არასდროს დამიმალავს მეც ადამიანი ვარ და მოტივირება ისევე მჭირდება, როგორც ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად იმისა, აცნობიერებს თუ არა ამას…
სხვათაშორის მოტოვორებაცაა და მოტივირებაც… უცნობილესი google სტატიას 1 არასრულ დღეში რომ დაგიინდექსებს განა უდიდესი მოტივატორი არაა?! არის და როგორ ფიქრობთ მოსალოცი ამბავი არაა?!
არის და და თუ ფიქრობთ ყველა სტატიას ვორდპრესიდან ასე სწრაფად აინდექსირებს ცდებით…
ასე რომ, ხშირად გადასარევად ვიცი რას, რატომ და როგორ ვაკეთებ…
ჰოდა, თუ მოსალოცი ამბავია, გაცნობებთ, მოლოცვებს ვიღებ…
რაო, რაო, მაინც ცდებიო?!
მერე რა?!
მით უკეთესი მომავალი სტატიებისთვის…
უკეთესი სტატია არ ვიცი, მაგრამ ახლა რასაც ვწერ დაგეგმილი, რომ არ მქონდა „დასტურ ვჩივი”.
მიზეზი გაინტერესებს?!
ახლავე მოგახსენებ: „მწიგნობარის” გვერდზე ჩემი სტატია 6 ივლისს გამოქვეყნდა, ეს ის დღეა კაცნაკლულმა ბათუმის „დინამომ“ ტოლი რომ არ დაუდო სლოვაკეთის ჩემპიონს და გამარჯვების ფრე მოაგორა ბათუმის „დინამოს! ახალგახსნილ 20 ათასიან სტადიონზე.
სტადიონზე არა, მაგრამ ჩემი სტატია „ამბავი „შვილის მიქირავებისა“ და ილია და ბიბლიოთეკისა”. უკვე 7 ივლისის 12 საათისთვის გაუმაძღარ, მაგრამ ამავე დროს გურმან goole -ს გადაყლაპულ-გადამუშავებული ჰქონდა სტომაქში.
ღმერთმა ხელი მოუმართოს მსგავს საქმეში, თუმცა ერთიც უნდა ვთქვა, არც მე დამიკლია ამაში ხელი…
არ ვიცი goole -ს „ბრალია”, ჩემი ხელის გამოღების თუ „მწიგნობრის” პოპულარობის, მაგრამ უდავო ფაქტია, სტატიამ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ჩემ. მცირერიცხოვან მკითხველებს შორის.
დიდი მადლობა მათ, განსაკუთრებით X Y-ს ბევრი თქვენთვის და a b-ს ჩემთვის… კითხვისთვის, რომელიც „მესინჯერში“ მომწერა და აქვე ღიად ვპასუხობ…
რაშიც არაჩვეულებრივი მონოგრაფია “საბიბლიოთეკო საქმე საქართველოში” დამეხმარა.(ლორია, ალექსანდრე, გურგენიძე, ნოდარ, 1974 თბილისი : მეცნიერება)
წინასწარ შევნიშნავ, კითხის აქ გადმოტანას არ ვაპირებ, თავად მონოგრაფიიდან ამონარიდში ჩანს კითხვაც და პასუხიც.
“თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა სრულებითაც ვერ ამართლებდა თავის სახელს — „საჯაროს“. იგი მხოლოდ რჩეულთათვის თუ გამოიყენებოდა და ძალიან შორს იდგა მასობრივი მკითხველის მომსახურების ამოცანებისაგან. ამ მხრივ თბილისი როგორც 40-იან, ისე 50-იან წლებშიც დიდ ნაკლებობას განიცდიდა. მწიგნობარ ხალხს, მასას ძირითადად ისევ სასწავლო ბიბლიოთეკები და რამდენიმე საუწყებო ბიბლიოთეკა თუ უწევდა უსუსურ მომსახურებას, რასაც არავითარი სისტემა და ორგანიზებულობა არ გააჩნდა.”
აი, ასეთი ამბავი ყოფილა… მეცხრამეტე საუკუნის 40-იან, ისე 50-იან წლებში და ხომ არ დაგავიწყდათ სტატიაში რომელ წელზე ვსაუბრობდი?!
