ეკატერინე  ერისთავი-წერეთლისა

            ზამთრით  ჩაგრულნი გაზაფხულს ველით, ვიხარებთ  ყოველნი,

             ჰხედავთ, შემკულა ბუნება და მწვაით მოსილა ველი

ეკატერინე  ერისთავის ეს ლექსი დაწერისთანავე  გავრცელდა ხალხში და სიმღერად იქცა. „თუმცა ხალხი  სიამოვნებით იმღერებდა  ამ ლექსს, მაგრამ  როგორც  ქალს, ქების ტაშს  მაინც არავინ უკრავდა „,-წერდა დიდი ქართველი პოეტი აკაკი წერეთელი.

   ეკატერინე  ერისთავი-წერეთლისა XIX საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილი პოეტი  ქალია. მისი ლექსი   „უსტარი თ…  ერი..“  მიძღვნილი  გიორგი  ერისთავისადმი, 1852 წლის „ ცისკრის“   № 4-ში დაიბეჭდა, ხოლო 187-82 წლებში, პოეტი ქალის გარდაცვალების შემდეგ, მისი ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა ამავე ჟურნალში.   ეკატერინე შვილი იყო 1832 წლის შეთქმულების მონაწილის – ივანე ელიზბარის ძე ერისთავისა და პოდპოლკოვნიკ გიორგი ამილახვრის ასულ კონიასი. ივანე ერისთავი თავისი დროისათვის დიდად განათლებული პიროვნება ყოფილა, იგი ლექსებს წერდა და შვილებსაც მამისგან გამოჰყვათ პოეზიის ღრმა სიყვარული. ერისთავების ოჯახთან დაახლოებული ყოფილან: ი. მაჩაბელი, გიორგი იასეს ძე ერისთავი, გიორგი, რევაზ და ზაქარია ერისთავები. ივანე ერისთავს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ალ. ჭავჭავაძესთან. ჩვენამდე მოღწეულია ალექსანდრესადმი მუნასიბად თქმული მისი ლექსი. ივანე ერისთავის ოჯახი პოეტების ოჯახი იყო. მისი მრავალრიცხოვანი შვილებიდან, ორი ქალიშვილი-მარიამი და ეკატერინე ცნობილი იყვნენ ხალასი პოეტური ნიჭით. მათმა ლექსებმა გამოქვეყნებისთანავე მიიპყრო მკითხველთა ფართო საზოგადიების ყურედღება. მარიამ ერისთავის ლექსებით მოხიბლული დიდი ქართველი პოეტი გრ. ორბელიანი, 1857 წ. 30-IX  დიმიტრი ჯორჯაძისადმი გაგზავნილ წერილში წერდა

   „აბა, ახლა წაიკითხე უკანასკნელს ცისკარში ლექსი კნეინა მარიამ ერისთავისა, ნახე, როგორ მოგეწონოს? ვისი ქალი არის?“მოგვიანებით კი, აკაკი წერეთელი  ივანე ერისთავის ქალების შესახებ აღნიშნავდა: „ ამ ორმოცდაათის წლის წინათ გავარდა ხმა საქართველოში, რომ დიდი ივანე ერისთავის ქალები მშვენივრად გამოზრდილნი არიან, საღვთო-საეროში გაწაფულნი, და ზედმიწევნითაც იციან პლატონის ფილოსოფია, რიტორება, არისტოტელის კათეგორია და სხვა და სხვანი“.

  ეკატერინე ცოლად მიათხოვეს ცნობილი ბიბლიოფილის გრიგოლ წერეთლის ვაჟს-ალექსანდრეს; მაგრამ ეს ქორწინება სვებედნიერი არ ყოფილა. თურმე „ წერეთლები მოელოდნენ დედოფლურად გამოზრდილს ოჯახის ასულს, ყოველ შემთხვევაში, თავდაჭერილს, მაგრამ წარმოიდგინეთ მათი გაკვირვება, როდესაც ხელში დარჩათ პოეტური გრძნობით აღვსილი ახალგაზრდა ცქრიალა ქალი, რომელიც თავს არ იჭერდა, ყოვლისფერს თანაუგრძნობდა, კარგს რასმე შეფრქვევით მიეხაფიფებოდა, ცუდს ზიზღით ზურგს უჩვენებდა და შორდებოდა. ამგვარი პირდაპირობა, თავდაუჭერლობა და ზედ დართული მოლექსეობაც არ ესიამოვნა ქმარს და ცოლ-ქმარს შუა ცხოვრება გამწარდა“,-წერს აკაკი.

