დიმიტრი არაყიშვილი -150

წელს ქართველი კლასიკოსი კომპოზიტორის, საქართველოში მუსიკალური ფოლკლორისტიკის ფუძემდებლის, აკადემიკოს დიმიტრი არაყიშვილის დაბადებიდან 150, ხოლო გარდაცვალებიდან 70 წელი შესრულდა.

უფროსი თაობის სხვა ქართველ კომპოზიტორებთან, მელიტონ ბალანჩივაძესთან, ზაქარია ფალიაშვილთან, ნიკო სულხანიშილთან და  ვიქტორ დოლიძესთან ერთად, დიმიტრი არაყიშვილი  სამართლიანად არის აღიარებული ეროვნული, პროფესიული მუსიკალური სკოლის ფუძემდებლად. ქართულ მუსიკაში არ არსებობს ჟანრი, სადაც კომპოზიტორმა კვალი არ დატოვა.

მომავალი კომპოზიტორის პაპა, თედო, პეტრე ბაგრატიონის ძმის ყმა იყო. ერთ-ერთი ბრძოლის დროს თედო ტყვედ ჩავარდა. ბოლოს კი მოზდოკში დასახლდა და იქვე დაოჯახდა. ასე აღმოჩნდნენ დიმიტრი არაყიშვილის წინაპრები სამშობლოსგან მოშორებით. დიმიტრი არაყიშვილის მამაც იქვე აღიზარდა, მაგრამ დაოჯახების შემდეგ ვლადიკავკაზში დასახლდა. 1873 წლის 23 თებერვალს,  ვლადიკავკაზშივე  დაიბადა დიმიტრი. მის მშობლებს ხუთი შვილი ჰყავდათ და ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. დიმიტრიმ ადრეული ასაკიდან, 13 წლიდან დაიწყო მუშაობა. ოთხკლასიან სასწავლებელში სწავლის პარალელურად, საეკლესიო გუნდშიც მღეროდა. ბავშვობის შთაბეჭდილებებმა, დედისგან გაგონილმა ქართულმა ზღაპრებმა და ლეგენდებმა, მამის მიერ შესრულებულმა ქალაქურმა სიმღერებმა და ვეფხისტყაოსნის სტრიქონებზე ნამღერმა ჰანგებმა, განსაკუთრებული კვალი დატოვა, სამშობლოდან მოწყვეტილი ყმაწვილის მეხსიერებაში. სიჭაბუკის წლებში უფროს ძმასთან ერთად სამუშაოს ძებნისას, დიმიტრი არაყიშვილი  განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა სხვადასხვა ხალხის ზნე-ჩვეულებებისა და მუსიკის მიმართ. ხალხური სიმღერების ნოტირების ადრეულ ცდებს განეკუთვნება  მშობლებისა და ახლობლებისგან 1896-1897 წლებში მის მიერ ჩაწერილი ქართული, ყულმუხური, ჩეჩნური სიმღერები, აფხაზური კილოს ნიმუშები, ერთ-ერთი მწყემსისგან ჩაწერილი რუსული საკრავის ჰანგები. ქართული მუსიკისადმი სიყვარული მას კიდევ უფრო გაუღვივა ლადო აღნიაშვილის მიერ ჩამოყალიბებულმა ქართულმა გუნდმა, რომელსაც ჩეხი მუსიკოსი იოსებ რატილი ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდს განეკუთვნება მისი პირველი ნაწარმოებები: რომანსი „ჩემო მკვლელო ვიცი, ვიცი“ (ლექსი ილია ჭავავაძის) და ქართული ცეკვა ფორტეპიანოსათვის. 1894-1901 წლებში დიმიტრი არაყიშვილი სწავლობდა მოსკოვის ფილარმონიული საზოგადოების სამუსიკო დრამატულ სასწავლებელში. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა გამოჩენილ რუს მუსიკოსებთან და მეცნიერებთან,  რუსეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებთან. ასევე ურთიერთობდა  მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებულ ბუნებისმეტყველების, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მოყვარულ საზოგადოებასთან. მათი დავალებით, 1901-1908 წლებში ოთხი სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და 500-ზე მეტი ხალხური ნიმუში შეკრიბა. ფონოგრამის ლილვაკებზე ნიმუშების ჩაწერის შემდეგ არაყიშვილს მასალა ნოტებზე გადაჰქონდა. ჩატარებული საექსპედიციო მუშაობის ანგარიშით, არაყიშვილი წარსდგა მოსკოვის უნივერსიტეტის მუსიკალურ-ეთნოგრაფიული კომისიის წინაშე, რის შემდეგაც იგი არჩეულ იქნა ამ კომისიის ნამდვილ წევრად. ექსპედიციებისთ~ვის საჭირო თანხა ცნობილმა ქართველმა მრეწველმა, მეცენატმა და საზოგადო მოღვაწემ, დავით სარაჯიშვილმა გაიღო, რომელიც შემდგომშიც ბევრჯერ დაეხმარა მეცნიერს სხვადასხვა ჩანაფიქრის განხორციელებაში. ექსპედიციებში მოპოვებულ მასალებზე  დაყრდნობით, ვრცელი გამოკვლევებით და კომენტარებით, არაყიშვილმა სამი დიდი კრებული გამოსცა. ამ ნაშრომებმა საქვეყნოდ წარმოაჩინა ქართული ხალხური მუსიკის თვითმყოფადობა.

მართალია, საქართველოში XIX საუკუნის 70-80-იანი წლებიდან უკვე გამოცემული იყო ხალხური სიმღერისა და საგალობლების პირველი კრებულები, მაგრამ არაყიშვილმა ეს საქმე მაღალ პროფესიულ საფეხურზე აიყვანა. მან მოსკოვში 1905 წელს გამოსცა კრებული, რომელშიც შესული იყო იოანე ოქროპირის ლიტურგიის საგალობლები და ნაშრომი ქართული ხალხური მუსიკის შესახებ. ფასდაუდებელია არაყიშვილის ღვაწლი ქართული და საქართველოში გავრცელებული საკრავებისა და საკრავიანი მუსიკის შესწავლის საქმეში. იგი პირველი მკვლევარია, რომელმაც საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები თანამემამულეების, კერძოდ კი რუსეთში, ყიზლარსა და მოზდოკში მიგრირებული ქართველების ფოლკლორი შეკრიბა. ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედება, აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა სიმღერა, დასავლეთ საქართველოს იმერეთის ხალხური სიმღერა, ქართული მუსიკის მოკლე ისტორიული მიმოხილვა, აღმოსავლეთ საქართველოს ხალხური სიმღერების მიმოხილვა,  ქართლ-კახური სიმღერების განვითარების მოკლე ნარკვევი, ქართული ეროვნული ერთხმოვანი სიმღერები, ქართული ხალხური სამუსიკო საკრავების აღწერა-გაზომვა, რაჭული, სვანური ხალხური სიმღერები, დასავლეთ საქართველოს ხალხურ სიმღერათა კილოს წყობა, ასეთია არაყიშვილის ფოლკლორისტული ნაშრომების არასრული სია. არაყიშვილის სტატიები სხვადასხვა წლებში იბეჭდებოდა ევროპაში, კერძოდ გერმანიის ჟურნალ-გაზეთებში.1953 წლის თებერვალში,  საქართველოში ფართოდ აღინიშნა დიმიტრი არაყიშვილის დაბადებიდან 80 წლისთავი. მან მიიღო უამრავი მისალოცი დეპეშა საქართველოს ყველა კუთხიდან,  საზღვარგარეთიდან, იმდროინდელი საბჭოთა კავშირიდან. საიუბილეო თარიღის შემდეგ კომპოზიტორი სულ უფრო ცუდად გრძნობდა თავს. „ყოველ დღე სიკვდილზე ვფიქრობ და ველი მას. დიდხანს ვეღარ გავაწევ“ – წერდა იგი თავის მეგობარს სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე . და, ასეც მოხდა.

1918 წელს, დიმიტრი არაყიშვილი საქართველოში გადმოსახლდა და მთავარ ამოცანად პროფესიონალ მუსიკოსთა კადრების მომზადება დაისახა. 3 წლის შემდეგ, თბილისში დააარსა მეორე კონსერვატორია (პირველი 1917 წელს იყო დაარსებული), რომელთანაც ჩამოყალიბდა საგუნდო კლასი, სიმებიანი კვარტეტი, საოპერო სტუდია. აქ პირველად შემოიღეს , ქართული მუსიკალური ფოლკლორისტიკის კურსი. 1923 წელს, ორივე კონსერვატორია გაერთიანდა და 1926 წლიდან დიმიტრი არაყიშვილი გახდა თბილისის კონსერვატორიის რექტორი. იგი სხვადასხვა დროს იყო კათედრის გამგე, საკომპოზიციო ფაკულტეტის დეკანი. 1932 წელს სათავეში ჩაუდგა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს.  ამ პერიოდში დიმიტრი არაყიშვილმა შექმნა: სიმფონიები, რომანსები, კანტატა, კომიკური ოპერა „დინარა“, ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე“, მუსიკა კ/ფ-თვის „ჯურხაის ფარი“, რისთვისაც დაჯილდოვდა სსრკ-ს სახელმწიფო პრემიით.  1945 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტთან შეიქმნა მუსიკალური ფოლკლორისტიკის განყოფილება, რომლის ხელმძღვანელადაც დიმიტრი არაყიშვილი დაინიშნა. 1950 წლიდან იგი მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი გახდა. ღრმად მოხუცებული დიმიტრი არაყიშვილი განაგრძობდა აქტიურ მუშაობას, როგორც შემოქმედი და როგორც მკვლევარი. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1952 წელს, იგი ესტუმრა აჭარას; მოიარა მთიანი აჭარა, ქედის და ხულოს რაიონები. დაესწრო კონცერტებს, ოჯახებში იწერდა სიმღერებს. არაყიშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობა მოიცავს ქართულ ენაზე გამოცემულ შრომებს, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილ წერილებს. მის მიერ ლილვაკებზე ჩაწერილი მასალის დიდი ნაწილი ჯერჯერობით დაკარგულად ითვლება. თბილისში, თეატრის, მუსიკის და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში აღმოჩნდა არაყიშვილის მიერ 1923 წელს ლილვაკებზე ჩაწერილი 35 ოსური სიმღერა, რომელიც 2006 წელს გამოიცა კიდეც. აქვე ინახება კომპოზიტორის ხელნაწერებიც. არ არის გამორიცხული კიდევ რაიმე შეემატოს  დიმიტრი არაყიშვილის ფოლკლორისტული მემკვიდრეობის ვრცელ ნუსხას.

დიმიტრი არაყიშვილი გარდაიცვალა 1953 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. დიმიტრი არაყიშვილი სამართლიანად არის აღიარებული ქართველ კლასიკოს კომპოზიტორად, მაგრამ რაც მთავარია, ის იყო დიდი პატრიოტი, რომლის თითოეული ნაშრომი, საქართველოს უსაზღვრო სიყვარულით არის გაჟღენთილა.

მასალა მოამზადა: სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილებამ.

რეზო ლაღიძე – 100

წელს, ქართველი კომპოზიტორის, სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატის, ქართული სიმღერის კლასიკოსის, რევაზ ლაღიძის საიუბილეო წელია. მას 10 ივლისს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. რეზო ლაღიძე დაიბადა და ბავშვობა გაატარა, ბაღდათის რაიონის სოფ. ობჩაში. მუსიკის სიყვარული ოჯახს ტრადიციულად მოსდგამდა. დედა – ლუბა ჯაფარიძე, ხალხური სიმღერების დიდი მოტრფიალე ყოფილა. ბიძა, ვასო გოგაძე კი არაჩვეულებრივად უკრავდა სხვადასხვა ინსტრუმენტზე. სწორედ მან აჩუქა პატარა რეზოს საკუთარი ვიოლინო.

ობჩაში, სკოლის ეზოში ბურთის თამაშის დროს, მომავალ კომპოზიტორს, რეპროდუქტორიდან შემოესმა, ზაქარია ფალიაშვილის „დაისის“ უვერტიურის ჰანგები. დაუვიწყარი იყო ეს მომენტი მის ცხოვრებაში. აქედან დაიწყო მისთვის მუსიკის შეგრძნება და აღქმა.

1941 წელს რევაზ ლაღიძემ დაამთავრა თბილისის IV სამუსიკო სასწავლებელი ვიოლინოს განხრით და ჩაირიცხა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ანდრია ბალანჩივაძის კლასში. ნაყოფიერი გამოდგა სტუდენტური წლები რევაზ ლაღიძისთვის. იგი უკრავდა სხვადასვა სიმფონიურ ორკესტრებში, ქმნიდა მუსიკალურ ნაწარმოებებს, იყო პეტრე  ჩაიკოვსკის სახელობის სტიპენდიანტი.

რევაზ ლაღიძეს ძალიან უყვარდა თავისი ქვეყანა. მოვლილი ჰქონდა საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული, იყო ბუნების მოტრფიალე, ცნობილი მონადირე, უყვარდა თევზაობა,  იცოდა თითქმის ყველა კუთხის სიმღერა. სწორედ ხალხური ჰანგების გამოყენებით, შექმნა კომპოზიცია „საჭიდაო“, რომელსაც მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. რევაზ ლაღიძის მემკვიდრეობა, მისი უკვდავი სიმღერებია. იგი ჩვენი დედაქალაქის მუსიკალური სავიზიტო ბარათია.  რევაზ ლაღიძეს შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სიმღერა კინოფილმებისთვის: „საბუდარელი ჭაბუკი”, ,,ნინო”, „ხევისბერი გოჩა“, „ხევსურული ბალადა“ და სხვა. ეროვნული    ბიბლიოთეკის, მუსიკალური არქივი ინახავს რევაზ ლაღიძის მდიდარ შემოქმედებას.

რევაზ ლაღიძე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა მუსიკის კათედრას, ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. აქვე მიენიჭა პროფესორის წოდება. იყო ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის და სსრ კავშირის დამსახურებული პრემიის ლაურეატი. იგი სიცოცხლეშივე მოესწრო დიდ აღიარებას არამარტო სამშობლოში, არამედ საზღვარგარედაც. კოლეგებმა კი რევაზ ლაღიძე აღიარეს ქართული სიმღერის კლასიკოსად.
რევაზ ლაღიძე გარდაიცვალა 1981 წელს და დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

რევაზ ლაღიძის ნაწარმოებები ეროვნული ბიბლიოთეკის სანოტო და აუდიო გამოცემების ფონდში იხ. ბმულზე

რევაზ ლაღიძე ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ფოტოკოლექციაში იხ, ბმულზე

მასალა მოამზადა: სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილებამ.

