ახლა, სულ რამდენიმე წუთის წინ, სამდღიანი ძალზე სასიამოვნო შრომა დავასრულე. ჟურნალ „ივერიის” პირველ ნომერში გამოქვეყნებული მოთხრობა „ქალი მამულის ერთ-გული” შესაბამის ფორმატში გავაციფრულე, მოთხრობას ქვესათაურიც აქვს „შემთხვევა საფრანგეთ-გერმანიის ომიანობის დროს”. მოთხრობის ავტორი გრენვილ მურრეია, დანამდვილებით კი ვერ გეტყვით, სადაურია, მაგრამ ვეჭვობ, თანაც საფუძვლიანად, ბატონი მურრეი არც ფრანგია, არც გერმანელი და არც პრუსიელი… ინგლისელი უნდა იყოს წესითა და კანონით…
ზემოთ ვთქვი შემთხვევა საფრანგეთ-გერმანიის ომიანობის დროს მოხდა-მეთქი, თუმცა, როდი დავაზუსტე, ეს ომი როდის მოხდა და რა შედეგით დასრულდა…. ახლავე მოგახსენებთ, თუმცა, კიდევ ერთხელ, თუმცა, გეტყვით, რამდენადაც მახსოვს ომი საფრანგეთ-პრუსიის უფრო იყო, ვიდრე საფრანგეთ-გერმანიისა და მის დაწყებაში არც თუ უკანასკნელი როლი ოტო ფონ ბისმარკის ერთ წერილს მიუძღვის… სხვათაშორის, მოთხრობის მიღმა არც ბისმარკი დარჩა… ერთხელ, მაგრამ მაინც, რომ იტყვიან, საფუძვლიანად არის მოხსენიებული („ბისმარკს ყველგან აუარებელი მოსყიდული ენის-მზიდველი კაცები ჰყვანდა გაფანტული” – ვკითხულობ მოთხრობის შუა წელში და გპირდებით, კიდევ ერთხელ შეგახვედრებთ ბატონ ოტოს, ჩემი სტატიის ბოლოს…).
ომი პრუსიის გამარჯვებით დასრულდა, დასრულებას გერმანიის გაერთიანება, საფრანგეთის მეორე იმპერიის აღსასრული, მესამე რესპუბლიკით ჩანაცვლება და კიდევ ბევრი რამ მოჰყვა, მაგრამ, რასაკვირველია, არც ომის დაწყების მიზეზებსა და შედეგების შედეგებზე ვაპირებ საუბარს ამ, თითქმის, არალიტერატურულ პოსტში…
მაშ ასე, „ერთხელ დილით, ოქტომბრის თვეში, წელსა 1870-ს, ერთს ძველს, წარჩინებულს და გამოჩენილს საფრანგეთის ქალაქს ო-ნს ასეთი საზარელი და საშინლად სათაკილო საქმე გარდახდა: გამარჯვებული მტრის ლაშქარი შეესია და დიდის ამბით და დიდებით ეს უცხო ქვეყნის ჯარი ჯამაათი, ამ ქალაქ ო-ის ქუჩებში გაბმით და ნადიმად მიდიოდა. ეს სამწუხარო ამბავი ერთის თვის წინათაც შესაძლო იყო, რომ მომხდარიყო, მაგრამ ეს ქალაქი ისეთის მამულის მოყვარეობით, ისეთის მამაცობით და სახელ-გათქმულის საქმეებით იყო ძველათვე გამოჩენილი, რომ იმის მშვიდობის-მყოფელნი მცხოვრებნი მოქალაქენი, რომელთაც სამხედრო საქმისა და სწავლისა არა გაეგებოდათ რა, უკანასკნელ დღემდის ეჭვობდნენ და არა სჯეროდათ, რომ მტრის ჯარი ქალაქ ო-ში შემოვიდოდა და იმედოვნებდნენ რომ, რომელიმე სასწაული ამისთანა სამარცხვინო და სათაკილო თავგადასავალიდან დაიხსნიდა. ხოლო, ყოველმა სამხედრო პირმა კი იცოდა, რომ ეს ქალაქი მტრის ჯარს სრულებითაც წინ ვერ დაუდგებოდა და თავს ვერ გაიმაგრებდა, ქალაქის ციხე და სიმაგრენი, რითაცა ამ ოთხ საუკუნის წინად ქალაქმა ომ-მა გამოიარა ისტორიაში დიდად ღირს–შესანიშნავი ზედ–მოსევა მის ალყას გაუძლო და მტერს არ დანებდა, დიდი ხანი იყო რაც დაენგრიათ და ქვა- ქვაზედაც აღარ გაეშვათ. “
ამ აბზაცის, ისევე როგორც მთელი მოთხრობის მთარგმნელი ილია ჭავჭავაძეა, მერე რა რომ მთარგმნელის გვარი არსად წერია და არც ილიას ოცტომეულშია შეტანილი. რა ვიცი?! ვინ გითრათ, რომ ვიცი, მე მჯერა და რამდენჯერ უნდა ვთქვა, რაც მჯერა, ძალიან ხშირად მართლდება, მინდა თუ არა, რაც მჯერა – გამართლდეს!