  ალექსანდრე წერეთელს ეკატერინე ცალკე დაუმწყვდევია. საქართველოს ლიტერატურულ მუზეუმში დაცულია ეკატერინე ერისთავის დაუბეჭდავი ლექსი სათაურით: ” ეკატერინე რომ დაატუსაღა თავისმა ქმარმა ალექსანდრე გრიგოლის ძემ წერეთელმა, მაშინ დასწერა ს. საჩხერეს“.  ამ ლექსში პოეტი ქალი მწარედ განიცდის სულიერ მარტოობას და დასტირის თავის ბედს:

              „ ვაი  ვერღარა ვიხილავ, განქრა ჩემთვის გაზაფხული,

                საუკუნოდ  მომიმზადეს სამყოფი ბნელი დახშული,

                ნაცვლად  ლხენის, მქონან ცრემლნი და ჭმუნვით მაქვს სავსე გული,

                ვეღარ ვსუნთქავ ტკბილს ჰაერსა, შვებას სრულად მოკლებული.

                 ვითარღა ძალმიძს ვითმინო ესდები ჭირი და სულთქმა,

                ვის  მონად  ვიქმენ, საბრალო, ვის მივეც გული და აღთქმა,

                მსხვერპლად ვის უქმენ სიცოცხლე, მრცხვენის აწ მისი გამოთქმა,

                ნაცვლად ამ შეწირულების განმეწესა გლოვა-მოთქმა.

                მიკვირს  ვისთვისღა  აცალე  ტალანტოვანი  გონება.

                ფიცით არწმუნე, აღუთქვი უცვალებელი მონება,

               გამოუცხადე  უზომო  სიყვარულისა  ქონება,

                რომელს  ბომონი  უწოდე,  გულს  მიეცი  მით  ფონება“.

 დრამატურგი გ. ერისთავი ახალგაზრდობაში ეკატერინეთი ყოფილა გატაცებული. მას ბევრი ლექსი მიუძღვნია ეკატერინესათვის. ერთ-ერთ ლექსში ის მომხიბლველი ფერებით აღწერს ეკატერინეს და განიცდის  მის სულიერ მარტოობას, მისი ბედის უკუღმართობას.

  სიცოცხლის უკანასკნელი წლები პოეტმა ქალმა თავის მშობლიურ სოფელ ქვეშეს გაატარა. უნდა ვიფიქროთ, რომ ქმართან უსიამოვნების შემდეგ, ეკატერინე მამის ოჯახს დაუბრუნდა.

ეკატერინე გარდაიცვალა 1870 წლის 4 დეკემბერს. დაკრძალულია იკორთის ერისთავთა საგვარეულო სასაფლაოზე.  შვილის სიკვდილით დამწუხრებულ დედას საფლავის ქვაზე შემდეგი ეპიტაფია ამოუკვეთია:

          „ამა ლოდსა ზედა წარვსწერ გლოვის ხმასა,

          ეპიტაფიებრ ცრემლ სადენ საწუხ ხმასა,

          თუმცა ვერ შევმზადებ ღირს შენდა ქების თქმასა,

          ვით დებს მატებდი მარადღე დიდებასა,

          დედა ვგოდებ ასულის მოკლებასა. 

           ვით დავითმინო მწუხარებანი,

           ეკატერინას მოშორებანი,

           მათმან  დედამან  მოგონებანი,

           და ვაებისა  დამონებანი“.

        ეკატერინე ერისთავის ლექსები: „ ახალი დრო“, „ბორჯომზედ“, „ვარანცოვის ძეგლს“, „კნეინა მანანა ორბელიანის ფორტრეტზე“, „ოცნება“, „ჩემს მცნობს“, და სხვ. დიდი პოპულარობით სარგებლობდა თავის დროზე. ჟურნალი „ ცისკარი“ კი ეკატერინე ერისთავს ცნობილი ქართველი პოეტი ქალების–ბარბარე ჯორჯაძისა და ნინო ორბელიანის გვერდით აყენებდა:  „ჩვენ გვყვავდნენ და გვყავს ქალებიცა, რომელნიცა სწერენ და საზოგადო საქმისათვისაც, ზრუნავენ, ოჯახის მოვლის გარდა,–აი, განსვენებული ეკატერინე ერისთავისა, აი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ნინა ორბელიანისა; ჩვენ მაღალ სასწავლებელში გაზრდილსაც ვერ შეეძლოს“.ეკ. ერისთავის ლირიკა უთუოდ საყურადღებოა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის პოეზიაში. აქვე ვაქვეყნებთ ეკ. ერისთავის ერთ-ერთ ლექსს

                                           კნეინა      მანანა ორბელიანის       პორტრეტზე 

 

                                                    სატრფოს ფორტრეტსა

                                                      ვჭვრეტ ვითა მზესა,

                                           ჭმუნვარეს გულის განმანათებლად.

                                                  მხატვრობა ესე,

                                               შვენებით სავსე,

                                     მგზავსი თუ ოდენ ყოფილხარ ძველად.

