,,ვეფხისტყაოსნის” უნიკალური გამოცემა

ვეფხისტყაოსნის 1888 წლის გ. ქართველიშვილისეული გამოცემა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სხვა მნიშვნელოვან გამოცემათა შორის. 1880 წელს ქართველი ხალხის ეროვნული სიმდიდრის უნაკლოდ გამოსაცემად დაარსდა ბეჭდვის კომიტეტი, რომელმაც ”ვეფხისტყაოსნის” ტექსტის დადგენა ითავა. წიგნზე მუშაობა 8 წელიწადს გაგრძელდა. გამოცემას სათავეში ილია ჭავჭავაძე ჩაუდგა. ტექსტის დამდგენ კომისიაში შედიოდნენ: რაფიელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილი, იონა მეუნარგია, გაბრიელ ეპისკოპოსი, ივანე მაჩაბელი, გრიგოლ ორბელიანი, აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, დიმიტრი ყიფიანი, დავით ერისთავი, დიმიტრი ბაქრაძე, სერგი მესხი, ვახტანგ ორბელიანი, პეტრე უმიკაშვილი და ნიკო დადიანი.

ვეფხისტყაოსნის პირველი აკადემიური გამოცემაა. წიგნის გამოცემა გიორგი ქართველიშვილმა დააფინანსა და მთელი ტირაჟი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ გადასცა საჩუქრად. იგი პოემის „ქართველიშვილისეულ” გამოცემაადაა ცნობილი.

ილუსტრაციების შექმნა ცნობილი უნგრელი მხატვრისათვის მიხაი ზიჩისათვის შეუთავაზებიათ. ზიჩი დაინტერესდა ამ საქმით და პოემის შინაარსის გაცნობა მოინდომა. იონა მეუნარგია მურიეს, ბეტა და არტურ ზუტნერების დახმარებით შეუდგა პოემის თარგმანს. მიხაი ზიჩმა წიგნისათვის სურათები უსასყიდლოდ დახატა, შეასრულა 27 ილუსტრაცია, ამათგან ერთი, ფერადი ილუსტრაცია პეტერბურგში დაიბეჭდა.

იოჰან შენსპერგერი და იმპერატორ მაქსიმილიანეს „ლოცვანი“

იმპერატორ მაქსიმილიან პირველთან დაკავშირებულია რამდენიმე საეკლესიო და საერო ილუსტრირებული გამოცემების ბეჭდვა. მან საფუძველი ჩაუყარა ახალ საგამომცემლო წამოწყებას – ბეჭდური წიგნების დასურათებას: საიმპერატორო სასახლეში მიიწვია სახელგანთქმული მხატვრები და მათ დაავალა საკუთარი ჩანაფიქრის აღსრულებაში მონაწილეობის მიღება. წიგნების სტამბური წესით ბეჭდვა და გამოცემა კი იმპერატორმა აუგსბურგელ იოჰან შენსპერგერს მიანდო. მაქსიმილიან I-ის ინიციატივით დაბეჭდილმა გამოცემებმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდრეს მსოფლიო პოლიგრაფიული ხელოვნების ისტორიაში.46983731_1609151145852014_5096772685833175040_n
გერმანელი მესტამბე-გამომცემელი იოჰან შენსპერგერ უფროსი 1455 წელს დაიბადა აუგსბურგში. მას მამინაცვალმა – იოჰან ბამლერმა შეასწავლა წიგნის გადაწერისა და ბეჭდვის ხელოვნება. თვით ბამლერი გახლდათ მწიგნობარი, კალიგრაფი, წიგნის ბეჭდვის საქმეს კი გიუნტერ ზაინერის სახელოსნოში დაეუფლა და პირველი წიგნი 1472 წელს გამოსცა.
იოჰან შენსპერგერმა პოლიგრაფიული საქმიანობა დამოუკიდებლად 1481 წელს დაიწყო მშობლიურ ქალაქში. 1500 წლამდე მან ორასზე მეტი სხვადასხვა გამოცემა დაბეჭდა. განსაკუთრებული მოთხოვნა იყო ეგრეთ წოდებულ „სახალხო გამოცემებზე“, რომლებიც ფართო მასებისათვის იყო გათვალისწინებული. ამ სერიით შენსპერგერი სხვათა მიერ გამოცემულ წიგნებს ხელმეორედ ბეჭდავდა გაცილებით დაბალ ფასში, რის გამოც ისინი ხელმისაწვდომი ხდებოდა ყველასათვის. მესტამბემ ამ სერიის სახელწოდებით გამოაქვეყნა თვრამეტი დასახელების ორმოცდაცხრა გამოცემა.
იოჰან შენსპერგერმა გაითვალისწინა მკითხველთა დიდი ინტერესი და თავიდან დაბეჭდა ანტონ კობერგერის მიერ, 1493 წელს გამოცემული პოლიგრაფიული ხელოვნების შედევრი „Nuremberg Chronicles“ – „ნიურნბერგის ქრონიკები“, წიგნი მსოფლიოს ისტორიის შესახებ, რომელსაც „ქრონიკის წიგნადაც“ მოიხსენიებენ. ისტორიული გამოცემა რამდენჯერმე გამოვიდა: 1496 და 1500 წლებში – გერმანულ და 1497 წელს – ლათინურ ენაზე. შენსპერგერის მიერ გამოცემული წიგნები შედარებით მცირე ფორმატისა იყო, ვიდრე კობერგერისა.
შენსპერგერმა რამდენჯერმე დაბეჭდა გენუის ეპისკოპოსის, დომინიკელი იაკობ დე ვორაგინეს მიერ დაახლოებით 1260 წელს დაწერილი ნაშრომი „Legenda Aurea“ – „ოქროს ლეგენდა“. შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნი თავისი პოპულარულობით მხოლოდ ბიბლიას ჩამოუვარდებოდა. წერილობითი წყაროებისა და ხალხური თქმულებების მიხედვით შექმნილი თხზულება წმინდანთა ცხოვრებისა და ქრისტიანული ლეგენდების კრებულს წარმოადგენდა.
იოჰან შენსპერგერმა 1508 წლიდან მოიპოვა მაქსიმილიან I-ის კარის მბეჭდავის წოდება. მომდევნო წლებში მან გამოსცა მრავალი წიგნი, რომელთა შორის იყო სებასტიან ბრანტის „ბრიყვთა გემი“, ელია დონატის „ლათინური ენის გრამატიკა“. განსაკუთრებული გამოცემა, რომელმაც ყველა განაცვიფრა გახლდათ „მაქსიმილიან I-ის ლოცვანი“. 1513 წლის 30 დეკემბრისთვის შეკვეთა მთლიანად დასრულებული იყო და იმპერატორის ჩანაფიქრი მართლაც არაჩვეულებრილი გამოდგა. იოჰან შენსპერგერს მანამდე ამის მსგავსი არაფერი დაუბეჭდავს. მართალია, ლოცვანის ტირაჟი მხოლოდ ათი ეგზემპლარი გახლდათ, მაგრამ მასზე დიდი შრომა და ენერგია იყო დახარჯული. წიგნი ლათინურ ენაზე დაიბეჭდა.
წიგნი დაბეჭდილია ორ ფერში: ტექსტი – შავი საღებავით, წითლით კი – ცალკეული განყოფილებების სათაურები, დასაწყისი ფრაზების სათაო ასოები და ტექსტები, რომელთა გამოყოფაც სურდათ. 46983776_1609151029185359_6095432687588212736_o
იოჰან შენსპერგერი „ლოცვანის“ ბეჭდვისას ფურცელზე ტოვებდა ფართო მინდვრებს, რომლებსაც მხატვრები ავსებდნენ საოცარი ილუსტრაციებითა და ორნამენტებით. გამოცემა შეამკეს მხატვრებმა – ალბრეხტ დიურერმა, ლუკას კრანახ უფროსმა, ლუკას კრანახ უფროსმა, ალბრეხტ ალტდორფერმა, ჰანს ბურკმაიერმა. ძირითადი სამუშაო 1514 წელს ჩატარდა და 1515 წელს მთლიანად დასრულდა.
ბეჭდური ხელოვნების ეს შედევრი რამდენჯერმე დაიბეჭდა. მისი პირველი ვარიანტი 1807 წელს ლითოგრაფიული წესით დაისტამბა. წიგნის ერთ-ერთი გამომცემლი კი გახლდათ თვით ამ ახალი მეთოდის გამომგონებელი – ალიოზ ზენეფელდერი.
შენსპერგერმა 1517 წელს გამოსცა პოლიგრაფიის ხელოვნებაში ერთ-ერთი ულამაზესი წიგნი, მელქიორ პფინცინგის (1481-1535) რაინდული პოემა „Tewrdannck-ი“, რომელიც იმპერატორ მაქსიმილიან პირველისა და ბურგუნდიის პრინცესას – მარიას თავგადასავალსა და მათ ქორწინებას აღწერდა.

