ამბავი „შვილის მიქირავებისა“ და ილია და ბიბლიოთეკისა.

ვირტუალურ კალენდარზე 1873 14 მარტია.

ილია 35 წლის, რამდენიმე თვისა და დღისაა…

დაზუსტებაც შეიძლება,

მამამ მასწავლა, როგორ…

მან – მასწავლა..

მე – ვისწავლე…

და რაც მასწავლა-ვისწავლე ვეცდები მოგიყვეთ გზა და გზა…

გზა კი ჯერ და კიდევ დიდხანს ილიას ცხოვრების მატიანეზე გაივლის ჩემი ნებით და შესაძლებლობის საზღვრებში…

ილია კი ჯერ  დუშეთშია – მაზრის მომრიგებელი მოსამართლის მოვალეობას ასრულებს და  ჯერ ისევ, ქვემოთ რომ მოვიტან. სწორედ ასეთ საქმეებს აგვარებს:

„დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში განიხილავს დავით ეღიკოვის სარჩელს არუთინ დალაქიშვილის წინააღმდეგ. არუთინის მამასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ეღიკოვს უნდა ესწავლებინა მისი შვილისთვის წერა-კითხვა და ანგარიში, რისთვისაც არუთინი ვალდებული იყო სამი წელი ემსახურა მასთან. ეღიკოვი ჩიოდა, რომ არუთინმა დროზე ადრე მიატოვა მასთან სამსახური და მოითხოვდა, რომ ვადის ამოწურვამდე ემუშავა. ილია ჭავჭავაძის დადგენილებით ეღიკოვის სარჩელი არ კმაყოფილდება, რადგან დალაქიშვილთან დადებული შეთანხმება არაკანონიერი იყო – მამას არ ჰქონდა უფლება შვილი ვინმესთვის მიექირავებინა.”

საოცარი ფაქტია!

„სამოქალაქო განათლების“ სასკოლო სახელმძღვანელოში შესატანი ფაქტია და მაინც, მე, როგორც ბიბლიოთეკარი, ილიაზე საუბარს  „ ილია და ბიბლიოთეკაზე“ საუბრით  დავიწებ.

ხომ გახსოვთ, კალენდარზე  1873 14 მარტია.

„ილიას ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანეში“  პირველად, სწორედ ამ დღეს გვხდება, სიტყვა „ბიბლიოთეკა“.

ილია „დუშეთიდან თბილისში კირილე ლორთქიფანიძეს სწერს, ,,რა ადგილებია ჩასასწორებელი „გლახის ნაამბობში“ და სთხოვს თერგდალეულების მიერ 1870 წელს თბილისში დაარსებული საჯარო ბიბლიოთეკიდან (ე. წ. ივანოვის ბიბლიოთეკა) გაუგზავნოს რუსული წიგნები: „ფილოსოფია და მეცნიერება. „ნარკვევები თანამედროვე ევროპელი მწერლებიდან“ და „საყოველთაო აღწერა (გეოგრაფია)“.

„ივანოვის ბიბლიოთეკაზე“ უნდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა, უფრო სწორედ  ყოველდღიური საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთ  დროების   1870 წლის  29 ნოემბერის  N47. ბოლო, მერვე გვერდზე გადავფურცლოთ და იქ განთავსებულ განცხადებას გავეცნოთ:

განცხადება

”ფოჩტის ქუჩაზე, სემინარიის პირდაპირ, ზუბალოვის სახლში, გაიმართა სამწიგნობრო და საკითხავი ოთახი _ი, ივანოვისა.

წიგნების წაღება შინ საკითხავად ღირს, თვეში — — — — — — — — — — — —   ათი შაური  

თითო წიგნის წაღება, დღეში — — — — — — — — — — — — — — — — — — — ერთი შაური

 წიგნების და გაზეთების კითხვა საკითხავ ოთახში, თვეში — — — — — — — ათი შაური

— — — — — — — —— — — — — — — — — — — —ერთჯერ — — — — — —   ერთი შაური

სამწიგნობრო და საკითხავი ოთახი ღიაა დილის ცხრა საათიდან საღამოს ცხრა

შენიშვნა: წიგნების დარიგება დეკემბრის პირველს დაიწყება“.

დაიწყო?!

არ ვიცი…

რაც ვიცი, ისაა , რომ  ზემოთთქმულის შემდეგ, წესითა და რიგით  ი. ივანოვის ბიოგრაფიას უნდა გაცნობოდა კაცი.

ვცადე კიდეც…

უშედეგოდ!

ი. ივანოვის  არა თუ ბიოგრაფია, სქესიც კი არაა ცნობილი ჩემთვის ცნობილ წყაროებსა და ზეპირ გადმოცემებში.

რამდენიმე გამოცემაში სულ სხვა რამ არის ცნობილი და  აქვე „მოვიხმობ!“

ილიას წერილი სამაგიეროდ კირილე ლორთქიფანიძისადმი –  რიგით მეშვიდე. მცირე. – სრულად გავაციფრულე და  მომაქვს:

„ძმაო კირილე! 29 გვერდზე ქვევიდან 3, 4, 5 და 6* სტრიქონებში სადაც არეულობაა. ჩემს ნაწერთან გასინჯე და ისე გაასწორე.

,,შენი ჭირიმე კირილე! თუ ივანოვის ბიბლიოთეკაში იყოს ეს წიგნი უსათუოდ გამომიგზავნე: Философия и Наука. Очерки из современных Европейских писателей. Изд. Вольфа. თუ არ ჰქონდეს, მაღაზიებში იკითხე, მიყიდე და გამომიგზავნე. ფულს მოგართმევ დიდის მადლობითა. მალე კი უნდა გამომიგზავნო და მაცნობო ამ თხოვნის პასუხი.”

14 მარტსა შენი ილია ჭავჭავაძე.

