ამბავი კარგ მწერალ/ადამიანზე და უფრო მეტად გელა ჩქვანავას ნაცნობ და უცნობ პერსონაჟებზე

კარგ მწერალზე საუბარს ვაპირებ…

კარგ ადამიანზე საუბარს ვაპირებ და სიმართლე გითხრათ პირადად ნამდვილად არ ვიცი მწერალი უფრო კარგია თუ ადამიანი…

თუ კარგი მწერალი ხარ, სასურველია კარგი ადამიანი იყო…

და თუ კარგი ადამიანი ხარ – რა სჯობს თუ კარგადაც წერ!

ჰოდა, დადის არადედაქალაქში ასეთი კარგი ადამიანი/მწერალი, ვისაც  დიდი ხანია ვიცნობ…

„კოლორიტები“ რომ გამოსცა და მე რომ მოგვიანებით წავიკითხე იმ დროიდან…

ვიცნობ…

უღრმეს პატივს ვცემ და მაინც…

ხანდახან მგონია მწერლის პერსონაჟებს მასზე კარგად ვიცნობ…

ვერ დავმალავ და ალალად  გეტყვით: მწერლის გაცნობამდე პერსონაჟების გაცნობა მომინდა…

კი არ ვიცი კარგია თუ ცუდი ეს ამბავი, მაგრამ…

სიმართლე უნდა მეთქვა…

უნდა მეთქვა ზუსტად ისე, როგორც ავტორი ყველა ნაწარმოებში ამბობს…

წაკითხულებსა და წაუკითხავებში…

მოთხრობებსა და რომანებში…

იმაშიც, რუსულად „პოვესტად“  ანუ „ვრცელ მოთხრობად“ რომ მოვიხსენიებთ…

ლექსებსა და  თქვენ წარმოიდგინეთ  ზღაპარსა და პიესაშიც…

ზემოთ ვთქვი ნაცნობობა „კოლორიტებით“ დაიწყო…

ისიც ვთქვი -პერსონაჟების გაცნობა უფრო მომესურვილა მეთქი…

ასეა, დასტურ…

აბა, ერთი წუთით წარმოიდგენეთ (როგორი წარმოსადგენია?!) როგორ შეიძლება არ მოინდომო გაიცნო, მაგ.,  მილიციელი ოტია პაჭკორია და/ან პარმენ გოგია (კი, კი, ლუდში ზომიერად წყალგამრევი),  რაჟიკო კეზუა ან/და დარეჯან კვარაცხელია. ქვრივი ნანული (რომლის გვარი აუცილებლად შავდია უნდა იყოს!)… ძაძამია, ნეტა რა ერქვა და კიდევ ბევრი კეთილი ადამიანი…

კეთილი? ვთქვი თუ დავწერე… და გავიფიქრე ეგრევე…

მართლა ავტორის ყველა კეთილია?!

 ამ გადასახედიდან მე ასე ვიხსენებ და თქვენ, თქვენი იცით…

რამდენი პერსონაჟი ჩამოვთვალე

ბევრი გავიხსენე, ბევრიც ვერ მოვიგონე და მაინც…

მანუჩარზე უნდა ვთქვა…

ეს ის მანუჩარია, დიდი გასეირნებიდან ჩემს მიერ ბოლოს წაკითხულ რომანში რომ  გადაინაცვლა…

თქვენი არ ვიცი და  რაღაცნაირად,  რომ ჩამოგავს ბატონ რეზიკოს „კოლორიტებიდან“…

მანუჩარი სპარსული წარმოშობის სახელია და „ციური სახის მქონეს” ნიშნავს.

აქაური მანუჩარი მწერალია…

აქ დიდი გასეირნება არაა და მაინც   მანუჩარის „რემიქსია” და აქ, ბევრ ნაცნობ პერსონაჟს შეხვდები. „კადრილი”  რომანია, „კადრილი” ფრანგული ცეკვაა და რამდენიმე წყვილი ერთად ცეკვავს. „კადრილს”  რომანში, რამდენადაც მახსოვს ვერ შეხვდები. აქ მხოლოდ ვალსს ცეკვავენ…  ვალსიც წყვილთა ცეკვაა… ტემპია უფრო ნელი, ვიდრე კადრილში. მგონი ასეა… “კადრილში” ორი რომანია, ორი პარალელური რომანი .