წიგნის მუზეუმი /იშვიათ გამოცემათა განყოფილება / წიგნმცოდნეობის კაბინეტი

ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოცემული წიგნი ქართული გალობის შესახებ

12047259_10153694394409470_282722316_nქართულ საეკლესიო გალობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნია. გალობის ტრადიციების გადარჩენისათვის XIX-XX საუკუნეებში არაერთმა მოღვაწემ გასწია დიდი შრომა. პერიოდულ გამოცემაში 1860-იანი წლებიდან არაერთი სტატია და წერილი ეძღვნებოდა ქართულ გალობას. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტის სანოტო და აუდიო ვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილებაში 2010 წელს გაჩნდა სურვილი ქართული გალობის ამ პერიოდის ამსახველი მასალის ერთად თავმოყრის და კრებულად გამოცემისა.

წიგნის გამოცემისათვის მოსამზადებელ სამუშაოებს რამდენიმე წელი დასჭირდა.  2015 წლის ივნისში ეროვნული ბიბლიოთეკის ეგიდით გამოიცა ქართულ პერიოდულ გამოცემებში არსებული სტატიების, წერილების, ამონარიდების და განცხადებების კრებული „ქართული გალობის ქრონიკა 1861-1921 წლების ქართულ პერიოდიკაში“.

წიგნი ასახავს ქართული გალობის მდგომარეობას ქვეყნის გასაბჭოებამდე. 1921 წლიდან კი გალობის შესახებ სტატიები თითქმის არ გვხვდება. გამონაკლისის სახით 1921  წლის შემდეგაც დაიბეჭდა რამდენიმე სტატია, მაგრამ იმის გამო, რომ ზოგადად ეკლესია და მასთან ერთად გალობაც და მგალობლებიც რეპრესიის ობიექტად იქცნენ, მაშინდელ პრესას, ბოლშევიკური ცენზურის გამო, ამ თემაზე თითქმის სრული დუმილი უწევდა.

შესაბამისად, ეს გამოცემა 1861–1921 წლების ქრონოლოგიური პერიოდით შემოიფარგლება.

ქართული გალობის, როგორც ეროვნული ფენომენის შენარჩუნების საკითხი, ყოველთვის 12032332_10153694394074470_1483060628_nმნიშვნელოვანი იყო. XIX საუკუნეში, ეგზარქოსობის პერიოდში, როდესაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ანტიკანონიკური აქტით გაუქმდა, სამგალობლო სკოლების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა და სასულიერო მუსიკის ძირძველ ტრადიციებს აღმოფხვრის საშიშროება დაემუქრა. დგება პერიოდი, როდესაც რუსეთის იმპერიის ბიუროკრატიული აპარატის მიერ იდევნება ყოველივე, რაც ეროვნული ნიშან-თვისების მატარებელია. მათ შორის,  ძველი ტრადიციული გალობა; გაუქმდა სამღვდელმთავრო გუნდები, სასულიერო სემინარიასა და სასწავლებლებში აიკრძალა ქართული გალობის სწავლება. თბილისის სასულიერო სემინარიაში რექტორმა მოსწავლეებს ურჩია, სლავური პარტიტურის ნოტების ქვეშ ქართული სიტყვები მიეწერათ და ისე ეგალობათ, ხოლო ქართული გალობა, როგორც „არაჰარმონიული“ – დაევიწყებინათ. ქართული გალობის გადარჩენას და შენარჩუნებას ცალკეული ქართველი სასულიერო პირები და მომღერალ–მგალობლები ცდილობდნენ. ზეპირგადმოცემის თავისებურების და სირთულიდან გამომდინარე, ქართული გალობის შენარჩუნებას საფრთხე ემუქრებოდა.

ამ დროს, ზოგიერთი ქართველი სასულიერო და საერო პირების დიდი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ერის კულტურულ წარსულთან უწყვეტი მემკვიდრეობითი კავშირის შენარჩუნება – ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე ჩაწერა და ამ სახით გადარჩენა. „ქართული გალობის აღმდგენელი კომიტეტი“, რომელიც 1860 წელს თბილისში შეიქმნა, საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებას ისახავდა მიზნად. იმავე პერიოდში პრესაში აღნიშნულ საკითხს არაერთი სტატია მიეძღვნა. კომიტეტში წლების მანძილზე გადაუწყვეტელად რჩებოდა ის საკითხი, თუ პირველ რიგში რომელი კუთხის საგალობლები უნდა დაეფიქსირებინათ – იმერულ-გურული თუ ქართლ-კახური. ამ საკითხზე დავამ დიდხანს გასტანა.  პრობლემა ქართველ მღვდელმთავართა მხარდაჭერამ გადაწყვიტა: ყოვლადსამღვდელო ალექსანდრემ (ოქროპირიძე) განაცხადა იმის თაობაზე, რომ იგი საკუთარი ხარჯით  და მღვდლების – პოლიევქტოს და ვასილ კარბელაშვილების თანადგომით უზრუნველყოფდა ქართლ-კახური კილოს საგალობლების ნოტებზე გადატანას.  ხოლო, რაც შეეხება იმერულ-გურული კილოს საგალობლებს, მათზე ზრუნვა იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა აიღო საკუთარ თავზე.