ესეც გამომიგზავნე თუ ივანოვსა აქვს: Всеобщее землеописания география. для чтения и справок, по плану…

გაურკვეველია,… и. Т. д.  

შენიშვნა: *. „გლახის ნაამბობის“ კორექტურაზეა ლაპარაკი.“

შენიშვნა ჩემი არაა…

ჩემ შენიშვნას  არც თუ სხვა თემაზე მეც  გავაკეთებ და განვაგრძობ…

„საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორია 1846 წლიდან იღებს სათავეს“…

 ჩვენ კალენდარზე სულ ახლახან 1873 წლის 14 მარტი იყო.

კალენდარზე 1880 წელია!

10 მაისი!

ილია „თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ამტკიცებენ საზოგადოების ბიბლიოთეკის წესდებას. გაგზავნილი წიგნების მიღებაზე წერილობით დადასტურებას იღებენ სოფლების: ძიმითი, ვანი, ბახვი, სადმელი და კორცხელი მასწავლებლებისგან…“

წესდება ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივშია ( ფ. 481, № 2.გვ. 55.) დაცული, ვიმედოვნებ მოვა დრო და არა მხოლოდ ეს ოქმი იქნება ხელმისაწვდომი ვირტუალურ სივრცეში.

კალენდარზე, სავარაუდოდ  ჯერ ისევ 1880 წელია..

ავტორი: გიორგი კილაძე

ამბავი ” მასალები ლექციისთვის” გაციფრულებისა, ბევრი მადლობისა და ერთი არაშეფარული თხოვნისა.

„მკითხველის არჩევანი“  ეროვნული ბიბლიოთეკის „განათლების პლატფორმის“ დიდი გამოწვევაა.

არის წიგნის 10 ფურცელში ჩატეული მოთხოვნა?!

ვაციფრულებ!

არა აქვს მნიშვნელობა შვებულებაში ვარ თუ მივლინებაში…

გასაციფრულებელი უნდა გაციფრულდეს…

დროულად…

აი, რაც შეეხება ხარისხს, ეს ჩემი და ამომრჩეველი მომხმარებლის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.

ამ შაბათს, ე.ი. სულ რამდენიმე დღის წინ “განათლების პლატფორმის”, ერთ-ერთი უაქტიურესი მხარდამჭერი ქალბატონი  თინა ბეჟუაშვილი  შემეხმიანა… „დილა მშვიდობისა, გიორგი, რას იტყვით, მიხეილ ჯავახიშვილის „მასალები ლექციებისათვის“ რომ გავაციფრულოთო?“

რა თქმა უნდა სიხარულით დავთანხმდი  თუმცა არ მიღიარებია მიხეილ ჯავახიშვილის პუბლიცისტიკას საერთოდ კი არა, ფაქტობრივად,  ცუდად ვიცნობ…

ჩემს დათანხმებას გასაოცარი კი არა გამაოგნებელი გზავნილი მოჰყვა: „დიდი კი არის, მაგრამ თავად ავკრიფავო…“

არა, რას ბრძანებთ…  – მივწერე – და სასწრაფოდ დავამატე – ჩამოვალ და მივხედავ- მეთქი…

საიდან სად უნდა ჩავიდე, დაგაინტერესა?

ინტერესს გიკმაყოფილებ და გეუბნები: შვებულებაში ვარ და როცა შვებულებაში ვარ, ჩათვალე გურიას ვსტუმრობ…

ზემოთ ხომ გითხარი, შვებულება რას მიქვია, როცა საქმე მომხმარებლის არჩევანს ეხება…?!

ამიტომ…

ორშაბათი გათენდა თუ არა…

არა, მთლად მასე არ იყო…

ექვსის ნახევრიდან ათის ნახევრამდე დიდი ბრძოლის შემდეგ გვარიანად რომ გავანადგურე დამხდური, ანუ ბალახი… წყალი გადავივლე, ცოტა სულიც მოვითქვი და ოზურგეთის მთავარ ბიბლიოთეკას ვესტუმრე…

აი, იქ მომხდარ ამბავზე სულ ცოტა ხანში მოგიყვებით…

ჯერ უღრმესი მადლობა ქალბატონ ლიკას Liana Bakanidze -ს და არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკის. არაჩვეულებრივ თანამშრომლებს…

საოცარი გარემო და მომსახურების მაღალი დონე!

დიახ ასეა – გინდა  კოლეგავ იყავი და მკითხველი…

„მასალები ლექციისთვის“  დიდი არაა…

სრული ცხრამეტი და ერთი თითქმის შევსებული გვერდია.

ათი გადაღებაა სულ…

მერე „გუგლ დრაივისთვის“ მომზადდება…

შემდეგ ჯერ „დოკ„ და შემდეგ „ჩტმლ“ ფაილში გადავა…

გაკორექტურდებაა…

„გრინსტოუნში“ აეწყობა…

ჩემი კოლეგა  Khatuna Davituri სერვერზე გადაიტანს და სულ ესაა…

რატომ იქვე, ბიბლიოთეკაშივე არ გავაკეთე დარჩენილი ეტაპები და რატომ მომიწევს  კეთილი მეზობლის კომპზე  დარჩენილი ეტაპების დასრულება?!

სათვალე დამრჩა სახლში და იმიტომაცა…

მოკლედ ვიჯექი დირექტორის სკამზე.

მასწავლიდა სკანირების პროგრამას ქალბატონი ლიკა…

მიკითხავდა გვერდების ნომრებს და  ვსაუბრობდით  გზადაგზა ბიბლიოთეკაზე, ბიბლიოთეკარებზე, მომავალ პროექტებზე…

დასრულებულებზეც…

დავასკანერე 20 გვერდი… ანუ ფურცელი – ათი

გადავიგზავნე ფბ „მესინჯერში“…

დავემშვიდობე კეთილ მასპინძლებს  სტუმარიც და ამავდროულად არასტუმარიც და გამოვედი ქუჩაში…

კარგი იყო დღე…

კარგ ამინდში გურიაში და საუკეთესო ადამიანების გამო….

