ერთი ბარათის ამბავი

e18398e1839de183a1e18394e18391-e18398e1839be18394e18393e18390e183a8e18395e18398e1839ae18398

იოსებ იმედაშვილს, როგორც მწერალს, გამომცემელს, რედაქტორს, საზოგადო მოღვაწეს, კარგად იცნობს ქართველი მკითხველი. მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მან ქართული კულტურის სამსახურს შეალია.

იმედაშვილის სახელი პირველად 1895 წლიდან გამოჩნდა ქართული პრესის ფურცლებზე, თანამშრომლობდა „ივერიაში“, „ცნობის ფურცელში“, ხელმძღვანელობდა გაზეთ   „ ხალხის ერთიანობას“ (შემდეგ „ხალხის თავისუფლება“) და ჟურნალს „თეატრი და ცხოვრება“. რევოლუციური შინაარსის მისი ლექსები და პოემები პირველად გამოვიდა 1904 წელს, იზიძის ფსევდონიმით. იგი იყო პირველი სახალხო თეატრის ფუძემდებელი, რეჟისორი და მსახიობი.

გ. ლეონიძის სახელობის სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმში (ხ – №13944) დაცულია ზაქარია ჭიჭინაძის უცნობი ბარათი ფილიპე მახარაძისადმი. ბარათი დათარიღებულია 1925 წლის 25 ოქტომბრით და იოსებ იმედაშვილის პიროვნების საინტერესო დახასიათებას შეიცავს.მოგვყავს ბარათი მთლიანად:

„ჩემგან გულით პატივცემულო ძვირფასო ფილიპე!

იოსებ იმედაშვილს შენც იცნობ და მეც. იგი არის დიდი პროგრესისტი და მასთან თავისი მშობელი ქვეყნის უაღრესი მოყვარე. მისი შრომა ყოველთვის სდარაჯობდა ქართველი მუშის და გლეხის დაცემულ ცხოვრებას. იგი იყო და არის კიდევაც მხურვალე მოტრფიალე ქართველი ერის იდეური ამაღლების, პროგრესულად დაწინაურების, რაშიაც უაღრესად არის დაცული კომუნალური იდეაც.

მთელი 40 წელიწადი კაცი სდარაჯობს ქვეყანას, თავისი კალმით და თავისი შრომით. მისთვის 4 წელიწადი მეტეხშიც იჯდა. სხვა დროსაც არ აკმარეს მას დევნა. დევნა ცენზურის კომიტეტიდან, დევნა ჟანდარმერიისაგან, დევნა მონარქიული მთავრობისაგან, დევნა სხვათაგან. ამ კაცმა დაბეჭდა, სხვათაშორის, ერთი შენი წიგნი, მანვე დიდათ იმუშავა შენს კაუცკის წიგნზე ციხეში. იგია ერთი დამაარსებელი სახალხო თეატრისა ამ 38 წლის წინ. იგია შემდგენელი „უცხო სიტყვათა ლექსიკონისა“, რომელშიაც მან პირველად დაბეჭდა ვრცლად „კომუნისტური მანიფესტი“. უკანასკნელ 15 წელიწადში უძღვებოდა სათეატრო    ჟურნალს, „თეატრსა და ცხოვრებას“, რომელიც განსაკუთრებით მშრომელ ხალხს ემსახურებოდა, რისთვისაც ვალები წამოედო. ასეთ მდგომარეობაში მყოფი კვლავ აპირობს თავისებურ სამწიგნობრო მუშაობას.

“ასეთი კაცის შრომის დავიწყება არ შეიძლება.

თუ ხათრი გაქვს, ჩვენი ქვეყნის სიკეთე გსურს, ამ კაცს გამოუნახე დახმარება, რომ ვალები გაისტუმროს და თავის ჟურნალის გამოცემა განაახლოს. მას არაფერი დახმარება არა აქვს, მისი შეგირდები პენსიასაც იღებენ და ამას გროშიც არ ეძლევა. ფილიპე, თუ ხათრი გაქვს და კაცი ხარ, ნუ დაივიწყებ ამ ქართველ მუშაკს, ქართველი ერისას. შენ იცი და შენმა ჭკვა-გონებამ, როგორ უპატრონებ ამ ერთგულ მუშაკს ქართველი ერის პროგრესულ ამაღლების და დაწინაურებისას. იმედია, რომ ჩემს დავალებას არ დაივიწყებ და ამ დამსახურებულ მუშაკს შენებურ ზნეობრივ და ნივთიერ დახმარებას გაუწევ.

ამის გულისათვის შენთან თორმეტი კაცი მოდიოდა. მათ მაგიერ მე მოვედი და გთხოვ შენ  იზრუნო, რომ ასეთი შრომისმოყვარე  კაცი არ იქნეს დაჩაგრული. თქვენი პატივისმცემელი ზაქ. ჭიჭინაძე“.

ამ შუამდგომლობამ კარგი ნაყოფი გამოიღო. საბჭოთა ხელისუფლებამ სათანადოდ დააფასა იოსებ იმედაშვილის დამსახურება ქართული კულტურის წინაშე.

ლეილა ნანიტაშვილი

პირველი ქართული სასოფლო-სამეურნეო გაზეთის დაარსება

საქართველოში საგამომცემლო საქმიანობა 1832 წლის შეთქმულების მარცხის შემდეგ, კარგა ხნით შეჩერდა. მხოლოდ 1852 წელს მოახერხა გიორგი ერისთავმა თბილისში პატარა, ქართული სტამბის გახსნა, სადაც ჟურნალ „ცისკარს“ გამოსცემდა. სამწუხაროდ, ჟურნალი მალე დაიხურა და სტამბაც დაიკეტა. გიორგი ერისთავის შემდეგ „ქართულ თეატრსა და ჟურნალს – ეროვნული კულტურის ორივე დედაბოძს“ ივანე კერესელიძე (1829-1892) ჩაუდგა სათავეში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ღვაწლი ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოცემის საქმეში, რითიც ფასდაუდებელი სამსახური გაუწია ქართული ბეჭდვითი სიტყვის დამკვიდრებასა და გავრცელებას. მანვე დაარსდა პირველი სასოფლო-სამეურნეო გაზეთი „გუთნის-დედა“, რომელიც ჟურნალ „ცისკარის“ დამატება იყო.

axaliმძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური პირობების მიუხედავად ივანემ მტკიცედ გადაწყვიტა დახურული „ცისკრის“ აღდგენა და თავისი მიზნები ალექსანდრე ორბელიანს გაანდო, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია. თანამოაზრეთა შეკრებებიც ალექსანდრეს სახლში იმართებოდა, სადაც საბოლოოდ გადაწყდა „ცისკრის“ აღდგენა-განახლება.

საგამომცემლო საქმიანობის უმთავრეს სირთულეს სტამბის უქონლობა წარმოადგენდა. ივანემ „ცისკრის“ სტამბის შესყიდვის შესახებ თხოვნით მიმართა გიორგი ერისთავს. ესიც დაეთანხმა და 900 მანეთად მორიგდნენ.

