,,ვეფხისტყაოსნის” უნიკალური გამოცემა

ვეფხისტყაოსნის 1888 წლის გ. ქართველიშვილისეული გამოცემა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სხვა მნიშვნელოვან გამოცემათა შორის. 1880 წელს ქართველი ხალხის ეროვნული სიმდიდრის უნაკლოდ გამოსაცემად დაარსდა ბეჭდვის კომიტეტი, რომელმაც ”ვეფხისტყაოსნის” ტექსტის დადგენა ითავა. წიგნზე მუშაობა 8 წელიწადს გაგრძელდა. გამოცემას სათავეში ილია ჭავჭავაძე ჩაუდგა. ტექსტის დამდგენ კომისიაში შედიოდნენ: რაფიელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილი, იონა მეუნარგია, გაბრიელ ეპისკოპოსი, ივანე მაჩაბელი, გრიგოლ ორბელიანი, აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, დიმიტრი ყიფიანი, დავით ერისთავი, დიმიტრი ბაქრაძე, სერგი მესხი, ვახტანგ ორბელიანი, პეტრე უმიკაშვილი და ნიკო დადიანი.

ვეფხისტყაოსნის პირველი აკადემიური გამოცემაა. წიგნის გამოცემა გიორგი ქართველიშვილმა დააფინანსა და მთელი ტირაჟი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ გადასცა საჩუქრად. იგი პოემის „ქართველიშვილისეულ” გამოცემაადაა ცნობილი.

ილუსტრაციების შექმნა ცნობილი უნგრელი მხატვრისათვის მიხაი ზიჩისათვის შეუთავაზებიათ. ზიჩი დაინტერესდა ამ საქმით და პოემის შინაარსის გაცნობა მოინდომა. იონა მეუნარგია მურიეს, ბეტა და არტურ ზუტნერების დახმარებით შეუდგა პოემის თარგმანს. მიხაი ზიჩმა წიგნისათვის სურათები უსასყიდლოდ დახატა, შეასრულა 27 ილუსტრაცია, ამათგან ერთი, ფერადი ილუსტრაცია პეტერბურგში დაიბეჭდა.

„პირველი წინასწარმეტყველები“ –  იშვიათი გამოცემა ეროვნულ ბიბლიოთეკაში

ებრაული წიგნების პირველი გამომცემლის, დ. ბომბერგის მიერ 1524-1525 წლებში ვენეციაში გამოცემული ბიბლიის ტექსტი „პირველი წინასწარმეტყველები“ ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდის ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატია.ბომბერგის გამოცემა არის ე. წ. მასორეტული ანუ გახმოვანებული ტექსტი თავისი კომენტარებით. 1524-1525 წლის გამოცემა ორი ნაწილისგან შედგება – „პირველი წინასწარმეტყველები“ და „წმინდა წერილები“. ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცულია მხოლოდ „პირველი წინასწარმეტყველების“ წიგნი.

ბიბლიის თარგმანები ევროპულ ენებზე ძირითადად სრულდებოდა ლათინურად და ბერძნულად თარგმნილი წყაროებიდან და არა ორიგინალის ენიდან, რაც თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. ებრაული „თანახი“ კი თითქმის სრულად ემთხვევა ქრისტიანულ „ძველ აღთქმას“. ამდენად, ბიბლიის მკვლევრებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დადგენილი კანონიკური ებრაული ტექსტის შესწავლა. სწორედ ამგვარი ტექსტები იბეჭდებოდა ვენეციაში, ბომბერგის გამომცემლობაში. აქ 200-მდე ებრაული წიგნი გამოიცა, რომელთა ტექსტები დარედაქტირდა და თავებისა და სტრიქონების მიხედვით დაინომრა. ბიბლიის სტროფების დანომვრის ტრადიცია მანამდე არ არსებობდა. ბომბერგის მიერ დანერგილ ამ პრინციპს დღემდე იყენებენ მთელ მსოფლიოში. ჩვენს ფონდში დაცული „პირველი წინასწარმეტყველები“ ერთ-ერთი ამ იშვიათ გამოცემათაგანია.

მასალა მოამზადა იშვიათ გამოცემათა განყოფილებამ.

ჟურნალი „მოლა ნასრედინი“

ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმის პერიოდულ გამოცემათა ფონდის ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული ექსპონატია აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემული სატირული ჟურნალი „მოლა ნასრედინი“, რომელიც თბილისში 1906 წელს ახალციხელმა მუსლიმმა მესხმა, ომარ ყიფიანმა, იგივე ფაიგ ნემანზადემ დააარსა.