ალბრეხტ დიურერი-ქსილიგრაფიის დიდოსტატი

ქსილიგრაფიის დიდოსტატად აღიარებულმა, დასავლეთ ევროპული რენესანსის ცნობილმა მხატვარმა ალბრეხტ დიურერ უმცროსმა (1471-1528) გრავიურების ბეჭდვა რეალური ხელოვნების დონეზე აიყვანა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროპული ილუსტრირებული წიგნის ბეჭდვის ისტორიაში. 47024045_1608301389270323_7123287897041534976_nალბრეხტ დიურერი დაიბადა ნიურნბერგში 1471 წლის 21 მაისს იუველირის ოჯახში. მამამისი, ალბრეხტ დიურერ უფროსი, წარმოშობით უნგრეთის პატარა სოფელ – აიტოშიდან გახლდათ. ქსილოგრაფიული ხელოვნება და წიგნის მხატვრული გაფორმება ალბრეხტმა ახალგაზრდობიდანვეშეითვისა. ცნობილი ნიურნბერგელი მესტამბე ანტონ კოპერგერი მისი ნათლია გახლდათ. ნიჭიერი ყმაწვილი სწორად მის სახელოსნოში დაეუფლა გრავირების ტექნიკას.
1486 წლის 30 ნოემბერს, მამამ კონტრაქტის საფუძველზე სასწავლებლად სამი წლით მიაბარა მიხაელ ვოლგემუტს (1434-1519). მეთხუთმეტე საუკუნის 80-იან წლებში მას მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ნიურნბერგის მხატვრებს შორის. ვოლგემუტი გახლდათ ქალაქში ყველაზე დიდი სახელოსნოს მფლობელი, რომელიც ასრულებდა უამრავ შეკვეთას, როგორც ნიურნბერგის, ისე მოსაზღვრე ქალაქებისათვის. ყმაწვილი დიურერი სახელოსნოში დაეუფლა არა მხოლოდ ფერწერას, არამედ, ხეზე გრავირების ხელოვნებასაც. იგი მონაწილეობდა ილუსტრაციების ბეჭდვაში, რომლითაც გააფორმეს 1493 წელს გამოცემული „ქრონიკები“. დიურერმა მოამზადა მრავალი წიგნის ილუსტრაცია, მათ შორის იყო ცნობილი ჰუმანისტის, სებასტიან ბრანტის პოემა „ბრიყვთა გემი“, რომლის პირველი გამოცემა 1494 წელს დაიბეჭდა. ამ წიგნის 75 გრავიურა დიურერს ეკუთვნის.
1490-იან წლებში დიურერმა დაბეჭდა მთელი რიგი შესანიშნავი ქსილოგრავიურები. ნიდერლანდებიდან მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდეგ, 1495 წელს, მხატვარმა გახსნა საკუთარი სახელოსნო, დაიწყო ილუსტრაციების დამზადება სპილენძზე გრავირების მეთოდით და მომდევნო ათი წლის განმავლობაში შექმნა გრავიურების მნიშვნელოვანი ნაწილი. 47298287_1608301399270322_3948348493021577216_n1498 წელს კობერგერმა გამოაქვეყნა „აპოკალიპსი“ ანუ „იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება“. ასეთი წიგნი პირველი იყო პოლიგრაფიის ისტორიაში. ერთი შეხედვით, ის მოიცავდა სტამბური გრავიურების სერიას. სერიულ გამოცემად კი მას აქცევდა საერთო სატიტულე ფურცელი და უკანა მხარეს განთავსებული ტექსტი. „აპოკალიფსი“ გამოვიდა ორ გამოცემად – გერმანულ და ლათინურ ენებზე. 1511 წელს, კი იგი თავიდან დაიბეჭდა. ამ წიგნის ილუსტრირებისათვის დიურერმა შეასრულა თხუთმეტი მთლიანფურცლიანი ქსილოგრაფია. მისი ქმნილებებიდან ყველაზემნიშვნელოვან ნამუშევრად სწორედ „აპოკალიპსი“ ითვლება, რომელმაც მას საქვეყნო აღიარება მოუტანა. სერია ბოლოს ჟამის ესქატოლოგიური განცდების განსახიერებაა, რომელიც წარმატებით აერთიანებს გვიანი გოთიკურ მხატვრული ენისა და იტალიური რენესანსის სტილის. მისი პირველი ასლები გაჩნდა ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნეში: 1502 წელს მთელი სერია მონოგრამების გარეშე გამოვიდა აუგსბურგში. მოგვიანებით მათი რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. დიურერის ნამუშევრების გავლენით, ბევრმა გერმანელმა ოსტატმა მიმართა ქსილოგრაფიის ტექნიკას.
კობერგერის სტამბაში 1500 წელს დაიბეჭდა „წმინდა ბრიგიტის ვნებანი“, რომლისთვისაც დიურერმა ოცდაათი გრავიურა შექმნა. მათი ნაწილი მთლიანფურცლიანი ცალკეული გრავიურა გახლდათ, დანარჩენი კი ტექსტში ორგანულად იყო ჩართული. მან დაამზადა გრავიურები კონრად ცელტისისა და ჰროსვით განდერსჰაიმელის ლექსებისა და კომედიების კრებულებისათვის, რომელიც 1501 წელს გამოიცა. მისივე „სიყვარულის ოთხი წიგნი“ გამოქვეყნდა 1502 წელს.
1507-1512 წლებში დიურერი ქმნიდა გასაყიდად განკუთვნილ მრავალრიცხოვან შეკვეთებს, მათ შორის მთელ რიგ რელიგიური თემატიკის სერიულ გრავიურებს – „წმინდა მარიამის ცხოვრება“, „დიდი გატაცება“, „მცირე ვნებანი“ და სხვა. 1515-1518 წლების განმავლობაში, მხატვარი მუშაობდა იმ დროისათვის ახალ ტექნიკაზე – ოფორტზე. მაშინ, ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი მჟავა, რომელიც სპილენძის დასამუშავებლად გამოდგებოდა. ამის გამო, დიურერი საგრავიუროდ რკინის ფირფიტებს იყენებდა. ცოტა უფრო ადრე, 1512 წელს, მან „მშრალი ნემსის“ ტექნიკით შეასრულა სამი ნამუშევარი, მაგრამ შემდგომში ამ მეთოდისათვის.

წიგნის მუზეუმი/ იშვიათ გამოცემათა განყოფილება/ წიგნმცოდნეობის კაბინეტი

 

 

თამარ ცბიერი

ტფილისის ოპერის და ბალეტის

სახელმწიფო აკადემიური თეატრი

ლიბრეტო

პოეტ აკაკი წერეთლის დრამის მიხედვით

მუსიკა მელიტონ ბალანჩივაძისა

ტექსტი ლ. გავაშვილი

 

მოქმედნი პირნი:

იმერეთის მეფე გიორგი გურიელი– ბასი

დედოფალი თამარი, მისი ცოლი- მეცცო სოპრანო

ცირა, დედოფალთან დაახლოებული- სოპრანო

ნიკო, ახალგაზრდა გურული, ცირას საქმრო- ტენორი

გოჩა, პოეტი- ბარიტონი

ვეზირი ნაკაშიძე- ბასი

სასახლის მასხარა- ტენორი

 ხალხი გურიიდან, იმერეთიდან, ქართლიდან და კახეთიდან.

მოქმედება სწარმოებს მე-7-ე საუკუნეში დასავლეთ საქართველოში-იმერეთში.

 

მოქმედება პირველი

31914154_10156468873869470_92875412190789632_n

მეფის სასახლისაგან ცოტა მოშორებით არსებულ მოედანს ემჩნევა გამოცოცხლება.

ბურთაობაა დედოფალ თამარის გასართობად. შეჯიბრება მობურთალთა შორის.

სცენაზე მიმავალი ორი მოთამაშე უამბობენ ერთმანეთს, რომ შეჯიბრება სწარმოებს გურულებს და იმერლებს შორის, პირველნი  გიორგი გურიელის ფალავანდები არიან, მეორენი კი –  დედოფალ თამარისა. ეს აძლევს დიდ აზარტს თამაშობას და იწვევს მხურვალე შეჯიბრებას.

მეფის მასხარა დაცინვით შეჰყურებს დედოფლის გასართობს და ადარებს მას ბურთს, რომელიც ადვილად გადადის ხელიდან ხელში: მასხარა დიდი ხანია თვალ-ყურს ადევნებს დედოფალს და იცის, რომ მისი ცხოვრება მიმდინარეობს ვნებათა სწრაფვაში, თვით მდგომარეობა დედოფლისა კი უადვილებს მას მისდიოს განცხრომას. ის არ უფიქრდება მსხვერპლს მისი განცხრომით გამოწვეულს. მეფე მან გადააქცია უზნეო სათამაშო დედოფლად. ის იჩენს უმოქმედობას: იმ დროს, როდესაც იღვრება მშობლიური სისხლი, დედოფალი კი რყვნის ხელისუფლებას – მასთან დაახლოებულ პირთა ხშირი გამოცვლით.

მწარე სინამდვილე არწმუნებს მასხარას, რომ ახსნა მხოლოდ პოეტ გოჩას შეუძლია, რომელიც დედოფალს ძლიერ უყვარს და მას მხოლოდ მას შეუძლია შეაჩეროს ცეცხლოვანი ვნება. მაგრამ მასხარა წასვლისას ფიქრობს, რომ პოეტი მხოლოდ „უნაყოფო მეოცნებეა“.

გამოჩნდება გოჩა წერილით ხელში. ის დაწერილია დედოფლის მიერ და გაჟღენთილია ვნებით:

ე ვარდი ვარ, ვარდი, გულ-სხივოსანი,

მსურს ბულბული მოჭიკჭიკე, მგოსანი,

გრძნობით, ჭკუით, სულით პატიოსანი,

მეტს რას ეტყვის იმას მანდილოსანი?

მე ვარდი ვარ, ია ნაზად დახრილი,

მენატრება იადონი ხმა-ტკბილი,

ყოვლად სრული, ბუნებით შემკობილი!

მეტს რას ჰკადრებს ხორციელი შობილი?

ზამბახი ვარ, საწალკოტო სურნელი!

ის მებაღე უცხო ცეცხლის ამგზნელი;

მე სნეული – ის მკურნალი დამხსნელი!

მეტს რას იგრძნობს მოტრფიალე მზე-ბნელი!

ტრფობის წიგნში ვინც ჩამწერა… მისია.

ვინც სევდების გულში ჯარი მისია,

მისი ვარდი, თაიგული მის ია

არ ერგება სხვას… მისია და მისია!“

ეს წერილი არ მოქმედობს პოეტზე. მის გონებაში ელვარებენ ცბიერ თამარის მთელი რიგი მკაცრი მოქმედებათა, რომლებითაც მან დაღუპა თავის ქმრები, დაამწყვდია მონასტერში თავის ქალიშვილი და თავმომწონე მეფე გიორგი გადააქცია თავისი დაბალი სურვილების მონად. თავისუფლების მოყვარული გოჩა გადასწყვეტს, რათაც არ უნდა დაუჯდეს, გადაარჩინოს თავისი ქვეყანა და იხსნას თავი დედოფლის მძიმე უღელისაგან: მე დამეხმარება ცირა, რომელიც დაახლოვებულია დედოფალთან მისი დახმარებით თვითონ ვიკისრებ ამ საქმის მოგვარებას და კიდევაც მოვიყვან ყველაფერს სისრულეში.გამოჩნდებიან შეყვარებულნი ცირა და ნიკო. ნიკო ქედს იხრის ენერგიულ გოჩას წინაშე და მზად არის შეასრულოს ყველაფერი მისთვის.

გოჩა სიხარულით ესალმება მათ და ეკითხება დედოფლის ქალის ბედ-იღბალზე, რომელიც „მოკლებულია ყველაფერს: ქმარს და თავისუფლებას“. ცირა ძლიერ შეწუხებულია თავისი დობილის, უდანაშაულო დედოფლის ქალის ბედით, რომელთაც ერთი დედის ძუძუ უწოვიათ. მეფე გაეყარა მას და დაამწყვდია იგი მონასტერში, რომ ყოფილ დედოფალს მოელის სიკვდილი. ყველაფერში დამნაშავეა თამარ დედოფალი, მას მოაქვს უბედურება ყველასათვის და ღუპავს მშობლიურ მხარეს – ამ უკანასკნელის მართვა-გამგეობაში თავის ჩარევით. ის უნდა მოისპოს, მაგრამ გარშემო სულ მშიშრები და მონები არიან. კარისკაცნი დამუნჯებული არიან შიშით თავიანთ გამგებლების წინაშე.

„ვინ! ვინ დაიხსნის ქვეყანას“, ამბობენ მეგობრები, ნიკო აღფრთოვანებით იღებს თავის თავზე ამ გმირობას. ნიკოს ვაჟკაცურ გადაწყვეტილებას აღტაცებაში მოჰყავს ცირა. ამ საერთო აღფრთოვანების დროს გოჩა აძლევს ნიკოს ხანჯალს.

ამ ხანჯალმა ერთხელ კიდევ შეასრულა თავისი საქმე: მან მოუსპო სიცოცხლე გარყვნილ დარეჯანს, თამარ დედოფლის წინამორბედს. ამ ხანჯლით ნიკო შეიპარება დედოფლის საწოლ ოთახში ცირას შემწეობით. „ჩაეცი გულში ხანჯალი“, ეუბნება აღელვებული გოჩა. მის სიტყვებს, როგორც ფიცს, იმოერებენ ნიკო და ცირა.

გოჩა რჩება მარტოდ. ის გრძნობს, რომ ჩადის მძიმე ცოდვას, მაგრამ სასიხარულო შეგნება, რომ ამით ის იხსნის თავისი – მხარის პატივს, მტკიცე გადაწყვეტილება მოიცავს მის სულს და მართლაც „გადაწყვეტილება ხომ ბედნიერების მკვიდრი დაა“.

მას ეჩვენება რაღაც გამამხნევებელი ხმა „შეასრულე შენი სამართალი და იხსენი ხალხი“. თავის მოვალეობის მტკიცე შეგნებით შორდება მოახლოვებულს გუნდისა და მუსიკის სადღესასწაულო ხმას.

იწყება ბურთის მოთამაშეთა სვლა.

შემოდიან მეფე და დედოფალი თავის ამალით. მათ ხვდებიან „დიდებით“. მეფე იხმობს გამარჯვებულს და მიიპატიჟებს მას მიიღოს საჩუქარი დედოფლის ხელიდან. დღესასწაული თავდება ცეკვა თამაშით და სიმღერით.

მოქმედება მეორე

თამარ დედოფალი თავის ოთახშია. მდიდრულად ჩაცმული ის ელოდება გოჩას. მთელი დრო იცქირება სარკეში და ესიყვარულება თავს, ის აღფრთოვანებულია თავის სილამაზით, ყველაზე ის იმარჯვებს ყველა მის ფეხთ ქვეშაა, მხოლოდ პოეტი გოჩა აფიქრებს მას.

„ვერ ბატონობს ის პოეტის სულზე“… სულ სხვა სილამაზეზე, სულ სხვაზე „მღერის ის და ოცნებობს დიდი ხნის განსვენებულ  თამარ დედოფალზე. „აჩრდილი უყვარს მას“… ეს კი ცოცხალი, სავსე ცეცხლოვანი ვნებით შორსაა მისგან. სიმძულვარით არის ავსილი გოჩას მიმართ ის, მაგრამ უყვარს და სწყურია მისი დამორჩილება, „როგორც მონას მონასი“.

ცირა ამცნობს დედოფალს გოჩას მოსვლას. დედოფალი სწრაფად დასტაცებს წიგნს ხელს და იღებს ისეთ გამომეტყველებას თითქოს გატაცებულია კითხვით, შემდეგ ვითომ უეცრად დაინახაო, ეკითხება: „შენ აქა ხარ? ვერ გავიგე; თვითონ შენ ხარ დამნაშავე, შენმა წიგნმა გამიტაცა, რუსთველის შემდეგ აღარ გვინახავს მსგავსი ლექსები“.

ფარისევლური ქებისათვის თავის ნაშრომის შესახებ გოჩა უპასუხებს, რომ მე არ ვარ ღირსი ქებისა და ჩემი შედარება დიდ რუსთველთან დაუშვებელია:

„მგოსანსა შობილს დიდებულ დროში

და სანეტაროდ მაღლით გამსჭვალულს,

როგორ ადარებთ საბრალო მღერალს,

საერო კვნესით მარად გულ მოკლულს?“

„რუსთაველის ლექსი, – განაგრძობს პოეტი, – ჟღერს ხალხის სიხარულით, ხოლო გოჩას სუსტი ლექსი ტირილია შევიწროებულ ხალხის საფლავის წინაშე“.

დაჭიმულ პაემანის ტონს თამარი არღვევს გოჩასადმი გულიდან ამონახეთქ სიყვარულის გამოცხადებით: მე მწყურია ალერსი და თანაგრძნობა, და გევედრები გაასხივოსნო ჩემი სიცოცხლე მხურვალე ვნებით. გოჩა უპასუხებს რომ მე არ შემიძლია შენი შეყვარება, ვინაიდან ჩემი გული სხვის მიმართ არის სავსე ვნებით აღგზნებულიო.