                                             ოდესცა ვნახე

                                           მის ტურფა სახე.

                                  მყის განკვირვებით ვიქმენ მოცული,

                                       და ვით შვენიერს,

                                        პლანეტსა ციურს,

                                 ვსჭვრეტდი, შევიქმენ აღტაცებული!

                                           იზიდავს გულსა,

                                      მსხვერპლად გძღვნი სულსა,

                               ნუ თუ მაღნიტი გქონან თვალებში

                                     და მისთვის მარად

                                    მყავ მონად მყარად

                            მაღალ გონებით მჯობმა ქალებში.

                                        უმანკო გული,

                                    კეთილი სრული,

                           აღატრფობს ყოველთ შენდა საქებრად,

                                 გაქვს შესაფერი,

                                  ეგ ნაზი ფერი,

                        მოგნიჭებიეს განსაშვენებლად.

                                    ხარ სრული გრძნობით,

                                 განსჯით და ცნობით,

                        სამაგალითოდ წარმოდგენილი,

                                ქცევა ქებული

                                გაქვს დიდებული,

                         გშვენის: ქალთ მეფედ გყონ დადგენილი!

 

                                                               ლ. ნანიტაშვილი

თამარ ცბიერი

ტფილისის ოპერის და ბალეტის

სახელმწიფო აკადემიური თეატრი

ლიბრეტო

პოეტ აკაკი წერეთლის დრამის მიხედვით

მუსიკა მელიტონ ბალანჩივაძისა

ტექსტი ლ. გავაშვილი

 

მოქმედნი პირნი:

იმერეთის მეფე გიორგი გურიელი– ბასი

დედოფალი თამარი, მისი ცოლი- მეცცო სოპრანო

ცირა, დედოფალთან დაახლოებული- სოპრანო

ნიკო, ახალგაზრდა გურული, ცირას საქმრო- ტენორი

გოჩა, პოეტი- ბარიტონი

ვეზირი ნაკაშიძე- ბასი

სასახლის მასხარა- ტენორი

 ხალხი გურიიდან, იმერეთიდან, ქართლიდან და კახეთიდან.

მოქმედება სწარმოებს მე-7-ე საუკუნეში დასავლეთ საქართველოში-იმერეთში.

 

მოქმედება პირველი

31914154_10156468873869470_92875412190789632_n

მეფის სასახლისაგან ცოტა მოშორებით არსებულ მოედანს ემჩნევა გამოცოცხლება.

ბურთაობაა დედოფალ თამარის გასართობად. შეჯიბრება მობურთალთა შორის.

სცენაზე მიმავალი ორი მოთამაშე უამბობენ ერთმანეთს, რომ შეჯიბრება სწარმოებს გურულებს და იმერლებს შორის, პირველნი  გიორგი გურიელის ფალავანდები არიან, მეორენი კი –  დედოფალ თამარისა. ეს აძლევს დიდ აზარტს თამაშობას და იწვევს მხურვალე შეჯიბრებას.

მეფის მასხარა დაცინვით შეჰყურებს დედოფლის გასართობს და ადარებს მას ბურთს, რომელიც ადვილად გადადის ხელიდან ხელში: მასხარა დიდი ხანია თვალ-ყურს ადევნებს დედოფალს და იცის, რომ მისი ცხოვრება მიმდინარეობს ვნებათა სწრაფვაში, თვით მდგომარეობა დედოფლისა კი უადვილებს მას მისდიოს განცხრომას. ის არ უფიქრდება მსხვერპლს მისი განცხრომით გამოწვეულს. მეფე მან გადააქცია უზნეო სათამაშო დედოფლად. ის იჩენს უმოქმედობას: იმ დროს, როდესაც იღვრება მშობლიური სისხლი, დედოფალი კი რყვნის ხელისუფლებას – მასთან დაახლოებულ პირთა ხშირი გამოცვლით.

მწარე სინამდვილე არწმუნებს მასხარას, რომ ახსნა მხოლოდ პოეტ გოჩას შეუძლია, რომელიც დედოფალს ძლიერ უყვარს და მას მხოლოდ მას შეუძლია შეაჩეროს ცეცხლოვანი ვნება. მაგრამ მასხარა წასვლისას ფიქრობს, რომ პოეტი მხოლოდ „უნაყოფო მეოცნებეა“.

გამოჩნდება გოჩა წერილით ხელში. ის დაწერილია დედოფლის მიერ და გაჟღენთილია ვნებით:

ე ვარდი ვარ, ვარდი, გულ-სხივოსანი,

მსურს ბულბული მოჭიკჭიკე, მგოსანი,

გრძნობით, ჭკუით, სულით პატიოსანი,

მეტს რას ეტყვის იმას მანდილოსანი?

