დიდი პედაგოგისა და კომპოზიტორის ბიოგრაფიისათვის

კომპოზიტორმა  კოტე ფოცხვერაშვილმა ქუთაისის სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო იურიევის  უნივერსიტეტში. პარალელურად იგი აქ 1902 წლიდან სისტემატურად  ხელმძღვანელობდა  ქართველი  სტუდენტებისაგან  შემდგარ გუნდს.   მას  დიდი ღვაწლი  მიუძღვის  ქართული  ხალხური სიმღერების შეკრება – დამუშავებაში. თავისი გუნდის გამოსვლებით რუს საზოგადოებას  აცნობდა ჩვენს კულტურას და ეწეოდა ქართული ხალხური საუნჯის პროპაგანდას.  ამ  საღამო-კონცერტების წარმატებებზე ნათლად მეტყველებენ ის  პროგრამები და აფიშები, რომლებიც მრავლადაა დაცული  კომპოზიტორის  პირად  არქივში. იმდროინდელი პრესა ხაზგასმით აღნიშნავდა კ. ფოცხვერაშვილის გუნდის მონაწილეობით  გამართულ  საღამოების  ეროვნულ  ხასიათსა  და  მრავალფეროვნებას.  საყურადღებოა, რომ  ქართველთა  სათვისტომოს  მიერ   გამართული  კონცერტების  შემოსავალი  ღარიბი  სტუდენტებისათვის იყო განკუთვნილი,  1919-1914 წლებში  კოტე  ფოცხვერაშვილი  პეტერბურგში გადავიდა და ცნიბილი პროფესორების – საკეტისა და ბრუნის ხელმძღვანელობით განაგრძო  მეცადინეობა. პეტერბურგში  1909  წლის  22  იანვარს  გამართული  ტრადიციული  ქართული  საღამოს  შესახებ  გაზეთი ,, ჩვენი საქმე წერდა“:

,,საღამოს  შინაარსი  ფრიად  მდიდარი  იყო.  გარდა  რუსული  არიებისა და რომანსებისა, რომელიც  შეასრულა  ცნობილმა  არტისტებმა, სახელგანთქმულმა არხანგელსკიმ და ხორომ,  ფოცხვერაშვილის  დირიჟორობით იმღერეს  ქართულათ ,,მერცხალი,“ ,,მურმან-მურმან,“  ,,რერო,“ ,,ფაცხა,“ ,,ვახტანგ მეფე,“ და სხვა. სიმღერები საუცხოვოთ შესრულებულ იქნა.   საზოგადოება მეტათ  ნასიამოვნები  დარჩა,  რამდენჯერმე  გაამეორებინეს  და  ცხოველი  ტაშისცემით დააჯილდოვეს კ. ფოცხვერაშვილი. მარა აქ კიდევ არ იყო ფოცხვრაშვილის ტრიუმფი. ეს წილად ხვდა  მას მესამე განყოფილებაში, აქ დადგმულ  იქნა მისგანვე დაწერილი ერთმოქმედებიანი ოპერა ,, ბაყბაყ მდევნიდან,“ რამდენიმე  მოქმედება,  ცოცხალი სურათები დადგა მხატვარმა გ. პოლტორაცკიმ და ისე  ჩინებულათ,  რომ  უკეთ აღარც კი შეიძლებოდა. რითაც საზოგადოება მეტად  კმაყოფილი დარჩა. … როგორც ხედავთ, ბ. ფოცხვერაშვილმა ისეთი ნიჭი გამოიჩინა და ერთხელ კიდევ მოახედა საქართველოსკენ რუსეთის საზოგადოება და მისი შესწავლის სურვილი აღუძრა, და ეს მარტო პეტერბურგში კი არა, ყველგან, სადაც კი მან მონაწილეობა მიიღო საღამოს გამართვაში. აი, ასეთი ნიჭიერი და თვალსაჩინო გონებრივი ძალა, რომელსაც ანგარიშს უწევენ ცნობილი მუსიკოსენი, მთელი წელიწადია სტიპენდიის  დანიშვნას  ემუდარება  სხვადასხვა  ქველმოქმედ  დაწესებულებებს, მაგრამ ამაოდ. ის ღებულობდა ბ. სარაჯიშვილის სტიპენდას 25 მან, მაგრამ შარშან მაისში, სწორეთ მას შემდეგ, როცა ოდესის გაზეთებმა ასეთი ზეიმით აღნიშნეს ფოცხვერაშვილის ნიჭი და ღირსეული ხოტბა შეასხეს, მის თხოვნას სტიპენდიის მომატების  შესახებ  მით  უპასუხეს,  რომ  ისიც  წაართვეს, რასაც  აძლევდნენ.  ვერ  უშველა  ვერც  ბ. გოგებაშვილის ავტორიტეტმა.’’