და კიდევ ერთი…

რასაც ვერაფრით დავმალავ…

სკოლას, ჩემ მშობლიურ, მეორე საჯარო, სკოლას, რომ ჩავუარე, ჩემი კოლეგა გამახსენდა… უფრო ყურში ჩამესმა ” გიო, ხომ არ დაგისკანერო?”

მადლობა ნანა… Nana Khvedeliani

ახლა 2022-ის ორის ოცდაორი წუთია და მე სიამოვნებით… არამუშაითის ძილით ვიძინებ…

თუმცა, დაძინებამდე არ შემიძლია სიამოვნებით არ ვთქვა:

დღეს უკვე თბილისში ვარ და  მიხეილ ჯავახიშვილის „მასალები ლექციისთვის“ საბოლოოდ გაციფრულებულია!

„მასალები“ რასაკვირველია, პირველ რიგში ქალბატონ თინას თინა ბეჟუაშვილი  გავუგზავნე.

ზემოთ ხომ ვთქვი „მასალების“ გაციფრულება არაჩვეულებრივი ქალბატონის ინიციატივაა!

დიდი მადლობა ქალბატონო თინა…

ზემოთ ხომ ვთქვი, არაჩვეულებრივ სტატიას მხოლოდ ფბ გვერდებზე გამოქვეყნებული ორიოდე ნაწყვეტით ვიცნობდი და საერთოდაც, თქვენი არ ვიცი, მაგრამ, მე პირადად, მიხეილ ჯავახიშვილის პუბლიკაციებს ფაქტობრივად არ ვიცნობ!

ეგ, არაფერი…

გავეცნობი…

მას შემდეგ, როცა ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი / Iverieli Digital Library დროს  გამონახავს და მეექვსე ტომს, რომლითაც მე ვისარგებლე, როგორც ჩვევიათ სრულად გააციფრულებს.

ბევრი საინტერესო წერილია იქ…

მათ შორის ილიაზე და როცა მეექვსე ტომი სრულად გაციფრულდება, აუცილებლად გამცნობთ…

მანამდე კი, რასაც  ქვემოთ დავწერ, უფრო პირადი იქნება, ვიდრე საჯარო და მაინც, აქ ვწერ…

შეჯანებასავით გამოვა, რაც ვფიქრობ არ უნდა იყოს მთლად ცუდი…

სასიამოვმო პროცესი იყო, გაციფრულება…

ბევრი რამ წინასწარ დაგეგმილ-გათვალისწინებული და კიდევ უფრო ბევრი- დაუგეგმავი…

აბა, რა დიდი დაგეგმვა უნდოდა ოზურგეთის მთავარი ბიბლიოთეკაში კოლეგის ანუ ჩემ სტუმრობას?!

ეჭვიც არ მეპარებოდა იქაურ თანამშრომელთა და, დირექტორის, ქალბატონი ლიკას Liana Bakanidze ის. დახმარების, უფრო, თანადგომისთვის,  და მაინც, ეს იყო საოცრება, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/National Library of Georgia

ზოგადად და ჩემი როგორც კოლეგისა და პიროვნებისადმი უდიდესი პატივისცემის გამოვლინება…

არაფერს ვამბობ, მომხმარებლის მომსახურებასა და პროფესიული მოვალეობის უნაკლოდ შესრულებაზე.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემ ორ არაჩვეულებრივ მეზობელს, რომლებმაც ღამის თერთმეტის ნახევრამდე “ითმინეს” (სად ვართ მე, საქმე და დროს შეგრძნება კოჰაბიტაციაში!) როგორ დავაინსტალე ( უნდა ვაღიარო, მაგრად გამიჭირდა და ამაში „დამნაშავე“ ჩემი „აიტიჩნიკი“ კოლეგებია,  მადლობა მათ!) „ნოუთში“ (რომელიც ძალიან ძველია, მაგრამ მუშაობს…) ორი პროგრამა  მერე გავტესტე პირველი ორი გვერდი  და ამასობაში არაჩვეულებრივად მომზადებული ყავა დავაგემოვნე კი არა, ისე დავლიე, როგორც არც თუ დიდი ხნის წინ ვსვამდი ღვინოს ნებისმიერი ჭიქიდან (თუ მოვერეოდი, რასაკვირველია).. Nana Tavdumadze Nana Sixarulidze

და ბოლოს…

წესითა და კანონით „მასალები“ – “მომხმარებლის არჩევანში” უნდა განთავსდეს, მაგრამ ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ ქალბატონი თინაც დამეთანხმება მისი ადგილი აი, აქ და მხოლოდ აქაა…

აქაა, რადგან საქმე გვაქვს დიდი ევროპელის ევროპულ ტექსტთან…

და კიდევ უფრო ბოლოს…

დიდი მადლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი – დარწმუნებული ვარ ჩვენ დიდს არა, მაგრამ ძალიან მაგარ კოლექციას ერთობლივად ვქმნით!

ახლა 2022-ის 27 ივნისის ორის 22 წუთია!

დროებით გემშვიდობებით, თუმცა მანამდე,  აუცილებლად უნდა ვთქვა: არ არის რომელიმე ჩემი უნარი, ცოდნა თუ გამოცდილება, რომელიც ჩემს რომელიმე კოლეგას არ აქვს და არ არის ადამიანი ეროვნულ ბიბლიოთეკაში კოლეგა, ვინც მომხმარებლის მსგავს თხოვნას ჩემზე პროფესიონალურად არ დააკმაყოფილებდა მაინც…

ეს ჩემი პროექტია…

10 გვერდი ჩემი მსუბუქი ტვირთია… მხარს ფუნქციას რომ არ დააკარგვინებს და ზურგს გაუფრთხილდება!

ავტორი: გიორგი კილაძე

ამბავი „კაცია ადამიანის?!“ კითხვისა და ზამთრის მიწურულს საბოსტნე ნაკვეთის ბარვისა.