მე ვარდი ვარ, ია ნაზად დახრილი,

მენატრება იადონი ხმა-ტკბილი,

ყოვლად სრული, ბუნებით შემკობილი!

მეტს რას ჰკადრებს ხორციელი შობილი?

ზამბახი ვარ, საწალკოტო სურნელი!

ის მებაღე უცხო ცეცხლის ამგზნელი;

მე სნეული – ის მკურნალი დამხსნელი!

მეტს რას იგრძნობს მოტრფიალე მზე-ბნელი!

ტრფობის წიგნში ვინც ჩამწერა… მისია.

ვინც სევდების გულში ჯარი მისია,

მისი ვარდი, თაიგული მის ია

არ ერგება სხვას… მისია და მისია!“

ეს წერილი არ მოქმედობს პოეტზე. მის გონებაში ელვარებენ ცბიერ თამარის მთელი რიგი მკაცრი მოქმედებათა, რომლებითაც მან დაღუპა თავის ქმრები, დაამწყვდია მონასტერში თავის ქალიშვილი და თავმომწონე მეფე გიორგი გადააქცია თავისი დაბალი სურვილების მონად. თავისუფლების მოყვარული გოჩა გადასწყვეტს, რათაც არ უნდა დაუჯდეს, გადაარჩინოს თავისი ქვეყანა და იხსნას თავი დედოფლის მძიმე უღელისაგან: მე დამეხმარება ცირა, რომელიც დაახლოვებულია დედოფალთან მისი დახმარებით თვითონ ვიკისრებ ამ საქმის მოგვარებას და კიდევაც მოვიყვან ყველაფერს სისრულეში.გამოჩნდებიან შეყვარებულნი ცირა და ნიკო. ნიკო ქედს იხრის ენერგიულ გოჩას წინაშე და მზად არის შეასრულოს ყველაფერი მისთვის.

გოჩა სიხარულით ესალმება მათ და ეკითხება დედოფლის ქალის ბედ-იღბალზე, რომელიც „მოკლებულია ყველაფერს: ქმარს და თავისუფლებას“. ცირა ძლიერ შეწუხებულია თავისი დობილის, უდანაშაულო დედოფლის ქალის ბედით, რომელთაც ერთი დედის ძუძუ უწოვიათ. მეფე გაეყარა მას და დაამწყვდია იგი მონასტერში, რომ ყოფილ დედოფალს მოელის სიკვდილი. ყველაფერში დამნაშავეა თამარ დედოფალი, მას მოაქვს უბედურება ყველასათვის და ღუპავს მშობლიურ მხარეს – ამ უკანასკნელის მართვა-გამგეობაში თავის ჩარევით. ის უნდა მოისპოს, მაგრამ გარშემო სულ მშიშრები და მონები არიან. კარისკაცნი დამუნჯებული არიან შიშით თავიანთ გამგებლების წინაშე.

„ვინ! ვინ დაიხსნის ქვეყანას“, ამბობენ მეგობრები, ნიკო აღფრთოვანებით იღებს თავის თავზე ამ გმირობას. ნიკოს ვაჟკაცურ გადაწყვეტილებას აღტაცებაში მოჰყავს ცირა. ამ საერთო აღფრთოვანების დროს გოჩა აძლევს ნიკოს ხანჯალს.

ამ ხანჯალმა ერთხელ კიდევ შეასრულა თავისი საქმე: მან მოუსპო სიცოცხლე გარყვნილ დარეჯანს, თამარ დედოფლის წინამორბედს. ამ ხანჯლით ნიკო შეიპარება დედოფლის საწოლ ოთახში ცირას შემწეობით. „ჩაეცი გულში ხანჯალი“, ეუბნება აღელვებული გოჩა. მის სიტყვებს, როგორც ფიცს, იმოერებენ ნიკო და ცირა.

გოჩა რჩება მარტოდ. ის გრძნობს, რომ ჩადის მძიმე ცოდვას, მაგრამ სასიხარულო შეგნება, რომ ამით ის იხსნის თავისი – მხარის პატივს, მტკიცე გადაწყვეტილება მოიცავს მის სულს და მართლაც „გადაწყვეტილება ხომ ბედნიერების მკვიდრი დაა“.

მას ეჩვენება რაღაც გამამხნევებელი ხმა „შეასრულე შენი სამართალი და იხსენი ხალხი“. თავის მოვალეობის მტკიცე შეგნებით შორდება მოახლოვებულს გუნდისა და მუსიკის სადღესასწაულო ხმას.

იწყება ბურთის მოთამაშეთა სვლა.

შემოდიან მეფე და დედოფალი თავის ამალით. მათ ხვდებიან „დიდებით“. მეფე იხმობს გამარჯვებულს და მიიპატიჟებს მას მიიღოს საჩუქარი დედოფლის ხელიდან. დღესასწაული თავდება ცეკვა თამაშით და სიმღერით.