როგორც ამ ნაწყვეტიდან ჩანს, კოტე ფოცხვერაშვილა ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მიიქცია დიდი პედაგოგისა და  საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის ყურადღება, რომელმაც, სწავლას მოწყურებულ ახალგაზრდაში მომავალი ნიჭიერი კომპოზიტორი დაინახა, ამის ნათელი დადასტურებაა  წერილები: ,,ქართული სიმღერის  ხოროს  შესახებ,’’ ,,უცნაური გაწიწმატება’’ და სხვა 1908 წლის შემოდგომაზე, პეტერბურგის, იურიევის და მოსკოვის ქართველ სტუდენტთა წრეებმა მოსკოვის  ,,თანამემამულეთა წრის’’  წევრებთან ერთად, უშუამდგომლეს თბილისის გუბერნიის  თავადაზნაურთ ა საკრებულოს  წინაშე,  რათა  სტიპენდიას  დაენიშნათ კოტე  ფოცხვერაშვილისათვის, ამ  თხოვნას სტუდენტები  იმითაც ასაბუთებდნენ, რომ საჭირო იყო ჩვენი ეროვნული მუსიკის შესწავლა და მისი გამოქვეყნება. აღნიშნული სუამდგომლობა ქართველმა სტუდენტებმა, იაკობ გოგებაშვილის მეშვეობით, გადასცეს თბილისის თავადაზნაურთა საკრებულოს მდივანს ილია ზურაბიშვილს. სამწუხაროდ, მისმა ჩარევამ თავდაპირველად  სასურველი  შედეგი  ვერ  გამოიღო — კოტე  ფოცხვერაშვილს  უარი  ეთქვა. მძიმე  ეკონომიკური პირობების მიუხედავად, ფოცხვერაშვილი მეცადინეობას განაგრძობდა. მაგრამ იაკობ გოგებაშვილის გულმოდგინე მეცადინეობის შედეგად კოტე ფოცხვერაშვილს სტიპენდია დაუნიშნა ჭიათურის შავი ქვისა და ნავთის მრეწველთა გამგეობამ. იაკობ გოგებაშვილსა და იაკობ მანსვეტაშვილს მართლაც არ გაცრუებიათ იმედი, კოტე ფოცხვერაშვილმა თავის მიზანს მიაღწია, ქართული მისიკით თქვა ის, რისი თქმაც სურდა. მას სწამდა ქართული მუსიკის მომავლისა და ამ ბრწყინვალე მომავლის შექმნაში მისი დიდი წვლილიცაა.

ავტორი: ლეილა ნანიტაშვილი

თბილისის წიგნის მაღაზიები 1805-1878 წლებში

ზეპირი ცნობების მიხედვით, თბილისში წიგნის მაღაზიები რუსეთის იმპერიასთან დაკავშირებამდეც არსებობდა, კერძოდ კი, სიონის ქუჩაზე. ისინი 1795 წელს, აღა –მაჰმად– ხანის შემოსევის დროს განადგურდა. 1805 წლიდან ისევ ამ ქუჩაზე გაიხსნა ოთხი წიგნის მაღაზია, რომლებსაც მალევე მიემატა სხვებიც. სულ სიონის ქუჩაზე 1814 წლისთვის რვა წიგნის მაღაზია ყოფილა გახსნილი. ამ პერიოდში რუსული სახელმძღვანელოების ყიდვა მხოლოდ რუსულ სკოლებში იყო შესაძლებელი, 1819 წელს კი პატარა წიგნის მაღაზია გახსნილა ე. წ. იარმუკაზე, სადაც სახელმძღვანელოების, მათ შორის ქართულის, გაყიდვაც დაუწყიათ.