ლიტერატურ საღამოები გამახსენდა გუშინწინ თუ იმისწინ…  გამახსენდა და გეუბნები აი, აგერ, ახლა, შენ, ისე, უთხოვნელად და მოუბოდიშებლად… თანაც სად? – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბლოგზე, სახელად, „მწიგნობარი“.

ვწერ და გეუბნები წინდაწინ,  ერთადერთი წიგნი იკითხებოდა ხსენებულ საღამოებზე  და  იყო ერთადერთი მკითხველი მამაჩემი სახელად  გრიშა.

კითხულობდა   ხმამაღლა, ხშირ-ხშირი შესვენებებით, მაგრამ დაუზარლად „კაცია ადამიანს?!“  და მსმენელი ჰყავდა ორად ორი: მე და, ჩემი და, მაია.

კარგა ხანს გაგრძელდა კითხვა, ცივ და  უხვთოვლიან დეკემბერში დაიწყო, ზომიერად ცივ იანვარში გაგრძელდა და  საკმაოდ თბილ, თებერვლის შუა რიცხვებში დასრულდა დიდი ზარ-ზეიმით.

შაბათი დღე იყო და სწორედ იმ დღეს პირველად დაკრა მამამ ბარი მიწას და ავყევი მეც, ჩემი მომცრო ბარით… იმ წელს რასაკვირველია, თორემ, იცოცხლე, ყოველ წელს იბარებოდა საბოსტნე მიწა ჩვენს ეზოში.

ვუყურებდი როგორ ბარავდა მიწას მამა – მონატრებული კაცის ჟინით დ ვფიქრობდი რა კარგი მამა მყავს მე და რა კარგი მოთხრობაა „კაცია ადამიანი?!“ .

ერთ საათზე მეტ ხანს ბარავდა მამა… შეუსვენებლად და როდის-როდის შევატყვე რომ დაიღალა.

შეიძლება ვცდები, მაგრამ, ასე მგონია, პირველად ვნახე  იმ დღეს დაღლილი მამა.

მენდეთ,   დაუღლელი მუშაობა იცოდა ორმოცდაათი წლისამაც და სამოცდათხუთმეტი რომ მოათავა იმ დრომდის.

მერე აღარც ბარი აუღია ხელში, აღარც თოხი და მით უფრო ურო და სოლები ანუ პალოები, გურულად.

დაიღალა მამა…

მოხრილი მარჯვენა იდაყვით ბარის ტარს დაეყრდნო და რო, იცოდა, ისე ძლივს გასაგონად მკითხა…

– მოგეწონა ილია?

– მაგრად,. – გულწრფელად ვუთხარი მე

– მომიყევი და მე მოგისმენ… – და მე დავიწყე თხრობა. არც რიტორიკა მიხსენებია და არც ჩაილური. აი, ეზო- ყურე და სახლი, როგორც მახსოვს კარგად მოვყევი…. არც ჩიხირთმისა და ბოზბაში ამბავი დამვიწყებია…

– კარგად ჰყვები – გზადაგზა მამხნევებდა მამა…

თხრობა დიდხანს გაგრძელდა

ლამის მთელი საბოსტნე ფართობი დაიბარა …

თუმცა, მანამდე მამამ ილიას ბიოგრაფია მოყვა.

თხრობისას მე კი არ მიყურებდა, ზეცაში აყურებიდა და იმ დღეს გაჩნდა ჩემ ცხოვრებაში უკვე  ბროკჰაუზის და ეფრონის და ენციკლოპედია…

გაჩნდა მაშინ და მე, ახლაც მიკვირს რატომ იცოდა ფსიქოლოგმა მამამ ილიას „ავტობიოგრაფიის“ ამბავი…

P.S.

წლების მერე  ბროკჰაუზის და ეფრონის  ენციკლოპედია… იმდროინდელ საჯარო და ამჟამინდელ  ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვნახე… ცალკე ოთახში  თაროებზე ჩამწკრივებულ ლექსიკონს ცალკე პატარა, მაგრამ, მაინც ოთახი ეჭირა  „ქსეროქსის ოთახია“  იქ ახლა და ჩემდა სამარცხვინოდ, ახლაც არ ვიცი, რომელ ტომშია  განთავსებული ილიას ბიოგრაფია.

ავტორი: გიორგი კილაძე

არჩილ ჯორჯაძე

ცნობილი ქართველი პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, XIX ს. ქართველი ინტელიგენციის ერთ-ერთი თვალსაჩინო  წარმომადგენელი არჩილ ჯორჯაძე დაიბადა 1872 წლის 10 იანვარს. მამის სამსახურის შეცვლის გამო მალე ჯორჯაძეების  მრავალრიცხოვანი  ოჯახი  თბილისიდან  ქუთაისს  გადასახლდა. პირველდაწყებითი განათლება არჩილმა იქვე მიიღო. მან სწავლა თბილისის I გიმნაზიაში განაგრძო, რომლის დასრულების შემდეგ, გაემგზავრა პეტერბურგში და შევიდა უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. პეტერბურგის ჰავამ, ცხოვრების მძიმე პირობებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მის ჯანმრთელობაზე და ტუბერკულოზით დაავადებული არჩილი იძულებული გახდა ვარშავაში გადასულიყო სასწავლებლად. ვარშავიდან არჩილი ჯანმრთელობის გაუმჯობესების შემდეგ ისევ პეტერბურგის უნივერსიტეტს დაუბრუნდა და  ამჯერად ბუნებისმეტყველების ფაკულტეტზე   განაგრძო  სწავლა.  ამ პერიოდში ის ხარბად დაეწაფა ფილოსოფიისა და სოციოლოგიის შესწავლას;  სხვა ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობდა ვოლინსკის წრეში, სადაც იმხანად მუშაობდნენ ზურაბ ავალიშვილი და სულხან ანდრონიკაშვილი. მალე არჩილი საზღვარგარეთ გაემგზავრა. ისმენდა ლექციებს პარიზის, ლონდონის უნივერსიტეტებში. 1900-იან წლებში არჩილი დაბრუნდა სამშობლოში. ამ პერიოდიდან იწყება მისი ნაყოფიერი პუბლიცისტური მოღვაწეობა. 1901 წლიდან იგი ,,ცნობის ფურცლის“ მუდმივი თანამშრომელი და ამ რედაქციის ერთ-ერთი პირველი კოლეგიის წევრი გახდა კიტა აბაშიძესთან, სამსონ ფირცხალავასთან და გიგო რცხილაძესთან ერთად.

