ამბავი ორი ძველი სახლისა

გიორგი შატბერაშვილის შემოქმედება ძალიან მომწონს…

გიორგი ბატონის  ბევრი ნაწარმოები კი არ წამიკითხავს, მაგრამ „მკვდრის მზე” და „სათაფლია”  განსაკუთრებით, რომ იტყვიან ჩემებია.

70-იანი წლების დასაწყისში გამოცემული ოთხტომეულის, მხოლოდ მეორე ტომი მაქვს სახლში…

83-ში ვიყიდე… თბილისში, თქმაც არ უნდა თუ არა, მეხუთე მაღაზიაში….

ძველი წიგნების სექციაში….

„მკვდრის მზეს” საოცარი დასასრული აქვს. ლამის ზეპირად მახსოვს.

83-დან მახსოვს და მაინც, დღეს გამახსენდა განსაკუთრებით….

დღეს მამაც გამახსენდა …

„მკვდრის მზის“ გახსენების კვალდაკვალ….

„მკვდრის მზე“. მამას არ მოუყოლია….

მე არ ვიცი რატომ…

არც მამამ იცოდა, სავარაუდოდ, რათა….

მაგრამ… „სათაფლია“ მომიყვა…. სულ რამდენიმე წინადადებით….

უჩვეულოდ…. და კიდევ უფრო საინტერესოდ, ვიდრე ჩვეულებრივად იცოდა ხოლმე….

მე დღეს კიდევ ერთი ნაწარმოები გამახსენდა მეორე ტომიდან…

სამი გვერდსა და კიდევ ოთხ აბზაცში ჩატეული მოთხრობაზე უფრო ნოველა…

სხვათაშორის, ბოლო ორი აბზაცი თითო წინადადებიანია…

შუები, არასრულად სამხაზიანი…

„ამ ფიქრებით შევდივარ ჩემს ძველ სახლში“.

სწორედ  ასე სრულდება ნოველა თუ მოთხრობა „ჩემს ძველ სახლში“…

მე კიდევ, ჩემს ძველ სახლში, ღუმელთან ვზივარ…

წიგნს ვკითხულობ….

გარეთ ცრის….

კარგად ვიმუშავე და ცოტა დავლიე….

რომ დავლიე, მერე მეორე სართულიდან მეორე ტომი ჩამოვიტანე და ჯერ „მკვდარი მზის“ დასასრული კიდევ ერთხელ წავიკითხე… და ვიდრე „ჩემი ძველი სახლის“ წაკითხვას დავიწყებ ეს სტატუსის დასაწყისი დავწერე….

„სანამ ჩემს ძველს მივაღწევდე, რამდენიმე წუთი უნდა ვიარო…“ – მთხრობელისგან განსხვავდებით ატეხილი ბუჩქნარის გავლა როდი მიწევს… არც საცალფეხო ბილიკი  და არც პატარა მდინარე ჩანს ახლო-მახლო…

მე აკაკი ბაქრაძისა და დავით აღმაშენებლის ქუჩის კვეთაზე ჩამოვდივარ…. დავით აღმაშენებელი ოზურგეთის ცენტრალური ქუჩაა…. აკაკი ბაქრაძის ქუჩა თუ არ ვცდები, ადრე ლენინგრადისა იყო….

სახლში მისვლა, მთხრობელის არ იყოს, მეც (ყოველთვის) მეჩქარება… ჩემი ფეხის ხმა არავის აფრთხობს… მოჩქარეს მოუგვიანდესო ჩემზე ვერ იტყვი… რახანია ჯიბეში წერილი არც ჩამიდია და არც ამომიღია… ჩამიდევს უნდა დამეწერა, ნეტა?…

… ჩემი ძველი სახლის ჭერი ჩემი სახლში შემოსვლისას ახლაც ხარობს … წელიწადში რამდენიმე კვირას თუ არ ჩავთვლით სახლი ცარიელია… ეზო უკვე რამდენიმე თვეა აღარაა ცარიელი…. ეზოში ძაღლი  დარბის… მიუხედავად არაჯიშიერობისა, ჭკვიანია და ყეფს….

ჩემს ქუჩაზე ქარავანი არ დადის…

ხანდახან ორი-სამი ძროხა ჩაივლის (რამდენჯერმე ორმა ცხენმაც ჩაირბინა), თანაც გზის ორთავ მხარეს… და  გზადაგზა ბალახს წიწკნიან….

ჩემს ძველ სახლში მისვლამდე ჩვენი გვარის და კიდევ ბევრი გვარის სამარხის, ძვალშესალაგის გავლა არ მიწევს…. თუმცა, როცა მე და ჩემს დას დედა მოგვყავს (საიდან თუ არა თბილისიდან…) ჯერ სასაფლაოზე ავდივართ… არ აქვს მნიშვნელობა წვიმს, ქარი ქრის თუ თაკარა მზეა…

მე წინაპრების ძვლებს შენდობას არ ვეუბნები….

მე სახლში, მისვლისას ჭიქა ღვინით მოგონების სადღეგრძელოს ვსვამ და ჭიქას ბოლომდე ვცლი….

სხვათაშორის, კარგად ხანია, განსხვავებული აღარ დამილევია…

ვბერდები… და ზოგიერთ, ადრე მნიშვნელოვან  ტრადიციებს, ნელ-ნელა ვღალატობ….

სასაფლაოს ქვებს ძალა მართლაც აქვთ, სურათებსაც აქვთ  ძალა, წარწერებსაც და მაინც წარწერების ხმა უფრო ჭექს….