მოქმედება მეორე

თამარ დედოფალი თავის ოთახშია. მდიდრულად ჩაცმული ის ელოდება გოჩას. მთელი დრო იცქირება სარკეში და ესიყვარულება თავს, ის აღფრთოვანებულია თავის სილამაზით, ყველაზე ის იმარჯვებს ყველა მის ფეხთ ქვეშაა, მხოლოდ პოეტი გოჩა აფიქრებს მას.

„ვერ ბატონობს ის პოეტის სულზე“… სულ სხვა სილამაზეზე, სულ სხვაზე „მღერის ის და ოცნებობს დიდი ხნის განსვენებულ  თამარ დედოფალზე. „აჩრდილი უყვარს მას“… ეს კი ცოცხალი, სავსე ცეცხლოვანი ვნებით შორსაა მისგან. სიმძულვარით არის ავსილი გოჩას მიმართ ის, მაგრამ უყვარს და სწყურია მისი დამორჩილება, „როგორც მონას მონასი“.

ცირა ამცნობს დედოფალს გოჩას მოსვლას. დედოფალი სწრაფად დასტაცებს წიგნს ხელს და იღებს ისეთ გამომეტყველებას თითქოს გატაცებულია კითხვით, შემდეგ ვითომ უეცრად დაინახაო, ეკითხება: „შენ აქა ხარ? ვერ გავიგე; თვითონ შენ ხარ დამნაშავე, შენმა წიგნმა გამიტაცა, რუსთველის შემდეგ აღარ გვინახავს მსგავსი ლექსები“.

ფარისევლური ქებისათვის თავის ნაშრომის შესახებ გოჩა უპასუხებს, რომ მე არ ვარ ღირსი ქებისა და ჩემი შედარება დიდ რუსთველთან დაუშვებელია:

„მგოსანსა შობილს დიდებულ დროში

და სანეტაროდ მაღლით გამსჭვალულს,

როგორ ადარებთ საბრალო მღერალს,

საერო კვნესით მარად გულ მოკლულს?“

„რუსთაველის ლექსი, – განაგრძობს პოეტი, – ჟღერს ხალხის სიხარულით, ხოლო გოჩას სუსტი ლექსი ტირილია შევიწროებულ ხალხის საფლავის წინაშე“.

დაჭიმულ პაემანის ტონს თამარი არღვევს გოჩასადმი გულიდან ამონახეთქ სიყვარულის გამოცხადებით: მე მწყურია ალერსი და თანაგრძნობა, და გევედრები გაასხივოსნო ჩემი სიცოცხლე მხურვალე ვნებით. გოჩა უპასუხებს რომ მე არ შემიძლია შენი შეყვარება, ვინაიდან ჩემი გული სხვის მიმართ არის სავსე ვნებით აღგზნებულიო.

ჩემი თამარი „საუკუნოების სილამაზეა“, მისი დიდება გვამცნო შოთა რუსთაველმაო.

ასეთ ოცნებებზე თამარი იცინის, მკვდარი მეტოქე ჩემთვის არ წარმოადგენს საშიშროებას და მე არავის დავუთმობ გოჩასო. განრისხებული გოჩა სწრაფად  გამოუსხლტება მის ხვევნას. თამარი აღვიძებს მაში სიძულვილს ცბიერობით და ბოროტმოქმედობით. შენი მიზეზით მდინარე სისხლი იღვრება. ჩემი ქნარი დაგწყევლის შენ საუკუნოდ, როგორც ბოროტ ჯადოსო.

შეურაცხყოფა თამარის სულში იწვევს რისხვას და შურის ძიებას და უბრძანებს გოჩას გაჩუმდეს. მე მინდოდა გამომეცადე და შენ კი აღმოჩნდი მეტად თავხედი.

შეყრილ კარის კაცთა და მსახურთა თანდასწრებით დედოფალი ბრალს სდებს გოჩას: მას უნდოდა ძალადობა ეხმარა ჩემზეო. მცველები და მსახურნი იჭერენ პოეტს; კარის-კაცნი კი სდუმან მძიმე გამოურკვევლობის გამო.

მოქმედება მესამე

ცირას და ახლობლების სიმღერით დამტკბარი თამარ დედოფალი იძინებს მდიდრულად მორთულ საწოლ ოთახში. ცირა გადასდებს ჩონგურს და მრისხანედ უყურებს მძინარე დედოფალს.

„იძინე მაგრად! – ახლახან, ლამაზი, იქნებ დაიძინო და ვეღარ გამოიღვიძო“. დედოფალი იღვიძებს და ბრძანებას მხლებლების დათხოვნას.

