ქართული პრესის მუზეუმი

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წელს ქართული პრესის მუზეუმი გაიხსნება. სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. მუზეუმი ბიბლიოთეკის მართლაც გამორჩეული ადგილი იქნება, რადგან პერიოდულ გამოცემათა ფონდი ყველაზე მდიდარია უნიკალური მასალებით. ქართული პერიოდიკის ისტორია კი, იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცული პირველი ქართული გაზეთის ორი ეგზემპლარით იწყება. ეგზემპლარები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის ნაწილია.

გამოცემის პირველი ნომერი სახელწოდებით „საქართველოს გაზეთი“ 1819 წლის 8 მარტს დაიბეჭდა. 1820 წელს გაზეთს სახელწოდება შეეცვალა და „ქართული გაზეთი“ დაერქვა. უცნობია გაზეთის რედაქტორი, სტატიების ავტორი, მთარგმნელი და გაზეთში მომუშავე სხვა თანამშრომლების ვინაობა.

„საქართველოს გაზეთი“, იგივე „ქართული გაზეთი“ ბიბლიოგრაფიული იშვიათობა იყო XIX საუკუნის მეორე ნახევარშივე. გაზეთის მოძიებასა და შეგროვებას „ივერიის“ რედაქცია ცდილობდა. „ივერიის“ 1887 წლის 156-ე ნომერში რედაქცია მადლობას უხდის სოფიო დოდაშვილს, რომელმაც წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას „საქართველოს გაზეთის“ 1819 წლის მარტის თვის ერთი ნომერი შესწირა.

გაზეთის ფორმატი, შრიფტი და ზოგადად, მისი გარეგნული მხარე იმ პერიოდისთვის სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო. დაახლოებით თაბახის ფურცლისოდენა ფორმატზე სტატიები ორ სვეტად იბეჭდებოდა. დროთა განმავლობაში გამოცემის პოლიგრაფია და სხვა მახასიათებლები იცვლებოდა. გაზეთი „ივერია“ „ქართულ გაზეთზე“ წერს: „დაბეჭდილია მშვენიერის ასოებით სქელ ქაღალდზე და სიდიდითაც საწერი ქაღალდის თაბახს ძალიან აღემატება“.

1819 წელს გამოვიდა გაზეთის 43 ნომერი, 1820 წელს – 51 ნომერი, 1821 წლის კომპლექტს ჩვენამდე სრული სახით არ მოუღწევია, ამიტომ დაზუსტებით ვერ ვიტყვით, ამ წელს რამდენი ნომერი გამოიცა. 1822 წელს კი გაზეთის გამოსაცემად საჭირო რაოდენობის ხელმომწერები ვერ შეგროვდნენ. მკითხველის ნაკლები ინტერესი კი იმით აიხსნებოდა, რომ გაზეთი არ ასახავდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ის მხოლოდ ცარიზმის პროპაგანდისთვის იყო შექმნილი.

მიუხედავად ნაკლოვანებებისა, „საქართველოს გაზეთი“ ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში შევიდა როგორც ქართული გაზეთის შექმნის პირველი მცდელობა. ფასდაუდებელია ამ გამოცემაში დაბეჭდილი მასალები, რომლებიც ქართველების იმდროინდელ ყოველდღიურ ყოფას ასახავს.

                           მასალა მოამზადა იშვიათ გამოცემათა განყოფილებამ. .

კავკასიაში უდიდესი და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო წიგნის მუზეუმი გაიხსნა

17 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ლეგენდარულ პირველ კორპუსში კავკასიაში უდიდესი და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო წიგნის მუზეუმი გაიხსნა.

23848165_1727727910578945_200647225_oწიგნის მუზეუმი არის ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბური პროექტი ამ სფეროში. მუზეუმი კავკასიაში უდიდესი და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა როგორც ვიზუალური, ისე თვისობრივი თვალსაზრისით. ეს არის ქვეყანაში დაცული ძვირფასი წიგნების პირველი მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელიც ოთხ ნაწილადაა წარმოდგენილი: 1) საკუთრივ იშვიათი გამოცემების მუზეუმი, სადაც სიძველით და ფორმით გამორჩეული წიგნებია წარმოდგენილი – მაგალითად ქართულ-იტალიური ლექსიკონი (1629), ვახტანგის სტამბის გამოცემები, ინკუნაბულა და სხვ.; 2) „ვეფხისტყაოსნის” მუზეუმი – აქ წარმოდგენილია პოემის ყველა გამოცემა ქართულ და უცხოურ ენებზე; 3) ილიას დარბაზი – ილია ჭავჭავაძის კაბინეტის ექსპოზიცია, მისი პირადი ნივთებითა და ბიბლიოთეკით; 4) ბროსეს საცავი – ულტრათანამედროვე საცავი, აღჭურვილი შესაბამისი კლიმატ-კონტროლის აპარატურით.