„ ეს პატარა, დახავსებული ქვები კი მარადისობის ბნელი თვალებით დაგიჩხვლეტენ ზურგს“  თუ მათკენ ერთხელ მაინც არ მივიხედეთ” – წერია მეორე გვერდის, მეორე აბზაცში…

იაკობ შემოქმედელისა და ჭოლა ლომთათიძის ქუჩის კვეთას რომ გავცდები, არა ჭერმისფერი, არამედ კრამიტით დახურული ჩემი ძველი სახლიც გამოჩნდება და მეც, მთხრობელის არ იყოს, „ამ ადგილს ვუახლოვდები, გული (აქ, „რატომღაც“ , ვერ დავწერე“) ცემას უმატებს“…

პატარა, დახავსებული ქვები კარგად ხანია, არ მინახავს… ზურგში მაინც რაღაც მხვლეტს….

უსახელო ჭრელი ჩიტზე ვერაფერს გეტყვით…

მე ბეღურებზე ვსაუბრობ დროდადრო. მერცხალზეც ხანდახან და არასდროს ყვავსა და ბულბულზე…

სხვათაშორის ცოცხალი ბულბული არასოდეს მინახავს… ხმა კი მომისმენია…. კახეთში…

ვიდექი და ვუსმენდი…

მართლაც მაგრად გალობს…

უნდა დადგე და უსმინო…

ნოველაში ძველი სახლი გამოჩნდა… „მისი აღწერა არ შეიძლება. მას ოსტატის ხელიც ვერ დახატავს. ის გრძნობაა. ის უნდა განიცადოს მან, ვინც აქ დაიბადა“ – მოგვითხრობს მთხრობელი და მიუხედავად იმისა, რომ რასაც ქვემოთ დავწერ ახალი აბზაცით იწყება, ჩემთვის მაინც მიჯრითაა ნათქვამი: „თქვენც, თქვენც ყველას გექნებათ ამქვეყნად ერთი პატარა კუთხე, რომელიც ასე გიყვართ, როგორც. მე ეს ჩემი წიგნის სახლი“…

ასეა, დასტურ ასეა, მე მაქვს ერთი პატარა კუთხე…, რომელიც მთხრობელზე არანაკლებ მიყვარს .. ეს ჩემი სახლია.. და როცა მე ამ სახლში შემოვდივარ, სახლი ცოცხლდება…

ცოცხლდება და ხან თვალების ფშვნეტით მხვდება, ხან – გახარებული, ხან უძინარი და ხანაც – კარგად გამოძინებული.

თვალცრემლიანიც მხვდება… შიგადაშიგ…

გააჩნია რა ხნით დავტოვე ჩემი ძველი სახლი და რამდენ ხანს გავუძელი ჩემი ძველი სახლის მონატრებას…

„ის სამშობლოა, რომელიც გვიყვარს, რომელსაც თავშეწირვით იცავენ…“…

ძველი სახლის აივნიდან დედა უკვე აღარ იმზირება….

დედამ ზუსტად იცის, როდის ჩამოვალ და რამდენი დღით დავრჩები….

დედა ან ჭიშკართან მხვდება, ან პირველი სართულის ღია კარში…

მამა?

მამა მეექვსე წელია აღარ მელოდება….

მამის იარაღები მელოდებიან…. ხშირად ალესილი ან და გალესილი პირებით…. ცული, ნაჯახი, ბარი, თოხი, წალდი… ძალაყინიც მხვდება და ეჩოც… ბრტყელტუჩაც და ჩაქუჩიც…

დედა მეც გულში ჩამიკრავს…

გუშინწინ კი არა, ერთი კვირის წინ მნახა, ოღონდ თბილისში … რა გაუხარდა სიურპრიზი რომ გავუკეთე და ძველი სახლიდან რომ ვამცნე აქ რომ ვარ…

ჩემი ძველი სახლი, არა მხოლოდ ჩემია…

თხოვნა-მითითებებმაც არ დაიგვიანა… გრძელია, მაგრამ როგორც ადრე, ახლაც „ჩემგან არ გესწავლება, თავად იცით” – მთავრდება…

ახლა მე კიბეზე ვდგავარ…

ბოლო რამდენიმე წინადადებაც და კიდევ ერთ ამბავს დავასრულებ დედისთვის…

დავასრულებ იმით, რაც დედამ ჩემზე მეტად იცის – მე არასდროს დავანგრევ ჩვენს ძველ სახლს. არც თუ ვერც ახალს წამოვჭიმავ დანგრეულის საძირკველზე…

ხო იცით, არ არსებობს უფრო დიდი და ლამაზი სახლი, რომელიც ასე დამიტევს და დამიფარავს…

ახლა კი…. „მკვდრის მზის“ დასასრული უნდა დავურთო დედასთვის დაწერილ გრძელ ამბავს….

მამასთვისაა ამგვარი ბოლო:

„ …მკვდრის მზე იმათთვის აშუქებს, ვინც ღირსეულად კვდებაო… ზოგიერთს ჰგონია, ყველა მკვდრისთვის ამოდის ეს დაღლილი მზე, ნამდვილად კი გრძელი სოფელიც წუთისოფელივით მაცდურის, არც იქაური მზე აშუქებს ყველასთვისო“…

მამაჩემისთვისაც რომ აშუქებს, მჯერა…

ჩემთვისაც რომ გააშუქებს ნაკლებად მჯერა, მაგრამ…

ჰო, მაგრამ მაინც ასეა!!!

ავტორი: გიორგი კილაძე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s