ცირა ხელახლა იწყებს სიმღერას. სიმღერის დროს სწყდება ჩონგურის სიმი. ეს მოვლენა ცირასთვის კარგის მომასწავებელია, „გაწყდა სიმი და ამასთან გასწყდება დედოფლის სიცოცხლეც“-ო – ამბობს ცირა.

ცირა გადის და რამოდენიმე ხნის შემდეგ შემოყავს ნიკო.

„მოახლოებულია ჟამი – ჩურჩულებს ცირა – მაგრად სძინავს მას. არ აგითრთოლდეს ხელი, ჩაეცი გულში ხანჯალი!.. მხოლოდ მაშინ დავეცემი შენს წინაშე, როგორც საყვარელი, მონა… მხოლოდ მაშინ განაცვალებ შენს სიყვარულს და სიცოცხლეს, მთელ სიცოცხლეს“. ცირა გადის.

„სიცოცხლე ჩემ ცირას, სიკვდილი კი ბოროტ თამარს“, ენერგიულად ამბობს ნიკო და მიდის დედოფლის სარეცელთან, სწრაფად გადახდის ფარდას, მაგრამ იხიბლება თამარის სილამაზით და განცვიფრებული ამბობს: „ამას რას ვხედავ: სამოთხის სანახაობაა მოფრენილი ციდან?.. ნიკოს აკანკალებული ხელიდან უვარდება ხანჯალი. ხმაურობა აღვიძებს თამარს.

შეშინებული ნიკო მზადაა გამოუტყდეს განზრახულ ბოროტმოქმედებაში, მაგრამ თამარ დედოფალი თავისებურათ ხსნის ნიკოს შეშინებას, სახელდობრ – ვნებიანი ლტოლვით მისდამი, უნდა გაამხნეოს შეყვარებული „უგონო“ და ალერსით იზიდავს თავისკენ.

უეცრივ შემოსული ცირა თავზარდაცემული ამ სანახაობით წამოიძახებს: „ო! რას ვხედავ! ალერსი, კოცნა! მიღალატა მან მე, წყეულიც იყავ ნიკო, ორივესაგან სისხლს ავიღებ!“

იღებს ხანჯალს ხელში და მივარდება მათ. თამარის ყვირილზე სწრაფად შემოდის თავის ამალით მეფე. თამარი ბრალს სდებს ცირას მისი სიცოცხლის ხელყოფაზე, რომლისაგან იგი გადაარჩინა ნიკომ. ცირა მრისხანედ უარყოფს ბრალდებას და ნიკოს უწოდებს საყვარელს დედოფლისას. ნიკო მოვიდა დედოფალთან პაემანზე და ცირამ შეისწრო ის დედოფალთან ხვევნა-კოცნაში. მეფე შეშფოთებულია ამ გვარი სამარცხვინო სცენით. ცირა არწმუნებს მეფეს დედოფლის ღალატში.

ბრძანების კილოთი ერევა დედოფალი და მოითხოვს ყველანი გონს მოვიდნენ. გარშემო ყველანი მოღალატეები არიან და მეფე კი ვერაფერს ხედავს. აქ არ არის მარტო ცირა, აქ მთელი შეთქმულებაა. ასე ფიქრობს განრისხებული დედოფალი. დედოფლის ენერგიულმა შეტევამ მეფე დააბნია და ბრძანა – შეჰკრან ცირა. რათა შესრულდეს დედოფლის სურვილიო.

ცირას შეჰკრავენ და გაჰყავსთ.

მოქმედება მეოთხე

მეფე სასახლეშია ღრმა ფიქრებით გატაცებული. მის წინ დგას ვეზირი ნაკაშიძე. მეფეს აწუხებს აჩქარებით მიღებული გადაწყვეტილება – ცირას თვალების ამოთხრისა და მისი ერთგულ და საყვარელ მეგობრის გოჩას სიკვდილით დასჯის შესახებ. მას უნდა გადაარჩინოს ის, მაგრამ შიშობს, რომ უკვე გვიან არის. მეფე ვერ ხედავს გამოსავალს ამ მდგომარეობიდან, თავის თავს ამტყუნებს და ჰკიცხავს და მიმართავს ვეზირ ნაკაშიძეს: მე ვიყავი მხოლოდ ერთ დროს მთავარი! განა მეფე ვარ? მხოლოდ მონა ვარ, მონა დიაცის. ამ მხურვალე ახსარების შემდეგ მოხუცი ვეზირი ურჩევს: თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ გადაწყვეტილება იმ გვარად, რომ არ დაირღვეს მეფური სიტყვაო. მეფე ემუდარება: საჩქაროდ მირჩიე თუ როგორ მოვიქცეო.