1829 წელს, სოლომონ დოდაშვილის თაოსნობით, ქაშუეთის ეკლესიის დიაკვანმა ივანემ, რომელმაც თურმე რუსული წერა-კითხვაც იცოდა, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიასთან ახლოს წიგნის მაღაზია გახსნა. ამ მაღაზიაში ახალ წიგნებთან ერთად, ძველ წიგნებსაც ყიდულობდნენ და ჰყიდიდნენ. მაღაზია 1832 წლის ბოლოს დაიკეტა, რადგან მისი პატრონი ივანე დიაკვანი უკვალოდ გაქრა. ამბობდნენ, რომ დიაკვნის დაკარგვის მიზეზი მისი „ფარული საზოგადოების“ წევრობა ყოფილა. მაღაზია კი გაპარტახდა – წიგნების ნაწილი მოუპარავთ, ნაწილი მთავრობას წაუღია.
sionis_q._XIXs._60-iani_wlebi1834 წელს თბილისში დასახლდა ავეტიქა ეფინჯიანცი. მან სახლი სოლოლაკში იყიდა და წიგნის მაღაზია გახსნა. ეფინჯიანცს გასაყიდად ჰქონია  ქართული, სომხური და რუსული წიგნები, თუმცა მის მაღაზიას ნაკლად ეთვლებოდა ის, რომ მეპატრონეს არც რუსული წერა-კითხვა სცოდნია და არც ქართული, რაც მის მაღაზიაში წიგნების მოძიებას ხელს უშლიდა. 1830-იან წლებშივე, თბილისის სომხების ნერსესიანის სემინარიის შენობაში, სადაც სტამბაც იყო გახსნილი, გახსნეს წიგნის მაღაზია, თუმცა აქ მხოლოდ სომხური წიგნები იყიდებოდა.

1840-იან წლებში, როდესაც კავკასიის მთავარმართებლად მ. ვორონცოვი დანიშნეს,  თბილისში წიგნების მაღაზიების საჭიროება გაცილებით გამოიკვეთა, რადგან უკვე არსებობდა კლასიკური გიმნაზია, კომერციული სკოლა, სასულიერო სემინარია, სასულიერო სასწავლებელი, სამოქალაქო სკოლები, ხოლო რუსულენოვანი სახელმძღვანელოების შოვნა ჭირდა.

1850 წელს თბილისში ჩამოვიდა წარმოშობით გერმანელი, რუსეთში აღზრდილი და განათლებული, გუსტავ ბერენშტამი. მან თბილისში წიგნის მაღაზია გახსნა და უცხოეთიდან გამოიწერა რუსული, გერმანული და ფრანგული წიგნები. მ. ვორონცოვმა გ. ბერენშტამს წლიური დახმარება დაუნიშნა. მისი წიგნის მაღაზია იმხანად იყო პირველი სახელმწიფო მაღაზია, რომელშიც მოიპოვებდა ყველა სახის რუსულენოვანი სახელმძღვანელო და საკითხავი წიგნი, ასევე წიგნები ევროპულ, ქართულ და სომხურ ენებზე. თუმცა ამ წიგნის მაღაზიასაც ჰქონდა ზემოთ ნახსენები ნაკლი: არც მისმა მეპატრონემ იცოდა ქართული წერა-კითხვა, რის გამოც ქართული გამოცემები სათანადოდ ვერ ფასდებოდა და ჩრდილში ექცეოდა (ზაქარია ჭიჭინაძე წერს, რომ „მაღაზიებში ქართულ წიგნებს ძლიერ გრილად უმზერდნენ, ბევრჯერ მუშტარი მისულა იქ, წიგნი უთხოვნია, წიგნი აქვნდათ გასაყიდი, მაგრამ მუშტარისათვის უთქვამთ, რო „ნიეტუო“, ვინაითგან ამ „ნიეტუს“ მთქმელი ყოფილა არამცოდნე ქართული ენისა და წიგნისა“).

1850-იან წლებში უკვე წინ წაწეულია ქართული საგამომცემლო საქმე – იბეჭდებოდა არაერთი კვლევა და ლიტერატურული ნაწარმოები, მათი ნახვა კი წიგნის მაღაზიებში შეუძლებელი იყო. საჭირო გახდა ქართული წიგნის გულშემატკივრის გამოჩენა და ასეთი კაცი ვინმე ალადათოვი აღმოჩნდა, რომელმაც 1860 წელს გახსნა წიგნის მაღაზია, სადაც ქართულ წიგნებს სათანადო ადგილი მიუჩინა. ალადათოვის მაღაზიამ 1879 წლამდე იარსება.

