელაძესა (მეველე) და პავლე იზმაილოვთან ერთად. სათაურის ქვეშ მოთავსებული წარწერა – “სოციალური გაზეთი”,  განსაზღვრავს მის პროფილს.  ამავე გვერდზეა  ილია ჭავჭავაძის სიტყვები: აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია”. თავისი პოლიტიკური მიმართულებით “დროშა” არის პირველი ქართული არალეგალური სოციალისტური მიმართულების გაზეთი.

გაზეთში გამოქვეყნებული მასალების ავტორები მისივე დამაარსებლები არიან.  „დროშა” ჰექტოგრაფული გამოცემაა (ჰექტოგრაფი მარტივი ხელსაწყოა, რომელიც ამრავლებს ხელნაწერ ან ნაბეჭდ ტექსტს).   წერილები ხელმოუწერელია, მაგრამ  კალიგრაფიის მიხედვით ხერხდება მათი ავტორების დაზუსტება.

„დროშა” მცირე ფორმატის გაზეთია. მისი თითოეული ნომერი 4-გვერდიანია. სულ გამოვიდა ათი ნომერი 100-100 ცალი ტირაჟით, რომლებიც უსასყიდლოდ ეგზავნებოდა ევროპის სხვადასხვა ქალაქში მყოფ ქართველებსა და სხვა კავკასიელებს. სარედაქციო წერილში, რომელიც ნიკო ნიკოლაძის ხელითაა დაწერილი, მითითებულია: “დროშა”,  ქართული სოციალური გაზეთი, გამოიცემა პარიჟში ათი დღის განმავლობაში, ყოველ დღე, საღამოობით. ამ გაზეთზე არც ხელისმოწერა მიიღება, არც ცალ-ცალკე ფურცლების გამოწერა. ის მარტო რედაქციისათვის იბეჭდება.  ათი დღის შემდეგ, ესე იგი 11 აპრილს 1873, “დროშის” ბეჭდვა მოისპობა”.

როგორც ცნობილია, საქართველოში დაბრუნებისას ნიკო ნიკოლაძეს პოლიციამ ჩამოართვა ჰექტოგრაფი და ჩამოტანილი წიგნები, რომელთა შორის ბევრი აკრძალული იყო. სავარაუდოდ, ამ დროს ჩამოართვეს მას “დროშის” ეგზემპლარებიც.  დღეისათვის გადარჩენილია მხოლოდ პირველი სამი ნომერი, რომლებიც ინახება ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმში. არავინ იცის, თუ ვინ მიიტანა ისინი მუზეუმში. სამწუხაროდ, ლონდონის მუზეუმის კატალოგებში რედაქტორად შეცდომით დასახელებულია სერგეი მესხი, ხოლო გამოცემის ადგილად პარიზის ნაცვლად მითითებულია  ჟენევა.

ეს გაზეთი თვით ნიკო ნიკოლაძემ სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა ლონდონში ყოფნის დროს 1926 წელს. ეროვნული ბიბლიოთეკის ნიკო ნიკოლაძის პირად კოლექციაში ინახება გაზეთ „დროშის” ამ სამი ნომრის ფოტოასლები.

ავტორი: მაია მიქაბერიძე

14 ივლისი ” თეატრის” დაბადების დღეა

პირველი ქართული სალიტერატურო და სამხატვრო გაზეთის  პირველი ნომერი 1885 წლის 14 ივლისს  გამოვიდა.  რედაქტორ–გამომცემელის და ქართული თეატრის მოთავის  ვასო აბაშიძის  შესავლიდან  კარგად ჩანს თუ რა  მნიშვნელოვანი  უნდა გამხდარიყო გაზეთი  არა მხოლოდ თეატრის მოყვარულებისათვის  “სიტყვა „თეატრს“ ჩვენ მომეტებულს მნიშვნელობას ვაძლევთ და თეატრად მიგვაჩნია მთელი ქვეყანა, რომლის სცენაზედაც ყველა ჩვენგანს  რაიმე ალაგი უჭირავს.  ბევრი ნიჭი დაჩაგრულია და სტატისტის ალაგი უჭირავს, ნამდვილს უნიჭო სტატისტს კი წამოუსხამს პლაშჩი და გამლეტის და ოტელოს როლებსა  თამაშობს. Sapienti Sat!” ყველამ თავის საქმე რომ აკეთოს და თან კარგად აკეთოს   უპირველესად  განათლებაა საჭირო  და „ნიჭი, ძამიკო, ნიჭი“   და ეს  ნიჭი რაში გაქვს ამის  გარკვევას  განათლება სჭირდება.

„თეატრმა“ თავის თავზე აიღო საგანმანათლებლო ფუნქცია: მრავალფეროვანი ინფორმაცია ამერ –იმერიდან, თარგმანები, თეატრის ისტორიის კვლევა,  კულუარებს მიღმა დარჩენილი  დეტალები და უამრავი რამ   დღესაც,  საუკუნე ნახევრის შემდეგაც  საინტერესო.  გაზეთის  პირველ ნომერს ამშვენებს  ფართო საზოგადოებისათვის  ნაკლებად ცნობილი, მაღალის ხარისხის ფოტოები – შოთა, ილია,  აკაკი…  სერგი მესხის და  აკაკის „კურთხევა“

(თეატრს)

თუ საპარადოდ დაბადებულხარ,მაგრამ თუ ჩვენთვის ერთგულ მუშაკად

ხარ, ნორჩო, წრფელად მოვლინებული იყავ კურთხეულ! იყავ საყვარელ!

და ყველასაგან ერთხმად ქებული. კერძოობისა მხოლოდ მძებნელი,

იყავ უსუსურ!… იყავ ხანმოკლე! და ამავ თავით მარად დღე–ბნელი!…

sergiiliaakaki

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნინო გედენიძე

 

„ვეფხისტყაოსანი“, ტფილისი, 1712.

იშვიათ გამოცემათა განყოფილება   

2012 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა იუნესკომ, რადგან 300 წლის წინ, 1712 წელს, პირველად დაიბეჭდა XII საუკუნის ამ ქართველი პოეტის მსოფლიო მნიშვნელობის ლიტერატურული შედევრი – „ვეფხისტყაოსანი“.
პოემის პირველი გამოცემა განხორციელდა თბილისში, 1709 წელს ამოქმედებულ პირველ ქართულ სტამბაში.
პირველნაბეჭდი „ვეფხისტყაოსანი“ პირველი ქართველი მესტამბის, მიქაელის პირველი ნამუშევარია და ქართველ გამომცემელთა პირველი დამოუკიდებელი ნამოღვაწარი; იგი პირველი ქართული ნაბეჭდი ორიგინალური თხზულებაა და პირველი მეცნიერული გამოცემაც ქართულ ენაზე: პოემას ერთვის ქართლის განმგებელისა და თბილისის სტამბის მმართველის, ვახტანგის განმარტებები – „თარგმანი პირველი წიგნისა ამის ვეფხისტყაოსნისა“. ეს ჩვენამდე მოღწეული ქრონოლოგიურად პირველი და ვრცელი მონოგრაფიაა რუსთაველის უკვდავი პოემის შესახებ. აქ განმარტებულია თხზულების არსი, პოემის ცალკეული სტროფები და სიტყვები. პოემის პირველი გამოცემა წარმოადგენს „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერთა შეჯერებულ, კრიტიკულ ტექსტს.

Continue reading