ვეზირი ეუბნება მეფეს, რომ მისმა წინაპარმა მეფე ბაგრატმა მისცა გოჩას სურვილის შესრულების შესახებ. ეს სიტყვა შეუსრულებელი დარჩა, მაშასადამე მეფეს აქვს უფლება შეასრულოს ეს შეპირება ახლა. მეფე აღფრთოვანებული ამგვარი რჩევა-დარიგებით, მადლობას უძღვნის მოხუც ვეზირს და უბრძანებს მოიყვანონ გოჩა და ცირა.

შემოდის დედოფალი თავის ამალით. მას თან ახლავს ქალთა გუნდი, რომელიც უმღერის დიდებას.

მეფის ნებართვით მასხარა მღერის, რომელიც გადაკვრით აგონებს ყველას იმ ფრიად სამწუხარო ამბებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა სასახლეში უკანასკნელად. ნაკაშიძე ბრძანებს შეწყვიტოს სიმღერა. მეფე მაინც უბრძანებს, განაგრძე სიმღერაო. მეფის მიერ წახალისებული მასხარა გაბედულათ მღერის მიმინოზე, რომელსაც ემუდარება, გამხიარულდი ძველი მეგობრის პატივსაცემად და ინახულე საპყრობილეში მომღერალი პოეტი, რომელიც სტირის და მოსთქვამს წმინდა იმედებს და გამქრალ სანეტარო წუთებსო. მასხარას წრფელ და სანეტარო სიტყვებს მეფე აღფრთოვანებაში მოყავს. ამ სიტყვებმა გააღვიძეს მის არსებაში ყოფილი ენერგია. მცველებს შემოჰყავთ გოჩა და ცირა. გოჩა ესალმება მეფეს. გოჩამ იცის, რომ მას გადაწყვეტილი აქვს სიკვდილით დასჯა და ამის შესახებ განაჩენი ხელმოწერილია თვით მეფის მიერ. ეს მან შემთხვევით გაიგო საპყრობილეში. მეფე უხსნის გოჩას თუ რისთვის მოიყვანეს იგი: მე მინდა შევასრულო სიტყვა, ეუბნება მეფე გოჩას, რომელიც მოგცა შენ ჯერ კიდევ ჩემმა წინაპარმა მეფე ბაგრატმა. შენ შეგიძლია მოითხოვო შესრულება ამ სიტყვის და გამოთქვა აგრეთვე, რა გსურს ამ ჟამად.

მეფის წინადადების შემდეგ ვეზირი და კარის კაცნი მიმართავენ გოჩას გამამხნევებელი სიტყვებით, მაგრამ მიუხედავათ ამისა ის უარს აცხადებს სთხოვოს რაიმე პირადათ თავის შესახებ. ის სთხოვს მხოლოდ შეიწყნარონ ცირა, რომელიც მე მოვამზადე ბოროტ მოქმედებისთვისო. ცირა ჩქარობს გააცხადოს, რომ თუ პოეტი იქნება დასჯილი, მე სიცოცხლე არ მსურსო. გოჩა ეთხოვება მეფეს და ამაყად ეუბნება: დარჩი შენ მონად აქ, ამ მეფის ტახტზე, მე კი შევხვდები სიკვდილს, როგორც მეფე.

ამ მძიმე მოლაპარაკების დამსწრე თამარი, ჩავარდნილი საშინელ განცდებში მოულოდნელად უბრძანებს, შეაჩერეთ პოეტიო. თამარის გულის სიღრმეში რაღაც მიუწვდომელ გრძნობის სიმებმა გაიღვიძეს, საშინელებამ მოიცვა ის და რაღაცას ელის. გრძნობს რომ ის ყველას ეჯავრება მისთვის  უკვე ძნელია სინამდვილეს არ გაუსწოროს თვალი, ის ვერ გაექცევა თავის თავს. მის არსებაში რაღაც სინანულის მსგავსი გრძნობები იკიდებენ ფეხს. მაში გაღვიძებული მერყევი გრძნობა თანდათან იზრდება. მის შემდეგ რაც მან მეფის პირიდან გაიგონა გადაწყვეტილება გოჩას გადარჩენის შესახებ, გულწრფელი ახსარება გოჩასი, სიკვდილისადმი გაბედულმა შეხვედრამ, ყოველივე ამან ჩამოჰგლიჯა ჯადოსნობის ფარდა მის თვალებიდან, რომლითაც დაბრმავებული იყო იგი: ცოდვებით ვნებით და თავის თავზე დიდი წარმოდგენით. მისთვის ნათელია, რომ ის არის დამნაშავე ქვეყნის მწუხარებაში, მაგრამ ამ ბრალის მიჩქმალვა მისთვის უკვე ძნელია, ამის მხოლოდ გამოსყიდვა შეიძლება. თამარს არ ასვენებს თავისი მოქმედებანი შენანიების საშინელ წუთებში. მან გადასწყვიტა თვითონ მოისპოს საკუთარი სიცოცხლე, ვინაიდან ამ სიცოცხლეში ის სჭვრეტავს მთელ რიგ უზნეო და მახინჯ მოქმედებებს მის მიერ ჩადენილს.