გალობის აღმადგინებელი კომიტეტი ექვსი წევრისგან შედგებოდა.  პირველი სხდომა 1885 წლის 30 იანვარს ჩატარდა. მცირე ხნით ადრე, ჟურნალი „მწყემსის“ რედაქტორმა დავით ღამბაშიძემ თბილისში ინახულა ცნობილი საოპერო მომღერალი და კომპოზიტორი12042151_10153694394064470_698621542_n ფილიმონ ქორიძე, რომელსაც ევროპაში მიღებული ჰქონდა ბრწყინვალე მუსიკალური განათლება და ქართული საგალობლების ნოტებზე გადატანის საკითხისადმი იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის დაი ნტერესება შეატყობინა. ამ საქმის თავადაც დიდად მოსურნე ფილიმონმა წერილით მიმართა ეპისკოპოსს და ქუთაისში ჩასვლისა და იქ საქმიანობის ნებართვა ითხოვა. წერილმა გაბრიელ ეპისკოპოსი დიდად გაახარა და მაშინვე მისწერა ფილიმონს: „დიდად მოხარული ვიქნები, პირიქით, იმ დროისთვის, ბევრ გამოჩენილ პირსაც დავისწრებო“.

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის უდიდესი დამსახურებაა ამ საშვილიშვილო საქმის მტკიცე საფუძველზე დამყარება. ქართული გალობის შენარჩუნების საკითხში ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვით ფილიმონ ქორიძეს, დეკანოზ რაჟდენ ხუნდაძეს, ექვთიმე კერესელიძეს, მაქსიმე შარაძეს.

ეროვნული ბიბლიოთეკის ახალგამოცემულ წიგნში თავმოყრილია გალობასთან დაკავშირებული სტატიები ქართული პერიოდიკის ისეთი ადრეული გამოცემებიდან, როგორებიცაა:  გაზეთები – „ივერია“, „დროება“, „ცნობის ფურცელი“, „შრომა“, „თეატრი“, ჟურნალები – „ცისკარი“, „მწყემსი“, „თეატრი და ცხოვრება“. აღსანიშნავია, რომ გალობის შესახებ სტატიები იმავე პერიოდის სხვა არაერთ ჟურნალ-გაზეთშიც იბეჭდებოდა, რაც, სამწუხაროდ, არ არის ასახული ანალიტიკურ ბიბლიოგრაგიათა ძველ გამოცემებში.  მათი ბიბლიოგრაფიული აღწერილობის მოძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგების დახმარებით დღეს უკვე გამარტივებულია, მაგრამ აღნიშნული კატალოგიზაცია ჯერჯერობით შევსების პროცესშია და ამდენად, სრულად ვერც ეს კატალოგები ასახავს როგორც 1905 წლამდე გამოქვეყნებულ, ისე 1906–1921 წლების პერიოდიკაში გალობის შესახებ არსებულ მასალებს. სტატიების გარკვეული  ნაწილის მოძიება ჟურნალ–გაზეთების ფურცელ–ფურცელ შემოწმებითა და დაძებნით გახდა შესაძლებელი.

პირველი სტატია, რომელიც გალობის საკითხს ეძღვნება, დაიბეჭდა 1861 წელს ჟურნალ „ცისკარში“. ეს არის ალექსანდრე ჯამბაკურ–ორბელიანის წერილი „ივერიანელების გალობა, სიმღერა და ღიღინი“. ავტორი საზოგადოებას ასე მიმართავს: „ქართუელებო! აიღევით ყიზილბაშურს ყიყინზედ, იმათ სიმღერების Ãმებზედ Ãელი. რა შეედრება ჩუÀნს მამა–პაპის სიმღერისა Ãმებსა, რომელიცა ჩუÀნი ავდენი ათასობით წლების Ãმოვანებაა“. სწორედ გალობის გადარჩენის დაუოკებელი სურვილი ათქმევინებს ავტორს ამ სიტყვებს.

საინტერესოა თვით მგალობელ–ლოტბართა და ნოტებზე ჩამწერთა მიერ გამოქვეყნებული წერილები. ასეთები იყვნენ: ფილიმონ ქორიძე, ძმები კარბელაშვილები, რაჟდენ ხუნდაძე, ანტონ დუმბაძე, მელქისედეკ ნაკაშიძე, ანდრია ბენაშვილი, ივლიანე წერეთელი, მიხეილ მაჭავარიანი, მიხელ კავსაძე და სხვანი.

ზოგიერთი სტატიის ავტორის ვინაობა უცნობია, რადგან ისინი ჯერ კიდევ გაუხსნელი ფსევდონიმებითა და კრიპტონიმებით არის წარმოდგენილი. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ  ავტორები თვითონვე წარადგენენ ამა თუ იმ სოფელს, მგალობელს ან მგალობელთა გუნდს, რომელთა შესახებ ინფორმაცია სხვა წყაროდან არ მოიპოვება.

წიგნი 595 დოკუმენტს აერთიანებს. მათ უმეტესობას ავტორი ჰყავს. აღსანიშნავია სტატიები, რომელთა ავტორები ფსევდონიმით ან კრიპტონიმით არის წარმოდგენილი. მაგ: 12042294_10153694394049470_364154373_nპოლიევქტოს კარბელაშვილის ფსევდონიმია  „ცხვილოელი“, ფილიმონ ქორიძის – „კორიჯიო“, პეტრე უმიკაშვილი – „ანჩხატელი“ და სხვ.

წიგნში შენარჩუნებულია ტექსტების იმდროინდელი ენობრივ–სტილისტური თავისებურებები. ჩასწორებულია მხოლოდ ორთოგრაფიული და პუნქტუაციური ნიშნები.

კრებულს დართული აქვს სამი სახის საძიებელი: პერიოდიკის, პირთა და ტოპონიმური. ყოველი საძიებო ობიექტი სტატიის რიგითი ნომრით არის მითითებული.