ალექსანდრე ორბელიანმა კვლავ გაუმართა ხელი ივანეს და სტამბა თავის სახლში, არქიელის მოედანზე განათავსა. ხის, ძველნაკეთი დაზგა, რომელიც მეფისნაცვლის სტამბის ნაწილს შეადგენდა და ერისთავმა ვორონცოვისაგან მიიღო საჩუქრად, ივანემ მოაწესრიგა: გაცვეთილი ასოები შეცვალა, დანჯღრეული დაზგა ააწყო და ბეჭდვა გააჩაღა. 1857 წლის პირველი იანვრიდან გამოსვლა დაიწყო „ცისკარმა“. ჟურნალი 1863 წლამდე ქართულ ენაზე ნაბეჭდი ერთ-ერთი პერიოდული გამოცემა იყო. მის შესახებ პეტრე უმიკაშვილი წერდა: „ცისკრის“ გამოსვლა ჩვენის ლიტერატურის ბნელ ცაზე მართლა დილის წინამორბედს ცისკრის ვარსკვლავსა ჰგავს“-ო. ჟურნალის მნიშვნელობის შესახებ გაზეთი „ივერია“ მოგვიანებით წერდა: „ცისკრის“ დაარსებით “ჩვენი ცხოვრების ახალი ხანა დაიწყო, როდესაც საზოგადოება და მწერლობა მოქმედებას იწყებს მხოლოდ თავის გულით და თავის იმედით და არა სხვის მოლოდინით“.

1859 წელს ივანემ სტამბა საკუთარი სახლის ფლიგელში განათავსა, ალექსანდრეს ქუჩაზე (ამჟამად ნინოშვილის № 13-ში). მოძველებული საბეჭდი დაზგა ხშირად ფუჭდებოდა, მესამე წელს კი დაიმსხვრა. ივანემ კვლავ მოახერხა და დაზგა ისე ააწყო, რომ მან ორი-სამი თვე კიდევ იმუშავა.

ivaneივანემ სტამბის გასამართად, გიორგი მუხრანსკის დახმარებით მთავრობას 1000 მანეთი „გამოსთხოვა“, მაგრამ, მალე კვლავ გაუჭირდა. 1861 წელს ჟურნალი კვლავ დახურვის საფრთხის წინაშე დადგა. მთავრობისაგან შემწეობის მოსაპოვებლად ივანემ განიზრახა, „ცისკართან“ ერთად გამოეცა ახალი სასოფლო-სამეურნეო ორგანო – ჟურნალ „ცისკრის“ დამატება – „გუთნის-დედა“ და ამ გზით მიღებული თანხა ორივე რედაქციისათვის გამოეყენებინა.

იოსებ მამაცაშვილის დახმარებით, მთავრობამ „გუთნის-დედის“ გამოსაცემად, ივანეს მართლაც დაუნიშნა 1200 მანეთი და გამომცემლობა წელში გაიმართა. ასე დაარსდა „გუთნის-დედა“ – პირველი სასოფლო-აგრონომიული ხასიათის ორგანო, „მამულის პატრონობისა ფურცელი, „ცისკარზედ დამატება“, რომელიც 1861-1876 წლებში გამოდიოდა. 1863 წლიდან გაზეთის პროგრამა გაფართოვდა, მასში ვაჭრობის შესახებაც იბეჭდებოდა წერილები, შეიცვალა მისი ქვესათაურიც – „მამულის პატრონობის და ვაჭრობის გაზეთი“.

უნდა აღინიშნოს, რომ „გუთნის-დედის“ დაარსების თარიღად 1862 წლის 1 იანვარი მიიჩნეოდა. საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში ამ ჟურნალის 1862 წლის კომპლექტში მივაკვლიეთ 1861 წლის 15 დეკემბრს გამოსულ მის პირველ ნომერს, რომელიც „ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფიის“ შემდგენელს, გიორგი ბაქრაძეს შეუმჩნეველი დარჩენია.

პირველი ქართული აგრონომიული გაზეთი „გუთნის-დედა“ –„ადგილმამულის მართვის ფურცელი“, როგორც მას რედაქციაში ეძახდნენ, თვეში ორჯერ გამოდიოდა. მის ფურცელზე იბეჭდებოდა 60-70-იანი წლების საქართველოსა და სხვა ქვეყნების სოფლის მეურნეობის მდგომარეობის ამსახველი ვრცელი მასალები, მთავრობის განკარგულებები, ეკონომიკის საკითხები, სასოფლო-სამეურნეო გამოცდილებები, რჩევები, სახელმძღვანელო სტატიები და თარგმანები სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებიდან. „გუთნის-დედა“ სასოფლო-სამეურნეო ჟურნალის გამოცემის პირველი მცდელობა იყო, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს მოსახლეობისათვის. ამის შესახებ, კერესელიძე წერდა: „მრთელის ხალხში დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილ-მამულის მართვის წარმოებასა. ადგილ-მამულის მართვა არის უპირველესი და უმთავრესი საგანი კეთილ მდგომარეობისათვის მრთელის ხალხისა. ეს არის ის იმედი, რომლითაც ყოველი სახელმწიფო მოელის აღყვავებასა“ („გუთნის-დედა“. – 1861. – №1.- 15 დეკ.- გვ. 2).

გაზეთში ივანეს თანამშრომლობას უწევდნენ: თ. ს. გურგენიძე, კ. მამაცაშვილი, კ. მამაცაშვილი, ა. ნათიშვილი, ნ. პაული, ივ. სერებრიაკოვი, ლ. სერებრიაკოვი, ივ. სულხანიშვილი,  ალ. შანშიაშვილი, ი.რუსიშვილი  და სხვანი.

ივანე კერესელიძის „ერთ ბეწვა სტამბას“ ნიკოლოზ ბერძენიშვილი აღწერდა: „…პატარა ოთახი, ორი ვიწრო ფანჯრით მკრთალად გაშუქებული, იტევს სტამბას მისი მოწყობილობით. ვაი-უბედურებით მოჭუჭყულად არც თუ ახალი მოწყობილობისა და მტკიცე სიმაგრის საბეჭდი დაზგაც, რომელიც მუშაობისას საბრალო ჭრიალს გამოსცემს, საღებავის ასაზელი მაგიდაც, შრიფტის კასაც და მუშებიც, ორი თუ სამი… ახალგაზრდა, ცოცხალი ბიჭები, რომლებიც აქაც ისევე გულმოდგინედ ფართიფურთობენ, როგორც ერთი წლის წინ ვენახებში ვაზებთან… განა ამ ბიჭებს შეეძლოთ წარმოედგინათ, რომ ბედი… გუტენბერგის ხელოვნების ტაძარში მოიყვანდათ?… ადამიანები, რომლებიც მებაღეებად, მევენახეებად ემზადებოდნენ, მოხვდნენ წყნარ, მაგრამ მათთვის მეტად უცნაურ წიგნისმბეჭდაობის სახელოსნოში“.