ის გამოტყდა ცირასადმი ცილის წამებაში, მე ცოდვილი ვარ მეფის წინაშე, როგორც ცოლი და დამნაშავე ვარ, როგორც დედოფალი, მე პატიებას ვითხოვ, რის შემდეგ სწრაფათ იღებს საწამლავს. ცირას სწადია – გადაარჩინოს ის, ყველა ისწრაფვის მის დასახმარებლად, მაგრამ საწამლავი მან უკვე მიიღო, ამით გამოუტანა თავის თავს განაჩენი.

„არ დასცილდე პოეტს – ისმის მომაკვდავის უკანასკნელი სიტყვები – ის დიდებაა ჩვენი, დიდება ჩვენი მაშია“.

გოჩა გულმოკლული მოულოდნელი მონანიებით ეცემა თამარის ცხედრის წინაშე და შეწუხებული ამბობს: „აი, როდის ვარ მზად მუხლი მოვიყარო შენი ციური სილამაზის წინაშე“.

ვ. გავაშელი

 

სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილება
მოამზადამაგდა სოლოღაშვილმა

 წყარო :  თამარ ცბიერი : ოპერა 4 მოქმედებად / მუსიკა მ. ბალანჩივაძისა; პოეტი აკაკი წერეთლის დრამის მიხედვით ; თარგმანი ვ.ლ. ველიჩკოსი ; მოკლე შინაარსი და მუსიკალური მიმოხილვა შედგენილია ნ.ა. რიადნოვას და ვ. გავაშელის მიერ ; ტფილისის სახელმწიფო აკადემიური თეატრი ოპერის და ბალეტის.  [ტფ., 1929]

ფოტო ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა “ივერიელი”,  ეროვნულ ბიბლიოთკაში დაცული ნოტების კოლექცია

 

 

 

14 ივლისი ” თეატრის” დაბადების დღეა

პირველი ქართული სალიტერატურო და სამხატვრო გაზეთის  პირველი ნომერი 1885 წლის 14 ივლისს  გამოვიდა.  რედაქტორ–გამომცემელის და ქართული თეატრის მოთავის  ვასო აბაშიძის  შესავლიდან  კარგად ჩანს თუ რა  მნიშვნელოვანი  უნდა გამხდარიყო გაზეთი  არა მხოლოდ თეატრის მოყვარულებისათვის  “სიტყვა „თეატრს“ ჩვენ მომეტებულს მნიშვნელობას ვაძლევთ და თეატრად მიგვაჩნია მთელი ქვეყანა, რომლის სცენაზედაც ყველა ჩვენგანს  რაიმე ალაგი უჭირავს.  ბევრი ნიჭი დაჩაგრულია და სტატისტის ალაგი უჭირავს, ნამდვილს უნიჭო სტატისტს კი წამოუსხამს პლაშჩი და გამლეტის და ოტელოს როლებსა  თამაშობს. Sapienti Sat!” ყველამ თავის საქმე რომ აკეთოს და თან კარგად აკეთოს   უპირველესად  განათლებაა საჭირო  და „ნიჭი, ძამიკო, ნიჭი“   და ეს  ნიჭი რაში გაქვს ამის  გარკვევას  განათლება სჭირდება.

„თეატრმა“ თავის თავზე აიღო საგანმანათლებლო ფუნქცია: მრავალფეროვანი ინფორმაცია ამერ –იმერიდან, თარგმანები, თეატრის ისტორიის კვლევა,  კულუარებს მიღმა დარჩენილი  დეტალები და უამრავი რამ   დღესაც,  საუკუნე ნახევრის შემდეგაც  საინტერესო.  გაზეთის  პირველ ნომერს ამშვენებს  ფართო საზოგადოებისათვის  ნაკლებად ცნობილი, მაღალის ხარისხის ფოტოები – შოთა, ილია,  აკაკი…  სერგი მესხის და  აკაკის „კურთხევა“

(თეატრს)

თუ საპარადოდ დაბადებულხარ,მაგრამ თუ ჩვენთვის ერთგულ მუშაკად

ხარ, ნორჩო, წრფელად მოვლინებული იყავ კურთხეულ! იყავ საყვარელ!

და ყველასაგან ერთხმად ქებული. კერძოობისა მხოლოდ მძებნელი,

იყავ უსუსურ!… იყავ ხანმოკლე! და ამავ თავით მარად დღე–ბნელი!…

sergiiliaakaki

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნინო გედენიძე