იმ პერიოდისთვის თავადაც საკმაოდ განათლებული და ქალთა განათლების მომხრე ომარ ფაიგი ცარისტულ რეჟიმს აკრიტიკებდა, რის გამოც ჟურნალის გამოცემის უფლებას არ მისცემდნენ, ამიტომ მან ჯალილ მამედყულიზადე დანიშნა მთავარ რედაქტორად. ჟურნალის ილუსტრატორებად კი თბილისელი გერმანელები, ოსკარ შმერლინგი და იოზეფ როტერი მიიწვია, რომლებმაც პერიოდულ გამოცემებში თავიანთი კარიკატურებით კავკასიის მასშტაბით სრულიად ახალი სტილი დაამკვიდრეს .ომარ ფაიგსა და ჯალილ მამედყულიზადეს ბევრი უმსჯელიათ ჟურნალის სათაურზე – „მოლა ნასრედინის“ გაგონებისას მკითხველი იფიქრებს, რომ გამოცემაში სასაცილო ისტორიები, საინტერესო დიალოგები, მახვილგონივრული გამონათქვამები ელოდებაო. ვარაუდმა გაამართლა – სახელწოდება „მოლა ნასრედინი“ მკითხველში საუკეთესო მოლოდინებს იწვევდა. გამოცემაში ქვეყნდებოდა კარიკატურები და სტატიები იმ დროისთვის კავკასიაში არსებულ პრობლემებზე – ქალთა ჩაკეტილობაზე, სახელმწიფო მოხელეებისა და პოლიციის არაკეთილსინდისიერებაზე და ა. შ.

ჟურნალი იყენებდა მარტივი ილუსტრაციისა და ხალხური ზღაპრებიდან აღებულ სიმბოლურ ენას. ალბათ, ყველაზე სახასიათო ნახატია 1909 წელს გამოქვეყნებული კარიკატურა: ორი აღმოსავლურად შემოსილი მოხუცი (მინაწერით – „ძველი ტრადიციები” და „ძველი მეცნიერებები”) დგას ლიანდაგზე და გზას უღობავს მატარებელს წარწერით „პროგრესი“. ისინი ყვირიან: “ჩვენ არ მოგცემთ წინსვლის უფლებას”. როგორც ყველა ასეთ ნახატში, მოლა ნასრედინი შორიდან აკვირდება მოქმედებას.

ჟურნალში იბეჭდებოდა დიალოგები, ფელეტონები, იუმორისტული ლექსები, სატირული მოთხრობები, ანეკდოტები, იუმორისტული განცხადებები, კერძო განცხადებები, კარიკატურები და სხვა ილუსტრაციები. ”მოლა ნასრედინის” ფურცლებზე ასევე ქვეყნდებოდა სხვადასხვა პოეტებისა და პროზაიკოსების ფელეტონები. არავინ მოელოდა ასეთ დიდ წარმატებას. სულ მალე ჟურნალი 5000–იანი ტირაჟით გამოდიოდა.

ჟურნალი თბილისში 1906-1914, 1917 წლებში (1917 წელს აიკრძალა ცენზურის მიერ) გამოდიოდა, 1921 წლიდან მისი გამოცემა თავრიზში განახლდა რამდენიმე თვით, 1922-1931 წლებში კი ბაქოში იბეჭდებოდა. იმ პერიოდში თბილისში მოღვაწე გამოჩენილი გერმანელი ჟურნალისტი არტურ ლაისტი დიდ ხოტბას ასხამდა „მოლა ნასრედინის“ ავტორებს. იგი აღფრთოვანებული იყო მათი შემოქმედებითა და გამბედაობით.

მასალა მოამზადა  იშვიათ გამოცემათა განყოფილებამ

ქართული პრესის მუზეუმი

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წელს ქართული პრესის მუზეუმი გაიხსნება. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. მუზეუმი ბიბლიოთეკის მართლაც გამორჩეული ადგილი იქნება, რადგან პერიოდულ გამოცემათა ფონდი ყველაზე მდიდარია უნიკალური მასალებით. ქართული პერიოდიკის ისტორია კი, იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცული პირველი ქართული გაზეთის ორი ეგზემპლარით იწყება. ეგზემპლარები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის ნაწილია.