პერიოდიკაში არსებული გალობასთან დაკავშირებული სტატიების თავმოყრის ინიციატივა ახალი არ არის, თუმცა ეს პუბლიკაცია გალობასთან დაკავშირებული მასალის თავმოყრილი  სახით პირველი გამოცემაა.

მიუხედავად დიდი მოცულობისა, წიგნი სრულად ვერ ასახავს 1861–1921 წლებში გალობასთან დაკავშირებულ პრესაში გამოქვეყნებულ ყველა დოკუმენტს, თუმცა დიდ დახმარებას გაუწევს ქართული გალობის საკითხით დაინტერესებულ პირებს.

 

სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილება
სტატიის ავტორიმაგდა სოლოღაშვილი

„მინერვას სპილო“

spiloუძველესი ნაგებობებისა და ქანდაკებების უმრავლესობა აგებულია ამა თუ იმ პიროვნების პატივისცემის ნიშნად. ადამიანების მსგავსად წიგნებსაც თავისი ბედი აქვთ: იბადებიან, ცხოვრობენ და მარადისობაში მკვიდრდებიან, მაგრამ იშვიათად შევხვდებით ძეგლს, რომელიც ერთი კონკრეტული წიგნის თაყვანისცემის მიზნითაა შექმნილი. რომის ისტორიულ ცენტრში, წმინდა მინერვას მოედანზე აღმართული ობელისკი ასეთ იშვიათობას წარმოადგენს. თავისი ფორმითა და ალეგორიული შინაარსით დატვირთულ ამ ულამაზეს კომპოზიციას „მინერვას სპილო“ შეარქვეს. იგი მისტიკურ–სასიყვარულო რომანს ეძღვნება და მისი ერთ-ერთი გამოცემის სიმბოლოდ გადაიქცა. „Hypnerotomachia Poliphili“ განსაკუთრებული ნაწარმოებია. მან მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა აღორძინების ეპოქის კულტურაზე იტალიასა და საფრანგეთში. მისი დიდი მოყვარული გახლდათ რომის პაპი ალექსანდრე VII. მან ცნობილ იტალიელ მოქანდაკეს – ჯოვანი ლორენცო ბერნინის სთხოვა შეექმნა ძეგლი – უძველესი ეგვიპტური ობელისკი სპილოს ფორმის პოსტამენტით, ისეთი როგორიც ნაწარმოებშია აღწერილი. ბერნინიმ პაპის შეკვეთის შესასრულებლად გამოიყენა ძვ. წ. VI საუკუნეში შექმნილი წითელი გრანიტის სვეტი. მას უცნაური ისტორია ჰქონდა: სვეტი იმპერატორმა დომიციანემ ეგვიპტიდან რომში წმინდა ისიდას ტაძრის შესამკობლად ჩაიტანა. ობელისკი მოგვიანებით გაქრა და მხოლოდ 1665 წელს აღმოაჩინეს ეკლესიის ეზოში დომინიკანელმა ბერებმა. ლორენცო ბერნინის ესკიზითა და არქიტექტორ ერკოლე ფერატას ძალისხმევით სიბრძნის სიმბოლურ სვეტს შესაბამისი სიძლიერის საყრდენი შეუქმნეს სპილოს ქანდაკების სახით და 1667 წელს მინერვას მოედანზე აღმართეს. „Hypnerotomachia Poliphili“ დაწერილია ლათინური და იტალიური ენების ნაზავით, XV საუკუნის რომაულ დიალექტზე. მასში უხვადაა გამოყენებული ბერძნული და ებრაული ფრაზები, ძველეგვიპტური იეროგლიფები, მრავალგვარი რებუსები. ფილოსოფიური იდეებითა და სიმბოლოებით დატვირთული ნაწარმოების საიდუმლო სახელწოდება იმთავითვე რთული სათარგმნი აღმოჩნდა. არსებობს მისი რამდენიმე ვარიანტი: „პოლიფილის სიზმარი“ (ფრანგულ თარგმანის მიხედვით), „სიყვარულის ბრძოლა სიზმარში“ (ინგლისური თარგმანი, დაიბეჭდა 1592 წელს) და „სიყვარულის აგონია სიზმარში“, რომელსაც უფრო სრულყოფილად მიიჩნევენ. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟის – პოლიფილის სახელიც სხვადასხვაგვარად ითარგმნება: „პოლიის საყვარელი“, „მრავალთა სატრფო“, „მრავალთა მიჯნური“ და სხვა. ნაწარმოების სიუჟეტი ხეების ჩრდილქვეშ მიძინებული პოლიფილის ფანტასტიურ სიზმრებში ვითარდება: ყმაწვილი მონუმენტურ ობელისკებს, თვალუწვდენელ პირამიდებსა და საიდუმლოებით მოცულ ციხესიმაგრეების შორის დახეტიალობს. უღრანი ტყეებისა და ანტიკური ქალაქის დანგრეული ქუჩებიდან იგი ბოლოს და ბოლოს დედოფლის ზღაპრულ სასახლეში ხვდება, სადაც ოქროსთმიან მზეთუნახავს – პოლიის იხილავს. ახალგაზრდები ერთად განაგრძობენ მოგზაურობას. ისინი ოთხ ტრიუმფალურ მსვლელობას გადაეყრებიან. საბოლოოდ შეყვარებულები ვენერას სასახლეში აღმოჩნდებიან, სადაც უცნაურ ცერემონიალში იღებენ მონაწილეობას. ექვს ნიმფას წყვილი კუპიდონის ეტლით კუნძულ ციტერაზე მიჰყავს. რომანის დასასრულს, პოლიფილს ბულბულის გალობა აღვიძებს, მისი მშვენიერი სატრფო კი სიზმარეთში რჩება. ნაწარმოები პოლიის ეპიტაფიით მთავრდება. წიგნის ბოლოს კი ასეთიsp2 მინიშნებაა: რომანი შექმნილია „ტრევიზოში, როცა პოლიფილი პოლიის სიყვარულით დაჭრილი იწვა… 1467 წლის მაისის პირველ დღეს“. ნაწარმოები 1499 წელს დაბეჭდა ცნობილმა ვენეციელმა მესტამბე-გამომცემელმა ალდ პიი მანუციმ (1449–1515). მას თხზულების გამოცემა ლეონარდ გრასიმ დაუკვეთა ვერონეს ჰერცოგ გვიდობალდისათვის. ულამაზესი შრიფტის, ელეგანტური ანაწყობისა და განსაკუთრებული პროპორციების წყალობით მანუცის საგამომცემლო სახლში გამოცემული წიგნები – ალდინები აღორძინების ეპოქის შედევრებადაა მიჩნეული. მათ შორის ყველაზე დიდი პოპულარობა „პოლიფილის სიზმარმა“ მოიპოვა. რამდენჯერმე დაიბეჭდა მისი ფაქსიმილური ასლებიც. გამოცემა იწყება ორი სატიტულე ფურცლით, რომლებზედაც წიგნის სათაური და მისი დაბეჭდვის თარიღია მოცემული. ავტორის სახელი არ არის მითითებული. 1512 წელს იტალიის ერთ–ერთ მონასტერში აღმოჩნდა ამ გამოცემის ეგზემპლარი მინაწერით: „ამ წიგნის ნამდვილი ავტორია ფრანჩესკო კოლონა, ის ვენეციელი იყო, სამონასტრო ორდერის წევრი. განიცდიდა რა ძლიერ სიყვარულს ვინმე ტრევიზოელი იპოლიტისადმი, შეუცვალა მას სახელი, შეარქვა პოლიი და მიუძღვნა წიგნი. თუ აკროსტიხს ანუ ნაწარმოების თავების პირველ ასოებს წავიკითხავთ, მივიღებთ ფრაზას: „POLIAM FRATER FRANCISCVS COLVMNA PERAMAVIT“ – „პოლიის, ძმის ფრანჩესკო კოლონასაგან, სიყვარულით“ და იქვე: „ის დღემდე ცხოვრობს ვენეციაში წმინდა იოანეს და პავლეს მონასტერში“. მკვლევართა ერთი ნაწილის მოსაზრებით, ეს ალეგორიული რომანი დაწერა ფრანჩესკო კოლონამ. იგი 1433 წელს დაიბადა ვენეციაში. პადუას უნივერსიტეტში განათლების მიღების შემდეგ ფრანჩესკო დომინიკელ მონაზონთა ორდენის წევრი გახდა. ამ ვერსიას ადასტურებს დაშიფრული სიტყვაც „frater“ – ბერი. სხვა მკვლევართა მოსაზრებით, წიგნის ავტორი შეიძლება იყოს სხვა ფრანჩესკო კოლონა – გავლენიანი რომაული ოჯახის წარმომადგენელი, რომელმაც პალესტინაში რომაელთა ჯარების მიერ დანგრიული საგვარეულო ეკლესია აღადგინა. წიგნი 172 ხეზე ნაკვეთი ხელით გაფერადებული გრავიურითაა შემკული, რაც დამახასიათებელი იყო იმდროინდელი გამოცემებისათვის. მასში უხვადაა მათემატიკური და გეომეტრიული შენიშვნები, არქიტექტურული გეგმები. წიგნის მხატვრული გაფორმების ელემენტები დიდი ოსტატობითა და გემოვნებითაა შესრულებული. ისინი მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთ მთლიანობას ჰქმნიან. განსაკუთრებულია საზეიმო მსვლელობის ამსახველი ილუსტრაციები. ამ არაჩვეულებრივი კომპოზიციების ავტორი უცნობია. ზოგიერთ მათგანზე აღნიშნულია ლათინური ასოთი – „b“. მეთხუტმეტე საუკუნის მიწურულს გამოცემული ინკუნაბულა -„ Hypnerotomachia Poliphili“ ყურადღებას იპყრობდა მომდევნო საუკუნეებშიც. მას დიდ შეფასებას აძლევდნენ ფრანგი რომანტიკოსი ჟან შარლ ემანუელ ნოდე და ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი კარლ გუსტავ იუნგი. ნაწარმოების მეორე გამოცემა, იგივე გრავიურებით, 1545 წელს ვენეციაში დაბეჭდა ალდის შვილმა – პაოლო მანუციმ.