სტამბაში ივანე, უმთავრესად თვითონ მუშაობდა, დროდადრო სტამბის მუშებიც ჰყავდა. უსახსრობის გამო ხშირად ხელფასის მიცემას ვერ ახერხებდა და სოფელ-სოფელ შეგროვილ სურსათს უნაწილებდა მათ. ისინი სტამბას ტოვებდნენ და ივანეღა იყო ასოთამწყობი, მბეჭდავი, კორექტორი, ამკინძავიცა და ყველა სამუშაოს შემსრულებელი. ამ დროს ივანეს დამხმარე და შემწე იყო მისი მეუღლე – ნინო უზნაძე. ხელისმომწერთა მოსაპოვებლად და დარჩენილი ვალების დასაფარავად გამომცემელი სოფელ-სოფელ დადიოდა, ხან ფეხით, ხან ცხენით, ხან ურმით. „გუთნის-დედის“ ფასი თავდაპირველად, 1861 წელს სამი მანეთი, „ცისკარზედ“ ხელისმომწერთათვის კი ერთი მანეთი იყო. მომდევნო წლებში ივანემ გაზეთის ღირებულება ორ მანეთამდე შეამცირა, მაგრამ ხელისმომწერნი ხშირად მაინც ვერ ახერხებდნენ თანხის გადახდას, მისი ნახევარი აუკრეფავი რჩებოდა და რედაქტორს თვითონ უხდებოდა ხარჯების დაფარვა.

თანამემამულეებს ივანე გულწრფელად უმხელდა სტამბის გასაჭირს, უცხოელებთან კი ამაყად ეჭირა თავი: ასე მცირე ხელისმომწერთა იმედით ჟურნალს როგორ გამოსცემო, გაოცებულა ალექსანდრე დიუმა, ივანეს ნათქვამზე: „600 ხელისმომწერი მყავსო“. სინამდვილეში ივანეს მხოლოდ 60 ხელისმომწერი ჰყავდა, რის შესახებაც ის სევდიანი ირონიით იხსენებდა: „ბევრი არ მომიტყვილებია… მხოლოდ ერთი ნოლი მივუმატეო“.

 მთავარმართებლისაგან მიღებული დახმარება მალე დაიხარჯა და ივანე ვალში ჩავარდა. იგი შემდგომში ზაქარია ჭიჭინაძეს უამბობდა: „მე მეურნეობის მცოდნე სერებრიაკოვს მივმართე და „გუთნის-დედაში“ თანამშრომლობა შევთავაზე. მან ამისათვის წელიწადში ხუთასი მანეთი მოითხოვა, რისი საშუალებაც მე არ მქონდა. ბოლოს მითხრა: შენი მამული, რომელიც ელისაბედის ქუჩაზე მდებარეობს, მომყიდე და შრომას იმაში გამოგიქვითავო. ასე მოვრიგდით. 400 საჟენი მიწა 1000 მანეთად დავუმტკიცე, აქედან 500 მანეთი „გუთნის-დედის“ გამომიბარა და 500 მანეთი უნდა მოეცა, მაგრამ მეოთხე თვეს იგი გარდაიცვალა, ვერც 500 მანეთი მივიღე… მამულიც მის ნათესავებს დარჩა საკუთრებად“.  ახალგაზრდა ენთუზიასტი გულს მაინც არ იტეხდა. მისი რწმენით, ქართველი ხალხისთვის აუცილებელი იყო სასოფლო-სამეურნეო განათლების მიღება და მიწათმოქმედების აღორძინება. გაზეთის თვითოეული ნომრის გამოცემა წამებად გადაექცა, მეგობრების დახმარება ვეღარ გასწვდა გაზრდილ ვალებს. 1870 წლის მარტში, ივანე იძულებული გახდა სტამბა სამი წლით, იჯარით გადაეცა მარტირუზიანცისათვის, რომელმაც იგი კუკიაზე გადაიტანა, მირზოევის სახლში. ამ ფაქტმა, უფრო გაართულა გამოცემის საქმე.

„გუთნის-დედას“ ივანე 1872 წლამდე რედაქტორობდა. ამ დროისათვის სტამბა, ძირითადად, „ცისკრისა“ და „გუთნის-დედის“ გამოცემით იყო დაკავებული. ხელისმომწერთა რაოდენობა მკვეთრად მცირდებოდა და მთელი ხარჯები გამომცემელს აწვებოდა მხრებზე. ზარალის დასაფარავად მან სახლი და მამულები გაყიდა თბილისსა და ბოგვში, მაგრამ, მაინც ვერა გააწყო რა. 1873 წელს, მარტში ივანემ ვალის გასტუმრება მოახერხა და „სტამბის ყოველი კუთვნილება, გარდა ასოებისა, კვლავ დაიბრუნა, ხელახლა გამართა, ახალი ასოები ჩამოასხმევინა“ და ბეჭდვა განაახლა დაქირავებულ სახლში –„სალდათის ბაზარში, იარმუკაზე“. გამომცემლის სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, უსახსროდ დარჩენილმა ივანემ სტამბა ვეღარ შეინარჩუნა და იმავე წლის ბოლოს, თავის ყოფილ მოსწავლეს – ექვთიმე ხელაძეს მიჰყიდა. ექვთიმემ სტამბა ბებუთოვის სახლში განათავსა ხანის (ამჟამად გ. ტაბიძის) ქუჩაზე.

1873 წელს „გუთნის-დედა“ გადავიდა კავკასიის სამეურნეო საზოგადოების მმარველობაში. გაზეთის რედაქტორებად დაინიშნენ ანტონ ფურცელაძე და აგრონომი ა. ვართანოვი. ამ დროიდან „გუთნის-დედა“ გამოდიოდა ქვესათაურით – „სამეურნეო გაზეთი“. 1874 წლის 31 აპრილიდან ვართანოვი რედაქციიდან წავიდა და მთელი პასუხისმგებლობა ანტონ ფურცელაძეს დაეკისრა. გაზეთმა  1876 წლამდე იარსება.

ავტორი: ნინო ხვედელიძე

იხილეთ:  ნინო ხვედელიძე. ივანე კერესელიძის საგამომცემლო მოღვაწეობა და პირველი ქართული   სასოფლო სამეურნეო გაზეთი  // საქართველოს ბიბლიოღეკა.- N1(58). – 2015. – გვ. 6–10.

ქართული მწიგნობრობის მოამაგე ივანე კერესელიძე

ქართველი ერის ღირსეული მამულიშვილი ივანე კერესელიძე 50-იანი წლების საზოგადოებრივ-ლიტერატურული მოძრაობის უშუალო გამგრძელებელი და ქართული კულტურის ღირსეული მოამაგე იყო.  გიორგი ერისთავის შემდეგ ის სათავეში ჩაუდგა ქართულ თეატრსა და ჟურნალ „ცისკარს“.

kereselidze თვალსაჩინო პუბლიცისტი და მწერალი ივანე კერესელიძე მრავალმხრივ საქმიანობას ეწეოდა: წერდა ლექსებს, მოთხრობებს, პიესებს, კრიტიკულ-პუბლიცისტურ წერილებს, გამოკვლევებს, თარგმნიდა მეცნიერულ და მხატვრულ თხზულებებს. ქართული თეატრის აღორძინების პირველ წლებში იგი სცენაზე გამოდიოდა სხვადასხვა როლში და სათავეში ედგა მრავალ საზოგადოებრივ-საქველმოქმედო წამოწყებას. გიორგი ერისთავის შემდეგ იგი სათავეში ჩაუდგა ქართულ თეატრსა და ჟურნალს “ეროვნული კულტურის ორივე დედაბოძს”. მან ჩამოაყალიბა ქართული დაწყებითი სკოლის დაარსების პროგრამა. ეს იყო დედა-ენისათვის ბრძოლის დასაწყისი, რომელიც 70-80-იან წლებში გაჩაღდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ღვაწლი ქართული წიგნისა და ჟურნალ-გაზეთების გამოცემის საქმეში; რითაც ფასდაუდებელი სამსახური გაუწია ქართული ბეჭდვითი სიტყვის დამკვიდრებასა და გავრცელებას.