ჩემი თამარი „საუკუნოების სილამაზეა“, მისი დიდება გვამცნო შოთა რუსთაველმაო.

ასეთ ოცნებებზე თამარი იცინის, მკვდარი მეტოქე ჩემთვის არ წარმოადგენს საშიშროებას და მე არავის დავუთმობ გოჩასო. განრისხებული გოჩა სწრაფად  გამოუსხლტება მის ხვევნას. თამარი აღვიძებს მაში სიძულვილს ცბიერობით და ბოროტმოქმედობით. შენი მიზეზით მდინარე სისხლი იღვრება. ჩემი ქნარი დაგწყევლის შენ საუკუნოდ, როგორც ბოროტ ჯადოსო.

შეურაცხყოფა თამარის სულში იწვევს რისხვას და შურის ძიებას და უბრძანებს გოჩას გაჩუმდეს. მე მინდოდა გამომეცადე და შენ კი აღმოჩნდი მეტად თავხედი.

შეყრილ კარის კაცთა და მსახურთა თანდასწრებით დედოფალი ბრალს სდებს გოჩას: მას უნდოდა ძალადობა ეხმარა ჩემზეო. მცველები და მსახურნი იჭერენ პოეტს; კარის-კაცნი კი სდუმან მძიმე გამოურკვევლობის გამო.

მოქმედება მესამე

ცირას და ახლობლების სიმღერით დამტკბარი თამარ დედოფალი იძინებს მდიდრულად მორთულ საწოლ ოთახში. ცირა გადასდებს ჩონგურს და მრისხანედ უყურებს მძინარე დედოფალს.

„იძინე მაგრად! – ახლახან, ლამაზი, იქნებ დაიძინო და ვეღარ გამოიღვიძო“. დედოფალი იღვიძებს და ბრძანებას მხლებლების დათხოვნას.

ცირა ხელახლა იწყებს სიმღერას. სიმღერის დროს სწყდება ჩონგურის სიმი. ეს მოვლენა ცირასთვის კარგის მომასწავებელია, „გაწყდა სიმი და ამასთან გასწყდება დედოფლის სიცოცხლეც“-ო – ამბობს ცირა.

ცირა გადის და რამოდენიმე ხნის შემდეგ შემოყავს ნიკო.

„მოახლოებულია ჟამი – ჩურჩულებს ცირა – მაგრად სძინავს მას. არ აგითრთოლდეს ხელი, ჩაეცი გულში ხანჯალი!.. მხოლოდ მაშინ დავეცემი შენს წინაშე, როგორც საყვარელი, მონა… მხოლოდ მაშინ განაცვალებ შენს სიყვარულს და სიცოცხლეს, მთელ სიცოცხლეს“. ცირა გადის.

„სიცოცხლე ჩემ ცირას, სიკვდილი კი ბოროტ თამარს“, ენერგიულად ამბობს ნიკო და მიდის დედოფლის სარეცელთან, სწრაფად გადახდის ფარდას, მაგრამ იხიბლება თამარის სილამაზით და განცვიფრებული ამბობს: „ამას რას ვხედავ: სამოთხის სანახაობაა მოფრენილი ციდან?.. ნიკოს აკანკალებული ხელიდან უვარდება ხანჯალი. ხმაურობა აღვიძებს თამარს.

შეშინებული ნიკო მზადაა გამოუტყდეს განზრახულ ბოროტმოქმედებაში, მაგრამ თამარ დედოფალი თავისებურათ ხსნის ნიკოს შეშინებას, სახელდობრ – ვნებიანი ლტოლვით მისდამი, უნდა გაამხნეოს შეყვარებული „უგონო“ და ალერსით იზიდავს თავისკენ.

უეცრივ შემოსული ცირა თავზარდაცემული ამ სანახაობით წამოიძახებს: „ო! რას ვხედავ! ალერსი, კოცნა! მიღალატა მან მე, წყეულიც იყავ ნიკო, ორივესაგან სისხლს ავიღებ!“

იღებს ხანჯალს ხელში და მივარდება მათ. თამარის ყვირილზე სწრაფად შემოდის თავის ამალით მეფე. თამარი ბრალს სდებს ცირას მისი სიცოცხლის ხელყოფაზე, რომლისაგან იგი გადაარჩინა ნიკომ. ცირა მრისხანედ უარყოფს ბრალდებას და ნიკოს უწოდებს საყვარელს დედოფლისას. ნიკო მოვიდა დედოფალთან პაემანზე და ცირამ შეისწრო ის დედოფალთან ხვევნა-კოცნაში. მეფე შეშფოთებულია ამ გვარი სამარცხვინო სცენით. ცირა არწმუნებს მეფეს დედოფლის ღალატში.

ბრძანების კილოთი ერევა დედოფალი და მოითხოვს ყველანი გონს მოვიდნენ. გარშემო ყველანი მოღალატეები არიან და მეფე კი ვერაფერს ხედავს. აქ არ არის მარტო ცირა, აქ მთელი შეთქმულებაა. ასე ფიქრობს განრისხებული დედოფალი. დედოფლის ენერგიულმა შეტევამ მეფე დააბნია და ბრძანა – შეჰკრან ცირა. რათა შესრულდეს დედოფლის სურვილიო.

ცირას შეჰკრავენ და გაჰყავსთ.

მოქმედება მეოთხე

მეფე სასახლეშია ღრმა ფიქრებით გატაცებული. მის წინ დგას ვეზირი ნაკაშიძე. მეფეს აწუხებს აჩქარებით მიღებული გადაწყვეტილება – ცირას თვალების ამოთხრისა და მისი ერთგულ და საყვარელ მეგობრის გოჩას სიკვდილით დასჯის შესახებ. მას უნდა გადაარჩინოს ის, მაგრამ შიშობს, რომ უკვე გვიან არის. მეფე ვერ ხედავს გამოსავალს ამ მდგომარეობიდან, თავის თავს ამტყუნებს და ჰკიცხავს და მიმართავს ვეზირ ნაკაშიძეს: მე ვიყავი მხოლოდ ერთ დროს მთავარი! განა მეფე ვარ? მხოლოდ მონა ვარ, მონა დიაცის. ამ მხურვალე ახსარების შემდეგ მოხუცი ვეზირი ურჩევს: თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ გადაწყვეტილება იმ გვარად, რომ არ დაირღვეს მეფური სიტყვაო. მეფე ემუდარება: საჩქაროდ მირჩიე თუ როგორ მოვიქცეო.

ვეზირი ეუბნება მეფეს, რომ მისმა წინაპარმა მეფე ბაგრატმა მისცა გოჩას სურვილის შესრულების შესახებ. ეს სიტყვა შეუსრულებელი დარჩა, მაშასადამე მეფეს აქვს უფლება შეასრულოს ეს შეპირება ახლა. მეფე აღფრთოვანებული ამგვარი რჩევა-დარიგებით, მადლობას უძღვნის მოხუც ვეზირს და უბრძანებს მოიყვანონ გოჩა და ცირა.

შემოდის დედოფალი თავის ამალით. მას თან ახლავს ქალთა გუნდი, რომელიც უმღერის დიდებას.

მეფის ნებართვით მასხარა მღერის, რომელიც გადაკვრით აგონებს ყველას იმ ფრიად სამწუხარო ამბებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა სასახლეში უკანასკნელად. ნაკაშიძე ბრძანებს შეწყვიტოს სიმღერა. მეფე მაინც უბრძანებს, განაგრძე სიმღერაო. მეფის მიერ წახალისებული მასხარა გაბედულათ მღერის მიმინოზე, რომელსაც ემუდარება, გამხიარულდი ძველი მეგობრის პატივსაცემად და ინახულე საპყრობილეში მომღერალი პოეტი, რომელიც სტირის და მოსთქვამს წმინდა იმედებს და გამქრალ სანეტარო წუთებსო. მასხარას წრფელ და სანეტარო სიტყვებს მეფე აღფრთოვანებაში მოყავს. ამ სიტყვებმა გააღვიძეს მის არსებაში ყოფილი ენერგია. მცველებს შემოჰყავთ გოჩა და ცირა. გოჩა ესალმება მეფეს. გოჩამ იცის, რომ მას გადაწყვეტილი აქვს სიკვდილით დასჯა და ამის შესახებ განაჩენი ხელმოწერილია თვით მეფის მიერ. ეს მან შემთხვევით გაიგო საპყრობილეში. მეფე უხსნის გოჩას თუ რისთვის მოიყვანეს იგი: მე მინდა შევასრულო სიტყვა, ეუბნება მეფე გოჩას, რომელიც მოგცა შენ ჯერ კიდევ ჩემმა წინაპარმა მეფე ბაგრატმა. შენ შეგიძლია მოითხოვო შესრულება ამ სიტყვის და გამოთქვა აგრეთვე, რა გსურს ამ ჟამად.

მეფის წინადადების შემდეგ ვეზირი და კარის კაცნი მიმართავენ გოჩას გამამხნევებელი სიტყვებით, მაგრამ მიუხედავათ ამისა ის უარს აცხადებს სთხოვოს რაიმე პირადათ თავის შესახებ. ის სთხოვს მხოლოდ შეიწყნარონ ცირა, რომელიც მე მოვამზადე ბოროტ მოქმედებისთვისო. ცირა ჩქარობს გააცხადოს, რომ თუ პოეტი იქნება დასჯილი, მე სიცოცხლე არ მსურსო. გოჩა ეთხოვება მეფეს და ამაყად ეუბნება: დარჩი შენ მონად აქ, ამ მეფის ტახტზე, მე კი შევხვდები სიკვდილს, როგორც მეფე.

ამ მძიმე მოლაპარაკების დამსწრე თამარი, ჩავარდნილი საშინელ განცდებში მოულოდნელად უბრძანებს, შეაჩერეთ პოეტიო. თამარის გულის სიღრმეში რაღაც მიუწვდომელ გრძნობის სიმებმა გაიღვიძეს, საშინელებამ მოიცვა ის და რაღაცას ელის. გრძნობს რომ ის ყველას ეჯავრება მისთვის  უკვე ძნელია სინამდვილეს არ გაუსწოროს თვალი, ის ვერ გაექცევა თავის თავს. მის არსებაში რაღაც სინანულის მსგავსი გრძნობები იკიდებენ ფეხს. მაში გაღვიძებული მერყევი გრძნობა თანდათან იზრდება. მის შემდეგ რაც მან მეფის პირიდან გაიგონა გადაწყვეტილება გოჩას გადარჩენის შესახებ, გულწრფელი ახსარება გოჩასი, სიკვდილისადმი გაბედულმა შეხვედრამ, ყოველივე ამან ჩამოჰგლიჯა ჯადოსნობის ფარდა მის თვალებიდან, რომლითაც დაბრმავებული იყო იგი: ცოდვებით ვნებით და თავის თავზე დიდი წარმოდგენით. მისთვის ნათელია, რომ ის არის დამნაშავე ქვეყნის მწუხარებაში, მაგრამ ამ ბრალის მიჩქმალვა მისთვის უკვე ძნელია, ამის მხოლოდ გამოსყიდვა შეიძლება. თამარს არ ასვენებს თავისი მოქმედებანი შენანიების საშინელ წუთებში. მან გადასწყვიტა თვითონ მოისპოს საკუთარი სიცოცხლე, ვინაიდან ამ სიცოცხლეში ის სჭვრეტავს მთელ რიგ უზნეო და მახინჯ მოქმედებებს მის მიერ ჩადენილს.

ის გამოტყდა ცირასადმი ცილის წამებაში, მე ცოდვილი ვარ მეფის წინაშე, როგორც ცოლი და დამნაშავე ვარ, როგორც დედოფალი, მე პატიებას ვითხოვ, რის შემდეგ სწრაფათ იღებს საწამლავს. ცირას სწადია – გადაარჩინოს ის, ყველა ისწრაფვის მის დასახმარებლად, მაგრამ საწამლავი მან უკვე მიიღო, ამით გამოუტანა თავის თავს განაჩენი.

„არ დასცილდე პოეტს – ისმის მომაკვდავის უკანასკნელი სიტყვები – ის დიდებაა ჩვენი, დიდება ჩვენი მაშია“.

გოჩა გულმოკლული მოულოდნელი მონანიებით ეცემა თამარის ცხედრის წინაშე და შეწუხებული ამბობს: „აი, როდის ვარ მზად მუხლი მოვიყარო შენი ციური სილამაზის წინაშე“.

ვ. გავაშელი

 

სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილება
მოამზადამაგდა სოლოღაშვილმა

 წყარო :  თამარ ცბიერი : ოპერა 4 მოქმედებად / მუსიკა მ. ბალანჩივაძისა; პოეტი აკაკი წერეთლის დრამის მიხედვით ; თარგმანი ვ.ლ. ველიჩკოსი ; მოკლე შინაარსი და მუსიკალური მიმოხილვა შედგენილია ნ.ა. რიადნოვას და ვ. გავაშელის მიერ ; ტფილისის სახელმწიფო აკადემიური თეატრი ოპერის და ბალეტის.  [ტფ., 1929]

ფოტო ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა “ივერიელი”,  ეროვნულ ბიბლიოთკაში დაცული ნოტების კოლექცია

 

 

 

მინდია

თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ლენინის ორდენოსანი სახელმწიფო აკადემიური თეატრი

                                     მუსიკა: ოთარ თაქთაქიშვილისა  

ოპერა სამ მოქმედებად ვაჟა-ფშაველას პოეზიის

მოტივებზე.

ლიბრეტოს ავტორი: რევაზ თაბუკაშვილი

 

ოპერა „მინდია“, მოკლე შინაარსი

31206245_10156447109414470_7760864586563059712_n

უდიდესი ქართველი პოეტის, მოაზროვნის ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ქართველ კომპოზიტორთა შთაგონების მუდმივი წყაროა. მისი პოეზიის ვაჟკაცური შემართება სათავეს იღებს თავისი ხალხის უძველესი ეპოსიდან, ათასწლეულების სიღრმეებიდან წამოსული მთებიდან, ლეგენდებიდან, თქმულებებიდან. მან პოეტურად ააჟღერა საკუთარი მიწისთვის ბრძოლის აუცილებლობის იდეა: „სამშობლოს არვის წავართმევთ, ნურც ნურვინ შეგვეცილება“. მისი ფილოსოფიური თუ პოეტური შედევრები არაერთგზის აჟღერებულა მუსიკაში. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ოთარ თაქთაქიშვილის ოპერა „მინდია“, რომელშიც განზოგადებულად გაისმა ვაჟას პოეზიის კაცთმოყვარეობის ჰუმანისტური და პატრიოტული თემა. ამიტომაც ოპერის ლიბრეტოში პოემა „გველისმჭამელთან“ ორგანულად გამთლიანდა მისი პოეზიის პატრიოტული ლირიკის საუკეთესო ფურცლები.

                                  მოქმედება                         

შორეთიდან შინ დაბრუნებულ მინდიას სიხარულით ეგებება მშობლიური ბუნება. სამშობლოსთან შეხვედრით ბედნიერია მინდია. მთის პირმშო ჯადოსნური ძალით დააჯილდოვა განგებამ, მას ესმის ბუნების ენა, წვდება ტყის შრიალსა და ბალახის ჩურჩულს, ჩანჩქერის ჩქეფასა და მთის ექოს. ახლაც ალერსიანია მათი საუბარი. დედამიწის გულის ძგერას მიყურადებულს, მშობლიური ხმით თავბრუდახვეულ ჭაბუკს ჩაეძინება.