დიახ, კალენდარზე 1873 14 მარტი იყო… და გგონია ამ დროისთვის რამე სასიკეთოდ შეიცვალა, არამც და არამც… აბა ავტორებს კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ “… ასე რომ 90-იან წლებამდეც თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა კვლავ ვერ ასრულებდა იმ როლს, რაც მას დაკისრებული ჰქონდა., თუმცა „… 70-იანი წლების დამდეგს დაემთხვა თბილისში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და წარმატებული ბიბლიოთეკის დაარსება, როგორიცაა ი. ივანოვის „სამწიგნობრო და საკითხავი ოთახი“; თავიდანვე დიდი სიხარულით მიიღო იგი ქართველმა საზოგადოებამ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ყველასათვის მისაწვდომს წარმოადგენდა, საკმაოდ გააჩნდა ქართული წიგნები და მუშაობაც აქ იმ დროისათვის შესაფერისად კარგად იყო დაყენებული. ბიბლიოთეკა რომ საკმაო ყურადღებით სარგებლობდა, ამაზე ისიც მიგვანიშნებს, რომ დაარსებისთანავე მას 960 ხელისმომწერი ჰყავდა რაც სარეკორდოდ შეიძლება მიჩნეულიყო მაშინ… ბიბლიოთეკას მრავალი მომხმარებელი ჰყავდა — ინტელიგენტები და ხელოსნები, მოხელეები და მოსწავლე ახალგაზრდობა, სხვათაშორის, ქალებიც, რაც იშვიათ მოვლენას წარმოადგენდა.
ბიბლიოთეკა მოხერხებულ ადგილას იყო განლაგებული — ფოსტის ქუჩაზე, სემინარიის პირდაპირ, ზუბალაშვილების სახლში, ამასთან მეტად ხელსაყრელი იყო მისი სამუშაო საათებიც — დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე. მიუხედავად იმისა, რომ სარგებლობა ფასიანი იყო, მკითხველი მას არასოდეს დაჰკლებია.
ბიბლიოთეკით სარგებლობა თვეში ათი შაური ღირდა, ერთხელ წიგნის წაღება შაური, სამკითხველოში შესვლა და წიგნების იქ კითხვა — შაური, ხოლო მთელი თვით კაბინეტით სარგებლობა — ათი შაური.
როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, და ამას მისი სახელწოდებაც გვიმოწმებს, ეს წიგნთსაცავი უმეტესად საკითხავ კაბინეტს წარმოადგენდა და ძირითადად დარბაზული მუშაობით იყო დაკავებული, მაგრამ რამდენადაც წიგნების სახლში წაღებაც ხდებოდა, იგი არაფრით არ განსხვავდებოდა ჩვეულებრივი პატარა ბიბლიოთეკისაგან. აღსანიშნავია, რომ 70-იან წლებში ჯერ კიდევ არ იყო საბოლოოდ ჩამოყალიბებული საბიბლიოთეკო ტიპები და სახეები, მათი სახელწოდებანი უმეტესად პირობითად გამოიყენებოდა, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც მას არა ბიბლიოთეკად, არამედ საკითხავ კაბინეტად იხსენიებენ ძველ წყაროებში“.
ასე რომ, ილიამ ზუსტად იცოდა სად უფრო მარტივი იყო წიგნების მოძიება და მისთვის გაგზავნა…
ამ ამბავსაც მოვრჩით…
ახალი ამბავი უფეო იოსებ შალიკაშვილზეა ვიდრე ილიასა და ბიბლიოთეკაზე, მაგრამ… აქ, ბურთიც ჩემია და მოედანიც…
ბურთსაც მე ვირჩევ და კარსაც!
კალენდარზე, სავარაუდოდ ჯერ ისევ 1880 წელია (სავარაუდოდ, 1880 წლის 8 აგვისტოს არ გადაცილებული)
„მატიანეში“ ბიბლიოთეკა მეორედ გხვდება და ისე როგორ იქნება, არ ვახსენო.
ვახსენებ და წყაროსას „მატიანედან“ მოვიხმობ, მაგრამ მანამდე ერთი საინტერესო პიროვნება უნდა გაგაცნო/გაგახსენო და ეს კაცი იოსებ შალიკაშვილია.
ოჰ,ოჰ და კიდევ ოჰ! – რა კაცია… წარმოუდგენლად „მაგარი“, 1847 წელს გურჯაანში დაბადებული და 1903 თუ 1904-ში გარდაცვლილი და ანდერძის თანახმად მშობლიურ გურჯაანში მის მიერვე აღდგენილ ეკლესიაში დაკრძალული… თუმცა, განა, დაბადება-გარდაცვალებაა ადამიანის ცხოვრების თუნდაც მცირე მატიანე?! არა… რამეთუ დარწმუნებული ვარ არ არსებობს ადამიანი რომელზეც თუნდაც ერთი წიგნი არ დაიწერება, აი, ბატონ იოსებზე ბევრი წიგნის დაწერა შესაძლებელი, მჯერა და მაინც, ბიოგრაფიისთვის ეროვნული ბიბლიოთეკის არაჩვეულებრივი ბიოგრაფიული ლექსიკონით ვისარგებლებ.