ავტორი: ნინო ხვედელიძე

ილია ჭავჭავაძის პირადი ბიბლიოთეკა

დიდი ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის პირადი ბიბლიოთეკა ქართველი ერის უმნიშვნელოვანესი საგანძურია. იგი ცალკე კოლექციის სახით დაცულია ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში. მრავალფეროვან კოლექციაში მეცნიერებისა და კულტურის თითქმის ყველა დარგის წიგნი, გაზეთი და ჟურნალია თავმოყრილი, რაც მწერლის ინტერესების მრავალმხრივობას ადასტურებს. რაოდენობრივად ყველაზე მეტი მხატვრული ლიტერატურაა, თუმცა ბიბლიოთეკა თემატურად მოიცავს: ისტორიისა და სამართლის, ფილოსოფიისა და სოციოლოგიის, გეოგრაფიისა და ეკონომიკის, განათლებისა და გრამატიკის, სოფლის მეურნეობისა და მედიცინის დარგებს. ამასთან ბიბლიოთეკაში ინახება წიგნები ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, პოლონურ, ბერძნულ ენებზე დაბეჭდილი. ქართული ძალიან ცოტაა შემორჩენილი. მათ შორისაა 1884 წელს თბილისში გამოცემული „დაბადება” (ბიბლია); მიხეილ თამარაშვილის „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის”; დიმიტრი ბაქრაძის „ისტორია საქართველოსი”. აქვეა ძველნაბეჭდი წიგნები: მოსკოვში დაბეჭდილი 1816 წლის „ახალი აღთქმა” და 1768 წლის „ჟამნი”; 1712 წელს ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი „ვეფხისტყაისანი” და 1886 წელს გამოცემული „ქილილა და დამანა” და „დავითნი”. ბოლო სამი წიგნი განსაკუთრებულად ჰყვარებია მგოსანს.

ილიას კოლექციაში ნაყიდის გარდა მრავლი ნაჩუქარი წიგნია საინტერესო წარწერით. მათ შორისაა: იაკობ გოგებაშვილის, ალექსანდრე ცაგარელის, ალექსანდრე ხახანაშვილის, მოსე ჯანაშვილის, ზაქარია ჭიჭინაძის, ვალერიან გუნიასა და სხვათა ავტოგრაფიანი გამოცემები.

ნაჩუქარ წიგნებში ვხვდებით განსაკუთრებულ ეგზემპლარებს, რომელთათვისაც ყდები სპეციალურად  შეუკვეთავთ.  ერთ-ერთი ასეთი წიგნი А. Калиновский.- «Где правда? История Афонского монастыря», 1885 წელს სანქ-პეტერბურგშია გამოცემული.  ოქროვარაყიანი  წიგნი მუყაოზე გადაკრულ, მუქ იასამნისფერ ქსოვილიან ყდაშია ჩასმული. ოქრომელნითაა დამშვენებული მოჩარჩოებული ტვიფრული ორნამენტები და ტვიფრულივე წარწერა: “Его Сиятельству Ильи Григорьевичу Чавчавадзе”. ეგზემპლარი ბერ ბენედიქტეს მიუძღვნია ილიასათვის, რასაც ადასტურებს მინაწერი: „С надеждою на благосклонное внимание и милостивное содействие Вашего Сиятельства препровождает смиренный раб старец Венедикт поверенный Афонского грузинского братства. СПб. 7 авг. 1885 г. “ბერი ბენედიქტე ბარკალაია მე-19 საუკუნის ოთხმოციან წლებში ჩამოვიდა საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან. იგი ცდილობდა საზოგადოებაში ინტერესი აღეძრა ივერთა მონასტრისადმი, რათა მასზე კუთვნილი უფლება დაებრუნებინა ქართველ სამღვდელოებას. ცხადია, ბერი დახმარებისათვის ქართული ეკლესიისა და ქართველი ერის გულშემატკივარ მწერალს მიმართავდა.