მინდიას დაბრუნების ამბავს შეიტყობენ თანასოფლელი ყმაწვილი ქალები, მისი სატრფო, მასზე შეყვარებული მშვენიერი მზია. განშორებამ ახალგაზრდათა სატრფიალო ცეცხლს მხოლოდ შემატა ალი. უსაზღვროა შეხვედრით აღძრული სიხარული და ბედნიერება:

                        „შენმა სურვილმა დამლია,

                        შენზე ფიქრმა და სევდამა,

                        შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა,

                        გულის თვალებით ხედვამა.“

თანასოფლელებიც სიყვარულით ეგებებიან მინდიას. დამხვდურთა შორისაა ხევისბერიც, მინდიას მამა. რისხვითაა აღსავსე ხევისბერის პირველივე სიტყვები. იგი უამბობს ვაჟიშვილს მათი ოჯახის თავს დატრიალებულ უბედურებაზე:

                        „გადატრიალდა უკუღმა ჩვენი ოჯახის ჩარხია,

                        შენ რომ ტყვედ იყავ, მინდია, შენი ძმა მოჰკლა ჩალხიამ!“

მამაპაპური ადათი მოითხოვს მინდიამ სისხლი აიღოს-მოჰკლას ჩალხია, მისი დედა თალხით შემოსოს. თანასოფლელები მოუწოდებენ მინდიას აღასრულოს მთიელის წმინდათა წმინდა ვალი: „მოჰკალ!„ მოჰკალ! მოჰკალ!“ ერთხმად უკიჟინებენ ისინი. ჩალხიაც მზად არის ხმალი იშიშვლოს, შეერკინოს მინდიას, მზიას რომ ეცილება. მინდიას ძმაც აკი მზიას სიყვარულის გამო გამოასალმა წუთისოფელს. მაგრამ მინდიას არ ძალუძს ხელყოს ადამიანის სიცოცხლე. ბუნება უკრძალავს თავის რჩეულს კაცთკვლას, მხოლოდ წმიდათაწმიდა-სამშბლოს შემბღალავი მტერია გამონაკლისი.

„ამდენმა სისხლის აღებამ სამშობლოს გული დაღარა…

ძმები დავხოცოთ, სამშობლოს ვინ ეყოლება მცველადა?!“

ამბობს იგი. მინდიას უარი ისე განარისხებს თანასოფლელებს, რომ მზად არიან თავად მინდია მოჰკლან; მის გალაჩრებას მისი სიკვდილი ურჩევნიათ. უეცრად შიკრიკი შემოიჭრება და საგანგაშო ამბავს აუწყებს თავშეყრილ თანასოფლელებს:

„დაგვეცნენ მტრისა ჯარები, ჩატეხეს არღუნს ხიდია,

        შემოგვესივნენ ყოველ მხრივ, ჯარები დიდზე დიდია.“

მთიელები იარაღს აისხამენ და მტრის შესახვედრად ემზადებიან, ლაშქარს სათავეში მინდია ჩაუდგება.

          II მოქმედება

31206330_10156447109444470_519506638395146240_n

მინდიას სიყვარულმა ბრძოლის ველზე მოიყვანა მზია. ჩალხიას კი ბოღმა ახრჩობს: მინდია, რომელმაც დასცინა, აბუჩად აიგდო, ორთაბრძოლაზე უარი უთხრა, სატრფო წაართვა, ახალ გმირობის მაგალითს იძლევა, სიმამაცით ხიბლავს ყველას. მწარედ დასტირის ჩალხია თავის უკუღმართ ბედს:

„არწივი ვნახე დაჭრილი,

ყვავ-ყორნებს ეომებოდა,

ეწადა ბეჩავს ადგომა,

მაგრამ ვეღარა დგებოდა.

ცალ მხარს მიწაზე მიითრევს,

გულისპირს სისხლი სცხებოდა,

ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,

ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,

თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს,

გაშლილს, გაფანტულს ველადა!“

გამარჯვებული მთიელები სიხარულის ყიჟინით ბრუნდებიან შინ. საერთო ზეიმს მხოლოდ ჩალხია არ იზიარებს. გამარჯვებულთ თავს ზარს სცემს.

ცნობა, რომ ხევისბერი სასიკვდილოდაა დაჭრილი. მისი უკანასკნელი თხოვნაა შვილმა არ გააწბილოს, არ უღალატოს მამაპაპურ ადათს-მოჰკლას ჩალხია, აუღებელი სისხლის დარდი სამარეში არ ჩააყოლოს მამას. ხალხი, თანასოფლელები, მზია მოითხოვენ მინდიასაგან ადათის აღსრულებას. თვით ჩალხიაც ესწრაფვის ამ ორთაბრძოლას. იგი ხმალს იშიშვლებს. მინდია იძულებულია თავი დაიცვას. იგი უნებურად სასიკვდილოდ დაჭრის ჩალხიას. საზარელ ბრალდებად გაისმის სიტყვები, მომაკვდავ ჩალხიას რომ აღმოხდება:

„მე მკვლელი ვიყავ, მაგრამ

შენც ხომ მკვლელი ხარ მინდიავ!

შეძრწუნებული მინდია გაეცლება იქაურობას

III მოქმედება

 

გონებაამღვრეული, მოსვენებადაკარგული დაეხეტება მინდია მთა-ბარად. ბუნებამ ზურგი შეაქცია მას, მისი ენის გაგების მისნური ძალა წაართვა. მხოლოდ საშინელი ბრალდების სიტყვებიღა ჩესმის: „რად მოჰკალ მინდი, რად მოჰკალ!“ ცა იქუფრება. მინდია ჰგოდებს:

„ვეღარას ვხედავ ბეჩავი,

გამიქრენ წვერნი მთისანი:

ვაჰმე, ვეღარა მწვდებიან

სათბობლად სხივნი მზისანი.

ბარემ მეც ჩამთქით, ნისლებო,

დამნაცრეთ, დამაფერფლეთო,

თვალნი დამთხარეთ, გულისაც

სადილი გაიკეთეთო.“

სასოწარკვეთილი ჭაბუკი საკუთარი სისხლით გამოისყიდის ბუნების კანონთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს-გულში ჩაიცემს ხანჯალს. და ჰოი, საკვირველებავ! იმავ წუთს მას ჩაესმის ბუნების ალერსიანი ჩურჩული:

                                                „ხევი მთას მონებს , მთა ხევსა,

                                                წყალნი ტყეთ, ტყენი მდინარეთ,

                                                ყვავილნი მიწას და მიწა

                                                თავის აღზრდილთა მცენარეთ!“

მინდია კვდება. ბუნება კი მიუტევებს თავის საყვარელ შვილს საკუთარი სისხლით განბანილ ცოდავს. ფინალში ჟღერს სიცოცხლის ჰიმნი, რომელიც განადიდებს ბუნების მარადიულ კანონებს:

                                                „ბუნება მბრძანებელია,

                                                იგივ მონაა თავის,

                                                ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს

                                                ზოგან მქმნელია ავისა…

                                                მაინც კი ლამაზი არის

                                                მაინც სიტურფით ჰყვავისა.“

 

   გამონათქვამები ოპერა „მინდიას“ შესახებ

„მინდია მკაფიო ნიმუშია ჭეშმარიტი ნოვატორობისა, რომელიც ჩანაფიქრის ორიგინალობით არის შობილი, გულისხმობს წარსულის გამოცდილების გაბედულ,შემოქმედებითად აქტიურ ათვისებასა და განვითარებას. მუსიკა მიედინება უწყვეტ ნაკადად, ყველაფერი სადა, ბუნებრივია. ავტორისეული მგზნებარე, მღელვარე მეტყველება გარწმუნებთ თავისი განუმეორებელი ძალით… „მინდიას“ მუსიკა გამსჭვალულია გამოთქმის გულითადი გულწრფელობით, იგი ცოცხლობს, ფეთქავს, სულდგმულობს!“

„სოვეტსკაია კულტურა. 1963წ. 21 მარტი.

                        „მინდა გამოვთქვა ჩემი აღფრთოვანება თაქთაქიშილის ოპერით „მინდია.“

                                                                                                დ. შოსტაკოვიჩი.

„ო. თაქთაქიშილმა თავის მუსიკაში ოსტატურად აღბეჭდა დიდი ქართველი მგოსნის რთული ფსიქოლოგიური ჩანაფიქრი. თაქთაქიშვილის დიდი საკომპოზიტორო კულტურა ოპერის ყოველ ტექსტში შეინიშნება“.

                                                                                                ა. ხაჩატურიანი.

„მინდია“ ჩვენი საოპერო მუსიკის დიდი მონაპოვარია, ემოციურად კაშკაშა, მძალვრი ოსტატობის თვალსაზრისით ბრწყინვალე ნაწარმოები.“

                                                                                                დ.კაბალევსკი

„მე კარგად ვიცნობ ოპერა „მინდიას“ და შემიძლია ვთქვა, რომ შეყვარებული ვარ მასზე. ეს არის მშვენიერი, ამაღელვებელი, რომანტიკული ნაწარმოები“.

                                                                                                გ. სვირიდოვი

„მინდია“-უდიდესი ედეურ-მხატვრული ძალის, სიმწყობრისა და მთლიანობის ნაწარმოებია. ოპერა აღიქმება, როგორც ერთიანი მუსიკალური ტილო“.

                                                                                                ლ. პოლიაკოვა

„მინდია“ გამოირჩევა მთლიანობით, დახვეწილი დრამატურგიითა და მუსიკის თვითმყოფადობით. მისი მიმზიდველი მხარეა ლირიკული სიწრფელე, დრამატული ცხოველმყოფელობა“.

                                                                                                გ. ორჯონიკიძე

„დიდად ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა მემღერა მინდიას პარტია.

                                                                                                ზ. ანჯაფარიძე

„ო.თაქთაქიშვილის „მონდიამ“ თავიდანვე მასობრივი პოპულარობა მოიპოვა….ამ მღელვარე ოპერა-პოემაში ვხედავთ კლასიკური და თანამედროვე ოპერების ხერხების სანიმუშო ჰარმონილულობას…ოპერაში სრული მხატვრული დამაჯერებლობით გაიხსნა თვით არსი ვაჟას ჰუმანიზმისა და იგი უშუალოდ გამოჩნდა ჩვენი ეპოქის ჰუმანიზმის შუქზე. ამაშია ოპერა „მინდიას“ თანამედროვე მნიშვნელობა“.

                                                                     ა. წულუკიძე

 

 სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილება
მოამზადანინო კიკვაძემ

 წყარო : მინდია : ოთარ თაქთაქიშვილის ოპერა : 3 მოქმედებად /  ვაჟა-ფშაველას პოეზიის მოტივებზე ; ლიბრეტოს ავტორი რევაზ თაბუკაშვილი : {მოკლე შინაარსი / ავტ. და შემდგ. : რუსუდან ქუთათელაძე} ; თბ., 1989

.

 

 

 

 

 

 

 

 

თქმულება შოთა რუსთაველზე

„თქმულება შოთა რუსთაველზე“, მუს. დ. არაყიშვილისა

მოქმედნი პირნი:

თამარ დედოფალი   – კონტრალტო ანუ მეცო-სოპრანო

შოთა რუსთაველი – ტენორი

მგოსანი – ბარიტონი ანუ ბასსო კონტანტო

სასახლის კაცი – ბასსი

აბდულ არაბი, შოთას მონა – ბარიტონი

გულჩინა, შოთას მეუღლე – დრამატიული სოპრანო

ყმაწვილი კაცი (ნინო) – ლირიკული სოპრანო

მონაწილეობას იღებენ: დიდებულნი, მხედართ მთავარნი, ჯარის კაცნი, თავადნი, აზნაურნი და მდაბიო ხალხი.

მოქმედება სწარმოებს თბილისში, თამარ მეფის დროს.

შინაარსი

30725928_10156431618819470_3351393784574246912_nშინაარსი ამ ოპერისა აღებულია სვანურ ლეგენდიდან.

ახალგაზრდობაში შოთა რუსთაველს უყვარდა ერთი ქალი, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ საზღვარ გარეთ სწავლის დროს დაივიწყა და სხვა შეირთო. სამშობლოში დაბრუნებისას შოთა, როგორც სახელოვანი პოეტი, თამარ დედოფალმა მიიწვია ნადიმზე, რომელიც გაიმართა საქართველოს ბრწყინვალე განვითარების სადღესასწაულოდ.

სიმხიარულის დროს შოთასთან მივა ერთი ახალგაზრდა ყმაწვილი და გამოუცხადებს:

„ყველაფერი ეს კარგია უდიდესო პოეტო, მაგრამ რატომ ყურადღებას არ მიაქცევ რა ხდება შენს სახლშიო“.

– რას ამბობ ყმაწვილო, ჩემ სახლში ცოდვას რა უნდა, – „წამოდი და შენ თვითონ ჰნახავ, თუ რა ხდება“.

გადიან. ცეკვა გაჩაღებულია.

მეორე სურათი

ლირიკო-დრამატიული სცენები

შოთა შედის სახლში სწორედ იმ დროს, როდესაც მისი მეუღლე გადახვეული, შოთას მოსამსახურეს აბდულ-არაბს, სიყვარულს უცხადებს. ამ სურათის მნახველი შოთა ჯავრმა მოიცვა. ახალგაზრდა ყმაწვილი  კი ანუგეშებს მას. ბოღმისაგან გაშმაგებული შოთა მივარდება ყმაწვილს, რომ მას ეს საქციელი მისთვის არ უნდა ეჩვენებინა. ამით მან გააუბედურა იგი და ამ სიბოროტის გამო ამოიღებს ხანჯალს მის მოსაკლავად, მაგრამ დაინახავს ყმაწვილის ხელზედ თავის ბეჭედს. ყმაწვილს გადაუვარდება ქუდი და შოთა დაინახავს ქალის თმას. აღმოჩნდა, რომ ეს ყმაწვილი მისი პირველი სატრფოა (ნინო).

გამწარებული შოთა მიდის ბერად მონასტერში, ნინო კი იკლავს თავს შოთას ხანჯლით.

ამით თავდება ლეგენდა.

ოპერის გარჩევა

30715224_10156431619254470_3122395697538662400_n

5 თებერვალი, 1919 წ. ისტორიულ დღეთ ჩაითვლება ქართველ ერისათვის. მიუხედავად ცხოვრების გაჭირვებისა, უკიდურეს გარემოებაში ჩავარდნილი პატარა საქართველო მაინც მღერის და  მის ბაგეზე რაინდული ღიმილია გამოხატული. ხელოვნების დარგში საქართველომ დიდი კულტურული ნაბიჯი გადასდგა: დიდის ხნის გათხრილ საძირკველში დღეს პირველი ქვა ჩაიგდო ნამდვილ ქართულ ოპერისა. ევროპამ სრულებით ამოწურა თვისებური ფორმა და ჰარმონიის ლოღიკა, ამით აიხსნება, რომ ევროპიულმა მუსიკოსებმა მიმართეს ორიენტალურ მუსიკას, რომლის წყალობითაც განაახლეს და სული ჩაუდგეს თავის მისწრაფებას. მათ რომ შემოაკლდათ გრძნობის სალამური, მიჰმართეს ჭკუას და როგორც გეომეტრიულ თეორემას ისე ამუშავებენ აღებულ თემას. მუსიკა გადააქციეს ალგებრულ ამოცანათ.

ამ მხრივ დიდ ფართო და სანავარდო ასპარეზს წარმოადგენს ქართული მუსიკა. თვით ბუნებით შემკული საქართველო, თავის გეოგრაფიულ თვისებით დაჯილდოვებული უსაზღვრო მასალას აძლევს მგოსანს.