არჩილ ჯორჯაძის წინადადებით საფრანგეთში დაარსდა გაზეთი ,, საქართველო“, ,, La Georgia’’, ქართულ, ფრანგულ და რუსულ ენებზე – თავისუფალი ორგანო, გამოდიოდა 1903-1905 წლებში, გაზეთს  რედაქტორობდა არჩილ ჯორჯაძე, უკანასკნელ ნომრებს კი გიორგი დეკანოზიშვილი. თავგანწირულმა მუშაობამ თავისი შედეგიც გამოიღო. მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობა  თანდათან  გაუარესდა, აქ ერთხანს Cohin-ის საავადმყოფოში იწვა, შემდეგ შვეიცარიაში წავიდა, სადაც ექიმ ს. დიასამიძის და როსტომაშვილის დახმარებით ანეტა ბაბესთან დაბინავდა. აი რას სწერდა შვეიცარიიდან კლარანსში სამკურნალოდ წასული არჩოლ ჯორჯაძე ანეტა ბაბეს: ,,… იყო დრო, როდესაც სამშობლო და მამული ჩემთვის ცარიელი სიტყვა იყო, იყო დრო, როდესაც ვითომ ღმერთს ვეძებდი, სინამდვილეში კი უიმედო, უსაგნო და უმიზნო სიცოცხლეს კი ვაჩანჩალებდი. რამდენიმე წელიწადია, ყველა ამას თავი დავაღწიე, ჩემს გულში აღმოვაჩინე ის, რაც ჩემი არ მეგონა, ადამიანი და ხალხი შემიყვარდა, ამ დროიდან, შედარებით, ბედნიერი ვარ. და ეხლა იმ მდგომასრეობაში ვარ ყველაფერი მივცე ამ აზრის განხორციელებისათვის, რომელმაც მე გამაცოცხლა.’’ როგორც უცხოეთში, ისე საქართველოში ცხოვრების დროს არჩილი ყოველთვის მატერიალურ სივიწროვეს განიცდიდა, მაგრამ  გაჭირვებისა და ავადმყოფობის მიუხედავად, სისტემატურად მუშაობდა, არ დარჩენილა არცერთი სფერო- ფილოსოფია,სოციოლოგია, რელიგია, ხელოვნება, რომ არჩილის პუბლიცისტურ შემოქმედებაში არ ასახულიყო. მისი გამოკვლევები საზოგადოებრივი აზრის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართველი ხალხის ცხოვრებაში.

არჩილ ჯორჯაძე აქტიურად მონაწილეობდა  მიხ. გედევანიშვილის თაოსნობით შემდგარ სარედაქციო კომისიის მუშაობაში, რომელმაც მოამზადა და 1914 წ. გამოსცა ი.ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი აკადემიური გამოცემა. თუ რაოდენ დიდმნიშვნელოვანი იყო ეს მოვლენა ქართველი ხალხის კულტურულ ცხოვრებაში და  როგორ აფასებდა მას არჩილ ჯორჯაძე, ნათლად ჩანს მის პირად წერილებში მიხეილ და იოსებ გედევანიშვილებისადმი, აგრეთვე მის ,,მის შენიშვნაში’’, რომელიც დაწერა ამ გამოცემის გამო და რომელიც დაისტამბა მისი გარდაცვალების შემდეგ, 1914 წელს, თხზულებათა  V წიგნში,

სიცოცხლის უკანასკნელი დღეები არჩილმა ბათუმში გაატარა. სიკვდილამდე ორი კვირით ადრე, მეგობრებით გარშემორტყმულმა თავისი ნაწერები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა. გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე, იგი მეგობარს სწერდა: ,, ადამიანის ბედნიერება ღვთიური ვალის ასრულებაშია. ვინც ამ ვალს ასრულებს, იგი უკვდავია და ერთვის მარადისობას, თქვენც ამ ვალს ასრულებთ და მაშასადამე, ვერც უგვანო სინამდვილე გაგიტეხსთ სულს.“   იგი გარდაიცვალა 1913 წლის 21 მარტს, ბათუმში.

ავტორი: ლეილა ნანიტაშვილი

,,ვეფხისტყაოსნის” უნიკალური გამოცემა

ვეფხისტყაოსნის 1888 წლის გ. ქართველიშვილისეული გამოცემა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სხვა მნიშვნელოვან გამოცემათა შორის. 1880 წელს ქართველი ხალხის ეროვნული სიმდიდრის უნაკლოდ გამოსაცემად დაარსდა ბეჭდვის კომიტეტი, რომელმაც ”ვეფხისტყაოსნის” ტექსტის დადგენა ითავა. წიგნზე მუშაობა 8 წელიწადს გაგრძელდა. გამოცემას სათავეში ილია ჭავჭავაძე ჩაუდგა. ტექსტის დამდგენ კომისიაში შედიოდნენ: რაფიელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილი, იონა მეუნარგია, გაბრიელ ეპისკოპოსი, ივანე მაჩაბელი, გრიგოლ ორბელიანი, აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, დიმიტრი ყიფიანი, დავით ერისთავი, დიმიტრი ბაქრაძე, სერგი მესხი, ვახტანგ ორბელიანი, პეტრე უმიკაშვილი და ნიკო დადიანი.