კოლექციაში დაცულია 1890 წელს გამოცემული იოსებ დავითაშვილის თხზულებანი, რომლის ტვიფრულ-ვარაყიანი ასოებით დამშვენებულ ყდაზე ვკითხულობთ – „ი. დავითაშვილი. ი. ჭავჭავაძეს”. ეს წიგნი სხვა მხრივადაცაა საყურადღებო. ილია განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით იყო ცნობილი. მის ოჯახში იკრიბებოდნენ მწერლები, მსახიობები, საზოგადო მოღვაწეები. მიუხედავად ამდენი მეგობრისა და საკუთარი ოპტიმისტური ბუნებისა, ილია მაინც მარტოსულობას უჩიოდა, რაზეც წიგნში გაკეთებული მისი ჩანიშვნები მეტყველებენ: „ბევრი რამა ვთქვი საგრძნობი, მაგრამ მსმენელი ძვირია”, ეტყობა ილიას გულსაც მოხვდა ეს სიტყვები, თვითონაც ხომ ამოიკვნესა ერთხელ: „ამდენ ხალხში კაცი არ არის, რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემო გავუზიარო!”.

ზურაბ ავალიშვილი თავის თხზულებას „Присоединение Грузии к России”, უძღვნის ილიას ასეთი წარწერით: „Князю Илье Григорьевичу Чавчавадзе почтительное приношение автора”. ილიას ფანქრით ხელში წაუკითხავს ეს წიგნი და ზოგიერთ საკითხზე თავისი უკმაყოფილება მიუწერია. ტექსტში, ერთ ადგილას,  ციტატაა მარი ბროსეს მიერ ფრანგულ ენაზე გამოცემულ პაპუნა ორბელიანის ქრონიკებიდან, რომლის შესახებაც ილიას, თავისი გულისწყრომა მიუწერია: „რა ქართველია, რომ ქართულს წყაროებს ფრანციცულიდამ იღებს”. იქ სადაც ავტორი ერეკლე მეფის ანდერძს ეხება…”Сила и даже подлинность которой оспаривалиь”, ილია ჭავჭავაძეს მიუწერია: „подлинность не имеется”; ტექსტში – „В Грузии не сталкивались интиресы европейских держав”… მიწერილია- „ Не совсем так. Наполеон уже принимал меры против этого, но не имел времени серьезно им занятся” და სხვა. თუმცა ხანდახან აღფრთოვანებასაც გამოხატავს. მაგალითად, წიგნში ავტორი აღნიშნავს, თუ რა განსხვავებაა რუსეთისა და ინგლისის პროტექტორატს შორის და ხაზს უსვამს, თუ რატომ ვერ შეითვისა მეფის რუსეთმა ინგლისური სისტემა. ილიას ეს ადგილი ორი ხაზით მოუნიშნავს და თავისი უკმაყოფილება რუსეთის თვითმპლრობელობის პოლიტიკით ერთი სიტყვით გამოუხატავს და მიუწერია – „ჯან!”

სპეციალურად ილიასათვისაა მომზადებული „ქართლ-კახური გალობის”    ტვიფრულ-ვარაყიანი ასოებით მორთული ყდა, რომელზეც ვკითხულობთ: „მისს ბრწყინვალებას თ. ი. გ. ჭავჭავაძეს ქართლ-კახური გალობა „კარბელაანთ კილოთი” მეორე ნაწილი ცისკარი”. ილია თვითონ არ მღეროდა, მაგრამ ძალიან უყვარდა ქართული ხალხური სიმღერები. მათი ძლიერი გრძნობა და მომხიბვლელობა მის ლექსებშია აღბეჭდილი. მეფის რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის შედეგად ქართული ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა მივიწყების გზაზე იდგა, იგი ყველგან იდევნებოდა და ძველი სიმღერა-გალობის მცოდნენიც აღარ რჩებოდნენ. ამიტომ ქართული კულტურის მოამაგეებმა გადაუდებელ ამოცანად დაისახეს ძველი ქართული სიმღერისა და გალობის აღდგენა, მათი ნოტებზე ჩაწერა, მომღერალთა გუნდების შექმნა და  ფართო პროპაგანდა. ამათ საფუძველი ჩაუყარეს ქართულ პროფესიულ მუსიკას. ამ დიდ ეროვნულ მოვლენას ორი ვრცელი წერილი მიუძღვნა ილიამ, რომელიც გაზეთ „ივერიაში” გამოაქვეყნა.

კოლექციაში დაცულია ილიასადმი მიძღვნილი ვალერიან გუნიას „საქართველოს კალენდრის”  რამდენიმე ეგზემპლარი, რომელსაც გამომცემლის ავტოგრაფი ამშვენებს: „თავ. ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძეს შემდგენელისაგან”;  „თავად ილია ჭავჭავაძეს ავტორისაგან”; „დიდ ილიას პატარა ვალერიან გუნიასაგან”. ილიასა და ვალერიანს დიდი მეგობრობა აკავშირებდათ, ვალერიანი მას თავის მასწავლებლად თვლიდა.

აქვეა იაკობ გოგებაშვილის მიერ ნაჩუქარი ნაშრომები მისივე ავტოგრაფებით: „ილია გრიგოლის ძეს ჭავჭავაძეს მეუღლითურთ” და „ილია გრიგოლის ძეს თავადს ჭავჭავაძეს სახლობითურთ” და სხვა. ალექსანდრე ცაგარელის წიგნებზე ვკითხულობთ – „ჩემს ძველ მეგობარს” და „ილიკო ჭავჭავაძეს ნიშნად ხსოვნისა ავტორისაგან 1873 წ.”  ალექსანდრე ხახანაშვილი საკუთარ ნაშრომს „Источники по введению христианства в Грузии” მწერალს ასეთი წარწერით უძღვნის: „დიდად პატივცემულს ილია ჭავჭავაძეს”.