ივანე კერესელიძე  დაიბადა 1827 წლის 10 ნოემბერს თბილისში, იმერელი აზნაურის ოჯახში. მამის გარდაცვალების დროს ივანე ერთი წლის გახლდათ. უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილ დაობლებულ ოჯახს დახმარების ხელი თეკლე ბატონიშვილმა გაუმართა. მისმა მფარველობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ივანეს აღზრდა-ჩამოყალიბებაში. 1850 წელს ივანემ წარმატებით დაასრულა გიმნაზია, მაგრამ აზნაურობის საბუთის არარარსებობის გამო ატესტატი ვერ მიიღო, თუმცა როგორც წარჩინებული აბიტურიენტი, დროებით გიმნაზიაშივე დატოვეს ზედამხედველად და ქართული ენის მასწავლებლად. დიდი წვალებით მოეწყო თბილისის საგუბერნიო სამმართველოში კანცელარიის დაბალ მოხელედ, მაგრამ საბუთების უქონლობის გამო, აქედანაც გაანთავისუფლეს. უატესტატოდ და უსამსახუროდ დარჩენილი, ყოველმხრივ შევიწროებული ივანე იძულებული გახდა გამოთხოვებოდა მის საყვარელ თეატრსა და მეგობართა წრეს და 1851 წელს, სამოღვაწეოდ ზუგდიდში გადასულიყო, სადაც ალექსანდრე და ვახტანგ ორბელიანების რეკომენდაციით სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა და მისმა მეუღლემ ეკატერინე ჭავჭავაძემ მიიწვიეს შვილების აღმზრდელად. დადიანების ოჯახში ივანემ დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. იქ გატარებულმა წლებმა, მათი მდიდარი ბიბლიოთეკის გაცნობამ, ოჯახის ქართველ და უცხოელ მეგობრებთან ურთიერთობამ, დიდი როლი შეასრულა ივანეს საზოგადოებრივ–კულტურული ინტერესების ჩამოყალიბებაში. კერესელიძისა და ჭავჭავაძის ასულების მეგობრულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს ივანეს პორტრეტი, რომელიც დებს ერთად დაუხატავთ ზუგდიდში.

დადიანებისაგან უხვად დასაჩუქრებულმა ივანემ თბილისში დაბრუნების შემდეგ მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება ეროვნული კულტურის განვითარებას მოახმარა. უმდიდრესი ტრადიციების მქონე მშობლიურ ქალაქში ივანეს ფეოდალური საქართველოს დროინდელი მწიგნობრული კულტურის კვალიც აღარ დახვდა. 1832 წლის შეთქმულების მარცხის შემდეგ, სოლომონ დოდაშვილის ციმბირში გადასახლებით, მისი გაზეთისა და სტამბის დახურვით, საქართველოში საფრთხე დაემუქრა ეროვნული სტამბისა და ქართული ბეჭდვითი სიტყვის არსებობას. მხოლოდ ორი ათეული წლის შემდეგ, 1852 წელს მოახერხა გიორგი ერისთავმა თბილისში პატარა, ქართული სტამბის გახსნა, სადაც ჟურნალ “ცისკარს” გამოსცემდა. სამწუხაროდ, ჟურნალი მალე დაიხურა და სტამბაც დაიკეტა. ივანე კერესელიძეს კარგად ესმოდა, რომ ამ ვითარებაში ქართული ენა, წიგნი და მწიგნობრობა პოლიტიკური ბრძოლის მთავარი იარაღი, ეროვნული მთლიანობის, უკეთესი მომავლისათვის ბრძოლის საუკეთესო საშუალება იყო. ამიტომ ჩაუდგა ის სათავეში საგამომცემლო საქმიანობას. 1852 წელს “ყრმათა მეგობარი” გამოსცა, რომელიც რუსული წიგნის ქართულ თარგმანს წარმოადგენდა, ეს წიგნი 1853 წელს კვლავ გამოსცა. 1856 წელს მან გამოსცა პატარა სახელმძღვანელო სახელწოდებით: “ანბანი ახალმოსწავლეთა ყრმათათვის”, რომელიც საკმარის სამსახურს უწევდა წერა-კითხვის შესწავლის მსურველთ. ეს წიგნი ზედიზედ სამჯერ გამოიცა და კარგად შეასრულა მასზე დაკისრებული როლი მშობლიური ენის შესწავლისა და განმტკიცების საქმეში. ამის შემდეგ გამოვიდა: 1859 წელს “ლექსთა კრების” I წიგნი; 1878 წელს “ლექსების” II წიგნი; 1860 წელს “ჯიბით სატარებელი კალენდარი”. წიგნების ნაწილს იგი უსასყიდლოდ არიგებდა ხალხში. ხშირად წიგნებს წერა-კითხვის უცოდინარი ხალხიც ეტანებოდა და სწორედ ამიტომ გამომცემელი წიგნებს ანბანსაც ურთავდა, რომელიც  სახელმძღვანელოს მოვალეობას ასრულებდა.

tsiskari

მიუხედავად მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური პირობებისა, ივანე კერესელიძემ მტკიცედ გადაწყვიტა 1854 წელს დახურული გიორგი ერისთავის “ცისკრის” აღდგენა-განახლება. მან თავისი მიზნები ალექსანდრე ორბელიანს გაანდო, რომელმაც დიდი დახმარება და თანადგომა გაუწია. ჟურნალის გამოცემის უფლება გიორგი ერისთავისაგან ივანემ მიიღო 1854 წლიდან, მაგრამ მისი განახლება მხოლოდ 1857 წლის იანვრიდან მოახერხა. ეს ჟურნალი 1863 წლამდე ქართულ ენაზე ნაბეჭდი ერთ-ერთი პერიოდული გამოცემა იყო, რომელმაც მთელი ქართველი ინტელიგენციის ყურადღება მიიქცია. ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ, “ცისკარმა” აკვნობა გაუწია ყმაწვილ მწერლებს”.