ქვეყნის მთავარი ბიბლიოგრაფიული განძის – ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული იშვიათი გამოცემებისთვის ულტრათანამედროვე საცავის და მუზეუმის გამართვა ბიზნესის თანადგომით გახდა შესაძლებელი. ამჯერად ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორი იყო „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი”. ამ ფონდის მხარდაჭერით მოხდა იმ იდეის განხორციელება, რომელიც ჯერ კიდევ გალაკტიონმა გამოთქვა წლების წინ (საქართველოში წიგნის მუზეუმის მოწყობა სწორედ მისი ჩანაფიქრი იყო).

საქართველოში პირველი და რეგიონში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმი, რომლის ფონდიც 19 ათასზე მეტ უნიკალურ გამოცემას ინახავს, სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორის წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.

 

 

ეკვილიბრიუმი– წონასწორობა


11781760_825667624220402_3277478862324891940_n
“ქუდზე კაცის“ სიმძაფრით გაისმა „ ეკვილიბრიუმი“ და  სულ მოკლე ხანში სრულიად საქართველო ჩაება  სოფლებში   ბიბლიოთეკების აღდგენა–განახლების თუ  ახლის  გახსნის საქმეში.  ყველა დროს  თავისი  საქუდზეკაცო მიზეზი ჰქონდა, თუმცა  ძირითადად   სამშობლოს დაცვა და სიცოცხლის გადარჩენა  იყო დიდპატარას გამაერთიანებელი. ეს  იყო  მანამდე …“ ხმლიანმა  მტერმა ვერ დაგვათმობინა, ვერ წაგვართვა ჩვენი მიწა–წყალი , ჩვენი ქვეყანა . ხმლიან მტერს გავუძელით , გადავრჩით   ,  ქვეყანა და სახელი შევინახეთ , სახსენებელი არ ამოვიკვეთეთ  შევირჩინეთ  საქოლავი არავის ავაგებინეთ. ხმლით მოსულმა ვერა დაგვაკლო–რა , შრომით და გარჯით, ცოდნით  და ხერხით მოსული კი თან გაგვიტანს , ფეხ–ქვეშიდან მიწას სახელს გაგვიქრობს, გაგვწყვეტს. სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება   და ჩვენს მშვენიერ ს  ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან . შრომას და გარჯას , ცოდნასა და ხერხს ვერავინ_ღა გაუძლებს, თუ შრომა და გარჯა , ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ, წინ არ დავუყენეთ . ვართ კი ყოველ ამისთვის მზად? ან გვეტყობა რაშიმე , რომ ყოველივე ეს ვიცით  ვემზადებით ?“  ნაწყვეტი  ილია ჭავაჭავაძის  საახალწლო მილოცვიდან „ რა გითხრათ , რით გაგახაროთ“  გეცნოთ და ალბათ  ამ  სიტყვების  თანამედროვეობაც გემცნაურად . 119 წელი გავიდა და ჩვენ  იგივე პრობლემის წინაშე ვდგევართ   და  „ წიგნი ყველა სოფელს“  დღესაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.  იმ განსხვავებით, რომ მაშინ  სოფლებში  იშვიათად ნახავდით კარაკეტილ სახლებს და  ერთი–ორი მოხუცის ამარა მიტოვებულ ნასახლარებს .   მაშინ ვის უნდა  წიგნი  და ბიბლიოთეკა   ?    ილიას მიერ დასმულ კითხვას  ეს და კიდევ რამდენიმე მივამატე და  პასუხის გაცემა  გიორგი კეკელიძეს ვთხოვე.   საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი  ამ  საქმის ( და კიდევ სხვა ბევრის ) „ თავი კაცი“ და სულის ჩამდგმელი გახლავთ  და ამავდროულად განმახორციელებელიც

  1. სოფლები დაიცალაო და ბიბლიოთეკებს , რომლებსაც თქვენ ხსნით  ეყოლება მკითხველი?