სწორეთ ამით ისარგებლა ჩვენმა პირველ ოპერის-მერცხალმა დ. არაყიშვილმა

„თქმულება შოთა რუსთაველზე“ დაწერილია ორ მოქმედებად. თვით უვერტურა – შესავალი, პირველ აკორდიდან, იწყება ორიგინალური მუსიკა. ვით სასიამოვნო დუდუკი – გობოი იწყებს თამაშს და თვის მიმართვით გამოიწვევს ვიოლონჩელს, რომელნიც ერთმანეთს ესაუბრებიან და თითქოს ეჯიბრებიან სილამაზით. ამათ მოჰყვება თემა მეორე სურათისა „ტრფობის – დუეტი“. აქვე გესმით თამარ დედოფლის კავატინა და მთელი ოპერის შინაარსი. ეს უვერტურა წარმოადგენს საუცხოვო ხალს, ლამაზ ფერადობით, ნაქარგს სურათებით. ლეიტ-მოტივებით დაჯილდოებულია უვერტურა, რომელშიაც განთავსებულია ხმის მსვლელობა-ზრდა; ვით მღელვარე გრძნობის ტალღა იხლართება ერთი-ერთმანეთში და საუცხოვო ჰანგის ფონზე ბოლოვდება შესავალი.

იწყება პირველი სურათი ზეიმით. ქალთა და კაცთა გუნდი, სუფრის გარშემო მსხდომნი ადიდებენ მეფე თამარს. კომპოზიტორი ფართოდ სარგებლობს ხალხურ სიმღერებით. იმიტაცია, რითმის სხვა და სხვაობა, ტონალური განახლება – ყველა ეს სულს უდგამს და შინაარსს ამტკიცებს.

მგოსნის მოთხრობა, ხალხურ მოლექსეს ქება გულწრფელ-პატიოსნურ ჰანგითაა აღვსილი.

მგოსანი – ეს მომღერალია, რომელიც შეტრფის, ადიდებს სამშობლოს და ქებას ასხავს მეფე თამარს. მისი სიმღერა სავსეა დარბაისლურ სიამაყით და თავაზობით, რაც ასე შეეფერება ბრწყინვალე ზეიმის მოწყობილობას. მთელი მისი სიმღერა გამსჭვალულია ეროვნულ კოლორიტით. განსაკუთრებით ყურადღებას მიიპყრობს მთლიან სურათის წარმოსადგენად, ჩამატებული ქალთა გუნდი: „დავით სოსლანი“ მგოსნის სიმღერის შუა.

ამის შემდეგ იწყება სუფრული. აქ მკითხველმა უნდა იქონიოს მხედველობაში, რომ ეს სუფრული ის კი არ არის, რომელსაც ჩვენ ვართ მიჩვეულნი ქართლ-კახურ მრავალჟამიერს, არამედ ეს სუფრული არის დაწერილი სრულიად ახალ ევროპიულ გაფართოებულ ფორმით.

ამ გუნდში ჩვენ გვესმის როგორც ეროვნული კილო, აგრეთვე უძნელესი გაფართოებული ფორმა კონტრაპუნკტის ხელოვნებისა. მაგალითად, ქალების გუნდი: „გვიცოცხლოს მეფე თამარი“, დაწერილია „კანონით“.

აქ ვხედავთ რ. ვაგნერის ჰარმონიის თვისებას, რომლითაც დ. არაყიშვილი ხელოვნურად სარგებლობს გუნდის დამთავრების წინ „მრავალ ჟამიერ“-ში.

ფანფარები გვახნობებენ თამარის გამოსვლას, რომელიც მეფის სავარძელში დაბრძანდება და ძირს, შორი-ახლოს, მარჯვნივ ევროპიული და სხვა სახელმწიფოების ელჩები შოთა რუსთაველით ჩამოსხდებიან. მეფე თამარი მიესალმება შოთას ქების შესხმით. თამარის კავატინა მედიდურ და გრძნობიერ შინაარსითაა დაწერილი. ეს პატარა ადგილი ჩაითვლება ზურმუხტად საერთო ოპერის ლიტერატურაში.

პასუხი რუსთაველისა მეტად ორიგინალურად არის აშენებული რეჩტატივებზედ, სადაც შოთა აღფრთოვანებული წარმოსთქვამს სიტყვებს თავის უკვდავ პოემიდან.

ეს ადგილი უფრო მით არის შესანიშნავი, რომ ეს რეჩიტატივი არ არის ის მიღებული მუსიკალური ფორმა, რომელიც უკვე არსებობს ევროპიულ მუსიკაში, არამედ ამ შემთხვევაში ეს არის საინტერესო და ახალი ჩამოყალიბებული ფორმა ქართულ ხელოვნურ მუსიკისა.

თუ ჩვენ მივიღებთ მხედველობაში, რომ ამ რეჩიტატივთან ერთად დაწერილია გუნდი ძველ სტილით ქართულ-ორიგინალურ ჰარმონიით, მაშინ ჩვენ ცხადათ დავინახავთ გარკვეულ მუსიკალურ თვისების სამშობლოს სიდიადეს, რომელშიც ასე შესაფერისად არის ჩაქსოვილი შოთა, როგორც მგოსანი, აგრეთვე, როგორც წარმომადგენელი მთელ ქართველ ხალხისა.

რამდენათაც პირველი სუფრული გუნდი დაწერილია ევროპიულ სტილით, იმდენად ჩვენ ამაყად შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ ეს გუნდი ჩაითვლება ტიპიურ გამომსახველად ეროვნულ მუსიკის ხელოვნებისა, რომელშიც საქართველო, როგორც ნაცია, წარმოსთქვავს გადაჭრილ და ორიგინალურ სიტყვას.

ამ გუნდის შემდეგ მეფე თამარი უპასუხებს შოთას ნაზშემკულ არიოზოთი, რომელიც მთავრდება გუნდით „დიდება“. შოთა რუსთაველი „სუფრულის“ ფონზე რეჩტატივის ხასიათით მოახსენებს თამარს მადლობას და „ვეფხის ტყაოსნის“ მოკლე ციტატებს. დედა აზრი შოთას მელოდიისა გამოიხატება გუნდის აკომპანიმენტში, რაც ქართულ მუსიკის თვისებას შეადგენს.

პირველი სურათი, თითქმის განსაკუთრებით, ხალხურ გუნდითაა შემკული. ნადიმი ხელ გაშლით და ბრწყინვალე ჰანგებითაა ხორც შესხმული. შოთას გასვლის შემდეგ იწყება  ბალეტი. ცეკვა- ბალეტი დაწერილია რთულ ევროპიულ მუსიკალურ ფორმებით, მაგრამ გასაოცარია ის, რომ ეს ფორმები არ არღვევენ ტიპიურ ეროვნულ თვისების კილოს.

ყოველ ცეკვაში ვხედავთ თუ რა შესაფერ სილამაზითაა შემკული: თუშ-ქალების ცეკვა, დავლური, ლეკური და პლასტიური მიხვრა-მოხვრა ლეკურით დაბოლოვებული. ყველა ეს ტიპიურია და სიცოცხლითაა გამსჭვალული.

მეორე სურათი შესდგება ლირიკო-დრამატიულ სცენიდან.

აბდულ-არაბის (შოთას მოსამსახურე) ტრფობის მელოდია ნაზი და ფართო თემით იშლება ძარღვად. მის გრძნობას და ვითარებას არ აქვს საზღვარი. გულჩინა (შოთას ცოლი) მხოლოდ განსხვავებით იმეორებს. აბდულ-არაბის მელოდია და დუეტი არის უმაღლესი ტრფობის წერტილი, რომელიც ისევ პირველ აბდულ-არაბის თემას უბრუნდება.

ნინოს – დამახასიათებელი, უმანკო და გულწფელი არია უდევს სარჩულად.

მუსიკა „თქმულება შოთა რუსთველზე“ ალერსიანი, ნაზი და მედიდურია.

თვით შოთა გრძნობიერად გამოხატავს მუსიკის ძალას:

რა ესმოდის მღერა ყმისა სმენად მხეცნი მოვიდიან;

მისვე ხმისგან სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან;

ისმენდიან, გაჰკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან;

იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან.

ტყით ნადირნი, წყალში თევზნი, ზღვით ნიანგნი, ცით ფრინველნი.

ინდოთ, არავთ საბერძნეთით, მარყიშნი და მაღრიბელნი,

რუსნი, სპარსნი, მოფრანგენი და მისრეთით ეგვიპტელნი“.

ასე ლამაზად, მკაფიოდ და პოეტურად არის დახასიათებული მუსიკის ძალა მე-XII საუკუნეში უკვდავ შოთას კალმით. დ. არაყიშვილმა სული ჩაუდგა ჩვენ სიამაყეს, და სცენაზედ გამოიყვანა გაცოცხლებული კულტურის ბურჯი – შოთა შემკულ ჰანგებით.

 

სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილება
მოამზადამაგდა სოლოღაშვილმა

წყარო : თქმულება შოთა რუსთაველზე : ოპერა-ლეგენდა : მუსიკა დიმიტრი არაყიშვილისა, ტექსტი ილიკო აბაშიძისა, თბილისი, 1919

ოპერა „ლატავრა“

ქართული ოპერა 4 მოქმედებად, 6 სურათად

 მუსიკა ზაქარია ფალიაშვილის

ტექსტი სანდრო სანშიაშვილის

 მოქმედნი პირნი:

ლატავრა – ქართველი ქალი – სოპრანო

ნენო – გამდელი რაინდთა – მეცო-სოპრანო

რაინდები:

რატი – ტენორი

გურამ – ბარიტონი

ბექარ – ტენორი

მოურავი – ბანი

1 მსაჯული – ტენორი

2 მსაჯული – ბარიტონი

ელიშუხი – ქართველი თავადი მოღალატე – ბარიტონი

ენგიჩარ მეფე – ბანი

ვეზირი – ბანი

ხალხი, ჯარისკაცები, მხედრები და სხვა.

ლატავრა ქალის სახელია. ოპერის შინაარსი ლეგენდას წარმოადგენს და ასახავს ქართველი ხალხის წარსული ბრძოლის ისტორიას.

 პირველი მოქმედება

 პირველი სურათი

pict3საქართველოს მოსაზღვრე მიდამოებში დაბანაკებულია მრავალ ქვეყნების მპყრობელი ენგიჩარ მეფე თავისი ჯარით და მხევლებით. სამეფო კარავი. ტახტზე ზის ენგიჩარ მეფე. მეტად დაღვრემილია. ვეზირი და მეფის მხლებელნი შეწუხებულნი არიან მეფის დაღვრემილობით. სთხოვენ მეფეს დაივიწყოს დარდები და თავი მისცეს მხიარულებას. აქვე იმყოფება საქართველოდან ფარულად მოსული მლიქვნელი და ორპირი მოღალატე ელიშუხი. უამბობს მეფეს ლატავრას მშვენიერებაზე და ძლიერებაზე. ურჩევს ენჩიგარს დაიმორჩილოს ტურფა მშვენება, დაიპყროს მისი ქვეყანა, თორემ თვით ლატავრა მოუღებს ბოლოს მის ძლიერებას. ლატავრამ, როგორც ურჩ თავადს ჩამოართვა ელიშუხს უფლება და წაართვა ქონება. შურისძიების მიზნით ის მზად არის დაეხმაროს ენგიჩარს.

ენგიჩარი აწყვეტინებს ელიშუხს თხრობას ლატავრას სიტურფეზე. ეს მას უფრო ჰმატებს სევდას და წყლულს უორკეცებს. ელიშუხი უამბობს სამ რაინდზე, რომლებიც იცავენ ლატავრას. საჭიროა მათი გათიშვა. „მას მე შევძლებ“ ეუბნება ელიშუხი. შენ ოღონდ ელჩი გაუგზავნე და მოითხოვე ლატავრა. როცა გაიმარჯვებ დამიბრუნე ჩემი დიდება. მეფეს კვლავ ამხნევებენ მხლებელნი

2 სურათი

ლატავრას ციხე-დარბაზის მოედანი. მგოსანი საყვირით მოუწოდებს ხალხს. გროვდება ხალხი. ყველა გრძნობს რაღაც საშიშროების მოახლოვებას. მგოსანი ხალხს მოუთხრობს ლატავრას მშვენიერებაზე „ხომ გაგიგიათ ზღაპრებში თქმული

მზეთ-უნახავი მშვენებით სრული

ლატავრა არის უფრო შემკული.

ხალხი თავის ხმას უერთებს მგოსნის ქება-დიდებას ლატავრას სიტურფეზე. მგოსანი ამცნობს ყველას სარდლების მოახლოვებას. ლატავრა მოდის მათ შესახვედრად. შემოდის ლატავრა რაინდთა დედის ნენოს და ქალების თანხლებით. ყველა მღერის ლატავრას სადიდებელ სიმღერას. შემოდიან სამი ძმა რაინდები ბექარ, გურამ და რატი და მიესალმებიან ლატავრას.

შემოდის მოურავი. ელიშუხი უკვე აქ არის და მიესალმება რაინდებს. შემოყავთ თვალ ახვეული ენგიჩარის ელჩი, რომელიც აცნობს ყველას ეჩინგარის მოთხოვნას მუქარით და უსტარს გადასცემს. ბექარი ელჩს უსტარს თავზე გადაახევს. ელჩს გააგდებენ. ელიშუხი ხარობს, რომ ომი აუცილებელია და მისი გეგმა სრულდება. ლატავრა გადასცემს რატის დროშას, გურამს ხმას და ბექარს ბულავას გამარჯვების სიმბოლოთ. ბრძოლისათვის გამზადებულნი დიდებას უძღვნიან ტურფა ლატავრას.

II აქტი

 I სურათი

 ლატავრას ოთახი.

ლატავრა და ნენო ჩაფიქრებულნი ზიან. არ იციან ბრძოლის ამბები. შემოდის უეცრად ელიშუხი და აცნობებს რაინდთა გამარჯვებას. მოისმის გამარჯვებულთა სიმღერა. ელიშუხი ურჩევს ლატავრას სამ რაინდში პირველობა არც ერთს არ მისცეს. ლატავრა თანხმდება.

II სურათი

ლატავრას დარბაზი.

შემოდიან ბრძოლის ველიდან გამარჯვებით დაბრუნებულნი რაინდები რატი, გურამ და ბექარი მეომრების თანხლებით. მათ ხვდება ლატავრა, ნენო და ქალები. საერთო მისალმება. ელიშუხი რატის ჩუმად აქეზებს გურამი მოუწოდებს მათ დასხდნენ. ელიშუხი ხალხს ართობს ოხუნჯური კუპლეტებით. რატი ვერ ითმენს და ამჟღავნებს თავის სურვილს, რომ პირველობა მას ეკუთვნის, რადგან ყველა რაინდებზე მეტად მან ასახელა ლატავრა. გურამი უპასუხებს, რომ მისი გეგმით მოხდა გამარჯვება. მოხდება მათ შორის შეტაკება. ლატავრა აწყნარებს მათ. დაუძახებს გურამს და გადის. რჩება რატი და ბექარი. რატი თხოვს ბექარს მხარი დაუჭიროს მას გურამის წინააღმდეგ. ბექარი უარყოფს ამას. აღშფოთებული რატი ეცემა ბექარს. მივარდებიან ერთმანეთს ხმლებით. შემოვარდება გურამ და შეაწყვეტინებს ბრძოლას. ლატავრას მიცემულ ბეჭდის სახელით გურამი მოითხოვს რატის დაპატიმრებას. რატის გაბრაზება საზღვარს სცილდება და ხმალამოღებული დაეტაკება გურამს. შემოდის ლატავრა და შეაწყვეტინებს ბრძოლას, მაგრამ გურამი უკვე დაჭრილია. საერთო მწუხარება.

III სურათი

იგივე დარბაზი. მსაჯულები და მოურავი არკვევენ მომხდარ ამბების მიზეზს. ზოგი გურამს დებს ბრალს. ზოგი დანაშაულს ხედავს სარდლების ზედმეტ უფლებს მინიჭებაში. შემოდის ლატავრა და შემდეგ გურამი. ნენოც და ხალხიც აქ არიან. ლატავრა დანაღვლიანებულია. ყველაფრის მიზეზად თავის თავს სთვლის. რატი გადავიდა მტრის ბანაკში შურის საძიებლად. ბექარი არ ჩანს.