საგამომცემლო საქმიანობის უმთავრეს სირთულეს სტამბის უქონლობა წარმოადგენდა. ივანემ დიდი ვაი–ვაგლახით მოახერხა გიორგი ერისთავთსაგან “ცისკრის” სტამბის შესყიდვა და 1859 წელს საკუთარი სახლში განათავსა, ივანე მაშინ ალექსანდრეს ქუჩაზე, ამჟამად ნინოშვილის 13 ნომერში ცხოვრობდა. სტამბაში ივანე უმთავრესად თვითონ მუშაობდა, დროდადრო სტამბის მუშებიც ჰყავდა. უსახსრობის გამო, ხშირად მათთვის ხელფასის მიცემას  ვერ ახერხებდა და სოფელ-სოფელ შეგროვილ სურსათს უნაწილებდა. მუშები სტამბას ტოვებდნენ და ივანეღა იყო “ასოთამწყობი, მბეჭდავი, კორექტორი, ამკინძავიცა და  ყველა სახის სამუშაოს შემსრულებელი. ამ დროს მისი დამხმარე და შემწე მისი მეუღლე იყო.

თეატრში მუშაობისას ივანეს თავდავიწყებით შეუყვარდა სახელგანთქმული მომღერალი და მოცეკვავე ნინო უზნაძე. 1857 წელს ისინი დაქორწილდნენ. ივანესა და ნინოს სამი შვილი ჰყავდათ: ელენე (ლიზა), სოფიო და გიორგი. მათი ოჯახი თბილისის ლიტერატურულ-კულტურული ცხოვრების ცენტრად გადაიქცა, სადაც თავს იყრიდნენ ქართული ლიტერატურისა და კულტერის მოღვაწენი. 1859 წელს ქართველი საზოგადოება აქ შეხვდა გამოჩენილ ფრანგ მწერალს, ალექსანდრე დიუმას, რომელმაც გულთბილი სტრიქონები მიუძღვნა გულუხვ მასპინძელსა და მის ლიტერატურულ სალონს.  თანამემამულეებს ივანე გულწრფელად უმხელდა სტამბის გასაჭირს, უცხოელებთან კი ამაყად ეჭირა თავი: ასე მცირე ხელისმომწერთა იმედით ჟურნალს როგორ გამოსცემო, გაოცებულა ალექსანდრე დიუმა, ივანეს კი უთქვამს  “600 ხელისმომწერი მყავსო”, სინამდვილეში კი მხოლოდ 60 ხელისმომწერი ჰყავდა, რის შესახებაც იგი სევდიანი ირონიით იხსენებდა: “ბევრი არ მომიტყვილებია… მხოლოდ ერთი ნოლი მივუმატეო”.

ასეთი ვაი-ვაგლახით დაარსებულ “ცისკარს” შემდეგ წელსაც დიდი გაჭირვება დაატყდა თავს. 1861 წელს უსახსრობის გამო ჟურნალი კვლავ დახურვის საფრთხის წინაშე დადგა. მთავრობისაგან შემწეობის მოსაპოვებლად ივანემ განიზრახა, “ცისკართან” ერთად გამოეცა “გუთნის-დედა” და ამ გზით მიღებული თანხა ორივე რედაქციისათვის გამოეყენებინა. ასე დაარსდა “გუთნის-დედა” – პირველი სასოფლო-აგრონომიული ხასიათის ორგანო, რომელიც 1861-1876 წლებში გამოდიოდა.

ხელისმომწერთა მოსაპოვებლად და დარჩენილი ვალების დასაფარავად ივანე სოფელ-სოფელ დადიოდა: ხან ფეხით, ხან ცხენით, ხან ურმით. ხელმომწერთაგან აგროვებდა ხორბალს, ღვინოს, სიმინდს, ჩამოჰქონდა თბილისში, თვითონ ჰყიდდა ბაზარში და ასე ანაღდებდა თანხას. ხშირად ხელისმომწერნი ფასის ანაზღაურებას ვერ ახერხებდნენ, თანხის ნახევარი აუკრეფავი რჩებოდა და რედაქტორს თვითონ უხდებოდა ხარჯების დაფარვა. ასეთ პირობებში უხდებოდა მუშაობა რედაქტორს, მაგრამ გულს მაინც არ იტეხდა, რადგან მისი რწმენით, ქართველი ხალხისთვის აუცილებელი იყო სასოფლო-სამეურნეო განათლების მიღება და მიწათმოქმედების აღორძინება. გაზეთის თვითოეული ნომრის გამოცემა აუტანელ წამებად გადაექცა, მეგობრების დახმარება ვეღარ წვდებოდა გაზრდილ ვალებს. “გუთნის-დედის” გამოცემის ხარჯების გამო, იგი იძულებული გახდა მუქთად გაეყიდა მამულები თბილისსა და ბოგვში. მაგრამ, მაინც ვერა გააწყო რა. 1870 წლის მარტში, ივანე იძულებული გახდა სტამბა იჯარით მარტირუზიანცისათვის გადაეცა. ამან უფრო გაართულა ჟურნალის გამოცემა. 1873 წელს მარტში  ივანემ ვალის გასტუმრება მოახერხა და სტამბა კვლავ დაიბრუნა და ბეჭდვა განაახლა. გამომცემლის სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, სრულიად უსახსროდ დარჩენილმა ივანემ სტამბა ვეღარ შეინარჩუნა და იმავე წლის ბოლოს, თავის ყოფილ მოსწავლეს დ ექვთიმე ხელაძეს მიჰყიდა, იმ პირობით, რომ სტამბის ფასში მისთვის “ცისკარი” უნდა დაებეჭდა. ექვთიმემ სტამბა ბებუთოვის სახლში განათავსა ხანის, ამჟამად გ. ტაბიძის ქუჩაზე. ვალებში ჩაფლულმა ივანემ, სტამბის გამოსყიდვა ვეღარ შეძლო და სულ მალე მას ჟურნალიც მიჰყვა. უსახსრობას ავადმყოფობაც დაემატა და 1875 წლის 5 ივნისს, ივანემ კავკასიის საცენზურო კომიტეტში, განცხადება შეიტანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო “ცისკრის” გამოცემის დროებითი შეწყვეტის შესახებ. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს. ამრიგად, 18 წლის არსებობის შემდეგ – 1875 წლის მეორე ნახევრიდან, “ცისკარი” დაიხურა და რედაქტორ-გამომცემელს აურაცხელი ვალები დაუტოვა. სიკვდილის უკანასკნელ წელს იგი ჟურნალის განახლებას შეეცადა, მაგრამ ამაოდ. კავკასიის საცენზურო კომიტეტმა და ბეჭდვითი საქმის სამმართველომ 1892 წლის 7 დეკემბერს მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

ამ ვალებში ჯერ კერესელიძის სახლი, შემდეგ ავეჯი წვრილ-წვრილად გაიყიდა და ოჯახი ქუჩაში დარჩა. ხუთი თვის უბინაობით გატანჯულმა ივანემ დიდი წვალებით იშოვა ავჭალაში ორი პატარა ოთახი, თვეში 15 მანეთად. მძიმე შრომამ  და მოუსვენარმა ცხოვრებამ მწერლის მეუღლეც დააუძლურა, 1878 წლის თებერვალს 36 წლის ასაკში გარდაიცვალა ნინო. ივანემ მეორედ იქორწინა გიორგი ამილახვრის ასულ ანასტასიაზე, რომელმაც ობლები გაუზარდა და საკმაო მზითვიც შეუტანა ოჯახში. ყოველივე ამის მიუხედავად, ივანე მაინც ჟურნალის აღდგენაზე ოცნებობდა და, მოითქვა თუ არა ოდნავ სული, 1887 წელს სასოფლო-სამეურნეო გაზეთი “ცისკარი” დააარსა, მაგრამ ცენზურისაგან ათვალისწუნებისა და უსახსრობის გამო, ახალი ვალები დაატყდა თავს და მწერალი ულუკმაპუროდ დარჩა. სიცოცხლის უკანასკნელ წელს მან კიდევ ერთხელ სცადა “ცისკრის” აღდგენა, მაგრამ ამაოდ.