გიორგი კეკელიძე – მე ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული მიდგომა მაქვს – ერთი ადამინიც რომ იყოს სოფელში და ითხოვდეს ბიბლიოთეკას, ჩვენ ჩავალთ და მოვაწყობთ – თუნდაც ამ ადამიანის შესანარჩუნებლად.

  1. 10–15 წლის წინ თბილისში და არა მხოლოდ, დიდი ხმაური და აურზაური იყო ბიბლიოთეკების დახურვასთან და შენობებისათვის  ფუნქციის შეცვლასთან დაკავშირებით, „ წიგნი ყველა სოფელს „  ერთგვარი პროტესტია ?

გიორგი კეკელიძე–უფრო გამოხმაურება. ეკვილიბრიუმი ამ დარღვეული წონასწორობის აღდგენას ამსახურება – არამხოლოდ წიგნებით. კომპიუტერებით. სხვა რესურსებით. რთული საქმეა და სწრაფად ვერ კეთდება. მაგრამ ყველა სოფელში ჩავალთ.აუცილებლად.

3.1878 წლის გაზეთი „ დროება“, პირველი ქართულენოვანი გაზეთია, სადაც  ბიბლიოთეკების გახსნის საკითხი დაისვა– 125 წლის სემდეგ იგივე პრობლემის გადაჭრას შეეჭიდეთ  და სრულიად საქართველო ჩართეთ  ; რას ნიშნავს ეს, უკან ვბრუნდებით და გაქვთ შეგრძნება, რომ საუკუნის პროექტს ახორციელებთ?

გიორგი კეკელიძე –რაღაც აზრით შეიძლება ითქვას უკანაც ვბრუნდებით, მაგრამ ამ დაბრუნებით ნაბიჯის წინ გადადგმა გამოდის. მით უფრო, რომ ბევრი რამ სრულიად ახლებურად იგეგმება. რაც შეეხება პროექტის მასშტაბს, ამას გაკეთებული საქმე განსაზღვავრს. ვნახოთ

და მთავარი განმსაზღვრელი კი ალბათ  აღდგენილი წონასწორობაა. „ ეკვილიბრიუმი“ ხომ წონასწორობის აღდგენას ნიშნავს  და ბწკარედებს მიღმა წასაკითხშიც ეს მოიაზრება – გათავკობალებულ ქალაქებსა და დაცარიელებულ სოფლებს შორის წონასწორობის აღდგენა.  წონასწორობის დარღვევას არც უფალი მოგიტევებს და არც კოსმოსი.  იქნებ ეს არის ჩვენი  ამგვარად  ყოფნის თავი და თავი  და გადარჩენის  გზაც.

p.s. ეროვნული ბიბლიოთეკიდ პროექტმა „ეკვილიბრიუმი– განახლებული სოფლის ბიბლიოთეკები „ საზოგადოებრივი მაუწყებლის  კონკურსზე  „ 2015 წლის საუკეთესოს“ ტიტული მოიპოვა.

babu

ეროვნული ბიბლიოთეკის საჩუქარი თბილისქალაქს

ნინო გედენიძე

მწვანესაფარ და ღიმილშემოძარძცვულ, ჩაბეტონებულ დედაქალაქს თბილისქალაქობისათვის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ , მართლაც განსაკუთრებული საჩუქარი მოუმზადა. ქალაქის გულში პატ12111952_10207889553774081_3265172451028700379_nარა, მყუდრო თავშესაფარი–”ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი”– მარო მაყაშვილის სახელობის ბაღი. ეს უბრალოდ ბაღი მემორიალური წარწერით როდი გახლავთ. ეზოდან შემოსასვლელ გვირაბში მუდმივ გამოფენად ქცეული სახელდახელო ექსპოზიცია 1918–1921 წლების თბილისსაც წარმოგიდგენთ და დამოუკიდებლობის დასაცავად დაღუპულ რამდენიმე, ნაკლებად ცნობილ ახალგაზრდასაც გაცნობთ. ორ ფოტოზე კი თბილისის  კართან მომდგარი “წითელი სიკვდილი”, წითელარმიელები არიან  ასახულნი. სიხარულის და სიყვარულის ყველაზე საშიში მტერი დავიწყება და უმადურობაა  და ეროვნული ბიბლიოთეკის ახალგაზრდა მესვეურებმაც ამ ბაღის შექმნით ყველაზე სათუთი სიმები შეურხიეს საზოგადოებას– 18–20 წლის გოგო–ბიჭების სიცოცხლე საქართველოს დამოუკიდებლობას და ერთად ყოფნის სურვილს შეეწირა. 118 იუნკერი იცავდა  თბილისს კოჯორი–ტაბახმელას მისადგომებთან. ასთვარამეტივეს სახელი შემოინახა ერთერთი  ემიგრანტის არქივმა, რომელიც დღეს უკვე  ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის დარბაზში  ინახება.

