დიმიტრი არაყიშვილი -150

წელს ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორის, საქართველოში მუსიკალური ფოლკლორისტიკის ფუძემდებლის, აკადემიკოს დიმიტრი არაყიშვილის დაბადებიდან 150, ხოლო გარდაცვალებიდან 70 წელი შესრულდა.

უფროსი თაობის სხვა ქართველ კომპოზიტორებთან, მელიტონ ბალანჩივაძესთან, ზაქარია ფალიაშვილთან, ნიკო სულხანიშილთან და  ვიქტორ დოლიძესთან ერთად, დიმიტრი არაყიშვილი  სამართლიანად არის აღიარებული ეროვნული, პროფესიული მუსიკალური სკოლის ფუძემდებლად. ქართულ მუსიკაში არ არსებობს ჟანრი, სადაც კომპოზიტორმა კვალი არ დატოვა.

მომავალი კომპოზიტორის პაპა, თედო, პეტრე ბაგრატიონის ძმის ყმა იყო. ერთ-ერთი ბრძოლის დროს თედო ტყვედ ჩავარდა. ბოლოს კი მოზდოკში დასახლდა და იქვე დაოჯახდა. ასე აღმოჩნდნენ დიმიტრი არაყიშვილის წინაპრები სამშობლოსგან მოშორებით. დიმიტრი არაყიშვილის მამაც იქვე აღიზარდა, მაგრამ დაოჯახების შემდეგ ვლადიკავკაზში დასახლდა. 1873 წლის 23 თებერვალს,  ვლადიკავკაზშივე  დაიბადა დიმიტრი. მის მშობლებს ხუთი შვილი ჰყავდათ და ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. დიმიტრიმ ადრეული ასაკიდან, 13 წლიდან დაიწყო მუშაობა. ოთხკლასიან სასწავლებელში სწავლის პარალელურად, საეკლესიო გუნდშიც მღეროდა. ბავშვობის შთაბეჭდილებებმა, დედისგან გაგონილმა ქართულმა ზღაპრებმა და ლეგენდებმა, მამის მიერ შესრულებულმა ქალაქურმა სიმღერებმა და ვეფხისტყაოსნის სტრიქონებზე ნამღერმა ჰანგებმა, განსაკუთრებული კვალი დატოვა, სამშობლოდან მოწყვეტილი ყმაწვილის მეხსიერებაში. სიჭაბუკის წლებში უფროს ძმასთან ერთად სამუშაოს ძებნისას, დიმიტრი არაყიშვილი  განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა სხვადასხვა ხალხის ზნე-ჩვეულებებისა და მუსიკის მიმართ. ხალხური სიმღერების ნოტირების ადრეულ ცდებს განეკუთვნება  მშობლებისა და ახლობლებისგან 1896-1897 წლებში მის მიერ ჩაწერილი ქართული, ყულმუხური, ჩეჩნური სიმღერები, აფხაზური კილოს ნიმუშები, ერთ-ერთი მწყემსისგან ჩაწერილი რუსული საკრავის ჰანგები. ქართული მუსიკისადმი სიყვარული მას კიდევ უფრო გაუღვივა ლადო აღნიაშვილის მიერ ჩამოყალიბებულმა ქართულმა გუნდმა, რომელსაც ჩეხი მუსიკოსი იოსებ რატილი ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდს განეკუთვნება მისი პირველი ნაწარმოებები: რომანსი „ჩემო მკვლელო ვიცი, ვიცი“ (ლექსი ილია ჭავავაძის) და ქართული ცეკვა ფორტეპიანოსათვის. 1894-1901 წლებში დიმიტრი არაყიშვილი სწავლობდა მოსკოვის ფილარმონიული საზოგადოების სამუსიკო დრამატულ სასწავლებელში. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა გამოჩენილ რუს მუსიკოსებთან და მეცნიერებთან,  რუსეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებთან. ასევე ურთიერთობდა  მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებულ ბუნებისმეტყველების, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მოყვარულ საზოგადოებასთან. მათი დავალებით, 1901-1908 წლებში ოთხი სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და 500-ზე მეტი ხალხური ნიმუში შეკრიბა. ფონოგრამის ლილვაკებზე ნიმუშების ჩაწერის შემდეგ არაყიშვილს მასალა ნოტებზე გადაჰქონდა. ჩატარებული საექსპედიციო მუშაობის ანგარიშით, არაყიშვილი წარსდგა მოსკოვის უნივერსიტეტის მუსიკალურ-ეთნოგრაფიული კომისიის წინაშე, რის შემდეგაც იგი არჩეულ იქნა ამ კომისიის ნამდვილ წევრად. ექსპედიციებისთ~ვის საჭირო თანხა ცნობილმა ქართველმა მრეწველმა, მეცენატმა და საზოგადო მოღვაწემ, დავით სარაჯიშვილმა გაიღო, რომელიც შემდგომშიც ბევრჯერ დაეხმარა მეცნიერს სხვადასხვა ჩანაფიქრის განხორციელებაში. ექსპედიციებში მოპოვებულ მასალებზე  დაყრდნობით, ვრცელი გამოკვლევებით და კომენტარებით, არაყიშვილმა სამი დიდი კრებული გამოსცა. ამ ნაშრომებმა საქვეყნოდ წარმოაჩინა ქართული ხალხური მუსიკის თვითმყოფადობა.