შემორბის ელიშუხი და მოუწოდებს ყველას მოუსმინოს მგოსანს.

შემოდის მგოსანი და აცნობებს მტრის შემოსევას. გურამ მოუწოდებს მეომრებს. ვინ არის მტერი? ენგიჩარის ჯარს მოუძღვის გამცემი რატი.

ნენო ქალებსაც მოუწოდებს ქვეყნის დასაცავად, მაგრამ უკვე გვიანღა არის. შემოვარდება ენგიჩარის ჯარი და თვით ენგიჩარი. „ძლიერი ჩანდი სუსტი გამოდექ“. ეუბნება ლატავრას მრისხანე ენგიჩარი. შეიპყრობს ლატავრას და უბრძანებს გააცილონ მისი კარავისაკენ. ხალხი ემშვიდობება თავის მშვენებას ლატავრას. რატი მოსთხოვს ენგიჩარს პირობის შესრულებას. ენგიჩარს სიცილად არ ყოფნის რატის მოთხოვნა. შენ ხარ შენი ქვეყნის მოღალატე. რატი იშიშვლებს ხმალს, მაგრამ ამაოდ. დარაჯები იქვე არიან. ყველა მიდის. რჩება მარტოდ მოტყუებული და იმედ გაცრუებული რატი.

 3 მოქმედება

შეთქმულების მოედანი.

ნენო სადიდებელ ჰიმნს უძღვნის მზეს, ხალხთა იმედის გამშუქებელს. შემოდიან ქალები და კაცები. მზადდება შეთქმულება ენგიჩარ მეფის წინააღმდეგ ლატავრას დასახსნელად. გურამიც აქ არის. შემოდის რატი. სინანულის ცრემლი სდის მის თვალებს. „ხარ მოღალატე, ხან გამყიდველი და ძმათა მკვლელი“ ეუბნება მას ხალხი. რატი  მიმართავს ნენოს შენდობისათვის. „არ არის ღირსი შებრალებისა“ ამბობს ნენო და რატის ჰკლავენ. შემოირბენს ელიშუხ და მუქარით მიმათავს ნენოს. ნენო ხანჯალს ჩასცემს გულში ვერაგ ელიშუხს და იქვე ჰკლავს. ყველანი შეჰფიცავენ ერთმანეთს, რომ დაიხსნიან ლატავრას მრისხანე მტრისაგან.

4 მოქმედება

pictu1 ენგიჩარ მეფის ბანაკი. ზის ენგიჩარი კვლავ დაღვრემილი. ლატავრას ქვეყანა დაიპყრო. მაგრამ ვერ მოსტეხა ლატავრას სულიერი სიძლიერე. ვერ მოიკლა თავისი ჟინი. შემოყავთ ლატავრა და ტყვე ქალები. ენგიჩარი მოსთხოვს ლატავრას დამორჩილდეს. ლატავრა სწუხს თავის ქვეყნის დაპყრობას და ხალხის აწიოკებას. ენგიჩარი უბრძანებს თავის მხევლებს და მონებს იცეკვონ. „ნახოს ლატავრამ რა მოსწონს მეფეს“, ცდილობს ლატავრას გულის მოგებას. ეალერსება, მაგრამ ამაოდ „აღარ ძალმიძს მეტის მოთმენა“, დაიყვირებს, „სვეტს მიაკარით, ჩემს თვალწინ სტანჯეთ“.

ლატავრას სვეტს მიაკრავენ. ირგვლივ დატყვევებულნი მეგობარი ქალები შემოერტყმებიან და უმღერიან ტანჯვის შემსუბუქების მიზნით სიმღერებს. ენგიჩარი ღელავს და შფოთავს. თავისი ხელით უნდა მოჰკლას ლატავრა, მაგრამ რომ შეხედავს დაუმორჩილებელ ტყვეს, ლატავრას სულის სიძლიერე მას ფარხმალს აყრევინებს. შემოვარდება ვეზირი და აცნობებს, რომ ლატავრას ხალხი აჯანყებულია, ჯარი განადგურებულია. სასოწარკვეთილებით სავსე ენგიჩარი კარავში შევარდება. გამოვა ხმლით ბოლო მოუღოს ჯიუტ ლატავრას, მაგრამ წინ გადაეღობება გურამი. იმართება ბრძოლა. გურამი კლავს ენგიჩარს მისივე კარავში. გამარჯვებულ ხალხს წინ მოუძღვის ნენო. იწვის ენგიჩარ მეფის ქონება, ანთავისუფლებენ ლატავრას.

საერთო სიხარული და გამარჯვების სიმღერა.

           სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილება
მოამზადამაგდა სოლოღაშვილმა

 წყარო : ლატავრა : ქართული ოპერა 4 მოქმ. 6 სურათად : მოკლე შინაარსი / მუს. ზაქარია ფალიაშვილის, ტექსტი სანდრო შანშიაშვილისა. თბ., 1937

ფოტო:  ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკაივერიელი”,  ეროვნული ფოტომატიანე.

 

 

 

ოპერა „ქეთო და კოტე“

კომიკური ოპერა 3 მოქმედებად

მუსიკა ვიქტორ დოლიძის
ლიბრეტო შედგენილია ცაგარელის კომედიიდან „ხანუმა“

 

„ქეთო და კოტე“ წარმოადგენს სატირას, რომელშიაც გამოყვანილია ერთის მხრივ მომაკვდავი თავად-აზნაურობა, ხოლო მეორეს მხრით ვაჭარ-მრეწველთა ფეხადგმული კლასი. ამ კომედიაში მოცემულია სოციალური განვითარების ის მომენტი, როდესაც ეს ორი მებრძოლი კლასი კომპრომისზე მიდიან ერთი-მეორის მიმართ: გაღატაკებული თავად-აზნაურობა  თავის ქონებრივ კეთილდღეობას ახლად ფეხადგმულ ვაჭარ-მრეწველთაგან ელის. რა უნდა იყოს ამისათვის დამოყვრებაზე უკეთესი? მეორეს მხრით, ბურჟუაზიაც დაინტერესებულია თავად-აზნაურთა ჩინ-მენდლებში, რადგან ნახევრად ფეოდალური რუსეთის მთავრობა დიდ პრივილეგიებს ანიჭებს ძველი წოდების წარმომადგენლებს. ამით აიხსნება ის გარემოება, რომ ტყუილკოტრიაშვილი, კოტე და ლევანი ერთნაირად არან დაინტერესებული დამოყვრებაში.

მეორეს მხრით კომედია ამათრახებს მაშინდელი ყოფა-ცხოვრების ბნელ მხარეებსაც. მოხერხებული მაჭანკლის სახით ცაგარელმა გამოიყვანა ის გაიძვერა ტიპი, რომელიც გარდამავალ პერიოდში ისევ განაგრძობს თავის საქმეებს, მაგრამ ამჟამად უკვე ახალი ვაჭრული ხრიკებითა და „მეთოდებით“.

პირველი მოქმედება

magda surat

სცენა სპექტაკლიდან ” ქეთო და კოტე”

თავადი ლევან ფალავანდიშვილის ოჯახში გახურებული ქეიფია. მოისმის თავადის სიმღერა, რომელიც  ნადირობიდან  ბრუნდება.  თავადი   ლევანი  უერთდება  მოქეიფეებს. ამ დროს შემოდის ლევანის ძმისწული კოტე, რომელიც ეს არის დაბრუნდა შორეული მოგზაურობიდან. ყველანი აღტაცებით ეგებებიან კოტეს. მაჭანკალი ბაბუცი არ აყოვნებს და თავის მხრივ საცოლეს ჰპირდება მას.მაჭანკალი ბაბუცი უახლოვდება ლევანს და საიდუმლოთ ეუბნება, რომ ტყუილკოტრიაშვილის ქალიშვილ ქეთოსთან საქმე უკვე გაჩარხულია. მაგრამ ახლა ლევანს მხოლოდ ქეიფი სწყურია და ბაბუცის ყურადღებას არ აქცევს.

სულ მალე წამოიშლებიან სტუმრებიც. ყველანი მიეშურებიან ბაღისკენ, კოტე შეაჩერებს თავის ბიძას. მას საჭირო საქმე აქვს თავად ლევანთან, კოტე ეუბნება მას, რომ იგი ცოლს ირთავს და ეშინია, რომ საცოლოს მამამ ხელი არ შეუშალოს. გახარებული ლევანი თავის მხრივ ეუბნება კოტეს, რომ ისიც აპირებს ცოლის შერთვას, მაგრამ ჯერ-ჯერობით ფულები აკლია, თუმცა ლევანი ფიქრობს, რომ ტყუილკოტრიაშვილი ამისთვის არ დაუჭერს ქალს. კოტე ძლიერ გაოცდება, როდესაც საცოლოს გვარს გაიგებს. მისი აღელვება ლევანსაც შეაფიქრიანებს, მაგრამ კოტე სასწრაფოდ ამშვიდებს მას. თავადი გაეშურება ბაღისკენ სტუმრებთან.

ამ დროს შემოდის მაჭანკალი ბარბალე. კოტე მივარდება მაჭანკალს და შესჩივლებს თავის გასაჭირს. ბარბალე ამშვიდებს, ურჩევს მხოლოდ მას დაუგდოს ყური და საქმე ჩინებულად წავა.

დაიმედებული კოტე დაემშვიდობება ბარბალეს.

ბარბალე დაუყოვნებლივ იწყებს მოქმედებას. შემოდიან ლევანი, მარო და ბაბუცი. ბარბალე მიუბრუნდება მათ და ეუბნება, რომ მან უკვე მოაჭახრაკა ლევანის დაქორწინების საქმე. ყველანი გაოცდებიან. გაჩაღდება ჩხუბი მაჭანკლებს შორის. მათ გაზავებას ლევანი კისრულობს და წინადადებას აძლევს წილი ჰყარონ. ასეც მოიქცევიან. წილი ბაბუცის ერგება! ბარბალეს ჯავრი ხეთქავს. გამარჯვებულნი კი გააბრძანებენ დამარცხებულ მაჭანკალს სახლიდან. ბარბალე მიდის, მაგრამ ფარ-ხმალს არ ჰყრის: ვნახოთ, ვინ დარჩება გამარჯვებული!

ატყდება ქარი. სტუმრები ბრუნდებიან ბაღიდან და სახლში შედიან. თავადი თხოულობს ქეიფის გაგრძელებას.

მეორე მოქმედება

მდიდარი ვაჭარი მაკარ ტყუილკოტრიაშვილი მაგიდასთან ზის და ფულებზე ოცნებობს. დღეს ტყუილკოტრიაშვილი განსაკუთრებულ გუნებაზეა: ჩქარა მისთხოვდება მისი ქალი „პატივცემულ“ თავად ლევანს. საცაა თავადიც მობრძანდება ქალის სანახავად. მაკარი უბრძანებს თავის ქალს გამოეწყოს ახალ ტანსაცმელში. მაგრამ ქეთო ღელავს და ევედრება მამას, ნუ მიათხოვებს მას ლევანს. მაკარი უბრძანებს ქალს გაჩუმდეს და მოემზადოს. ტყუილკოტრიაშვილი მიდის. მას უკან მისდევს დანაღვლიანებული ქეთო.

შემოდის კოტე. მას სურს ქეთოს ნახვა. მალე გამოჩნდებიან ქეთო და ბარბალე. კოტეს ეშინია, რომ მრისხანე მამამ არ მოუსწროს მათ. მაგრამ ბარბალე მას ამშვიდებს: თუ მაკარი მობრძანდება, ისინი ეტყვიან მას, რომ კოტე როიალის ამწყობია.

ამ დროს შემოდიან ქეთოს ბიძაშვილები: საქო და სიკო, ორივენი მხიარულ გუნებაზე არიან, მღერიან ღვინოზე, ცოცხალზე, მწვანილზე, ტიკებზე, მწვადებზე და სხვა.

სიკოს მილოცვაზე ქეთო უპასუხებს, რომ იგი არ გაჰყვება თავად ლევანს. მას სხვა უყვარს: – თავადი კოტე. „ისიც აქ არის“ – ამბობს ქეთო და მიუთითებს თავის საქმროზე.

საქო და სიკო სახტად დარჩებიან. საერთო არევ-დარევაში ისმის ბარბალეს ხმა. იგი აჩვენებს მათ წერილს, რომელიც თითქოს ქეთოს მაგიდაზე იპოვა. წერილში ქეთო მიმართავს მამას, რომ მან გადასწყვიტა თავის მოკვლა, რადგან არ სურს ცოლად გაჰყვეს იმ კაცს, რომელიც არ უყვარს. თავის სიკვდილში იგი ბრალს სდებს მამას და აგრეთვე საქოსა და სიკოს, რომლებიც მას ეხმარებოდნენ.

საქო და სიკო შეწუხებულნი არიან ამ ამბით და წასვლას დააპირებენ, მაგრამ ბარბალე მათ არ ეშვება, რადგან მას მათი დახმარება სჭირია.

მათი ბაასის დროს შემოდის მაკარი, რომელიც ღელავს თავადის მოლოდინში და ყველას სთხოვს სათანადოთ მოემზადონ.

მაკარის გასვლის შემდეგ ბარბალე გამოუცხადებს მათ თავისი მოქმედების გეგმას. ახლავე გამოეწყობა იგი საპატარძლოს ტანისამოსში ქეთოს მაგიერ, ხოლო საჭიროა დროებით მაკარი როგორმე მოვაშოროთ სახლს. მას უნდა მივცეთ წერილი, რომლითაც თითქო გამომძიებელი იბარებს ფრიად საჭირო საქმისათვის. საჩქაროთ ადგენენ წერილს.

უცებ მოისმის ხმები: „მოდიან, მოდიან“. შემოდიან სტუმრები. მობრძანდება მაკარიც. მალე თავადიც გამოჩნდება. მაკარს გადასცემენ წერილს. იგი ბოდიშს იხდის სტუმრების წინაშე და მიდის.

ამით სარგებლობს საპატარძლოთ გამოწყობილი ბარბალე. გონჯი პატარძლის შემოსვლა შემოსვლა მოთმინებიდან გამოიყვანს ლევანს და სტუმრებს. აღელვებული ლევანი გაიძრობს ხმალს. უცებ აირევა ყველაფერი: სტუმრები გარბიან. სწორედ ამ დროს სახლში ბრუნდება მაკარი. მას უკან ბაბუცი მოსდევს, მაგრამ დაინახავენ თუ არა გააფთრებულ თავადს ამოღებული ხმალით, უმალ მოტრიალდებიან და გარბიან.

მესამე მოქმედება

mag3-picმაკარი ესაუბრება თავის ძმის წულებს. მას ვერ გაუგია, როგორ მოხდა, რომ თავადს არ მოეწონა მისი ქალი. საქო ეუბნება, რომ ეს საქმე სულ მაჭანკალმა ბაბუციმ ჩაშალა. კარგად მოიქცა მაკარი, რომ ბარბალე მოიხმო. ის ყველაფერს მოაგვარებს.