ელექტრონული კატალოგების წარსული

ავტორი: ია გორგიშელი

რას აკეთებს ბიბლიოთეკაში წიგნის წასაკითხად შემოსული მკითხველი პირველად? აკითხავს სამკითხველო დარბაზის საკატალოგოს, სადაც ბარათული კატალოგების ყუთების გარემოცვაში კომპიუტერებთან მიმსხდარი  კატალოგისტები ელიან. ბარათულ კატალოგში სასურველი ლიტერატურის მოძიება დიდ დროს და ზოგჯერ გარკვეულ ცოდნას მოითხოვს, ელექტრონულ კატალოგში ძიება გაცილებით უფრო სწრაფი პროცესია და ამისთვის  კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარულ უნარ–ჩვევებია საჭირო.  ელექტრონული კატალოგი ერთიანად ცვლის რამდენიმე ტიპის ბარათულ კატალოგს, მათ შორის ანბანურს, სისტემატურს და საგნობრივს.

Continue reading

რა ბედი ელით საჯარო ბიბლიოთეკებს?

ანინა ტეფნაძე

პირველი შეხება წიგნებთან ბიბლიოთეკას უკავშირდება, კერძოდ კი_ სკოლის ბიბლიოთეკას. დედაჩემი სკოლის ბიბლიოთეკარი იყო და მეც ყოველ დასვენებაზე და სკოლის შემდეგაც ბიბლიოთეკაში ვიჯექი. ბევრი წიგნი იყო. თეთრი, წითელი და შავი ტომეულები, საბავშვო ზღაპრები, ლექსების კრებულები. ვუყურებდი ამ მაღალ კარადებს და ვფიქრობდი, რომ სკოლის დამთავრებამდე ყველა წიგნის წაკითხვას მოვასწრებდი. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ზოგი წიგნის წაკითხვა არც იყო საჭირო, მაგრამ რაც მართლა ღირდა წასაკითხად, ყველაფერი წავიკითხე.

მახსოვს, როცა რუსულ სკოლაში გადავედი, სახელმძღვანელოებისთვის სკოლის ბიბლიოთეკაში გამაგზავნეს. მე ისევ მაღალ კარადებსა და უამრავ წიგნს ველოდი, სინამდვილეში კი სკოლის ბიბლიოთეკა პატარა ოთახი აღმოჩნდა, სადაც ანგარიშმიუცემლად იყო შეყრილი სკოლის საკუთრებაში მყოფი ყველა წიგნი. ძირს შუაზე გადახსნილი წიგნები ეყარა და იმისთვის რომ რამე გეპოვა, აუცილებლად გიწევდა მათზე დაბიჯება. როცა ვუთხარი, ალგებრის სახელმძღვანელო მჭირდება-მეთქი, ბიბლიოთეკარმა ძალიან უცნაური კითხვა დამისვა: რა ფერისააო? ლურჯი-მეთქი. ჰოდა, ლურჯი წიგნები აქეთააო, ერთ-ერთი კუთხისკენ მიმითითა. თურმე ერთადერთი ნიშანი, რითაც წიგნები დაჯგუფებული იყო ამ საკუჭნაოში, მათი ფერი იყო.