მართალია, საქართველოში XIX საუკუნის 70-80-იანი წლებიდან უკვე გამოცემული იყო ხალხური სიმღერისა და საგალობლების პირველი კრებულები, მაგრამ არაყიშვილმა ეს საქმე მაღალ პროფესიულ საფეხურზე აიყვანა. მან მოსკოვში 1905 წელს გამოსცა კრებული, რომელშიც შესული იყო იოანე ოქროპირის ლიტურგიის საგალობლები და ნაშრომი ქართული ხალხური მუსიკის შესახებ. ფასდაუდებელია არაყიშვილის ღვაწლი ქართული და საქართველოში გავრცელებული საკრავებისა და საკრავიანი მუსიკის შესწავლის საქმეში. იგი პირველი მკვლევარია, რომელმაც საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები თანამემამულეების, კერძოდ კი რუსეთში, ყიზლარსა და მოზდოკში მიგრირებული ქართველების ფოლკლორი შეკრიბა. ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედება, აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა სიმღერა, დასავლეთ საქართველოს იმერეთის ხალხური სიმღერა, ქართული მუსიკის მოკლე ისტორიული მიმოხილვა, აღმოსავლეთ საქართველოს ხალხური სიმღერების მიმოხილვა,  ქართლ-კახური სიმღერების განვითარების მოკლე ნარკვევი, ქართული ეროვნული ერთხმოვანი სიმღერები, ქართული ხალხური სამუსიკო საკრავების აღწერა-გაზომვა, რაჭული, სვანური ხალხური სიმღერები, დასავლეთ საქართველოს ხალხურ სიმღერათა კილოს წყობა, ასეთია არაყიშვილის ფოლკლორისტული ნაშრომების არასრული სია. არაყიშვილის სტატიები სხვადასხვა წლებში იბეჭდებოდა ევროპაში, კერძოდ გერმანიის ჟურნალ-გაზეთებში.1953 წლის თებერვალში,  საქართველოში ფართოდ აღინიშნა დიმიტრი არაყიშვილის დაბადებიდან 80 წლისთავი. მან მიიღო უამრავი მისალოცი დეპეშა საქართველოს ყველა კუთხიდან,  საზღვარგარეთიდან, იმდროინდელი საბჭოთა კავშირიდან. საიუბილეო თარიღის შემდეგ კომპოზიტორი სულ უფრო ცუდად გრძნობდა თავს. „ყოველ დღე სიკვდილზე ვფიქრობ და ველი მას. დიდხანს ვეღარ გავაწევ“ – წერდა იგი თავის მეგობარს სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე . და, ასეც მოხდა.