რომანს საფილმო დაწყება აქვს და მთელი რომანი მშვენიერი ფილმი გამოვა…

რომანში მოსმენასაც შეძლებთ და შეხებასაც,

ნაღდად ასეა,  დანახვასაც შეძლებთ, გემოსაც გასინჯავთ განსაკუთრებით ლუდს, ვისკს, შინაურ ორნახად არაყსა და შამპანურს… ყავასაც, ბუნებრივია.

და მაინც, შიგადაშიგ უმძაფრეს სუნს შეიგრძობთ, ვისას? ვისას  თუ არა ქალის.

ამ ქალს დიანა ჰქვია…

სამოცი წლისაა…

სა მო ცის… ზუსტად სამოცის…

საინტერესო  ბიოგრაფიის …. და ცხოვრების წესითა და რიგით….

ხომ გახსოვთ (ბუნებრივია, გემახსოვრებათ…) რომაულ ხელოვნებაში დიანას მშვენიერი ქალიშვილის სახით, ხშირად გარეულ მხეცთა გარემოცვაში რომ წარმოსახავდნენ?.

გარეულისა აბა რა გითხრათ, მაგრამ რომანში არც თუ მცირე როლს ასრულებს თაგვი….

(იაპონურ მითოლოგიას გადახედოთ, გირჩევთ)

ლამის ათას წელს ცხოვრობს…

აქ კი…

ანუ რომანში, ყველა სიყვარული მოკლეა,

უფრო მოკლეა, ვიდრე, მოკლე სიცოცხლე… კვდება ყველა ვინც სიყვარულს ეძებს და ვინც პოულობს,

ვინც სიყვარულს  არ ეძებს და მაინც პოულობს… 

კვდება დონჟუანიც და კვდებიან გედებიც…

„ტინდარეოსის მეუღლე ლედა იხილა ზევსმა და თეთრ გედად გადაქცეულმა მიუალერსა. გავიდა ხანი. ლედამ კვერცხი დადო და ამ კვერცხიდან გამოიჩეკნენ ზევსის შვილები: მშვენიერი ელენე და პოლიდევკესი, ხოლო ტინდარეოსისაგან ლედას ეყოლა კიდევ ორი შვილი: კლიტემნესტრა და კასტორი – თუ არ ვცდები დიოსკურები იყვნენ…“

ძმა – მოკვდავი

ძმა  – უკვდავი….

მარადიული, უასაკო სიყვარული და

სექსი როგორც ინსტრუმენტი სიყვარულის ძიებისას…

უსექსოდ ჩაფიქრებული  სიყვარულის სექსიანი დასრულებაც სახეზეა…

რომანში ბევრი სექსი არაა და მაინც ბევრად ჩანს…

ჩანს რადგან სექსი აქ გარდა სიყვარულის ძიებისა ქალის თავდავიწყებით შეყვარების ინსტრუმენტიცაა…

აქ უსაზღვრო სიყვარულის გაუცნობიერებელი ძიებაცაა და პოვნაც…

იპოვი და  კვდები…

თუ არ კვდები –  ეძებ…

ეძებ, პოულობ და ცუდია თუ ვერ ხვდები რომ იპოვე…

სიყვარული –  ლოლია

ლოლი სრული სიყვარულია…

ლოლისთან სიყვარულს მოვალეობა თან სდევს…

რათა?!

იმიტომ რომ… სისრულე დასამსხვრევია…

დიანაც ახლოსაა სისრულესთან…

დიანას სიყვარულის მძაფრი სუნი ასდის…

 და მაინც ვერაა….

სიყვარულმა უნდა იფრინოს…

სიყვარული არამიწიერია გინდა ზეციური ჰქონდეს სახე და გინდაც – მიწიერი…

და მაინც, არაა (ხშირად) სიყვარულის ადგილი  მიწაზე…

და არის სიყვარული გზა იმედგაცრუებასა და თავის მოტყუებას შორის…

და არის რომანი სიყვარულზე ანუ გზაზე – იმედგაცრუებასა და თავის მოტყუებას შორის…

სათქმელი გამიგრძელდა…

კი მოგიბოდიშებდით, მაგრამ, ვერ ვახერხებ…

იმდენია სათქმელი და სალაპარაკოა და მაინც…

აქ შევჩერდები…

თუმცა… კიდევ ვიტყვი სულ რამდენიმე სიტყვას:

„– კარგი მამა ხარ, ოღონდ უთავბოლო!

– ასეა! – დაეთანხმა მანუჩარი. – სამაგიეროდ, მოუმთავრებელ მამებს თქვენისთანა ჭკვიანი შვილები ჰყავთ – ასეთია ბუნების  კანონი”.