„.. სწავლობდა პეტერბურგის კადეტთა კორპუსში, მამის გარდაცვალების გამო, 18 წლის ასაკში იძულებული გახდა საქართველოში დაბრუნებულიყო და აქ გაეგრძელებინა სამხედრო სამსახური. მიუხედავად ამისა, მაინც მოახერხა დაემთავრებინა ქ. ოდესის რიშელიეს სახელობის ლიცეუმი.
მოგვიანებით სამხედრო სამსახურს თავი დაანება და საზოგადოებრივ საქმიანობაზე გადაერთო. 1895 წელს იოსებ შალიკაშვილი არჩეულ იქნა სიღნაღის მაზრის თავად–აზნაურთა წინამძღოლად. იგი გამოირჩეოდა კეთილსინდისიერებით, სამართლიანობითა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით. 1901 წელს, როდესაც საქართველოს თავად–აზნაურობა ემზადებოდა საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლისთავის აღსანიშნავად, იოსებ შალიკაშვილი თავად–აზნაურთა სადეპუტატო კრებაზე გამოსულა სიტყვით, სადაც ის ქართველ ხალხს მოუწოდებდა, რომ საჭიროა ასეთ ზეიმებზე უარის თქმა, საჭიროა სერიოზული დაფიქრება და პრინციპული მიდგომა ამ საკითხისადმი, ასეთი თამამი აზრის გამოთქმა იმ დროს სამოქალაქო გმირობის ტოლფასი იყო..“
ბიბლიოგრაფიულ ლექსიკონში იოსებ შალიკაშვილის ბიოგრაფია აქ არ მთავრდება.
არც მე ვამთავრებ.
უბრალოდ, ვერ ვითმენ და ზემოთ აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ილიას აზრი არ გავიხსენო და გამცნო შენც…
კალენდარზე 1898 წლის 25 აპრილია „თბილისის გამგეობის შენობაში ესწრება თათბირს საქართველოს რუსეთთან შეერთების ასი წლის საიუბილეოდ თბილისის ისტორიის დასაწერად კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. როგორც ზაქარია ჭიჭინაძის ჩანაწერებიდან ჩანს, იგი უარს ამბობს ამ თარიღის აღნიშვნაში მონაწილეობის მიღებაზე, რადგან ეს დღე მიაჩნია საქართველოს სიკვდილის დღედ.“
მეტად შთამბეჭდავი განცხადებაა, კი ვიცი შენ. რომ მენდობი, მაგრამ.. წყარო მაინც უნდა მოიხმოს კაცმა, მიტ უფრო თუ მეტად მნიშვნელოვან დამატებით ინფორმაციასაც გვაწვდის:
„დათარიღება: კრება თბილისის გამგეობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძესთან ერთად ესწრებოდა ზაქარია ჭიჭინაძის ჩანაწერში მოხსენიებული ვლადიმერ მიქელაძე, ჩატარდა 1898 წლის 25 აპრილს. ამ დროს ჯერ კიდევ გრძელდებოდა მზადება ილიას საზოგადოებრივი მოღვაწეობის 40 წლის იუბილეს აღსანიშნად. როგორც ჩანს, ილიამ სწორედ ამ დროს გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთთან შეერთების საზეიმო აღნიშვნასთან დაკავშირებით, რადგან ზაქარია ჭიჭინაძის ჩანაწერის მიხედვით იგი სამჯერ ახსენებს მისი მოღვაწეობიდან გასულ ორმოც წელს. გასაკვირი არ არის, რომ სწორედ რუსეთთან შეერთების იუბილეს აღნიშვნასთან დაკავშირებით მის მიერ გამოთქმულ ამ უარყოფით აზრს გადაეწყვიტა საბოლოოდ მთავრობის მიერ მისი იუბილეს ჩატარების აკრძალვაც.“
აკრძალვისა აბა რა გითხრათ, მაგრამ შეწყვეტილ ბიოგრაფიას რომ უნდა დავუბრუნდე დროა.
ვუბრუნდები და ბოლო გრძელ თანწყობი წინანდადება შენთნ ერთად ღმამაღლა ვკითხულობ: „იოსებ შალიკაშვილს დიდი წვლილი მიუძღოდა ქართული საადგილმამულო ბანკის დაარსებასა და კახეთის რკინიგზის გაყვანაში. დიმიტრი შალიკაშვილის მამა, ჯონ (მალხაზ) და ოთარ შალიკაშვილების პაპა.“
ღირსეული პაპს ღირსეულ შვილებზეც არ გვაწყენდა საუბარი, მაგრამ ის შორს მოგვიწევს წასვლა, ვეჭვობ უკან დროულად დავბრუნდეთ…
სულ სხვაგან დაბრუნების დროა.