გამოცემის პირველი ნომერი სახელწოდებით „საქართველოს გაზეთი“ 1819 წლის 8 მარტს დაიბეჭდა. 1820 წელს გაზეთს სახელწოდება შეეცვალა და „ქართული გაზეთი“ დაერქვა. უცნობია გაზეთის რედაქტორი, სტატიების ავტორი, მთარგმნელი და გაზეთში მომუშავე სხვა თანამშრომლების ვინაობა.

„საქართველოს გაზეთი“, იგივე „ქართული გაზეთი“ ბიბლიოგრაფიული იშვიათობა იყო XIX საუკუნის მეორე ნახევარშივე. გაზეთის მოძიებასა და შეგროვებას „ივერიის“ რედაქცია ცდილობდა. „ივერიის“ 1887 წლის 156-ე ნომერში რედაქცია მადლობას უხდის სოფიო დოდაშვილს, რომელმაც წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას „საქართველოს გაზეთის“ 1819 წლის მარტის თვის ერთი ნომერი შესწირა.

გაზეთის ფორმატი, შრიფტი და ზოგადად, მისი გარეგნული მხარე იმ პერიოდისთვის სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო. დაახლოებით თაბახის ფურცლისოდენა ფორმატზე სტატიები ორ სვეტად იბეჭდებოდა. დროთა განმავლობაში გამოცემის პოლიგრაფია და სხვა მახასიათებლები იცვლებოდა. გაზეთი „ივერია“ „ქართულ გაზეთზე“ წერს: „დაბეჭდილია მშვენიერის ასოებით სქელ ქაღალდზე და სიდიდითაც საწერი ქაღალდის თაბახს ძალიან აღემატება“.

1819 წელს გამოვიდა გაზეთის 43 ნომერი, 1820 წელს – 51 ნომერი, 1821 წლის კომპლექტს ჩვენამდე სრული სახით არ მოუღწევია, ამიტომ დაზუსტებით ვერ ვიტყვით, ამ წელს რამდენი ნომერი გამოიცა. 1822 წელს კი გაზეთის გამოსაცემად საჭირო რაოდენობის ხელმომწერები ვერ შეგროვდნენ. მკითხველის ნაკლები ინტერესი კი იმით აიხსნებოდა, რომ გაზეთი არ ასახავდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ის მხოლოდ ცარიზმის პროპაგანდისთვის იყო შექმნილი.

მიუხედავად ნაკლოვანებებისა, „საქართველოს გაზეთი“ ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში შევიდა როგორც ქართული გაზეთის შექმნის პირველი მცდელობა. ფასდაუდებელია ამ გამოცემაში დაბეჭდილი მასალები, რომლებიც ქართველების იმდროინდელ ყოველდღიურ ყოფას ასახავს.

                           მასალა მოამზადა იშვიათ გამოცემათა განყოფილებამ. .

კონდაკი.

44306320_1557672114333251_3991165923938533376_nკონდაკი პირველნაბეჭდი ქართული ლიტურგიკული წიგნია. იგი თბილისში, პირველ ქართულ სტამბაში გამოიცა 1710 წელს.

გაფორმებისა და ტექნიკური გამართვის თვალსაზრისით, მიჩნეულია პირველი ქართული სტამბის საუკეთესო გამოცემად. გამოირჩევა ორნამენტების მრავალფეროვანებით, გრავიურების სიუხვით, შრიფტების სხვადასხვაობით. გამოყენებულია სამივე სახეობის ქართული დამწერლობა: ორი საეკლესი–ნუსხური და მრგვლოვანი, ასევე საერო – მხედრული და ბერძნული. მოიცავს 220 გვერდს.

გამოცემა განახორციელა ევროპელმა მესტამბემ, მიხაილ იშტვანოვიჩმა, დაიბეჭდა ქართლის განმგებლის ვახტანგის ხარჯით, ერთვის მისი პორტრეტი და ბაგრატიონთა გერბი. რედაქტორი იყო ბერ-მონაზონი გერმანე.

წიგნის მუზეუმი /იშვიათ გამოცემათა განყოფილება / წიგნმცოდნეობის კაბინეტი

,,ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაში.