შემოდის ბარბალე და თავმდაბლად ესალმება მაკარს, მიუხედავათ იმისა, რომ ბარბალეს არა ერთხელ აწყენინა მაკარმა, იგი მაინც მზად არის ას თუმნათ გაუხერხოს მაკარს ჩაშილილი საქმე. ერთი საათის შემდეგ დანიშნულია ქორწილი. გაოცებული მაკარი საჩქაროთ აძლევს მას ხუთას მანეთს და სწერს ხელწერილს, რომ იგი თანახმაა თავისი ქალი მიათხოვოს თავადს. აქ მაკარს დაავიწყდება მისი სახელი. ბარბალე უკარნახებს: „კოტე“. მაკარიც ასე ჩასწერს, ამ დროს შემოდის ქეთო. მამა ეუბნება მას, რომ უსიტყვოდ გაჰყვეს ბარბალეს და რასაც ის ურჩევს, ყველაფერი შეასრულოს. ბარბალე სიკოსა და საქოს თანხლებით ქეთოს ეკლესიაში გაჰგზავნის, სადაც მას კოტე ელოდება. მაკარი უყურებს მიმავალ ბარბალეს და უკვირს, როგორ შეუძლია მას ასე ხელად დაითანხმოს თავადი. „პახ, პახ, პახ! რა ცხარე თავადი ყოფილა! ამბობს ის: კარგია, დროზე გავასწარი თავი!“

უცებ შემოირბენს მაჭანკალი ბაბუცი და ეუბნება მაკარს, რომ ბარბალემ ჩაფუშა მთელი საქმე. როგორ? გაოცებულია მაკარი. მან ეს არის თანხმობა მისცა ბარბალეს თავისი ქალი მიათხოვოს თავად კოტეს! „ჩვენს თავადს ხომ ლევანი ჰქვიან!“ – წამოიძახებს ბაბუცი. ტყუილკოტრიაშვილი ახლა კი მიხვდება, რომ მოტყუვდა. ისინი საჩქაროდ მირბიან ეკლესიაში. მაგრამ უკვე გვიანაა. ქეთო და კოტე უკვე დაქორწინდნენ.

ისმის ზურნის ხმა, შემოდიან ახლად ჯვარდაწერილნი. მცირე ხნის მისალმების შემდეგ ქეთო და კოტე მარტოდ რჩებიან. ამიერიდან ვეღარავინ ჩაშლის მათ ბედნიერებას.

შემოდის მაკარიც. მას  თან ლევანი შემოჰყავს იმის დასარწმუნებლად, რომ მისი ქალი არ არის გონჯი. თანდათან იკრიბებიან სტუმრები.

საქო სთხოვს მაკარს დალოცოს ქალი და სიძე. მაკარი საჩხუბრად ემზადება, მაგრამ მას ლევანი დაამშვიდებს: იგი გულწრფელად მოხარულია, რომ მისმა ძმისწულმა ასეთი მშვენიერი ქალი შეირთო ცოლად და საჩუქრად მას თავის ნახევარ ქონებას აძლევს. ყველანი ულოცავენ მათ. ბარბალე ამაყობს თავის გამარჯვებას. სამაგიეროდ ლევანისთვის ბარბალეს სხვა ქალი ჰყავს არჩეული. ყველანი დასცინიან მაჭანკალ ბაბუცის.

იწყება საერთო მხიარულება და ცეკვა.

სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილება
მოამზადა: მაგდა სოლოღაშვილმა

 

წყარო : ლიბრეტტო ოპერა ქეთი და კოტე-სი / მუსიკა ვიქტორ დოლიძის ; ლიბრეტტო შედგენილია ცაგარელის კომედიიდან „ხანუმა“ ნ. რიადნოვას მიერ;  ტფ., 1923. 

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა “ივერიელი”,  ეროვნული ფოტომატიანე, იარკლი ვართაგავას კერძო კოლექცია

 

 

ოპერა “დაისი”

ქართული ორიგინალური ოპერა 3 მოქმედებად. მუსიკა ზაქ. ფალიაშვილისა, ლიტერატურული ტექსტი ვალ. გუნიასი

მოკლე შინაარსი

მ ო ქ მ ე დ ი   პ ი რ ნ ი:

მალხაზ. 27 წლისა კარის-კაცი (Tenore)
კიაზო. 30 წლ. ასისთავი (Barytono)
მარო. 19 წლ. გასათხოვარი ქალი (Soprano)
ნანო. მაროს თანაშეზრდილი (Mezzo-soprano)
ტიტო. ახალგაზრდა სოფლის ბიჭი (Tenore)
ცანგალა. ხნიერი, ხუმარა კაცი (Basso)
სოფლის ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, მეომარნი, მლოცველები, ღამის მთეველნი.
მოქმედება სწარმოებს ისტორიულ ხანაში.

 

მოქმედება I.
გამოსვლა I. მარო და ნანო

სცენა სპექტაკლიდან “დაისი” – ფოტო გადაღებულია მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადაზე სავარაუდოდ 1930-1940_იან წლებში.

ნანო ხალისიან გუნებაზეა, ღამის თევა იქნებაო. ლხინი მოგველისო. მარო. სევდიანია. როგორც დანიშნულს ცეკვა და ცქრიალი არ შემშვენისო. ესეც არ იყოს, ღამის თევამ და მხიარულებამ სევდა როგორ უნდა გამიქარვოს. სჯობს მარტო ვიყო, თორემ ხალხში წუხილი უფრო ამეშლებაო. ნანო. მესმის შენი ოხვრა მწველი, მაგრამ გულს ნუ გაიტეხ, ღმერთი მშველელია დაჩაგრულისაო. უნდა რამე გახარო ვისაც ნატრობ, ჩქარა ჰნახავ. შენს დასტურს ელისო. მარო შეშფოთდება-„ნუ მწვავ, ნუ მდაგავ, სთქვი რაც გაქვს სათქმელი“. ნანო. მალხაზ ეხლავ ჰნახავ. მარო და ნანო ერთად ამბობენ: „ოჰ, შენ დიდო ღმერთო, მიჯნურთ შემაერთო. იყოს ნება შენი და ჭირს დაგვიხსენი“.

გამოსვლა 2. მალხაზ

შორიდან მოისმის მისი ხმა. მღერის: „ჩემი ბედის ვარსკვლავი ხარ შენ, მზეო ამომავალო, განმსჭვალა შენმა სურვილმა, ვითა შეშლილი დავალო“ და სხვ.-სიმღერას რომ გაათავებს, გამოჩნდება და ნანო შემოიხმობს ეზოში. თითონ ნანო გავა, მაროს დედას შეატყობინოს მალხაზის მოსვლა. მარო შემკრთალია. მცირე დიალოგის შემდეგ-მალხაზისა და მაროს-სატრფიალო-დუეტი: „ქალო, რად შეკრთი, იწამე ღმერთი“, რომლის შემდეგ მარო გაუმხელს, რაკი მალხაზი დიდიხნობით გადახვეწილი იყო, იგი, მარო, დანიშნეს ასისთავ კიაზოზე. ეს საშინლად ააღელვებს მალხაზს და საყვედურით მიმართავს მაროს, მაგრამ გამოჩნდება ნანო და მაროს დედის დავალებით სახლში მიიწვევს მალხაზს. მალხაზი გადის.

გამოსვლა 3. გუნდი

ღამის მთეველნი ეკლესიისაკენ მიდიან. შორიდან ისმის სიმღერა: „სიყვარულმა დამწვაო“. ნანო შემოიწვევს მოზეიმე გოგო-ბიჭებს. მათ შორის არიან ტიტო და ცანგალა. საერთო ჟივილ-ხივილი, შაირული დიალოგი ნანოსა, ტიტოსა და ცანგალას შორის. ბოლოს ყველა მიმართავს ცანგალას-შაირები დაიწყეო. მცირე პრანჭვის შემდეგ ცანგალა იწყობს მესტვირულ კილოზე. ხამუშ-ხამუშ გუნდი ჩაურთავს სიცილსა და სხვა შეძახილს. შაირობის დროს ტიტოსა და ცანგალას ჩხუბი მოუვათ. ერთმანეთს უტევენ. გოგო-ბიჭები აშველებენ. საერთო ჟრიამული. შემოდის მალხაზი და ამშვიდებს მოჩხუბართ და დაცინვით მიმართავს ცანგალას: „რაც მოგივა დავითაო – ყველა შენი თავითაო“. ეს ცანგალას არ ეჭაშნიკება და გულში ჩაიხვევს. იმართება ფერხული. მარო შუაგულში გამოიყვანს მაროსა და მალხაზს. ფერხულის დროს ცანგალა განზე გაიხმობს ნანოს და ეუბნება-მიგიხვდი ეშმაკობას, მაჭანკლობას ეწევი მაროსა და მალხაზს შორისო. კიაზოს ნუ ეხუმრები, გულფიცხი კაციაო…ნანო ეუბნება-გირჩევ ენა შეიმოკლო, თორემ გაიბერტყებიო. ფერხულსა და მერე ლეკურის შემდეგ გუნდი სიმღერით გადის. მაროც მიჰყვება. მალხაზს უნდა შეაჩეროს იგი, მაგრამ მარო არა ჩერდება. უხერხულია ახლა ჩემი დარჩენაო. მალხაზი იტანჯება, მერე მუქარას უთვლის კიაზოს. შემდეგ კვლავ მოინაღვლიანებს და იწყებს ჩივილს ბედზე „თავო ჩემო, ბედი არ გიწერია“-ო…

მოქმედება II
გამოსვლა I. კიაზო და ცანგალა

სცენა სპექტაკლიდან “დაისი”

დიალოგია კიზოსა და ცანგალას შორის. კიაზო უსაყვედურებს ცანგალას-უბედურების მორბედი ხარო, ყურში უწყლოდ შხამს მაწვეთებო. ცანგალა უპასუხებს მე ყოველთვის შენი ერთგული ვიყავ და ახლაც ასე ვარო. მხოლოდ შენი მარო ტრფიალებას შუაზე გიყობს და მალხაზზე გაგცვალაო. კიაზოს ეს თავზარს დასცემს და იმ დროს, როდესაც ცანგალა გადის ღვინის მოსატანათ, კიაზო მიმართავ თავის ბედს „სულო ბოროტოს“-ს სიტყვებით. ამ არიის გათავებისას შემოდის კვლავ ცანგალა ხელადით და ყანწით. ეუბნება-მწყინს, რომ კარგი მახარობელი ვერ გამოვდექი, სამაგიეროდ ღვინო შესვი და შიგ ჩაახშე შენი ვარამიო. გაბოროტებული „დამისხი დამალევინე ეგ ღვინო ოხერტიალი, ეგები წაღმა ვიფიქრო სოფლის უკუღმა ტრიალი“-ო. მერე სმისა და სიმღერის დროს ცანგალაც აჰყვება კიაზოს. სიმღერის დასასრულ ორივენი გადიან.

გამოსვლა 3. მარო

მარო უჩივის თავის ბედს: „არ ცხრება სევდა, ბოლო არ უჩანს“-ო. მწარე ოცნებით იგი შესთხოვს ბედის ვარსკვლავს, რომ აღთქმული ბედნიერება მიანიჭოს.

გამოსვლა 4. ნანო

ნანო ამშვიდებს მაროს, მაგრამ მისი სალბუნი ვერა სჭრის და გაიძახის „დღეთა ჩემსა გაზაფხულზე თავს დამატყდა მეხის ზარი“- ო.

გამოსვლა 5. მალხაზი

მალხაზი ეუბნება რა ხანია დაგეძებთო, როცა ნანო მარტო დასტოვებს მათ, მალხაზი მაროს ხელს დაუჭერს და ეუბნება: „მსურს შენთან მარად მახლობლად ვიყო და ხელთ მეჭიროს ეგ შენი ხელი“-ო… მარო უპასუხებს „ვგლოვობ დაკარგულ იმედსა და გაცუდებულ გრძნობასა“-ო…მალხაზი გამხნევებით ეუბნება: „ბედი ბრძოლად თუ გამიწვევს, მერწმუნე, რომ არ შევდრკები“-ო. მაგრამ მარო მაინც წუხილით უპასუხებს: „გულში ეჭვები მეზრდება, სულსა მიხუთავს, მაღონებსო, შემოვა ნანო და აცნობებს, რომ აქეთ ხალხი მოდის და კიაზოც თან მოჰყვებათო. ქალები სთხოვენ მალხაზს მოერიდოს კიაზოს. მალხაზი უარობს, მაგრამ მაინც ქალები დაიყოლიებენ და მალხაზი გადის.

გამოსვლა 6. გუნდი და შემდეგ კიაზო

ხალხი აღელვებული შემოდის-„ლეკი ბარში გადმოსულა, აუკლია სახლი-კარი“-ო. რაღას ვაკეთებთ, შევიარაღდეთ და მტერს თავზარი დავცეთო. გამოჩნდება კიაზო. შეეკითხებიან, მართალია თუ არა მტრის შემოსევაო. კიაზო ჯერ სალამს მიუძღვნის ხალხს და უპასუხებს-მართალიაო; მერე მოუწოდებს იქ მყოფთ, რომ ქვეყნის დასაცველად და ხალხის თავისუფლებისათვის ამხედრდითო, რადგანაც ხალხის თავისუფლება „მოითხოვს მსხვერპლსა დიადსა“-ო. ხალხი აღინთება შურისძიების გრძნობით და შეუერთდება კიაზოს დაძახილს „გვიძღოდეს დროშა ფერადი და მკლავი რკინა-ფოლადი“-ო, რომელიც ბოლოსხორალად გადაიქცევა. კიაზოს გამოაქვს დროშა და მის წინაშე ხალხი სასოებით ფიცსა სდებს ქვეყნის დაცვისას. მოისმის ზარების რეკვა, რაც ხალხის გუგუნს გადაეხლართება, და საერთო აღტკინების ჟამს ფარდა ეშვება.

მოქმედება III
გამოსვლა I კიაზო და მარო

სცენა სპექტაკლიდან “დაისი”

კიაზოს ძალით გამოჰყავს მარო და საყვედურს ეუბნება „მე ვარდი გამიგონია ტურფა ყვავილი ბარისა… შენ-კი, მენ. ჩემო ყორანო, თავზედ შავადა დამჩხავი“-ო… სიტყვის ფასი არა გცოდნიაო. მარო უპასუხებს – ამაოდ მყვედრი, რადგანაც მე ისა ვარ, რაც წინად ვიყავიო. კიაზო მოაგონებს-„გულის მოსაფხან სიტყვებს ჩემს გასაგონად ამბობდი„-ო, მაგრამ თურმე „სხვის ტრფიალებას ლამობდი“-ო. მარო თავსა მართლულობს – წინადაც გეუბნებოდი, ახლაც ვიტყვი- „ყვარებით არ მყვარებიხარ და შენც სიყვარულს არა მთხოვდი“-ო. კიაზო სასოწარკვეთილებით შესძახებს – „ის დღე დაიქცეს, რა დღესაც შენ მე საცოლედ დაგნიშნე“-ო. მარო მიუგებს: „თუ ეგ გაწუხებს, ინებე, რითაც შენ დამნიშნე“-ო. (ბეჭედს უბრუნებს) ამის შემდეგ კიაზო მუქარით ამბობს: „სისხლი მწყურიან, სისხლი ორგულის, შენც მიმხვდარი ხარ ვისიც მწყურიან“-ო… „ჩემი ლხენა ახლა შურია“-ო. მარო ევედრება… “ჰა შეიწირე ჩემი არსება, ჩემთვის სიკვდილი საამურია“-ო.