1918 წელს, დიმიტრი არაყიშვილი საქართველოში გადმოსახლდა და მთავარ ამოცანად პროფესიონალ მუსიკოსთა კადრების მომზადება დაისახა. 3 წლის შემდეგ, თბილისში დააარსა მეორე კონსერვატორია (პირველი 1917 წელს იყო დაარსებული), რომელთანაც ჩამოყალიბდა საგუნდო კლასი, სიმებიანი კვარტეტი, საოპერო სტუდია. აქ პირველად შემოიღეს , ქართული მუსიკალური ფოლკლორისტიკის კურსი. 1923 წელს, ორივე კონსერვატორია გაერთიანდა და 1926 წლიდან დიმიტრი არაყიშვილი გახდა თბილისის კონსერვატორიის რექტორი. იგი სხვადასხვა დროს იყო კათედრის გამგე, საკომპოზიციო ფაკულტეტის დეკანი. 1932 წელს სათავეში ჩაუდგა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს.  ამ პერიოდში დიმიტრი არაყიშვილმა შექმნა: სიმფონიები, რომანსები, კანტატა, კომიკური ოპერა „დინარა“, ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე“, მუსიკა კ/ფ-თვის „ჯურხაის ფარი“, რისთვისაც დაჯილდოვდა სსრკ-ს სახელმწიფო პრემიით.  1945 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტთან შეიქმნა მუსიკალური ფოლკლორისტიკის განყოფილება, რომლის ხელმძღვანელადაც დიმიტრი არაყიშვილი დაინიშნა. 1950 წლიდან იგი მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი გახდა. ღრმად მოხუცებული დიმიტრი არაყიშვილი განაგრძობდა აქტიურ მუშაობას, როგორც შემოქმედი და როგორც მკვლევარი. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1952 წელს, იგი ესტუმრა აჭარას; მოიარა მთიანი აჭარა, ქედის და ხულოს რაიონები. დაესწრო კონცერტებს, ოჯახებში იწერდა სიმღერებს. არაყიშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობა მოიცავს ქართულ ენაზე გამოცემულ შრომებს, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილ წერილებს. მის მიერ ლილვაკებზე ჩაწერილი მასალის დიდი ნაწილი ჯერჯერობით დაკარგულად ითვლება. თბილისში, თეატრის, მუსიკის და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში აღმოჩნდა არაყიშვილის მიერ 1923 წელს ლილვაკებზე ჩაწერილი 35 ოსური სიმღერა, რომელიც 2006 წელს გამოიცა კიდეც. აქვე ინახება კომპოზიტორის ხელნაწერებიც. არ არის გამორიცხული კიდევ რაიმე შეემატოს  დიმიტრი არაყიშვილის ფოლკლორისტული მემკვიდრეობის ვრცელ ნუსხას.

დიმიტრი არაყიშვილი გარდაიცვალა 1953 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. დიმიტრი არაყიშვილი სამართლიანად არის აღიარებული ქართველ კლასიკოს კომპოზიტორად, მაგრამ რაც მთავარია, ის იყო დიდი პატრიოტი, რომლის თითოეული ნაშრომი, საქართველოს უსაზღვრო სიყვარულით არის გაჟღენთილა.

მასალა მოამზადა: სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილებამ.

არჩილ ჯორჯაძე

ცნობილი ქართველი პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, XIX ს. ქართველი ინტელიგენციის ერთ-ერთი თვალსაჩინო  წარმომადგენელი არჩილ ჯორჯაძე დაიბადა 1872 წლის 10 იანვარს. მამის სამსახურის შეცვლის გამო მალე ჯორჯაძეების  მრავალრიცხოვანი  ოჯახი  თბილისიდან  ქუთაისს  გადასახლდა. პირველდაწყებითი განათლება არჩილმა იქვე მიიღო. მან სწავლა თბილისის I გიმნაზიაში განაგრძო, რომლის დასრულების შემდეგ, გაემგზავრა პეტერბურგში და შევიდა უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. პეტერბურგის ჰავამ, ცხოვრების მძიმე პირობებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მის ჯანმრთელობაზე და ტუბერკულოზით დაავადებული არჩილი იძულებული გახდა ვარშავაში გადასულიყო სასწავლებლად. ვარშავიდან არჩილი ჯანმრთელობის გაუმჯობესების შემდეგ ისევ პეტერბურგის უნივერსიტეტს დაუბრუნდა და  ამჯერად ბუნებისმეტყველების ფაკულტეტზე   განაგრძო  სწავლა.  ამ პერიოდში ის ხარბად დაეწაფა ფილოსოფიისა და სოციოლოგიის შესწავლას;  სხვა ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობდა ვოლინსკის წრეში, სადაც იმხანად მუშაობდნენ ზურაბ ავალიშვილი და სულხან ანდრონიკაშვილი. მალე არჩილი საზღვარგარეთ გაემგზავრა. ისმენდა ლექციებს პარიზის, ლონდონის უნივერსიტეტებში. 1900-იან წლებში არჩილი დაბრუნდა სამშობლოში. ამ პერიოდიდან იწყება მისი ნაყოფიერი პუბლიცისტური მოღვაწეობა. 1901 წლიდან იგი ,,ცნობის ფურცლის“ მუდმივი თანამშრომელი და ამ რედაქციის ერთ-ერთი პირველი კოლეგიის წევრი გახდა კიტა აბაშიძესთან, სამსონ ფირცხალავასთან და გიგო რცხილაძესთან ერთად.