სამაგიდო თამაშებს დიდი ხნის ისტორია აქვთ და „ალეგრის“ სახელწოდებით ვიცნობთ. საქართველოში პირველი ასეთი ლიტერატურული თამაში ილია ჭავჭავაძის დროს დაიბეჭდა. ეს იყო აფორიზმების ლოტო. საბჭოთა პერიოდშიც არაერთხელ განხორციელდა მისი გამოცემა.
38431599_1463823510384779_2347211829266087936_nქართული ლიტერატურა და კულტურა ,,ვეფხისტყაოსნის“ გარშემო ტრიალებს. ,,ვეფხისტყაოსანი“ ყველა ეპოქაში აქტუალური იყო. მასში საუკუნეების განმავლობაში ადამიანები პოულობდნენ პასუხებს მათთვის საჭირო კითხვებზე: რა არის მეგობრობა, სიყვარული, ერთგულება. პოემა არა მხოლოდ ლიტერატურულ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აყალიბებდა გემოვნებას, მსოფლმხედველობას და რთულ ვითარებაში ზოგჯერ კომუნიკაციისა და მიმოწერის ყველაზე საიმედო საშუალებაც იყო. ომის დროს, ცენზურის პირობებში, მიმოწერისას დახმარებისთვის წერილის დასაშიფრად ხშირად პოემის ტექსტს მიმართავდნენ.
მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი პოპულარობისა, თანამედროვე სამყაროში მაინც საჭიროა ,,ვეფხისტყაოსნის’’ პოპულარიზაცია და თანამედროვე ინტერაქტიულ გარემოში დაბრუნება. სამაგიდო თამაშები ტექსტის სიღრმისეულად გაგებისა და გათავისების ძალიან კარგი საშუალებაა მთელს მსოფლიოში. ლიტერატურული სამაგიდო თამაში უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა, რადგან უშუალოდ რუსთველისეულ სიტყვიერ სამყაროში ამოგზაურებს მოთამაშეს და მისი ბუნებრივი ნაწილი ხდება.

წიგნის მუზეუმი /იშვიათ გამოცემათა განყოფილება / წიგნმცოდნეობის კაბინეტი

„ძვირფასი ქვები“

წიგნის ილუსტრირების ტექნიკაში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ალბრეხტ პფისტერის (დაახლ. 1410-1466 წწ.) მიერ 1461 წელს გამოცემული მეორე წიგნი – „ძვირფასი ქვები“. მისი ავტორი გერმანულენოვანი შვეიცარიელი მწერალი ულრიხ ბონერია (დაახ. 1280-დაახ.1350 წწ.). წიგნში თავმოყრილია ასი ზნეობრივი იგავი, რომელიც შუა საუკუნეების მკითხველს თავისი დემოკრატიულობითა და მშვიდობისმოყვარეობით აოცებდა. „ძვირფასი ქვები“ პფისტერმა ორჯერ გამოსცა. პირველი დათარიღებულია 1461 წლით, მეორე უთარიღოა და ითვლება, რომ იგი 1463-1464 წწ. შუალედში უნდა იყოს დაბეჭდილი. 88 ფურცელიან წიგნში, მომცრო – 80×110 მმ. ზომის, 103  ილუსტრაცია ტექსტშია გაფანტული.
ამ წიგნის ბეჭდვის ტექნიკის შესწავლისას მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ანაკრეფი და საგრავიურო დაფა ერთ ფორმას არ წარმოადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ საგრავიურო დაფის ჰორიზონტალური ზომა ანაკრეფის ბწკარების ზომის ტოლია. იმ დროისათვის ტექსტი და ილუსტრაცია ცალ-ცალკე იბეჭდებოდა: პირველ „გაგორებაზე“ ბეჭდნენ ტექსტს და ფურცელზე გრავიურისათვის ტოვებდნენ ადგილს, რომელზედაც მეორე გაგორებისას გამოისახებოდა ილუსტრაცია.

წიგნის მუზეუმი /იშვიათ გამოცემათა განყოფილება / წიგნმცოდნეობის კაბინეტი

დავითნი

26231064_1263043587129440_1076987039707515403_nპირველნაბეჭდი ქართული „დავითნი“ გამოიცა მოსკოვის სინოდის სტამბაში 1705 წელს. შეიცავს 286 გვერდს. გამოყენებულია საეკლესიოა – ნუსხა–ხუცური შრიფტი.
იმერეთის მეფე არჩილ II მე–17 საუკუნის ბოლოს გადაიხვეწა რუსეთში და მოსკოვთან ახლოს მდებარე დაბა ვსესვიატსკოეში საფუძველი ჩაუყარა ქართულ ახალშენს. მან პეტრე პირველისაგან ქართული საეკლესიო წიგნების ბეჭდვის ნებართვა გამოითხოვა. არჩილ მეფემ და მისმა ვაჟმა, ალექსანდრე ბატონიშვილმა ბევრი იღვაწეს ამ მიზნის განსახორციელებლად. წიგნების გამოცემას ალექსანდრე ვერ მოესწრო, ტყვეობიდან დაბრუნებული გზაში გარდაიცვალა. არჩილმა კი მხოლოდ „დავითნის“ გამოცემა მოახერხა და ისიც, პეტრე პირველის დაფინანსებით. ხუცური შრიფტი ეფრემს ჩამოუსხამს. ორ ქართველ ოსტატს 600 ცალი წიგნი დაუბეჭდავს ორ რუს კოლეგასთან ერთად.