მოდი და ნუ დაფიქრდებით!!!

დავფიქრდებით, აბა, რას ვიზამთ?!..

და ვიდრე ამას ვაკეთებთ… პარალელურად ერთი კითხვა/პასუხი მინდა გავიხსენო…

კითხვა – ჩემია

პასუხი – გელასია…

ჩქვანავასი…

კარგა ხნის დროინდელია და მე არ ვიცი რა შეიცვალა მას მერე…

რავი, მგონი არც არაფერი…

გიო კილაძე: გელა, ერთი კითხვა მოიფიქრე და თავადვე უპასუხე…

გელა ჩქვანავა: რავა ხარ, გიო. რისი მომფიქრებელი ვარ. ისევ სოფელში ვარ და ისე მივეჩვიე აქაურობას, რომ უკვე აღარ მინდა სხვაგან – სოხუმის გარდა, რა თქმა უნდა. რაც მთავარია, ჩემი შვილები აქა მყავს და დამშვიდებული ვარ მთლიანად. სხვა არაფერი მინდა. თუ რამე აქა ვარ, გიო. კითხვის მოფიქრების რა გითხრა. ჩემი გონება ახლა ბავშვებს უპყრია. გულწრფელი მადლობა რომ გაგახსენდი…

სულ მახსოვს…

აბა, ისე როგორ გამოვა?!

არანაირად?

დაბოლოს…

ახალ წიგნზე რას გეტყვით?

ერთადერთს –  ერთი სული მაქვს წავიკითხო!

გუშინ დავიწყე…

მას მერე რაც წარდგინებიდან სახლში გამოვქანდი…

სახლში მოვედი თუ არა, ახლახან წაკითხული ერთბაშად ამოვთქვი…

პერსონაჟებმა ერთმანეთის მიყოლებით ჩაიარენ…

ზუსტად ისე, როგორ თეატრის მოძრავ სცენაზე…

შენ ზიხარ…

სცენა ტრიალებს…

პერსონაჟები კი მიდიან… მიდიან და ვიდრე ფარდა დაიხურება… ვიდრე ფარდა ახალ ჯერზე ისევ გაიხსნება… კიდევ რამდენიმე წრეს დაარტყამენ…

ჰო ასე იყო… და ხომ იცით, როგორცაა…

რაც იყო, ყოველთვის სულაც არა -მარყოფნა…

გელას პერსონაჟები რჩებიან… რჩებიან და მერე რა რომ შენ აღარ თუ ვეღარ ზიხარ ერთ ადგილზე…

იზრდები შენც… ბერდები შენც და… შენთან ერთად იცვლებიან პერსონაჟებიც…

იცვლებიან და შენ გაზრდილი და დაბერებისკენ წასულის, ავტორსაც ვერ ივიწყებ!

კარგ ადამიან/მწერალს ვერ ივიწყებს ტვინი… და მით უფრო, ვერ ივიწყებს  – გული!

ვერ ივიწყებს და ხშირ-ხშირად გახსენდება…

გახსენდება და ვერ ივიწყებ და ბევრი მოთხრობის, ვრცელი მოთხრობის, რომანის თუ ზღაპრის დაწერას უსურვებ…

მეც ბევრი  მოთხრობის, ვრცელი მოთხრობის, რომანის, ზღაპრის დაწერას უსურვებ გელას და ასე საჯაროდ, ცოტა ეგოისტურად ვამბობ:

ადამიანი ვარ მე..

მკითხველიც ვარ მე და ხომ იცით… ეგოისტიცაა ხშირად მკითხველი…

ჩემნაირიც, საშუალო სტატისტიკურიც და სავარაუდოს არასაშუალოც…

ასე და მე ახლა სულაც არ ვიქნები ეგოისტი… არ ვიქნები და გელას ბევრ წიგნთან ერთად სახლს ვუსურვებ… საკუთარ სახლს ვუსურვებ… სახლს, თუნდაც, ჯეჯერობით, არა სანაპიროს ქუჩაზე!!!

და ვიდრე დავასრულებ გეტყვით:

ერთხელაც ექნება, მართლა ექნება გელას… სახლი…

ექნება!

ვიცი ეს  მე!

გელამც რომ იცის – ესეც ვიცი და ვიდრე  „მანიფესტის“ კითხვას დავიწყებ…

გემშვიდობებით…

„მანიფესტის“ კითხვა  უნდა წავიკითხო…

ავტორი: გიორგი კილაძე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s