  ავადმყოფი, გაღატაკებული, მაგრამ სულით მტკიცე  ადამიანის დაუვიწყარი პორტრეტი შემოგვინახა აკაკი წერეთელმა თავის “ორ შეხვედრაში”: “…სუფრაზე ნელ-ნელა გამხიარულდა ივანე – წერდა აკაკი – დაავიწყდა დარდები, ჩამოაგდო საუბარი საზოგადო საქმეებზე და სრულიად შეიცვალა. ძველად ბერძნებს სწამდათ; რომ ხანდახან განგებ ჩამოდიან ღმერთები და მათ რჩეულ კაცებს შვენებას უმატებენო. სწორედ მართალია, როცა კაცი მაღალი, ღვთიური რამეთი არის გატაცებული, მაშინ მისი შინაგანი ძლიერება გარეგანათაც იხატება და მშვენებაც ემატება…”

  1892 წლის 19 დეკემბერს ივანე ფულის საშოვნელად გამოვიდა  სახლიდან. ძლიერ ყინვაში საბედისწეროდ გაცივდა და 21 დეკემბერს, ღამის 2 საათზე გარდაიცვალა ავლაბრის ერთ მიყრუებულ ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში, რომელიც გაღატაკებულ თავშესაფარს უფრო წააგავდა ივანე კერესელიძემ დაგვიტოვა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა: მრავალი ლექსი, მოთხრობა, პიესა და პუბლიცისტურ და კრიტიკული წერილი. ივანე საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი შემოქმედი იყო და ღრმად სწამდა პოეტური სიტყვის ძალა, რომლის ძირითად დანიშნულებად ხალხისა და სამშობლოს სამსახური მიაჩნდა. პუბლიცისტურ წერილებსა და ლექსებში იგი ახალგაზრდობას უნერგავდა ეროვნული სიამაყისა და მშობლიური ქვეყნის ერთგულებას. მართალი გულიდან ამოხეთქილმა პოეტურმა სიტყვამ გზა გაიკვლია ხალხში და მისი ლექსები “ქართული სიმღერა”, “სიმღერა”, “ჩემო თვალის სინათლევ” პოპულარულ სიმღერებად იქცნენ.

ივანე კერესელიძის ცხოვრება ქართული მწიგნობრობის სიყვარულსა და თავდადებაში გაილია. 1889 წელს ნიკო ნიკოლაძე წერდა: “პირდაპირ განსაცვიფრებელია მასშტაბი იმ შრომისა, რომელიც 1857–1887 წლებში ი. კერესელიძემ მოახმარა ქართულ ჟურნალისტიკასა და ლიტერატურას”. მისი ცხოვრების საზრისი ქართული ბეჭდვითი სიტყვის მსახურება იყო და ამიტომაც წერდა მასზე ზაქარია ჭიჭინაძე: “ჩვენი ჟურნალ-გაზეთების გამოცემის დაწყების მამად იგი ითვლება, და ამ ჯილდოს მას ვერავინ წაართმევს”.

ავტორი: ნინო ხვედელიძე

ნინო ხვედელიძე. ივანე კერესელიძე ქართული მწიგნობრობის მოამაგე   // საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შრომები.- II (6II). – 2006. – გვ. 22–45.

ილია ჭავჭავაძის პირადი ბიბლიოთეკა

დიდი ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის პირადი ბიბლიოთეკა ქართველი ერის უმნიშვნელოვანესი საგანძურია. იგი ცალკე კოლექციის სახით დაცულია ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში. მრავალფეროვან კოლექციაში მეცნიერებისა და კულტურის თითქმის ყველა დარგის წიგნი, გაზეთი და ჟურნალია თავმოყრილი, რაც მწერლის ინტერესების მრავალმხრივობას ადასტურებს. რაოდენობრივად ყველაზე მეტი მხატვრული ლიტერატურაა, თუმცა ბიბლიოთეკა თემატურად მოიცავს: ისტორიისა და სამართლის, ფილოსოფიისა და სოციოლოგიის, გეოგრაფიისა და ეკონომიკის, განათლებისა და გრამატიკის, სოფლის მეურნეობისა და მედიცინის დარგებს. ამასთან ბიბლიოთეკაში ინახება წიგნები ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, პოლონურ, ბერძნულ ენებზე დაბეჭდილი. ქართული ძალიან ცოტაა შემორჩენილი. მათ შორისაა 1884 წელს თბილისში გამოცემული „დაბადება” (ბიბლია); მიხეილ თამარაშვილის „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის”; დიმიტრი ბაქრაძის „ისტორია საქართველოსი”. აქვეა ძველნაბეჭდი წიგნები: მოსკოვში დაბეჭდილი 1816 წლის „ახალი აღთქმა” და 1768 წლის „ჟამნი”; 1712 წელს ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი „ვეფხისტყაისანი” და 1886 წელს გამოცემული „ქილილა და დამანა” და „დავითნი”. ბოლო სამი წიგნი განსაკუთრებულად ჰყვარებია მგოსანს.

ილიას კოლექციაში ნაყიდის გარდა მრავლი ნაჩუქარი წიგნია საინტერესო წარწერით. მათ შორისაა: იაკობ გოგებაშვილის, ალექსანდრე ცაგარელის, ალექსანდრე ხახანაშვილის, მოსე ჯანაშვილის, ზაქარია ჭიჭინაძის, ვალერიან გუნიასა და სხვათა ავტოგრაფიანი გამოცემები.

ნაჩუქარ წიგნებში ვხვდებით განსაკუთრებულ ეგზემპლარებს, რომელთათვისაც ყდები სპეციალურად  შეუკვეთავთ.  ერთ-ერთი ასეთი წიგნი А. Калиновский.- «Где правда? История Афонского монастыря», 1885 წელს სანქ-პეტერბურგშია გამოცემული.  ოქროვარაყიანი  წიგნი მუყაოზე გადაკრულ, მუქ იასამნისფერ ქსოვილიან ყდაშია ჩასმული. ოქრომელნითაა დამშვენებული მოჩარჩოებული ტვიფრული ორნამენტები და ტვიფრულივე წარწერა: “Его Сиятельству Ильи Григорьевичу Чавчавадзе”. ეგზემპლარი ბერ ბენედიქტეს მიუძღვნია ილიასათვის, რასაც ადასტურებს მინაწერი: „С надеждою на благосклонное внимание и милостивное содействие Вашего Сиятельства препровождает смиренный раб старец Венедикт поверенный Афонского грузинского братства. СПб. 7 авг. 1885 г. “ბერი ბენედიქტე ბარკალაია მე-19 საუკუნის ოთხმოციან წლებში ჩამოვიდა საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან. იგი ცდილობდა საზოგადოებაში ინტერესი აღეძრა ივერთა მონასტრისადმი, რათა მასზე კუთვნილი უფლება დაებრუნებინა ქართველ სამღვდელოებას. ცხადია, ბერი დახმარებისათვის ქართული ეკლესიისა და ქართველი ერის გულშემატკივარ მწერალს მიმართავდა.

