1917 წლის 5 დეკემბერს (იყო დრო ამ დღეს ვისვენებდით გინდა მოსწავლეები და გინდაც მშობლები) შემდეგ ცნობილი, იმ დროს 30 წლის მეცნიერი აკაკი შანიძე წერს ლექსს, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოებში „ქართული ეროვნული ჰიმნის” სახელწოდებითაა განთავსებული.
სხვათაშორის ლექსს სათაურის ქვეშ მიწერილი აქვს – „ალიფაშას ხმაზე“ და ვიდრე ლექსს გაგახსენებთ ერთ ამბავს მოვყვები.
ჩემთვის საინტერესოა და ვიმედოვნებ – თქვენთვისაც უკვე არის, ან, რომ წაიკითხავთ დაინტერესდებით.
როგორ ზემოთ ვთქვი, ლექსი 1917 წლის 5 დეკემბერს დაიწერა, ამ დროს, როგორც მოგეხსენებათ საქართველოს პირველი რესპუბლიკა ჯერ არ არსებობს…
მოკლედ, სავარაუდოდ ამ ლექსს სხვა სათაური ჰქონდა ან, უცნობილესი მეცნიერის წინასწარმეტყველებასთან გვაქვს საქმე…
იქნებ სურვილთან…
სურვილთან, რომელიც ასე ახლო ყოფილა, თურმე რეალობასთან
იმასაც შეგახსენებთ პირველ საქართველოს ჰიმნზე კონკურსი 1918 წელს გამოცხადდა და არაჩვეულებრივმა „დიდებამ” გაიმარჯვა (ტექსტი და მუსიკა კოტე ფოცხვერაშვილისა).
რაც შეეხება „ალიფაშას”, მასზე მე კი არ ვისაუბრებ, არამედ, საქართველოს მწერალთა კავშირის ორგანოს ლიტერატურულ-მხატვრული ჟურნალ მნათობს(N1-2 2000) 149-ე გვერდს „ჩამოვსქროლავ” და ანზორ ერქომაიშვილის საუცხოო მოგონებიდან „ჩემი წინაპრები “გვ. 131-152 ) ერთ ამონარიდს გაახლებთ:
1937 წელს, საქართველოს ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში ქართველ ხელოვანთა პატივსაცემად სტალინმა ვახშამი გამართა. იგი რიგრიგობით მიდიოდა მომღერალ ჯგუფებთან და მღეროდა სხვადასხვა კუთხის სიმღერებს. ამ ამბის მოწმე იყო ანანია ერქომაიშვილი, რომელმაც გვიამბო: სტალინი გურულებთან მისულა და მოუკითხავს ძველი მეგობრები, მათ შორის უკითხავს: სეფე ცინცაძე თუა ცოცხალიო, მერე დაუწყია „ალიფაშა“ ასეთი ტექსტით:
„ჩვენი სისონა დარჩია ნაქებია ბიჭობაში,
მივიდა და ძმა იტირა, არ შეშინდა იმდონ ჯარში,
ცალ ხელში თოფი ეჭირა, ცრემლი მოასხმიდა თვალში,
შენ მკვდარი და მე ცოცხალი, რაფერ გევიარო ხალხში“.
სტალინს საკმაოდ მაღალ დონეზე უმღერია „ალიფაშას“ მშვენიერი ვარიანტი და უთქვამს: ეს სიმღერა მე, ციხეში მასწავლა მელქის გუნთაიშვილმაო. ამ ფაქტის შემდეგ ალიფაშას ნამდვილი ტექსტი ყველამ დაივიწყა და ამ სიმღერაში სტალინის მიერ ნამღერი ტექსტი დამკვიდრდა.
როცა ანანია დეკადიდან დაბრუნდა, მამამისს უამბო ამის შესახებ, გიგო დაინტერესდა თუ როგორი ტექსტით მღეროდნენ „ალიფაშას“, სანამ სტალინი იმღერებდა. ანანიამ წაიმღერა:
„ალიფაშამ გვიღალატა, ჩაგვიყვანა კვირიკეთში,
თითონ ფულები აიღო, ჩვენ ჩაგვტია მტრისა ხელში,
კაი არც მას დამართია, ბაწრით ჩაითრიეს გემში,
მისი ყვირილი ისმოდა, სუფსას გაღმა ბაილეთში“.