Continue reading

ჩემზე, წიგნებზე, ადამიანებსა და ბიბლიოთეკაზე

გია ჯოხაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

ბორხესის დიდ თაყვანისმცემლად, ალბათ, თვითონ ბორხესი არ ჩამთვლიდა, მაგრამ მუდამ თავს მახსენებს მისი მეტაფორა, რომ სამყარო ბიბლიოთეკაა. სიცოცხლის საზრისიც იმ ერთადერთი წიგნის მოძიებაა, სადაც ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ბიბლიოთეკა მარადიულად არსებობს და ღვთის ქმნილებად მიიჩნევა. ყველა წიგნი ერთი და იმავე ელემენტებისაგან შედგება, თუმცა ერთნაირ წიგნს ვერასოდეს მიაკვლევ. თითქოს ისეთი წიგნიც არსებობდეს, ყველა სხვა წიგნის შინაარსს რომ იტევდეს, ვიღაცამ მისი წაკითხვა მოახერხა და ღვთის სწორად იქცა. ბევრს დაუწყია ეს უშედეგო პილიგრიმობა მის მოსახელთებლად, ვიდრე ეს რეგრესული მეთოდი არ მოიხელთეს: ერთი წიგნი რომ იპოვო, მეორეს უნდა ჩახედო, რომელიც მესამის ადგილმდებარეობას მიგითითებს… თუ რაღაც ამგვარი.  ასე, რასაკვირველია, მაშინ არ ვფიქრობდი, როცა პირველად შევედი საჯაროში. ეს იყო სტუდენტობის ხანა, უფრო ზუსტად, სტრესი და გაოცება პირველი არასასურველი შეფასების გამო, რომელმაც ეჭვი აღმიძრა, რომ ყველაფერი არ ვიცოდი…

Continue reading

ეროვნული ბიბლიოთეკა რიცხვებში

ავტორი: ანინა ტეფნაძე

ერთსა და იმავე ადგილს შესაძლოა სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვაგვარად ხედავდნენ. ეროვნული ბიბლიოთეკა ავიღოთ: ტაქსისტისთვის ის მხოლოდ დანიშნულების ადგილია, თანამშრომლებისათვის_ ადგილი, სადაც დილიდან საღამომდე სხედან, მეცნიერისათვის საჯარო ბიბლიოთეკა ის ადგილია, რომლის გარეშეც სამეცნიერო ნაშრომის დაწერა გაუჭირდება, დამლაგებლისათვის ეროვნული ბიბლიოთეკა უზარმაზარი დარბაზები და კიბეებია, ჩემთვის კი ეროვნული ბიბლიოთეკა არის ადგილი, სადაც ყველა ის წიგნი წავიკითხე, რომლებშიც ჩემს მშობლებს ფულის დახარჯვა არ უნდოდათ.

სუბიექტური დამოკიდებულების მიღმა კი არსებობს ეროვნული ბიბლიოთეკა რიცხვებში.

ბიბლიოთეკის დაარსების თარიღი:
1846 წელი
სამკითხველო ადგილების რაოდენობა
780 ადგილი
მკითხველთა რაოდენობა
45.450

ფონდები

წიგნები:
3.641.456 ერთეული
ჟურნალები:
233.383 წლიური კომპლექტი
გაზეთები:
55.124 წლიური კომპლექტი
ნოტები:
96.610 ერთეული
გრამფირფიტა:
23.992 ერთეული
CD/DVD:
4.740 ერთეული

ბიბლიოთეკის ფართი
20.711 კვ.მ.

ვფიქრობ, შთამბეჭდავია.

გამარჯობა, სამყაროვ

ავტორი: ანინა ტეფნაძე

როგორც წესი, ბლოგზე პირველი პოსტი მისალმებას უნდა ისახავდეს მიზნად, სწორედ ამიტომ, ვორდპრესზე დარეგისტრირებული ყველა ბლოგზე ავტომატურად ქვეყნდება პირველი პოსტი, რომელსაც ,,გამარჯობა, სამყაროვ” ჰქვია.

მას შემდეგ კი, რაც გამარჯობას ეტყვი სამყაროს, სამყარო აუცილებლად დაგისვამს კითხვას: რისთვის შეიქმნა ეს ბლოგი?
მართლაც და რად უნდათ ბიბლიოთეკებს ბლოგები? ან, კონკრეტულად საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას რად უნდა ბლოგი? პასუხი მარტივია: ეროვნულ ბიბლიოთეკას, ისევე როგორც ნებისმიერ ბიბლიოთეკას სურს,  რომ არსებულ და პოტენციურ მკითხველებს ესაუბროს, მიაწოდოს ინფორმაცია და მათგანაც მიიღოს უკუკავშირი. ბლოგი კი ამ მიზნის მისაღწევად შესანიშნავი საშუალებაა.

გარდა ამისა, ჩვენ, ანუ ამ ბლოგის ავტორებს  გვსურს, სულ სხვა თვალით დაგანახოთ ეროვნული ბიბლიოთეკა. გაჩვენოთ მისი შედარებით უცნობი მხარეები (ძირითადად კი სახალისო მხარეები) და  ვისაუბროთ ყველაფერზე, რაც მრავალწლოვანი კედლების მიღმა ხდება.