კიდევ ერთი თბილისური წიგნის მაღაზია მასწავლებლებს – ვართანოვსა და გრიქუროვს – ეკუთვნოდათ, რომელიც 1865 წელს მიხაილოვის ხიდზე გაიხსნა. ამ მაღაზიაში მრავლად მოიპოვებოდა ქართულ და სომხურენოვანი წიგნები. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ მაღაზია თავად ბეჭდავდა სახელმძღვანელოებს ქართულ და სომხურ ენებზე. ამ მაღაზიის ფირმის ქვეშ გამოიცა „ყარამანიანიც“. ვართანოვის და გრიქუროვის თანამშრომლობა 1870 წელს შეწყდა. ამავე პერიოდში თბილისში არსებობდა უმიკოვის (პეტრე უმიკაშვილის) წიგნის მაღაზია. მან შეიძინა ვართანოვის წიგნები და „ყარამანიანის“ თითქმის 60 ათასი ეგზემპლარი, რომლებსაც ქართლში, კახეთსა და იმერეთში დაატარებდა გასაყიდად. როგორც ზაქარია ჭიჭინაძე აღნიშნავს, უმიკაშვილს ერთი წლის განმავლობაში ყველა წიგნი გაუყიდია, ყველაზე მეტად კი იმერეთს ემადლიერებოდა თურმე.

1873 წელს ზაქარია გრიქუროვმა ისევ მიხაილოვის ხიდზე გახსნა წიგნის მაღაზია, ამჯერად „კავკასიის წიგნით მოვაჭრის“ სახელით. ზ. გრიქუროვს დიდი ამაგი მიუძღვის, როგორც პედაგოგს –  30 წლის მანძილზე ღარიბთა სომხურ სკოლებში უფასოდ ასწავლიდა მოწაფეებს. მანვე დაიწყო იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოების ბეჭდვა, აგრეთვე პირველად მან გამოსცა ალ. ყაზბეგის „ელგუჯა“, რომელიც ცენზორმა ჩამოართვა და მთელი ტირაჟი გაუნადგურა (1500 ეგზ. დაწვეს; თუმცა ამ გამოცემის სასწაულად გადარჩენილი ერთი ცალი  მოგვიანებით ვახტანგ კოტეტიშვილმა აღმოაჩინა და ხელმეორედ 1930-იან წლებში დასტამბა). სიკვდილის წინ გრიქუროვს მეუღლისთვის ანდერძად  დაუბარებია – სანამ ცოცხალი იქნებოდა, მაღაზია არ დაეკეტა, რასაც სოფიო ივანეს ასული წმინდად იცავდა.

მიუხედავად არაერთი წიგნის მაღაზიისა, ქართული წიგნების გავრცელება მაინც ჭირდა. 1870-იან წლებში ქართულ წიგნსა და საგამომცემლო საქმეს მოამაგე გამოუჩნდა – არსენ ივანეს ძე კალანდაძის თაოსნობით 1875 წელს თბილისში ქართული წიგნის მაღაზია გაიხსნა. ა. კალანდაძე გურიიდან თბილისში ბავშვობისას ჩამოუყვანიათ და  კავკასიის მთავარმართებლის სტამბაში შეგირდად მიუბარებიათ. მოგვიანებით, პეტრე უმიკაშვილის ჩაგონებით, ა. კალანდაძემ ხელი მიჰყო იაფფასიანი ქართული წიგნების ბეჭდვასა და გავრცელებას. მის მაღაზიაში იყიდებოდამთავრობისთვის მიუღებელი წიგნებიც, რის გამოც ა. კალანდაძე დააპატიმრეს და მაღაზია დაუკეტეს. პატიმრობიდან გათავისუფლებულმა კვლავ განაგრძო წიგნების ბეჭდვა. 1880-იან წლებში ა. კალანდაძე უკვე გორში გადავიდა, სადაც შიდა ქართლში პირველი სტამბა და წიგნის მაღაზია დააარსა.

                                                       ავტორი: ქეთი გზირიშვილი

                                                             ფოტო: სიონის ქუჩა, მე–19 საუკუნის 60–იანი წლები

                 წყარო: ქართული ლიტერატურის მუზეუმში დაცული ზ. ჭიჭინაძის

          ხელნაწერი (#4572), რომელიც პირველად ეროვნული ბიბლიოთეკის

                                                        გაზეთ ,, ქართულ წიგნში” დაიბეჭდა ( 2000 წ.#2).