ილიასათვისაა მომზადებული მუქ მწვანე კოლენკორის ყდაში ჩასმული ორი წიგნიც. ორივე მათგანის ყდაზე ტვიფრული ოქრომელნითაა შესრულებული წარწერა: „ივერიის რედაქტორს თ. ილია ჭავჭავაძეს”. პირველი მათგანია მოლიერის თხზულება  „კრიჟანგი”, მეორე კი – „საანდაზო ლექსები და აღწერა თავადთა და აზნაურთა გვარებისა” – განსაკუთრებული და ერთადერთია, რომელშიც უცნობ პიროვნებას ჟურნალ „ივერიაში” დაბეჭდილი საანდაზო ლექსები და „შემოკლებითი აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა” ერთად აუკინძავს და მიურთმევია ილიასათვის პატივისცემის ნიშნად.

ილიასათვის არტურ ლაისტს გერმანულ ენაზე მიუნჰენში გამოცემული „გოეთეს- გალერეა” უჩუქებია წარწერით ფრანგულ ენაზე: „თავად ი. ჭავჭავაძეს გამოჩენილს და პატივცემულს”. პოეტს ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდა არტურ ლაისტთან, რომელიც ასე იგონებდა მას: ილია მშვიდი და თითქოს აუღელვებელი იყო, თავდაჭერილი, როგორც ლხინში, ისე მწუხარებაში. ხასიათის ამ თვისებით ილია გოეთეს მოგვაგონებს, რომლის პოეზიაც მას ძლიერ მოსწონდა და უყვარდა,  იდეალურ პოეტად მიაჩნდა, „ოლიმპიელს” უწოდებდა და ქებას უძღვნიდა მის უნივერსალურ ცოდნას. ილია არა მარტო ლიტერატურის, არამედ ცხოვრების ევროპიზაციის მომხრე იყო,  სულით და გულით კი  მუდამ ქართველად დარჩა.

წიგნზე დაუღალავი მუშაობის ჩვეულება ილიას სიყრმიდან გამოჰყვა და სიკვდილის ბოლომდე არ უღალატია მისთვის, რასაც ადასტურებს სამი წიგნი. ისინი საკუთარ საწერ მაგიდაზე გადაშლილი დარჩენია მწერალს. მათზე მუშაობის პროცესში ამოუწერია საჭირო მასალა და ჩანაწერები წიგნებში ჩარჩენია. პირველი – ჯონ ლებოკის 1876 წელს გამოცემული ნაშრომია – „Начало Цивилизации”. მასში ჩარჩენილი ავტოგრაფი პატარა ნაწყვეტია ფელეტონისა „აი ისტორია”, რომელიც გაზეთ „ივერიაში” იბეჭდებოდა, მეორე – ფ. შლოსერის „Всемирная история”-ის მეხუთე ტომია, რომელშიც ჩარჩენილია წერილის ნაწყვეტი „ირლანდია და ინგლისი”, მესამე – ედ. ტაილორის „Антропология”. მასში დევს მწერლის მიერ სათანადო გვერდების აღნიშვნით, რუსულად შედგენილი საკითხების სია. ჩანაწერების მიხედვით ირკვევა, რომ ერთ პატარა საკითხის, მაგალითად „Сожжение”-ს შესახებ ილიას ექვსი სხვადასხვა ავტორის შრომა გადაუსინჯავს, ამოუწერია გვერდები და მათ იმოწმებს წერილში „აი ისტორია”.

კოლექციაში დაცულ ერთ-ერთ ეგზემპლარში („წიგნი თანამდებობათათვის სამრევლოთა მღუდელთასა” – შედგენილი არქიმანდრიტის ტარასისაგან) აღმოჩნდა ეკატერინე ჭავჭავაძის წერილი თავისი მოურავის ნიკო ჩიჩუასადმი, რომელიც 1865 წლითაა დათარიღებული. რა ვითარებაში ჩარჩა წერილი ილიას კუთვნილ წიგნში უცნობია, თუმცა ცნობილია ფაქტი ილიასა და ეკატერინეს შეხვედრის შესახებ „ცარსკოე სელოში”. საუბრის შემდეგ ეკატერინემ ილიას გადასცა ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერი რვეული, რომელიც პოეტს თავისი მუზისათვის უჩუქებია. ფაქტობრივად ილიამ ბარათაშვილი მაშინ აღმოაჩინა. „ვერ წარმოიდგენთ რა შთაბეჭდილება მოახდინა ამ ლექსმა ილიაზე. მთელი კვირა ბოდავდა ბარათაშვილით” – იხსენებდა ილიას დისწული კოხტა აფხაზი.

ილიას სახლში სტუმართა რიცხვმა შესამჩნევად იმატა იმის შემდეგ, რაც ილია ახალ ბინაში დასახლდა. ძველ სტუმრებს – ნიკო ცხვედაძეს, იაკობ გოგებაშვილს, ეკატერინე გაბაშვილს, სტეფანე ჭრელაშვილს, ანტონ ფურცელაძეს, გიორგი წერეთელს, ლევან ჯანდიერს, დავით ბარათაშვილს, დავით სარაჯიშვილს ახალი სტუმრებიც მოემატნენ, ესენი იყვნენ: გრიგოლ ვოლსკი, ნიკო ღოღობერიძე და მრავალი სხვა. აქვე იმართებოდა ილიას ცნობილი ხუთშაბათობები. სტუმრებს ილიასთან ერთად მუდამ მასპინძლობდა მომღიმარი დიასახლისი. ოლღა მეუღლის არაჩვეულებრივი მეგობარი იყო ყველა საქმეში. წყვილის საოცრად თბილი და განსაკუთრებული ურთიერთობა საქვეყნოდ იყო ცნობილი. კოლექციაში დაცული რამდენიმე წიგნი პირადად ოლღა ჭავჭავაძის კუთვნილებაა: ილიას, 1892 წელს გამოცემული, საკუთარ თხზულებათა პირველი ტომი მეუღლისთვის უჩუქებია წარწერით – „ჩემს კარგ ოლიკოს. ილია ჭავჭავაძე”. აქვეა ფ. გოგიჩაიშვილის, ბ. ესაძის, ი. ყაზბეგის, ა. ფირალოვისა და სხვათა მიერ ნაჩუქარი გამოცემებიც. ოლღასვე ეკუთვნის კოლექციის ყველაზე პატარა წიგნი, რომელიც მისთვის საკუთარ მოძღვარს უჩუქებია. ტფილისში 1900 წელს დაბეჭდილი მინიატურულ წიგნს – მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის „უკვდავთა ღაღადებანი”,   წითელი მელნით შესრულებული ავტოგრაფი ამშვენებს: „ღრმად პატივცემულს ოლგა თადეოზის ასულს კნეინა ჭავჭავაძისას. მ. ჯ-საგან.”

