აფხაზეთის აქამდე უცნობი და უნიკალური ფოტოები, რომელიც XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისშია გადაღებული, ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ფოტომატიანეში განთავსებული ბაადურ ქობლიანიძის უნიკალური ფოტოკოლექციის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია. ის ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიის ისტორიას ასახავს. ისტორიას, რომელსაც გვედავებიან, გვართმევენ, აყალბებენ…
„იყო ასეთი ცნობილი და ძალიან მაღალი დონის ფოტოგრაფი, ივან იუნაკი. მას საინტერესო ფოტობარათების სერია ჰქონდა. ეს იყო საფოსტო ბარათი, რომელსაც მიმოწერისთვის და ერთმანეთთან გასაგზავნად იყენებდნენ. ფოტობარათები იმ პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. იუნაკის ფოტობარათების სერია დაბეჭდილი იყო არა როგორც საფოსტო ბარათი, არამედ როგორც ფოტო და სხვა ფოტობარათებისგან განსხვავებით, მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. ფოტოები განსაკუთრებულია გადაღების ტექნიკითაც. ფოტოხელოვანი ბარათებს ნომრავდა და ამ ნუმერაციის მიხედვით მათი რაოდენობა 200-ს აღემატებოდა. ამ სერიით იუნაკს გადაღებული აქვს გაგრა – როგორ შენდებოდა უნიკალური შენობები, როგორ გაყავდათ გზები, ჩამომსვლელი სტუმრები, ისტორიული შენობები, ბუნება. კოლექციაში არის ასევე XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში გაგრაში ჩატარებული სასოფლო-სამეურნეო გამოფენის ამსახველი ფოტოებიც. ჩანს თაფლის, მცენარეების და სხვა პავლიონები. როგორც ირკვევა, ეს იყო რეგიონალური გამოფენა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნები მონაწილეობდნენ. რუსეთის იმპერატორს სურდა, გაგრა ექცია ისეთ კურორტად, როგორიც იყო ნიცა, სანრემო.
გაგრის კლდოვანი სანაპირო, 1900-1910 წწ. გაგრა – რესტორანი გაგრიფში, 1900-1910 წწ. გაგრის პირველი გამოფენა – ტროპიკული მცენარეები, 1900-1910 წწ. ფოტოზე: მამია გურიელი, გიორგი შარვაშიძე, ალექსანდრე იოსელიანი ფოტოზე: მერი შერვაშიძე სოხუმი – სასტუმრო რიწა, 1920-იანი წლები სოხუმი – სასტუმრო ორიენტალი, 1910-1920 წწ. სოხუმი – თამბაქოს წარმოება, 1920-1930-იანი
სამუშაოები დაიწყო კიდევაც. დაწვრილებით შეისწავლეს კლიმატი – რამდენი ხანი გრძელდებოდა საკურორტო სეზონი, რის გამოყენება შეიძლებოდა სამკურნალოდ, დასასვენებლად. პრინცი კონსტანტინე ოლდენბურგი აქტიურად იყო ჩართული გაგრის მშენებლობაში. შემდგომში ცნობილი რესტორნებისა და ისტორიული შენობების -ოლდენბურგის სასახლე, რესტორანი გაგრიფში – მშენებლობა სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება. ამ შენობების ასაშენებლად ნორვეგიიდან ჩამოჰქონდათ დამუშავებული ხის მასალა და სხვადსხვა აქსესუარები. შემდეგ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, რამაც ამ პროცესს ხელი შეუშალა. თავდაპირველი გეგმით რომ გაგრძელებულიყო, გაგრა მართლაც იქცეოდა, ალბათ, სანრემოდ ან ნიცად. ივან იუნაკის 200 ფოტობარათიდან ყველა არა, მაგრამ უმეტესობა გვაქვს. კოლექციაში არის გიორგი შარვაშიძისა და მისი ოჯახის, ასევე მერი შერვაშიძის ფოტოები“, – ამბობს ბაადურ ქობლიანიძე.
მასალაზე მუშაობდნენ: ნათია კობახიძე და მაია შონია.