გამოსვლა 2. მალხაზ

მარო – კიაზოს დიალოგის დროს შემოდის აღელვებული მალხაზ – „კმარა ამდენი კრძალვა-მალვა, – აწ საზღვარი გადილახა“-ო. ჯერ თავს შეიკავებს და კიაზოს მიესალმება: „კეთილი იყოს შეხვედრა ჩვენი“-ო. კიაზო უპასუხებს, რომ „მეომარი ვარ ბრძოლად დავდივარ“- და ჩემი აქ არ ყოფნის დროს სატრფომ მიღალატა და ძმამ ძმობა დაჰგმოო. მარო ამშვიდებს კიაზოს „მებრძოლ ვაჟკაცსა შეჰფერის სულის სიმშვიდის ქონება“-ო, „რა დამამშვიდებს საბრალოს, როცა მერყევა გონება“-ო. მალხაზი ამბობს: „ასე ყოფას მეც განვიცდიო“-ო. მაროც ამას ამბობს: „მეც მაგვარ გრძნობას განვიცდი, სწორედ რო შესაზარია“. მაროს ხვეწნა და ვედრება ვერ გასჭრის და ვაჟკაცთა საბედისწერო შეყრა ხმალამოწვდით თავდება: „ჩაიფერფლა მოთმინება და იღვიძებს შურის ვნება, დამნაშავეს ზეცა დასჯის, მართალს უშველის განგება. გაგვასამართლოს ძირს ხმალმა და ზეცად-კი თვით უფალმა“. შეუტევენ ვაჟკაცნი ერთმანეთს, მაგრამ ამ დროს მოისმის მხედრული სიმღერა-„ომში წასვლა მას უხარის“-ო. მოსაკლავად ერთმანეთზე ხმალამოწვდილნი შედგებიან. ომის გახსენება მოაგონებთ მათ მამულიშვილურ მოვალეობას და ყოყმანში არიან: „საპირადო თუ საქვეყნო“. „შევწირო თავი, ჩემი სიცოცხლე ჩემსა ქვეყანას და არა სატრფოს“-მაროც ეუბნება“რად გავიწყდებათ, რა დროა ახლა. ქვეყანა თქვენგან ითხოვს შველასა. დასთმეთ გულისთქმა, დამივიწყეთ მე,-ბედსა ქვეყნისას შესწირეთ თავი“-ო. მაგრამ საპირადომ გაიმარჯვა: „არ შემიძლიან, სისხლი მემღვრევა“-ო იძახის კიაზო. „არა ხმალმა გადასჭრას,-ვინ არის მართალი“-ო. ბრძოლაა. კიაზო სასიკვდილოდ დასჭრის მალხაზს. მაროს ძახილზე ხალხი შემოცვივდება.-საერთო აღშფოთებაა. კიაზო ამბობს: „სხვა გზა არ იყო, ერთ-ერთ ჩვენგანს უნდა ეცოცხლნა“-ო… მაგრამ ვგრძნობ დამნაშავე ვარ… „სისხლით განვიბან ჩემს შეცოდებას და ყველასა ვსთხოვ მოტევებასა“-ო. ამ სიტყვებით იგი გადის. მომაკვდავი მალხაზი მიმართავს მაროს: „მარო, მარო შენ ჩემო სატრფოვ, შენ ჩემო იმედო, ჩემო სიცოცხლევ, შენ ჩემო ნუგეშო… დამშვიდდი, მარო, გული იჯერე. ნუ მიეცემი კაეშანს მტანჯველს“-ო…“მიგულე ისე, ვით ბრძოლის ველზედ ხალხისათვის თავდადებული“-ო… და კვდება. მარო იწყებს ზარით ტირილს: „მწუხრი დაიწყო, ბედმა რა მიყო… სიცოცხლე ჩემი მან თან წაიღო, გუნდი თანამიუცრემლებს მაროს იმავე სიტყვებით. ეკლესიიდან მოისმის გალობა. მარო და გუნდი დასტირიან მალხაზის გვამს. „მწუხრი დაიწყო“… ობა გათავდა. ყველანი მალხაზის გვამს დასცქერიან მწუხარედ.

 

სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილება

მოამზადა: ნინო კიკვაძემ

წყარო : ლიბრეტტო ოპერა დაისი-სა / მუსიკა ზახ. ფალიაშვილისა ; ლიტ. ტექსტი ვ. გუნიასი ., – ტფ., 1923.

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა “ივერიელი”,  ეროვნული ფოტომატიანე, იარკლი ვართაგავას კერძო კოლექცია

_______________________

იხ. აგრეთვე: ზაქარია ფალიაშვილის ოპერა “დაისი”- https://burusi.wordpress.com

 

 

 

მოზაიკა

mozaiმოზაიკური გამოსახულების მისაღებად, სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის მასალას ამაგრებენ კირის, ცემენტის ხსნარზე და ან სანთლის ფენაზე. არსებობს მოზაიკის აწყობის 2 ხერხი:”პირდაპირი”, როცა მასალა უშუალოდ მაგრდება მისთვის განკუთვნილ ზედაპირზე, და “არაპირდაპირი”, როცა მას ჯერ მუყაოზე, ქსოვილსა და სხვა მაგარ ნივთიერებაზე აწყობენ და შემდეგ გადააქვთ კონკრეტულ ადგილას. მოზაიკის მასალა, როგორც წესი, მყარი და გამძლეა. სწორედ ეს ფიზიკური მახასიათებლები ანიჭებს მას განსაკუთრებულობას.

მოზაიკის ხელოვნება  4 000 წელზე მეტ ხანს ითვლის, როდესაც დეკორატიულ ფიგურებს თიხის ნატეხებით გამოსახავდნენ ფონზე. ძვ. წ.-ით VIII საუკუნისთვის უკვე არსებობდა მოკირწყლული ბილიკები, რომლებიც სხვადასხვა ფერის კენჭებით   იყო გაფორმებული.  თუმცა, ეს უფრო არასტრუქტურირებული დეკორაციები იყო.

უძველესია სხვადასხვა ფერის თიხის წრეებისგან დამზადებული მოზაიკა (შუამდინარეთის ტაძრები, ძვ. წ. III ათასწლეულში).  ძვ.წ. IV საუკუნეში, ბერძნებმა კენჭებით გაფორმებას ხელოვნების სახე მისცეს და ზუსტი გეომეტრიული ფიგურების,  ცხოვრებისეული სცენებისა და ცხოველების გამოსახვა დაიწყეს.

ძვ. წ. 200 წლისთვის, სპეციალური  ნაწილების (ტესერების) დამზადებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ ნამუშევრის  დეტალებსა და ფერთა სპექტრს.  პატარა ტესერებით, რომლებიც ზოგჯერ, სულ რაღაც, რამდენიმე მილიმეტრი იყო, ნახატების ასლებს აკეთებდნენ. მოზაიკის ბევრი ნიმუში დრომ შემოგვინახა, მაგალითად, პომპეის მოზაიკები ბერძენ ხელოვანთა ოსტატობას გვიჩვენებს. პომპეის მოზაიკაზე წარმოდგენილია ზღვის ღმერთი ნეპტუნი და ამფიტრიტე. იგი ჰერკულანიუმში, იტალიაში ინახება. კედლის მოზაიკაში გამოყენებულია მინის ნატეხები, რაც ფერებს მეტ სიცხოველეს ანიჭებს.   იატაკის მოზაიკის დეტალებს  მარმარილოს ან სხვა ქვებისგან ამზადებდნენ, ზოგჯერ თიხის ნატეხებს ან აგურსაც იყენებდნენ შესაბამისი ფერების მისაღებად. გრეხილებისგან შემდგარი ჩარჩოს ეფექტს გილოშებს უწოდებდნენ.

რომის იმპერიის გაფართოებასთან ერთად, მოზაიკის ხელოვნება კიდევ უფრო განვითარდა, მაგრამ ოსტატობის დონე და მანერა დაკნინდა.  თუ  რომაული მოზაიკის  ნიმუშებს იტალიურს შევადარებთ, დავინახავთ, რომ გაფორმების თვალსაზრისით, პირველი უფრო მარტივი და ტექნიკურად ნაკლებ დახვეწილია. რომაული  მხატვრობის ძირითადი თემატიკა იყო სცენები ღმერთებისა და ადამიანების  ცხოვრებიდან, აგრეთვე,  გეომეტრიული ფიგურები.

რომაელები მოზაიკას იატაკის გასაფორმებლად იყენებდნენ, ბიზანტიელები – კედლებისა და ჭერის.   სმალტში ხსნარს არ ასხამდნენ, რაც განაპირობებდა მინაში შუქის გარდატეხას. ამასთანავე, მოზაიკას პატარა კუთხეებში სვამდნენ, ოქროს ტესერები კი შენობის სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვაგვარად ბრწყინავდა. ბიზანტიურ ნამუშევრებში, რომაული  გამოსახულებები  ტიპურ ქრიტიანული თემებს შეერწყა, თუმცა, ზოგიერთი ნიმუში იმპერატორებსა და მათ მეუღლეებს ასახავდა. მოზაიკის საუკეთესო ნიმუშებს ვხვდებით რეავენაში, ვენეციაში და სტამბოლში.

VIII საუკუნეში  დასავლეთ ევროპაში, პირინეის ნახევარკუნძულზე მავრებმა შემოიტანეს ისლამური მოზაიკისა და ფილების ოსტატობა. ამავე პერიოდში,აღმოსავლურ ქვეყნებში მოზაიკისთვის გამოიყენებოდა ქვა, მინა და კერამიკა. ბიზანტიური მხატვრული მოზაიკისგან განსხვავებით, აღმოსავლური მოზაიკის  გამოსახულებები, ძირითადად, გემოტრიული ან მათემატიკურია. მოზაიკის ბრწყინვალე ნიმუშებია კორდობას დიდ მეჩეთსა და ალამბრას სასახლეში. არაბულ ქვეყნებში ჩამოყალიბდა განსაკუთრებული  დეკორატიული სტილი  ზილიჟი –  ფორმები კერამიკისგან ხელით მზადდებოდა, რათა უკეთესად შერწყმოდა ერთმანეთს და კარგად დაეფარა ზედაპირი.

ევროპის მრავალ ქვეყანაში, მოზაიკის ხელოვნება მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში დაქვეითდა. თუმცა, ფილების სულ უფრო მზარდმა წარმოებამ განაპირობა მოზაიკური ნამუშევრების გამოყენება სააბატოებსა და სხვა მნიშვნელოვან რელიგიურ დაწესებულებებში, მაგალითად, ელის კათედრალის სამრეკლოს გაფორმება (1320 წ.);  სამრეკლოს იატაკზე დეტალებისგან შესრულებულია ადამისა და ეევას გამოსახულება, ასევე, ერთმანეთთან შერწყმული გამოსახულებები, აქვე გამოყენებულია მოზაიკის სხვა ტექნოლოგიები, მათ შორის ფსევდო მოზაიკა (მოზაიკის დეტალებს ცალკე არ ამზადებენ და კენჭებს პირდაპირ სვამენ ფონზე მოზაიკის ეფექტის მისაღებად) და ოპუს სექტილი (ერთ მთლიან ფონს გამოსახულების მისაღებად დეტალებად ყოფენ). მოზაიკამ მაღალ განვითარებას მიაღწია იტალიაში, საქართველოსა და ძველ რუსეთში. XVI საუკუნეში, იტალიაში შენობათა ინტერიერსა და ავეჯს რთავდნენ გახეხილი ფერადი ქვებით აწყობილი, ე.წ. ფლორენციული მინით.

XIX საუკუნეში, მოზაიკისადმი ინტერესი გაიზარდა, განსაკუთრებით, ბიზანტიური სტილისადმი. ამის მაგალითია  ლონდონში ვესტმინსტერის კათედრალისა და პარიზში  საკრე-კეორის ტაძრის გაფორმება. ბრიტანეთში,  ვიქტორიანულ ეპოქაში მოზიკის ხელოვნება აღორძინდა, რაც განაპირობა ქვეყანაში მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებამ და კერძო თუ საზოგადოებრივი შენობების რიცხვის ზრდამ. ფილების მასობრივად წარმოებამ, თავის მხრივ,  გაზარდა მოთხოვნა  იატაკის დეკორატიულ გაფორმებაზე. არქიტექტურასა და დიზაინში  გოთიკური სტილის აღორძინებამ  კვლავ გამოიწვია შუასაუკუნეების თემატიკისადმი ინტერესი. მოზაიკის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია ანტონიო სალვიატიმ, რომლის სახელსაც უკავშირდება ვენეციური მინის ინდუსტრიის აყვავება. მან ძველი ვენეციური ტექნოლოგიით დაიწყო მოზაიკის დამზადება ვიქტორიანული ეპოქის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

მოზაიკას  ასევე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს არტ-ნუვოს მიმდინარეობაში. XX საუკუნის პირველ ნახევარში, ბარსელონაში, გუელის პარკში  ანტონიო გაუდიმ და ხოსე მარია ჟუჟოლმა მთელი ბაღი მორთეს ულამაზესი  მოზაიკით. მოზაიკის ამ ტექნიკას ტრენცადისი ეწოდება და ითვალისწინებს დეტალებით შენობის ზედაპირის მოპირკეთებას. არქიტექტორებმა ჭურჭლის ნამტვრევები და სხვა საგნების დეტალებიც გამოიყენეს დეკორაციისთვის, რაც ხელოვნებაში  გადატრიალებად ჩაითვალა.

 

თანამედროვე  მოზაიკა

imagesმოზაიკა დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს, მუხედავად იმისა, რომ ზოგი მას ხელობად უფრო მიიჩნევს, ვიდრე ხელოვნებად. მოზაიკას ხშირად ორმაგი ფუნქცია აქვს, რადგან შემოქმედების ადვილად მისაწვდომ, არაელიტურ ფორმად ითვლება და ამასთანავე, ფუფუნების სიმბოლოც არის. მიუხედავად ამისა, ეს დარგი მდიდრდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ორგანიზაციები   – თანამედროვე მოზაიკის ბრიტანული ასოციაცია და ამერიკელ მოზაიკის ხელოვანთა საზოგადოება – სულ უფრო ანვითარებენ დარგის ხელოვნებას. დღეს მოზაიკაში გამოიყენება კერამიკა, ნიჟარა,მინანქარი, სადაფი და სხვა მასალები.

მოზაიკას, თითქოს, არაფერი აკავშირებს მხატვრობასთან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს დარგი  ხშირად გამოიყენებოდა ფერწერის ალტერნატივადაც. მოგვიანებით, პუანტილისტებმა (ჟორჟ პიერ სიურა (1859-1891) ფუნჯის ჩვეულებრივი მონასმი  წერტილოვნი მონასმებით შეცვალეს (point-წერტილი). პუანტილისტებმა აღმოაჩინეს, რომ ერთმანეთის გვერდით დასმული სხვადასხვა ფერის წერტილები შორიდან სხვა ფერს წარმოქმნიდა და მოზაიკის  ეფექტს ქმნიდა. ასევე აღსანიშნავია გუსტავ კლიმტის ფერწერული ტილოები და მარკ შაგალის ნამუშევრები.

 

ქართული მოზაიკა

200px-BiWvinTis_mozaika1

ბიჭვინთის მოზაიკა

1952-54 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბიჭვინთაში აღმოაჩინა IV საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა. ტაძრის იატაკი დაფარული იყო მოზაიკური მხატვრობით. მოზაიკა  შედარებით კარგად იყო დაცული საკურთხევლის აფსიდსა და სტოაში.- კარიბჭეში, ცალკეული ფრაგმენტები – ტაძრის სხვადასხვა ადგილას (ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში) .

zalisi

ძალისის მოზაიკური მხატვრობა

1971-77 წწ. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სოფელ ძალისის მიდამოებში, დიონისეს ტაძარში აღმოჩნდა II საუკუნის იატაკის მოზაიკური მხატვრობა. მოზაიკური მხატვრობის ნიმუში შემორჩენილი იყო აგრეთვე მცხეთის მცირე ჯვრის ტაძრის საკურთხევლის აფსიდის კონქში. VII ს. პირველი ნახევრით თარიღდება წრომის ტაძრის მოზაიკა. მხატვრობის უმეტესი ნაწილი არ შემორჩენილა, შედარებით მოზრდილი 3 ფრაგმენტი კი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. მოზაიკის ფონუი შედგება სხვადასხვა ზომისა და ფორმის ოქროს კენჭებისგან, შავი და სხვადასხვა ელფერის წითელი შეღებილი კირქვისგან; მოცისფრო და ბაცი მწვანე ადგილ. ქვისგან. XII ს.-ით თარიღდება ქართული მონუმენტური ხელოვნების მაღალმხატვრული ძეგლი გელათის მოზაიკა.

 

ლიტ.წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. VII, -თბილისი.- 1984. – გვ.:65;

The language of art /http://www.thejoyofshards.co.uk/index.shtml

 

ავტორი: მაია სიმონიშვილი