მოსე ჯანაშვილივე მიძღვნის ტექსტია ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა საქართველოჲსაზეც”, რომლის I წიგნი 1892 წელსაა გამოცემული. მასზე გაკრული ხელითაა მიწერილი: „დიდად პატივცემულ ილია გრიგოლისძე ჭავჭავაძეს. გამომცემლისაგან”.

მიძღვნის ტექსტებია 1903 წელს თბილისში გამოცემულ ზაქარია ჭიჭინაძის წიგნებზეც – „კათოლიკეთა ეკლესია საქართველოში” და „მღვთის-მშობლის კათოლიკეთა ეკლესია ბათუმში”. ორივე მათგანის თავფურცელზე ერთნაირი შინაარსის წარწერაა: „დიდად პატივცემულს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძეს პატივისცემით ეძღვნის დამწერისაგან”.

იხილეთ: ილია ჭავჭავაძის პირადი ბიბლიოთეკა : (ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული ექსკურსი) / ნინო ხვედელიძე // საქართველოს ბიბლიოთეკა. – თბილისი, 2012. – N3(48). – გვ.26-31.                                                                                                                                                                                                         

        ავტორი: ნინო ხვედელიძე

დაბადება

პირველნაბეჭდი ქართული ბიბლია. გამოიცა 1743 წელს მოსკოვის მახლობლად, დაბა ვსეხსვიატსკოეში. არქიმანდრიტ იოსებ სამებელის მიერ ამოქმედებულ ქართულ სტამბაში. ვახტანგ მეექვსის ვაჟის, ბაქარ ბატონიშვილის ბრძანებითა და ხარჯით ბეჭდვა განახორციელა ქრისტეფორე გურამიშვილმა, მღვდლების – ფილიპესა და დავითის შემწეობით.იოსებ სამებელს სინოდი მკაცრად თხოვდა, რომ ქართული გამოცემის ტექსტები იმ დროისათვის რუსეთში მოქმედი საეკლესიო წიგნების ზუსტი შესატყვისი ყოფილიყო, ამასთანავე სინოდისთვის წა -რედგინა გასაკონტროლებლად გამოცემული წიგნების ეგზემპლიარი.

ამ მოთხოვნის შეუსრულებლად, 1743 წელს დაბეჭდეს „დაბადება“, ის ბიბლია, რომლის ტექსტის გამართვაზეც ჯერ კიდევ არჩილ მეფეს „დიდად დაშვრა“, რედაქტორი ვახუშტი ბატონიშვილი იყო, ვახტანგ VI-ის ძე. დაბეჭდილი 300 ეგზემპლარიდან საქართველოს ეკლესია მონასტრებში გასაგზავნად განკუთვნილი 100 ცალი ბაქარ ბატონიშვილისეული მიძღვნის ტექსტით, ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს იყო დატყვევებული რუსეთის საბაჟოს მიერ. ამ ბიბლიის უნებართვოდ ბეჭდვის გამო, დახურეს სტამბაც. ეროვნული ბიბლიოთეკის ეგზემპლარი  K 74/609 ერთ–ერთ იმათთაგანია, ნინოწმინდის ეკლესიისადმი გაგზავნილი.

ავტორი: დალი მაჩაიძე

დასჯილი წიგნი

მაია მიქაბერიძე

 ქართული წიგნის ისტორიაში ცნობილია ბევრი ისეთი გამოცემა, რომელიც, შეიძლება, არ გამოირჩეოდეს მაღალი პოლიგრაფიული დონით ან სიძველით, მაგრამ მაინც საინტერესოა თავისი განსაკუთრებული ბედის გამო. მინდა გაგაცნოთ ერთ-ერთი ასეთი წიგნი. ეს არის ბიბლიოგრაფ გიორგი ბაქრაძის მიერ შედგენილი ”ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია. 1819-1945”. წიგნის შემდგენელმა, ნამდვილმა პროფესიონალმა და კეთილსინდისიერმა ბიბლიოგრაფმა, სრულად აღწერა 1819-დან 1945 წლამდე გამოსული ქართული ჟურნალ-გაზეთები. გამოცემიდან ცოტა ხანში ეს წიგნი აიკრძალა. მაღაზიებიდან ამოიღეს გაუყიდავად დარჩენილი ცალები და უტილიზაციას დაუქვემდებარეს, ხოლო ბიბლიოთეკების ეგზემპლარები საერთო მოხმარების ფონდებიდან გადაიტანეს დახურულ ფონდებში.

თითქოს გაუგებარია, რას უნდა შეეშინებინა ხელისუფლება. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ უბრალოდ ბიბლიოგრაფია იყო, ე.ი. გარკვეული წესებით შედგენილიო ჟურნალ–გაზეთების სია და მეტი არაფერი. არც გ. ბაქრაძე იყო საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი გმირი. იგი იყო სახელმწიფო წიგნის პალატის თანამშრომელი და ეს სამუშაო შეასრულა დირექციის მიერ შედგენილი გეგმის შესაბამისად.

 როგორც ჩანს, საბჭოთა ხელისუფლება დააფიქრა მიღებულმა შედეგმა –  ბიბლიოგრაფიაში თვალნათლივ გამოჩნდა, რომ გასაბჭოებამდე საქართველოში ბოლშევიკურ პრესაზე უფრო მეტი რაოდენობით გამოდიოდა არაბოლშევიკური პრესა. არა და, საბჭოთა პროპაგანდა ხალხს არწმუნებდა, რომ მოსახლეობაში ბოლშევიკური შეხედულებები იყო უფრო გავრცელებული და ამ პერიოდის ჟურნალ-გაზეთების უმეტესობაც სწორედ ბოლშევიკური იყო. გ. ბაქრაძის ბიბლიოგრაფიამ საპირისპირო სურათი აჩვენა – საქართველოს გასაბჭოებამდე პარტიულ გამოცემათა უმეტესობა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ფრთის იდეოლოგიურ მიმართულებას გამოხატავდა. იყო აგრეთვე დიდი რაოდენობით სოციალ-ფედერალისტური და ეროვნულ-ლიბერალური მიმართულების პერიოდიკა. ამათ ემატებოდა ანარქისტული და სხვაგვარი ჟურნალ-გაზეთებიც. პარტიული გამოცემების საერთო მოცულობაში  ბოლშევიკურ პრესას დაახლოებით მეხუთედი ეკავა.

ეს უბრალო არითმეტიკა იმის მაჩვენებელი იყო, რომ 1921 წლამდე ბოლშევიკური იდეოლოგია არ იყო პოპულარული საქართველოს მოსახლეობაში. აქედან კი ადვილად შეიძლებოდა იმ დასკვნის გამოტანა, რომ  ბოლშევიკური, ე.ი. კომუნისტური ხელისუფლება ძალით და, თანაც გარედან, თავსმოხვეული ხელისუფლება იყო.

Continue reading