„ალიფაშას“ ტექსტი, თქვა გიგომ, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ გადააკეთეს, რადგან იგი ისეთი სახით არ იყო მათთვის მისაღები. პირველი სტროფი საერთოდ ამოიღეს, ხოლო სადაც რუსი იყო ნახსენები, ის ადგილი სხვა სიტყვებით შეცვალეს. „ალიფაშას“ ნამდვილი ტექსტი, რომელიც ჩვენ ვისწავლეთ აჭარლებისაგან, ასეთი იყო:
„თათარი და რუსი ჩხუბობს, იგინია ორივ ეში,
ალიფაშამ გვიღალატა ჩაგვიყვანა კვირიკეში,
თითონ ფულები აიღო ჩვენ ჩაგეტია რუსის ხელში,
კაი არც მას დამართია, ჯაჭვით ჩაითრიეს გემში,
მისი ყვირილი ისმოდა სუფსას გაღმა ბაილეთში“.
აქ ცოტა ხანს ტექსტს მცირე ხნით გავწყვეთ. განმარტებას გავაკეთებ და მერე განვაგრძობ.
ხომ გესმით, თავს ნებას ვერ მივცემ, სუფსა და ბაილეთი გავმარტო. რომ იტყვიან ნამეტანი მომივა. აი. სწორედ ამიტომ , „ეშ“-ის განმარტებით შემოვიფარგლები:
ტერმინს ორი განმარტება აქვს. სანახავად შორს წასვლა არ დაგჭირდება, ეროვნული ბიბლიოთეკის ორ ლექსიკონშია და ორივე სადაც თქვენ გაგიხარდება იქ ნახეთ. მე ერთს, ახლა რომ გვჭირდება, იმას გამცნობთ:
„ტოლი, კბილა, ამხანაგი, მეგობარი, კოლეგა (შ. ნიჟარ.).” – ზემო აჭარული ტერმინია წერია ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონაში და ვიდრე, ზოგიერთი მკითხველი ტერმინის განმარტებას ეძებს მე, ზემოთ რომ მოგონება გავწყვიტე, განვაგრძობ:
„ახლა, როცა ამ ტექსტებს ვადარებთ, ჩანს, რომ სტალინმა იცოდა „ალიფაშას” ნამდვილი ტექსტი, შესაძლებელია, მღეროდა კიდეც, მაგრამ არ ისურვა, რომ რუსებისთვის ძაღლი და მტერი ეძახნათ ქართველ მომღერლებს, ამიტომ მან სხვა ტექსტი შეარჩია, ან კიდევ: ბალადა სისონა დარჩიაზე იმ პერიოდში დაიწერა, იგი გურულ ზეპირსიტყვიერებაში ნამდვილი შედევრია, შეიძლება ესეც იყო იმის მიზეზი, რომ სტალინმა, სწორედ ეს ლექსი შეარჩია სიმღერისათვის…”
„ახლა, თავად ლექსს „დავაფეისტებ” აქ და მერე იუთუბ არხს მივაკითხავ, ეგებ აკაკი შანიძისეული „ქართული ეროვნული ჰიმნის” „ალიფაშას ხმაზე” ნამღერი ვიპოვო…
ქართული ეროვნული ჰიმნი (ალიფაშას ხმაზე).
აბა, ფხიზლად ქართველებო, მივყვეთ მამა-პაპის კვალსა!
წარსულს გრძნობით ვიგონებდეთ, ჩავუფიქრდეთ მომავალსა!
ცალი თვალი პონტოსაკენ, ნუ ვაშორებთ გურგანს ცალსა!
ყური ვუგდოთ გურჯი-ბოღაზს და ნუ ვაღებთ დარიალსა!
მოსწონდათ და ახლაც მოსწონთ ჩვენი ქვეყნის მთა და ველი:
მზით დამწვარი ჰიჯაზელი, გაყინული ჩრდილოელი,
სპარსი, თურქი, ლეკ-მონღოლი, ბერძენი თუ რომაელი –
ყველა ჩვენსკენ ისწრაფოდა, ყველა მაშრიყ-მაღრიბელი.