კოლექციაში დაცულია 1890 წელს გამოცემული იოსებ დავითაშვილის თხზულებანი, რომლის ტვიფრულ-ვარაყიანი ასოებით დამშვენებულ ყდაზე ვკითხულობთ – „ი. დავითაშვილი. ი. ჭავჭავაძეს”. ეს წიგნი სხვა მხრივადაცაა საყურადღებო. ილია განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით იყო ცნობილი. მის ოჯახში იკრიბებოდნენ მწერლები, მსახიობები, საზოგადო მოღვაწეები. მიუხედავად ამდენი მეგობრისა და საკუთარი ოპტიმისტური ბუნებისა, ილია მაინც მარტოსულობას უჩიოდა, რაზეც წიგნში გაკეთებული მისი ჩანიშვნები მეტყველებენ: „ბევრი რამა ვთქვი საგრძნობი, მაგრამ მსმენელი ძვირია”, ეტყობა ილიას გულსაც მოხვდა ეს სიტყვები, თვითონაც ხომ ამოიკვნესა ერთხელ: „ამდენ ხალხში კაცი არ არის, რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემო გავუზიარო!”.

ზურაბ ავალიშვილი თავის თხზულებას „Присоединение Грузии к России”, უძღვნის ილიას ასეთი წარწერით: „Князю Илье Григорьевичу Чавчавадзе почтительное приношение автора”. ილიას ფანქრით ხელში წაუკითხავს ეს წიგნი და ზოგიერთ საკითხზე თავისი უკმაყოფილება მიუწერია. ტექსტში, ერთ ადგილას,  ციტატაა მარი ბროსეს მიერ ფრანგულ ენაზე გამოცემულ პაპუნა ორბელიანის ქრონიკებიდან, რომლის შესახებაც ილიას, თავისი გულისწყრომა მიუწერია: „რა ქართველია, რომ ქართულს წყაროებს ფრანციცულიდამ იღებს”. იქ სადაც ავტორი ერეკლე მეფის ანდერძს ეხება…”Сила и даже подлинность которой оспаривалиь”, ილია ჭავჭავაძეს მიუწერია: „подлинность не имеется”; ტექსტში – „В Грузии не сталкивались интиресы европейских держав”… მიწერილია- „ Не совсем так. Наполеон уже принимал меры против этого, но не имел времени серьезно им занятся” და სხვა. თუმცა ხანდახან აღფრთოვანებასაც გამოხატავს. მაგალითად, წიგნში ავტორი აღნიშნავს, თუ რა განსხვავებაა რუსეთისა და ინგლისის პროტექტორატს შორის და ხაზს უსვამს, თუ რატომ ვერ შეითვისა მეფის რუსეთმა ინგლისური სისტემა. ილიას ეს ადგილი ორი ხაზით მოუნიშნავს და თავისი უკმაყოფილება რუსეთის თვითმპლრობელობის პოლიტიკით ერთი სიტყვით გამოუხატავს და მიუწერია – „ჯან!”

სპეციალურად ილიასათვისაა მომზადებული „ქართლ-კახური გალობის”    ტვიფრულ-ვარაყიანი ასოებით მორთული ყდა, რომელზეც ვკითხულობთ: „მისს ბრწყინვალებას თ. ი. გ. ჭავჭავაძეს ქართლ-კახური გალობა „კარბელაანთ კილოთი” მეორე ნაწილი ცისკარი”. ილია თვითონ არ მღეროდა, მაგრამ ძალიან უყვარდა ქართული ხალხური სიმღერები. მათი ძლიერი გრძნობა და მომხიბვლელობა მის ლექსებშია აღბეჭდილი. მეფის რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის შედეგად ქართული ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა მივიწყების გზაზე იდგა, იგი ყველგან იდევნებოდა და ძველი სიმღერა-გალობის მცოდნენიც აღარ რჩებოდნენ. ამიტომ ქართული კულტურის მოამაგეებმა გადაუდებელ ამოცანად დაისახეს ძველი ქართული სიმღერისა და გალობის აღდგენა, მათი ნოტებზე ჩაწერა, მომღერალთა გუნდების შექმნა და  ფართო პროპაგანდა. ამათ საფუძველი ჩაუყარეს ქართულ პროფესიულ მუსიკას. ამ დიდ ეროვნულ მოვლენას ორი ვრცელი წერილი მიუძღვნა ილიამ, რომელიც გაზეთ „ივერიაში” გამოაქვეყნა.

კოლექციაში დაცულია ილიასადმი მიძღვნილი ვალერიან გუნიას „საქართველოს კალენდრის”  რამდენიმე ეგზემპლარი, რომელსაც გამომცემლის ავტოგრაფი ამშვენებს: „თავ. ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძეს შემდგენელისაგან”;  „თავად ილია ჭავჭავაძეს ავტორისაგან”; „დიდ ილიას პატარა ვალერიან გუნიასაგან”. ილიასა და ვალერიანს დიდი მეგობრობა აკავშირებდათ, ვალერიანი მას თავის მასწავლებლად თვლიდა.

აქვეა იაკობ გოგებაშვილის მიერ ნაჩუქარი ნაშრომები მისივე ავტოგრაფებით: „ილია გრიგოლის ძეს ჭავჭავაძეს მეუღლითურთ” და „ილია გრიგოლის ძეს თავადს ჭავჭავაძეს სახლობითურთ” და სხვა. ალექსანდრე ცაგარელის წიგნებზე ვკითხულობთ – „ჩემს ძველ მეგობარს” და „ილიკო ჭავჭავაძეს ნიშნად ხსოვნისა ავტორისაგან 1873 წ.”  ალექსანდრე ხახანაშვილი საკუთარ ნაშრომს „Источники по введению христианства в Грузии” მწერალს ასეთი წარწერით უძღვნის: „დიდად პატივცემულს ილია ჭავჭავაძეს”.

ილიასათვისაა მომზადებული მუქ მწვანე კოლენკორის ყდაში ჩასმული ორი წიგნიც. ორივე მათგანის ყდაზე ტვიფრული ოქრომელნითაა შესრულებული წარწერა: „ივერიის რედაქტორს თ. ილია ჭავჭავაძეს”. პირველი მათგანია მოლიერის თხზულება  „კრიჟანგი”, მეორე კი – „საანდაზო ლექსები და აღწერა თავადთა და აზნაურთა გვარებისა” – განსაკუთრებული და ერთადერთია, რომელშიც უცნობ პიროვნებას ჟურნალ „ივერიაში” დაბეჭდილი საანდაზო ლექსები და „შემოკლებითი აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა” ერთად აუკინძავს და მიურთმევია ილიასათვის პატივისცემის ნიშნად.