ხომ მეთანხმებით, ჩემი მჯერა – გამართლების ამბავი აღარაა საინტერესო …
საინტერესოა რა შეიცვალა დღეს – ამდენი წლის შემდეგ… ორი მსოფლიო ომის შემდეგ და კიდევ რა ჯანდაბა და დოზანა შეიცლება იმ ომის დასრულების შემდეგ, რომელსაც დასასრული არ უჩანს… ომში სადაც დარწმუნებული ვარ ცოტაა… ძალზე ცოტაა გალიუშო, რომელსაც „მიზეზი არ ქონდა ომიანობა შესძულებიყო, რადგანაც იმ ომიანობამ საკმაოდ განუვრცელა ვაჭრობა, კარგი სარგებლობაც მოუტანა და გალიუშის აზრით, რასაკვირველია, ვაჭრობა იყო უპირველესი საგანი კაცისათვის. და ბევრია „ღერცოგი ბრესსაკი” ვინც დაჟინებით ამტკიცებს, რომ „მცხოვრებლებს ძველად განთქმული მამულის ერთ-გულობა და სიყვარული ჯერ არ გაქრობიათ” და ბევრია 20 წლის ლიდია ანუ ლილი…
ღირს კიდევ ვთქვა რამე?!
ღირს მთელი მოთხრობა აქ გადმოვიტანო ან/და აბზაც-აბზაც მოვყვე?!
რას შევცლის?!
არც – არაფერს!
ომი ისეთივე სასტიკი და დაუნდობელი იქნება, როგოც წლების კი არა, საუკუნეების წინ…
ისეთივე სასტიკი?!
როგორც ჩანს არა…
უფრო და უფრო სასტიკი!!!!
ჰო, ომი სულ უფრო სასტიკი იქნება და იქნებიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ძლიერის მხარეზე აღმოჩნდებიან, ზუსტად ისე, როგორც მოთხრობის არც თუ შეუმჩნეველი გმირი, რომლისთვისაც მთავარია ძლიერს ემსახუროს…
მაგრად არ მინდა დავემგავსო იმ გმირს….
სხვათაშორის, არც იმ ავტორს მინდა დავემგვანო დანაპირებს, რომ არ ასრულებს, ამიტომ ვუბრუნდები ბისმარკს, ფონ ოტოს, მთლად ბოლოს არა, მაგრამ მაინც…
ბისმარკი 100-ჯერ მაინც აქვს ნახსენები ილიას თავის წერილებში! მე ერთი მახსოვს განსაკუთრებით: “რას ჰფიქრობს ბისმარკი? რა უნდა ბისმარკსა? ვისა სწყალობს ბისმარკი? ვინა ჰყავს ნიშანში ამოღებული? ათასი სხვა ამისთანა საკითხავები გახდა ჟურნალ-გაზეთების სალაპარაკოდ. ბევრი კალამი წახდა ამის გამოძიებაში. ბევრი მელანი დაიხარჯა, ბევრი გაზეთი ჰცდილობდა, არა მე ვაჯობო სხვასა, არა მეო ამისთანა ამბიციების გამოხსნაში, მაგრამ ეს საკითხავები მაინც საკითხავებად დარჩა, ამოცანები – ამოცანებად და დღეს ქვეყანამ ყოველს ამაზედ თითქმის იმდენივე იცის, რაც იცოდა, ვიდრე მიზეზნი ამ საკითხავებისა გაჩნდებოდნენ. საკვირველი არ არის, რომ ევროპის ჟურნალ-გაზეთობა ამ ამოცანებზედ მოსცდა; საკვირველი არ არის, რომ ყველას უნდოდა შეეტყო, ყოვლად შემძლებელი ბისმარკი როდის აიხსნიდა ბეჭედს დუმილისას თავის ბაგეთაგან და ბაგენი რას წარმოსთქვამდნენ. ბისმარკის გენიოსობამ, რომელმაც შეჰქმნა ერთობა გერმანიისა, იმ ფეხზედ დააყენა დღეს გერმანია, რომ მისი სიტყვა ყოველ სხვათა სიტყვაზედ ევროპის საპოლიტიკო სასწორისათვის, იმოდენად მძიმეა, რომ სასწორი იქით დაიწევს, საითაც იგი სიტყვაა.”…
„დავაფეისტე“ ახლა ამონარიდი და ვფიქრობ, მე ზუსტად ვიცი, რას იფიქრებდა ილია…
საშინელია ომი….
ინგრევა და ნადგურდება 400 წლიანი სრა-სასახლეები და რუდუნებით გაშენებული კარ-მიდამოები…
მიწასთან სწორდება ქალაქები და სოფლები და რაც მთავარია იღუპებიან ადამიანები…
იღუპებიან შეყვარებული ადამიანები: მამები და შვილები, ჯარისკაცები და არაჯარისკაცები და კვდება თავად სიყვარული, როგორც ყველაზე ადამიანური გრძნობა…
ავტორი: გიორგი კილაძე