იყო დრო , როს მმართველობა, სამართალი გვქონდა სხვისი,
ბაღდათსა თუ ყარაყორუმს გზები გვედო ათას დღისი.
მტრისგან ბევრჯელ დარბეულა ტფილისი და ქუთაისი,
იმედს მაინც არ ვკარგავდით – სული გვახლდა შოთაისი.
სად არ დგმულა ჩვენი ფესვი: სისხლი სად არ დაგვიღვრია?
ერანს, თურანს, ავღანისტანს – ყველგან ჩვენი ძვლები ჰყრია.
ფიცხელ ომში გახურვებულთ ევფრატ-დიჯლა დაგვიშვრია,
ჩვენის სისხლით შეღებილი ვისლა დღესაც არის მღვრია.
ოთხი დიდი სახელმწიფო მოგვიჭამ-გაგვიცვეთია:
სადღა არის ძველი რომი ან ძლიერი სპარსეთია?
არაბების ძლიერება, ამბობენ, დღეს ზღვის წვეთია.
ვის ახსოვან მონღოლები? სხვების ბედიც აგეთია!
სამი ათას წელზე მეტი გვიცხოვრია, როგორც ერსა.
მრავალ შავ დღეს მოვსწრებივართ, მაგრამ ბევრსაც ბედნიერსა.
უსიკვდილოდ არვის ვუთმობთ ჩვენს სამშობლოს მშვენიერსა.
გვიმღერნია, კვლავაც ვიმღერთ ჩვენს ტკბილ მრავალჟამიერსა.
სანამ იდენს ალაზანი, ჭოროხი და რიონ-მტკვარი,
სანამ თავზე მცველად გვადგას ცივ-გომბორი, ლიხ-მყინვარი,
არ მომკვდარა, არც მოკვდება საქართველო მოცინარი;
მეტად აღარ შემცირდება მისი სივრცე, მისი მზღვარი.
აბა, ფხიზლად, ქართველებო! მივყვეთ მამა-პაპის კვალსა!
წარსულს გრძნობით ვიგონებდეთ, ჩავუფიქრდეთ მომავალსა!
ცალი თვალი პონტოსაკენ, ნუ ვაშორებთ გურგანს ცალსა!
ყური ვუგდოთ გურჯი-ბოღაზს, ნუ, ნუ ვაღებთ დარიალსა!
5 დეკემბერი, 1917 წ. დედაქალაქი“
p.s
ვერ ვიპოვე…
ცუდია!
P.s.s
დედაჩემს მოვუყევი ეს ამბავი ახლა…
ვერ წარმოიდგენთ როგორ მისმენდა…
დააინტერესა ძალიან…
რომ დავამთავრე ერთი ამბავი მომიყვა…
როგორც დამამახსოვრდა ვწერ:
`ომის შემდგომი პერიოდია… მივიდნენ კოლმეურნეობსი გამგეობიდან ბიცოლაჩემთან, ხომ გახსოვს, გიო მატრონე ბებია, ჩვენ ნენას ვეძახდით, იყო დედა ანიჩქა – ბებიაშენი და ნენა – მატრონე, არ დაგავიწყდეს სოფსაბჭოს დეპუტატია ამ დროს, ესა და ეს გადასახადი უნდა გადაიხადოო. არაო – არ გადავიხდიო, არ მეკუთვნის მაი გადასახადი მეო -უთქვამს მატრონეს. იმათ კიდევ, „ჯობია დროზე გადაიხადე, თორემ მოვლენ საბჭოდან, ქალაქიდან, რაიკომიდან და მაინც გადაგახდევინებენო“. ძაან მომთმენი კი იყო ნენა, მარა, უსამართლობას ვერ იტანდა და… „ჟორდანია რომ მოვიდეს, მაინც არ გადავიხდიო“ – დასჭექა…
მერე- ვკითხე გაკვირვებით…
– მერე რა და…ორი იყვნენ მგონი. მიიდეს ერთდროულად ტუჩზე საჩვენებელი თითი და უკანმოუხედავად გაიქცნენ…
ღმერთმა აცხონოს მატრონეც და ის კაცებიც.
ავტორი: გიორგი კილაძე