ილიასათვის არტურ ლაისტს გერმანულ ენაზე მიუნჰენში გამოცემული „გოეთეს- გალერეა” უჩუქებია წარწერით ფრანგულ ენაზე: „თავად ი. ჭავჭავაძეს გამოჩენილს და პატივცემულს”. პოეტს ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდა არტურ ლაისტთან, რომელიც ასე იგონებდა მას: ილია მშვიდი და თითქოს აუღელვებელი იყო, თავდაჭერილი, როგორც ლხინში, ისე მწუხარებაში. ხასიათის ამ თვისებით ილია გოეთეს მოგვაგონებს, რომლის პოეზიაც მას ძლიერ მოსწონდა და უყვარდა,  იდეალურ პოეტად მიაჩნდა, „ოლიმპიელს” უწოდებდა და ქებას უძღვნიდა მის უნივერსალურ ცოდნას. ილია არა მარტო ლიტერატურის, არამედ ცხოვრების ევროპიზაციის მომხრე იყო,  სულით და გულით კი  მუდამ ქართველად დარჩა.

წიგნზე დაუღალავი მუშაობის ჩვეულება ილიას სიყრმიდან გამოჰყვა და სიკვდილის ბოლომდე არ უღალატია მისთვის, რასაც ადასტურებს სამი წიგნი. ისინი საკუთარ საწერ მაგიდაზე გადაშლილი დარჩენია მწერალს. მათზე მუშაობის პროცესში ამოუწერია საჭირო მასალა და ჩანაწერები წიგნებში ჩარჩენია. პირველი – ჯონ ლებოკის 1876 წელს გამოცემული ნაშრომია – „Начало Цивилизации”. მასში ჩარჩენილი ავტოგრაფი პატარა ნაწყვეტია ფელეტონისა „აი ისტორია”, რომელიც გაზეთ „ივერიაში” იბეჭდებოდა, მეორე – ფ. შლოსერის „Всемирная история”-ის მეხუთე ტომია, რომელშიც ჩარჩენილია წერილის ნაწყვეტი „ირლანდია და ინგლისი”, მესამე – ედ. ტაილორის „Антропология”. მასში დევს მწერლის მიერ სათანადო გვერდების აღნიშვნით, რუსულად შედგენილი საკითხების სია. ჩანაწერების მიხედვით ირკვევა, რომ ერთ პატარა საკითხის, მაგალითად „Сожжение”-ს შესახებ ილიას ექვსი სხვადასხვა ავტორის შრომა გადაუსინჯავს, ამოუწერია გვერდები და მათ იმოწმებს წერილში „აი ისტორია”.

კოლექციაში დაცულ ერთ-ერთ ეგზემპლარში („წიგნი თანამდებობათათვის სამრევლოთა მღუდელთასა” – შედგენილი არქიმანდრიტის ტარასისაგან) აღმოჩნდა ეკატერინე ჭავჭავაძის წერილი თავისი მოურავის ნიკო ჩიჩუასადმი, რომელიც 1865 წლითაა დათარიღებული. რა ვითარებაში ჩარჩა წერილი ილიას კუთვნილ წიგნში უცნობია, თუმცა ცნობილია ფაქტი ილიასა და ეკატერინეს შეხვედრის შესახებ „ცარსკოე სელოში”. საუბრის შემდეგ ეკატერინემ ილიას გადასცა ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერი რვეული, რომელიც პოეტს თავისი მუზისათვის უჩუქებია. ფაქტობრივად ილიამ ბარათაშვილი მაშინ აღმოაჩინა. „ვერ წარმოიდგენთ რა შთაბეჭდილება მოახდინა ამ ლექსმა ილიაზე. მთელი კვირა ბოდავდა ბარათაშვილით” – იხსენებდა ილიას დისწული კოხტა აფხაზი.

ილიას სახლში სტუმართა რიცხვმა შესამჩნევად იმატა იმის შემდეგ, რაც ილია ახალ ბინაში დასახლდა. ძველ სტუმრებს – ნიკო ცხვედაძეს, იაკობ გოგებაშვილს, ეკატერინე გაბაშვილს, სტეფანე ჭრელაშვილს, ანტონ ფურცელაძეს, გიორგი წერეთელს, ლევან ჯანდიერს, დავით ბარათაშვილს, დავით სარაჯიშვილს ახალი სტუმრებიც მოემატნენ, ესენი იყვნენ: გრიგოლ ვოლსკი, ნიკო ღოღობერიძე და მრავალი სხვა. აქვე იმართებოდა ილიას ცნობილი ხუთშაბათობები. სტუმრებს ილიასთან ერთად მუდამ მასპინძლობდა მომღიმარი დიასახლისი. ოლღა მეუღლის არაჩვეულებრივი მეგობარი იყო ყველა საქმეში. წყვილის საოცრად თბილი და განსაკუთრებული ურთიერთობა საქვეყნოდ იყო ცნობილი. კოლექციაში დაცული რამდენიმე წიგნი პირადად ოლღა ჭავჭავაძის კუთვნილებაა: ილიას, 1892 წელს გამოცემული, საკუთარ თხზულებათა პირველი ტომი მეუღლისთვის უჩუქებია წარწერით – „ჩემს კარგ ოლიკოს. ილია ჭავჭავაძე”. აქვეა ფ. გოგიჩაიშვილის, ბ. ესაძის, ი. ყაზბეგის, ა. ფირალოვისა და სხვათა მიერ ნაჩუქარი გამოცემებიც. ოლღასვე ეკუთვნის კოლექციის ყველაზე პატარა წიგნი, რომელიც მისთვის საკუთარ მოძღვარს უჩუქებია. ტფილისში 1900 წელს დაბეჭდილი მინიატურულ წიგნს – მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის „უკვდავთა ღაღადებანი”,   წითელი მელნით შესრულებული ავტოგრაფი ამშვენებს: „ღრმად პატივცემულს ოლგა თადეოზის ასულს კნეინა ჭავჭავაძისას. მ. ჯ-საგან.”

მოსე ჯანაშვილივე მიძღვნის ტექსტია ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა საქართველოჲსაზეც”, რომლის I წიგნი 1892 წელსაა გამოცემული. მასზე გაკრული ხელითაა მიწერილი: „დიდად პატივცემულ ილია გრიგოლისძე ჭავჭავაძეს. გამომცემლისაგან”.

მიძღვნის ტექსტებია 1903 წელს თბილისში გამოცემულ ზაქარია ჭიჭინაძის წიგნებზეც – „კათოლიკეთა ეკლესია საქართველოში” და „მღვთის-მშობლის კათოლიკეთა ეკლესია ბათუმში”. ორივე მათგანის თავფურცელზე ერთნაირი შინაარსის წარწერაა: „დიდად პატივცემულს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძეს პატივისცემით ეძღვნის დამწერისაგან”.

იხილეთ: ილია ჭავჭავაძის პირადი ბიბლიოთეკა : (ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული ექსკურსი) / ნინო ხვედელიძე // საქართველოს ბიბლიოთეკა. – თბილისი, 2012. – N3(48). – გვ.26-31.                                                                                                                                                                                                         

        ავტორი: ნინო ხვედელიძე