 

წიგნის მუზეუმი /იშვიათ გამოცემათა განყოფილება / წიგნმცოდნეობის კაბინეტი

ციცქნა ალბომი

31190031_1351645598269238_2759180832121436686_nსაქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში წარმოდგენილი ექსპოზიციის ყველაზე პატარა ექსპონატი 26X19 მმ. ზომის მიკროწიგნია.
„Герои войны 1812 года“ – ფოტოალბომი შავი ტყავის ყდაშია ჩასმული, რომელსაც პაწაწინა ლითონის შესაკრავის ნაწილიც აქვს შემორჩენილი.
ციცქნა წიგნი ოქროვარაყითა და ოქრომელნით შესრულებული ტვიფრული, მინიატურული წარწერებითაა დამშვენებული. ალბომში წარმოდგენილ პორტრეტებს შორისაა რუსეთის არმიის გენერლის, 1812 წლის საფრანგეთ-რუსეთის ომის გმირის – პეტრე ბაგრატიონის ფოტოსურათიც.
მიკროწიგნის ფრჩხილისოდენა პორტრეტზე გასაოცარად აღიქმება თითოეული დეტალი.

 

წიგნის მუზეუმი /იშვიათ გამოცემათა განყოფილება / წიგნმცოდნეობის კაბინეტი

 

„ესთერის წიგნი“

29597853_1325120604255071_6455892106626673765_nმუზეუმი ფონდში მრავალი საინდერესო დოკუმენტია დაცული. რაღა თქმა უნდა, ყველა მათგანი საექსპოზიციო სივრცეში ვერ მოხვდა. ერთ-ერთი მათგანია „ესთერის წიგნი“ – ეტრატზე შესრულებული ებრაული ხელნაწერის ასლი, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება: პირველი – XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე, მეორე კი XIX საუკუნის დასაწყისშია შექმნილი. გრაგნილი დაწერილია იმ ებრაულით, რომელზეც გადასახლებულები ლაპარაკობდნენ. იგი შეიცავს უამრავ სპარსულ და არამეულ სიტყვასა თუ გამოთქმას. წერის სტილით ხელნაწერი ჰგავს „მატიანეს“, „ეზრასა“ და „ნეემიას“.

ებრაელები ამ ხელნაწერს კანონიკურად მიიჩნევენ და „მეგილაჰ“-ს ანუ „გრაგნილს“ უწოდებდნენ. ის ებრაულ კანონში ეზრამ შეიტანა. იუდეველები დღემდე დღესასწაულობენ „ფურიმს“ („წილი“) ესთერის დროს იუდეველთა გადარჩენის აღსანიშნავად. წიგნში ცოცხლად არის აღწერილი სპარსული წეს-ჩვეულებები, რომლებიც დასტურდება ისტორიული ფაქტებითა და არქეოლოგიური აღმოჩენებით. მაგალითად, „ესთერში“ ზუსტად არის აღწერილი, როგორ მიაგებდნენ სპარსელები ვინმეს პატივს. არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადყო, რომ „ესთერში“ მოყვანილი სამეფო სასახლის აღწერილობა ზუსტია.

„ესთერის წიგნი“ – ისტორია სპარსეთის მეფე ახაშვეროშის შესახებ(ზოგის აზრით, ქსერქსე I), რომელმაც ურჩი დედოფლის ვაშთის ნაცვლად, ცოლად მოიყვანა ებრაელი მორდოქაის ბიძაშვილი ესთერი. აგაგელმა ჰამანმა განიზრახა მორდოქაისა და ყველა ებრაელის დახოცვა, მაგრამ საბოლოოდ თავად ჩამოკიდეს ძელზე, რომელიც მორდოქაისთვის გააკეთა. მორდოქაი სამეფოში მეორე კაცი გახდა და ებრაელები გადაურჩნენ განადგურებას.

მეტალის ცილინდრი, რომელშიც „ესთერის მეგილაა“ მოთავსებული ძვირფასი არ არის.

წიგნის მუზეუმი /იშვიათ გამოცემათა განყოფილება / წიგნმცოდნეობის კაბინეტი