მაშ ასე, „კალენდარზე 1880 8 აგვისტომდეა“ და „ილია და იოსებ შალიკაშვილი „ქშწ-კგ საზოგადოების ბიბლიოთეკას გადასცემენ ხელნაწერ წიგნებს: „ვისრამიანს“, „ქილილა და დამანას“, „სიბრძნე სიცრუისა“ და სხვ.“.
არ გიფიქრიათ რამდენ საინტერესო ფაქტსა და მოვლენას სქელ და გაუმჭვირლე ფარდას ჩამოაფარებს ეს პატარა, ლამის ყოველთვის დაუსრებელი „სხვ“?!
ბევრს!
და ვიდრე თქვენ გურამ დოჩანაშვილის ცნობილი პერსონაჟის ცნობილ დაახლოებით მსგავს ამბავს იხსენებ, მე, ბიბლიოთეკარი გიო, შევეცდები ამ „სხვ“-ს მეტნაკლებად ნათელი მოვფინო.
რაშიც დაგვეხმარება ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი „დროება ( 1880, 8 აგვისტოს, № 166 ), რომლის მე-3 გვერდზე შავი შავით თეთრზე, უფრო ყვითელზე წერია: „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სეკრეტრი ი. მ. მეუნარგია გვთხოვს დავბეჭდოთ გაზეთში შემდეგი სია ქართულ ხელნაწერ წიგნთა, რომლებიც შემოუწირავთ საზოგადოების ბიბლიოთეკისთვის თ. თ. ი. გ. ჭავჭავაძეს და ი. ი. შალიკოვს.
„ზედ-დადგინებანი მეტაფისკაისანი“.
„შემოკლებითი ჶისიკა“ თეორეთიკებრი.
„ლოღიკა“.
„მეტოლოღია, ანუ ძველი ზღაპარ-სიტყვაობა“. ანბანთ წყობით არის შედგენილი, მის შემდეგ ამოხეულია.
„ღეოღრაფია“.
„მოცემისაებრ და სარწმუნოებისა წმიდისა კათოლიკე ეკკლესიისა“, კლემენტოსისა, ამავე წიგნში „მარტივთქმა“ იოანე ოქროპირისა.
„საუნჯე“. კირილოს ალექსანდრიის ეპისკოპოსისა, გადაწერილი 1811 წ.
„სიტყვანი ფსალმუნთანი, შემოკლებით თარგმანთაგან გამოკრებულნი მრავალთა წიგნთაგან“. სრულ იქმნა წელსა 1815 თვესა ნოემბერსა 18.
„წინა-ბჭე სიტყვისა“, თხრობა დიდისა დიონისისთვის და წიგნთა მათთვის მის მიერ აღწერილთა.
„დოღმატიკა“, იოსტოსი ანდრონიკოვის ბრძანებით აღწერილი დიმიტრისაგან 1802 წ.
„განმარტება (იოანეს გამოცხადებისა“, ანდრია კაპადოკიის მთავარეპისკოპოსისა.
„სამეფო ტომარი“,
„სიბრძნე სიცრუე“, გადაწერილი 1811 წ. დუშეთს, პავლე დავითიშვილის მოზდოკელისგან. ამავე წიგნში. ანდაზები, სენტენციები და კითხვა-მიგება.
„ვის-რამიანი“.
„ქილილა და მანა“.
„სხვა-და-სხვა ამბების, არაკების და ლექსთა კრება“.
საინტერესო სია!!!
კითხულობ და ფიქრობ…
ფიქრობ და ისევ კითხულობ…
კითხულობ: რაებს თარგმნიდნენ და წერდნენ?! და გიკვირს: ხელით წერდნენ განა ბეჭდავდნენ ან კრეფდნენ?!
კალენდარზე კი ამასობაში, 1880 4 ნოემბერია.
ღირშესანიშნავი თარიღია არა მხოლოდ „ილია და ბიბლიოთეკისთვის“.
ჯერ ფაქტი თუ მოვლენა, რომ იტყვიან დავაფიქსიროთ და მხოლოდ შემდეგ გადავფურცლოთ გაზ. „დროების“, 1880 წ., 7 ნოემბრის . № 235, გვ. 3.
ავტორი: გიორგი კილაძე