ვეფხისტყაოსნის პირველი აკადემიური გამოცემაა. წიგნის გამოცემა გიორგი ქართველიშვილმა დააფინანსა და მთელი ტირაჟი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ გადასცა საჩუქრად. იგი პოემის „ქართველიშვილისეულ” გამოცემაადაა ცნობილი.

ილუსტრაციების შექმნა ცნობილი უნგრელი მხატვრისათვის მიხაი ზიჩისათვის შეუთავაზებიათ. ზიჩი დაინტერესდა ამ საქმით და პოემის შინაარსის გაცნობა მოინდომა. იონა მეუნარგია მურიეს, ბეტა და არტურ ზუტნერების დახმარებით შეუდგა პოემის თარგმანს. მიხაი ზიჩმა წიგნისათვის სურათები უსასყიდლოდ დახატა, შეასრულა 27 ილუსტრაცია, ამათგან ერთი, ფერადი ილუსტრაცია პეტერბურგში დაიბეჭდა.

„პირველი წინასწარმეტყველები“ –  იშვიათი გამოცემა ეროვნულ ბიბლიოთეკაში

ებრაული წიგნების პირველი გამომცემლის, დ. ბომბერგის მიერ 1524-1525 წლებში ვენეციაში გამოცემული ბიბლიის ტექსტი „პირველი წინასწარმეტყველები“ ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდის ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატია.ბომბერგის გამოცემა არის ე. წ. მასორეტული ანუ გახმოვანებული ტექსტი თავისი კომენტარებით. 1524-1525 წლის გამოცემა ორი ნაწილისგან შედგება – „პირველი წინასწარმეტყველები“ და „წმინდა წერილები“. ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცულია მხოლოდ „პირველი წინასწარმეტყველების“ წიგნი.

ბიბლიის თარგმანები ევროპულ ენებზე ძირითადად სრულდებოდა ლათინურად და ბერძნულად თარგმნილი წყაროებიდან და არა ორიგინალის ენიდან, რაც თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. ებრაული „თანახი“ კი თითქმის სრულად ემთხვევა ქრისტიანულ „ძველ აღთქმას“. ამდენად, ბიბლიის მკვლევრებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დადგენილი კანონიკური ებრაული ტექსტის შესწავლა. სწორედ ამგვარი ტექსტები იბეჭდებოდა ვენეციაში, ბომბერგის გამომცემლობაში. აქ 200-მდე ებრაული წიგნი გამოიცა, რომელთა ტექსტები დარედაქტირდა და თავებისა და სტრიქონების მიხედვით დაინომრა. ბიბლიის სტროფების დანომვრის ტრადიცია მანამდე არ არსებობდა. ბომბერგის მიერ დანერგილ ამ პრინციპს დღემდე იყენებენ მთელ მსოფლიოში. ჩვენს ფონდში დაცული „პირველი წინასწარმეტყველები“ ერთ-ერთი ამ იშვიათ გამოცემათაგანია.

მასალა მოამზადა იშვიათ გამოცემათა განყოფილებამ.

აფხაზეთის უნიკალური ფოტოები ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ფოტომატიანეში

აფხაზეთის აქამდე უცნობი და უნიკალური ფოტოები, რომელიც XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისშია გადაღებული, ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ფოტომატიანეში განთავსებული ბაადურ ქობლიანიძის უნიკალური ფოტოკოლექციის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია. ის ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიის ისტორიას ასახავს. ისტორიას, რომელსაც გვედავებიან, გვართმევენ, აყალბებენ…

„იყო ასეთი ცნობილი და ძალიან მაღალი დონის ფოტოგრაფი, ივან იუნაკი. მას საინტერესო ფოტობარათების სერია ჰქონდა. ეს იყო საფოსტო ბარათი, რომელსაც მიმოწერისთვის და ერთმანეთთან გასაგზავნად იყენებდნენ. ფოტობარათები იმ პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. იუნაკის ფოტობარათების სერია დაბეჭდილი იყო არა როგორც საფოსტო ბარათი, არამედ როგორც ფოტო და სხვა ფოტობარათებისგან განსხვავებით, მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. ფოტოები განსაკუთრებულია გადაღების ტექნიკითაც. ფოტოხელოვანი ბარათებს ნომრავდა და ამ ნუმერაციის მიხედვით მათი რაოდენობა 200-ს აღემატებოდა. ამ სერიით იუნაკს გადაღებული აქვს გაგრა – როგორ შენდებოდა უნიკალური შენობები, როგორ გაყავდათ გზები, ჩამომსვლელი სტუმრები, ისტორიული შენობები, ბუნება. კოლექციაში არის ასევე XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში გაგრაში ჩატარებული სასოფლო-სამეურნეო გამოფენის ამსახველი ფოტოებიც. ჩანს თაფლის, მცენარეების და სხვა პავლიონები. როგორც ირკვევა, ეს იყო რეგიონალური გამოფენა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნები მონაწილეობდნენ. რუსეთის იმპერატორს სურდა, გაგრა ექცია ისეთ კურორტად, როგორიც იყო ნიცა, სანრემო.

სამუშაოები დაიწყო კიდევაც. დაწვრილებით შეისწავლეს კლიმატი – რამდენი ხანი გრძელდებოდა საკურორტო სეზონი, რის გამოყენება შეიძლებოდა სამკურნალოდ, დასასვენებლად. პრინცი კონსტანტინე ოლდენბურგი აქტიურად იყო ჩართული გაგრის მშენებლობაში. შემდგომში ცნობილი რესტორნებისა და ისტორიული შენობების -ოლდენბურგის სასახლე, რესტორანი გაგრიფში – მშენებლობა სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება. ამ შენობების ასაშენებლად ნორვეგიიდან ჩამოჰქონდათ დამუშავებული ხის მასალა და სხვადსხვა აქსესუარები. შემდეგ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, რამაც ამ პროცესს ხელი შეუშალა. თავდაპირველი გეგმით რომ გაგრძელებულიყო, გაგრა მართლაც იქცეოდა, ალბათ, სანრემოდ ან ნიცად. ივან იუნაკის 200 ფოტობარათიდან ყველა არა, მაგრამ უმეტესობა გვაქვს. კოლექციაში არის გიორგი შარვაშიძისა და მისი ოჯახის, ასევე მერი შერვაშიძის ფოტოები“, – ამბობს ბაადურ ქობლიანიძე.