არჩილ ჯორჯაძის წინადადებით საფრანგეთში დაარსდა გაზეთი ,, საქართველო“, ,, La Georgia’’, ქართულ, ფრანგულ და რუსულ ენებზე – თავისუფალი ორგანო, გამოდიოდა 1903-1905 წლებში, გაზეთს  რედაქტორობდა არჩილ ჯორჯაძე, უკანასკნელ ნომრებს კი გიორგი დეკანოზიშვილი. თავგანწირულმა მუშაობამ თავისი შედეგიც გამოიღო. მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობა  თანდათან  გაუარესდა, აქ ერთხანს Cohin-ის საავადმყოფოში იწვა, შემდეგ შვეიცარიაში წავიდა, სადაც ექიმ ს. დიასამიძის და როსტომაშვილის დახმარებით ანეტა ბაბესთან დაბინავდა. აი რას სწერდა შვეიცარიიდან კლარანსში სამკურნალოდ წასული არჩოლ ჯორჯაძე ანეტა ბაბეს: ,,… იყო დრო, როდესაც სამშობლო და მამული ჩემთვის ცარიელი სიტყვა იყო, იყო დრო, როდესაც ვითომ ღმერთს ვეძებდი, სინამდვილეში კი უიმედო, უსაგნო და უმიზნო სიცოცხლეს კი ვაჩანჩალებდი. რამდენიმე წელიწადია, ყველა ამას თავი დავაღწიე, ჩემს გულში აღმოვაჩინე ის, რაც ჩემი არ მეგონა, ადამიანი და ხალხი შემიყვარდა, ამ დროიდან, შედარებით, ბედნიერი ვარ. და ეხლა იმ მდგომასრეობაში ვარ ყველაფერი მივცე ამ აზრის განხორციელებისათვის, რომელმაც მე გამაცოცხლა.’’ როგორც უცხოეთში, ისე საქართველოში ცხოვრების დროს არჩილი ყოველთვის მატერიალურ სივიწროვეს განიცდიდა, მაგრამ  გაჭირვებისა და ავადმყოფობის მიუხედავად, სისტემატურად მუშაობდა, არ დარჩენილა არცერთი სფერო- ფილოსოფია,სოციოლოგია, რელიგია, ხელოვნება, რომ არჩილის პუბლიცისტურ შემოქმედებაში არ ასახულიყო. მისი გამოკვლევები საზოგადოებრივი აზრის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართველი ხალხის ცხოვრებაში.

არჩილ ჯორჯაძე აქტიურად მონაწილეობდა  მიხ. გედევანიშვილის თაოსნობით შემდგარ სარედაქციო კომისიის მუშაობაში, რომელმაც მოამზადა და 1914 წ. გამოსცა ი.ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი აკადემიური გამოცემა. თუ რაოდენ დიდმნიშვნელოვანი იყო ეს მოვლენა ქართველი ხალხის კულტურულ ცხოვრებაში და  როგორ აფასებდა მას არჩილ ჯორჯაძე, ნათლად ჩანს მის პირად წერილებში მიხეილ და იოსებ გედევანიშვილებისადმი, აგრეთვე მის ,,მის შენიშვნაში’’, რომელიც დაწერა ამ გამოცემის გამო და რომელიც დაისტამბა მისი გარდაცვალების შემდეგ, 1914 წელს, თხზულებათა  V წიგნში,

სიცოცხლის უკანასკნელი დღეები არჩილმა ბათუმში გაატარა. სიკვდილამდე ორი კვირით ადრე, მეგობრებით გარშემორტყმულმა თავისი ნაწერები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა. გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე, იგი მეგობარს სწერდა: ,, ადამიანის ბედნიერება ღვთიური ვალის ასრულებაშია. ვინც ამ ვალს ასრულებს, იგი უკვდავია და ერთვის მარადისობას, თქვენც ამ ვალს ასრულებთ და მაშასადამე, ვერც უგვანო სინამდვილე გაგიტეხსთ სულს.“   იგი გარდაიცვალა 1913 წლის 21 მარტს, ბათუმში.

ავტორი: ლეილა ნანიტაშვილი