მასალაზე მუშაობდნენ: ნათია კობახიძე და მაია შონია.

ჟურნალი „მოლა ნასრედინი“

ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმის პერიოდულ გამოცემათა ფონდის ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული ექსპონატია აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემული სატირული ჟურნალი „მოლა ნასრედინი“, რომელიც თბილისში 1906 წელს ახალციხელმა მუსლიმმა მესხმა, ომარ ყიფიანმა, იგივე ფაიგ ნემანზადემ დააარსა.

იმ პერიოდისთვის თავადაც საკმაოდ განათლებული და ქალთა განათლების მომხრე ომარ ფაიგი ცარისტულ რეჟიმს აკრიტიკებდა, რის გამოც ჟურნალის გამოცემის უფლებას არ მისცემდნენ, ამიტომ მან ჯალილ მამედყულიზადე დანიშნა მთავარ რედაქტორად. ჟურნალის ილუსტრატორებად კი თბილისელი გერმანელები, ოსკარ შმერლინგი და იოზეფ როტერი მიიწვია, რომლებმაც პერიოდულ გამოცემებში თავიანთი კარიკატურებით კავკასიის მასშტაბით სრულიად ახალი სტილი დაამკვიდრეს .ომარ ფაიგსა და ჯალილ მამედყულიზადეს ბევრი უმსჯელიათ ჟურნალის სათაურზე – „მოლა ნასრედინის“ გაგონებისას მკითხველი იფიქრებს, რომ გამოცემაში სასაცილო ისტორიები, საინტერესო დიალოგები, მახვილგონივრული გამონათქვამები ელოდებაო. ვარაუდმა გაამართლა – სახელწოდება „მოლა ნასრედინი“ მკითხველში საუკეთესო მოლოდინებს იწვევდა. გამოცემაში ქვეყნდებოდა კარიკატურები და სტატიები იმ დროისთვის კავკასიაში არსებულ პრობლემებზე – ქალთა ჩაკეტილობაზე, სახელმწიფო მოხელეებისა და პოლიციის არაკეთილსინდისიერებაზე და ა. შ.

ჟურნალი იყენებდა მარტივი ილუსტრაციისა და ხალხური ზღაპრებიდან აღებულ სიმბოლურ ენას. ალბათ, ყველაზე სახასიათო ნახატია 1909 წელს გამოქვეყნებული კარიკატურა: ორი აღმოსავლურად შემოსილი მოხუცი (მინაწერით – „ძველი ტრადიციები” და „ძველი მეცნიერებები”) დგას ლიანდაგზე და გზას უღობავს მატარებელს წარწერით „პროგრესი“. ისინი ყვირიან: “ჩვენ არ მოგცემთ წინსვლის უფლებას”. როგორც ყველა ასეთ ნახატში, მოლა ნასრედინი შორიდან აკვირდება მოქმედებას.

ჟურნალში იბეჭდებოდა დიალოგები, ფელეტონები, იუმორისტული ლექსები, სატირული მოთხრობები, ანეკდოტები, იუმორისტული განცხადებები, კერძო განცხადებები, კარიკატურები და სხვა ილუსტრაციები. ”მოლა ნასრედინის” ფურცლებზე ასევე ქვეყნდებოდა სხვადასხვა პოეტებისა და პროზაიკოსების ფელეტონები. არავინ მოელოდა ასეთ დიდ წარმატებას. სულ მალე ჟურნალი 5000–იანი ტირაჟით გამოდიოდა.

ჟურნალი თბილისში 1906-1914, 1917 წლებში (1917 წელს აიკრძალა ცენზურის მიერ) გამოდიოდა, 1921 წლიდან მისი გამოცემა თავრიზში განახლდა რამდენიმე თვით, 1922-1931 წლებში კი ბაქოში იბეჭდებოდა. იმ პერიოდში თბილისში მოღვაწე გამოჩენილი გერმანელი ჟურნალისტი არტურ ლაისტი დიდ ხოტბას ასხამდა „მოლა ნასრედინის“ ავტორებს. იგი აღფრთოვანებული იყო მათი შემოქმედებითა და გამბედაობით.

მასალა მოამზადა  იშვიათ გამოცემათა განყოფილებამ

ქართული პრესის მუზეუმი

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წელს ქართული პრესის მუზეუმი გაიხსნება. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. მუზეუმი ბიბლიოთეკის მართლაც გამორჩეული ადგილი იქნება, რადგან პერიოდულ გამოცემათა ფონდი ყველაზე მდიდარია უნიკალური მასალებით. ქართული პერიოდიკის ისტორია კი, იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცული პირველი ქართული გაზეთის ორი ეგზემპლარით იწყება. ეგზემპლარები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის ნაწილია.

გამოცემის პირველი ნომერი სახელწოდებით „საქართველოს გაზეთი“ 1819 წლის 8 მარტს დაიბეჭდა. 1820 წელს გაზეთს სახელწოდება შეეცვალა და „ქართული გაზეთი“ დაერქვა. უცნობია გაზეთის რედაქტორი, სტატიების ავტორი, მთარგმნელი და გაზეთში მომუშავე სხვა თანამშრომლების ვინაობა.

„საქართველოს გაზეთი“, იგივე „ქართული გაზეთი“ ბიბლიოგრაფიული იშვიათობა იყო XIX საუკუნის მეორე ნახევარშივე. გაზეთის მოძიებასა და შეგროვებას „ივერიის“ რედაქცია ცდილობდა. „ივერიის“ 1887 წლის 156-ე ნომერში რედაქცია მადლობას უხდის სოფიო დოდაშვილს, რომელმაც წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას „საქართველოს გაზეთის“ 1819 წლის მარტის თვის ერთი ნომერი შესწირა.

გაზეთის ფორმატი, შრიფტი და ზოგადად, მისი გარეგნული მხარე იმ პერიოდისთვის სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო. დაახლოებით თაბახის ფურცლისოდენა ფორმატზე სტატიები ორ სვეტად იბეჭდებოდა. დროთა განმავლობაში გამოცემის პოლიგრაფია და სხვა მახასიათებლები იცვლებოდა. გაზეთი „ივერია“ „ქართულ გაზეთზე“ წერს: „დაბეჭდილია მშვენიერის ასოებით სქელ ქაღალდზე და სიდიდითაც საწერი ქაღალდის თაბახს ძალიან აღემატება“.

1819 წელს გამოვიდა გაზეთის 43 ნომერი, 1820 წელს – 51 ნომერი, 1821 წლის კომპლექტს ჩვენამდე სრული სახით არ მოუღწევია, ამიტომ დაზუსტებით ვერ ვიტყვით, ამ წელს რამდენი ნომერი გამოიცა. 1822 წელს კი გაზეთის გამოსაცემად საჭირო რაოდენობის ხელმომწერები ვერ შეგროვდნენ. მკითხველის ნაკლები ინტერესი კი იმით აიხსნებოდა, რომ გაზეთი არ ასახავდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ის მხოლოდ ცარიზმის პროპაგანდისთვის იყო შექმნილი.

მიუხედავად ნაკლოვანებებისა, „საქართველოს გაზეთი“ ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში შევიდა როგორც ქართული გაზეთის შექმნის პირველი მცდელობა. ფასდაუდებელია ამ გამოცემაში დაბეჭდილი მასალები, რომლებიც ქართველების იმდროინდელ ყოველდღიურ ყოფას ასახავს.

                           მასალა მოამზადა იშვიათ გამოცემათა განყოფილებამ. .

რეზო ლაღიძე – 100

წელს, ქართველი კომპოზიტორის, სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატის, ქართული სიმღერის კლასიკოსის, რევაზ ლაღიძის საიუბილეო წელია. მას 10 ივლისს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. რეზო ლაღიძე დაიბადა და ბავშვობა გაატარა, ბაღდათის რაიონის სოფ. ობჩაში. მუსიკის სიყვარული ოჯახს ტრადიციულად მოსდგამდა. დედა – ლუბა ჯაფარიძე, ხალხური სიმღერების დიდი მოტრფიალე ყოფილა. ბიძა, ვასო გოგაძე კი არაჩვეულებრივად უკრავდა სხვადასხვა ინსტრუმენტზე. სწორედ მან აჩუქა პატარა რეზოს საკუთარი ვიოლინო.

ობჩაში, სკოლის ეზოში ბურთის თამაშის დროს, მომავალ კომპოზიტორს, რეპროდუქტორიდან შემოესმა, ზაქარია ფალიაშვილის „დაისის“ უვერტიურის ჰანგები. დაუვიწყარი იყო ეს მომენტი მის ცხოვრებაში. აქედან დაიწყო მისთვის მუსიკის შეგრძნება და აღქმა.

1941 წელს რევაზ ლაღიძემ დაამთავრა თბილისის IV სამუსიკო სასწავლებელი ვიოლინოს განხრით და ჩაირიცხა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ანდრია ბალანჩივაძის კლასში. ნაყოფიერი გამოდგა სტუდენტური წლები რევაზ ლაღიძისთვის. იგი უკრავდა სხვადასვა სიმფონიურ ორკესტრებში, ქმნიდა მუსიკალურ ნაწარმოებებს, იყო პეტრე  ჩაიკოვსკის სახელობის სტიპენდიანტი.

რევაზ ლაღიძეს ძალიან უყვარდა თავისი ქვეყანა. მოვლილი ჰქონდა საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული, იყო ბუნების მოტრფიალე, ცნობილი მონადირე, უყვარდა თევზაობა,  იცოდა თითქმის ყველა კუთხის სიმღერა. სწორედ ხალხური ჰანგების გამოყენებით, შექმნა კომპოზიცია „საჭიდაო“, რომელსაც მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. რევაზ ლაღიძის მემკვიდრეობა, მისი უკვდავი სიმღერებია. იგი ჩვენი დედაქალაქის მუსიკალური სავიზიტო ბარათია.  რევაზ ლაღიძეს შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სიმღერა კინოფილმებისთვის: „საბუდარელი ჭაბუკი”, ,,ნინო”, „ხევისბერი გოჩა“, „ხევსურული ბალადა“ და სხვა. ეროვნული    ბიბლიოთეკის, მუსიკალური არქივი ინახავს რევაზ ლაღიძის მდიდარ შემოქმედებას.

რევაზ ლაღიძე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა მუსიკის კათედრას, ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. აქვე მიენიჭა პროფესორის წოდება. იყო ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის და სსრ კავშირის დამსახურებული პრემიის ლაურეატი. იგი სიცოცხლეშივე მოესწრო დიდ აღიარებას არამარტო სამშობლოში, არამედ საზღვარგარედაც. კოლეგებმა კი რევაზ ლაღიძე აღიარეს ქართული სიმღერის კლასიკოსად.
რევაზ ლაღიძე გარდაიცვალა 1981 წელს და დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

რევაზ ლაღიძის ნაწარმოებები ეროვნული ბიბლიოთეკის სანოტო და აუდიო გამოცემების ფონდში იხ. ბმულზე

რევაზ ლაღიძე ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ფოტოკოლექციაში იხ, ბმულზე

მასალა მოამზადა: სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილებამ.