სამსონ ფირცხალავა

სამსონ ფირცხალავას, როგორც ნიჭიერ ჟურნალისტსა და რედაქტორს-გამომცემელს, კარგად იცნობს ჩვენი საზოგადოებრიობა. XX  საუკუნის დასაწყისის ქართულ პრესაში იმთავითვე მიიპყრო მკითხველთა ყურადღება ,,სიტყვისა“ და ,,კალამის“ ფსევდონიმებით გამოქვეყნებულმა მისმა მახვილმა პუბლიცისტურმა წერილებმა.  იგი ავტორია წიგნებისა: ,,ვინ იყო ილია ჭავჭავაძე?’’ (1914 წ.) , ,,სამაჰმადიანო საქართველო, ან ძველი მესხეთი’’(1915 წ.), ,,თამარ მეფე’’(1939 წ.), ,,ქართველთა წინაპრები და მათი მონათესავე ტომები წინა აზიაში 40-6 ს.ს.ძვ.წ’’ (1948 წ.). ნაყოფიერი იყო მისი, როგორც რედაქტორ-გამომცემლის მოღვაწეობა. სხვადასხვა წლებში რედაქტორობდა ჟურნალ-გაზეთებს: ,,გლეხს“, ,,მზეს“, ,,ფასკუნჯს“, ,,სახალხო საქმეს“. ბეჭდავდა როგორც ცნობილი მწერლების, ისე ახალგაზრდა, დამწყებ ავტორების ნაწარმოებებს, რითაც ხელს უწყობდა მათ პოპულარიზაციას. საკმარისია ითქვას, რომ ს. ფირცხალავამ 1909 წელს ,,ფასკუნჯში“ დაბეჭდა ახალგაზრდა გალაქტიონ ტაბიძის ლექსები: ,,ნიავი“, ,,ღამე“, ,,მომაკვდავი“, ,,ფიქრი“, ,,გაზაფხულის მოლოდინში“.

1902-1910 წლებში სამსონ ფირცხალავა ქ.შ.წ.კ. გამავრცელებელი  საზოგადოების მდივნად და საქმეთა მმართველად მუშაობდა. როგორც ცნობილია, ამ საზოგადოებამ შემოიკრიბა ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლები, გამოსცა ქართული წიგნები, სახელმძღვანელოები, მაგრამ მათი რიცხვი იმდენად მცირე იყო, რომ ვერ აკმაყოფილებდა მკითხველთა გაზრდილ მოთხოვნილებას. სწორედ ამან აფიქრებინა მას საგამომცემლო საქმისთვის მოეკიდა ხელი. ილია ჭყონიასთან ერთად მოამზადა ს. მესხის ნაწერების ორი ტომი. პირველი ტომი გამოვიდა 1903 წ., მაგრამ ვერ გაამართლა გამომცემელთა იმედი და მეორე ტომი აღარ გამოსულა. ს. ფირცხალავამ ქ. შ. წ. კ. გამავრცელებელი  საზოგადოების დავალებით აღწერა ილია ჭავჭავაძის ხელნაწერები და ბიბლიოთეკა. მანვე შეკრიბა კრებულისათვის საჭირო მასალა და გ სალარიძესთან (ახალციხელი) ერთად 1907 წელს გამოსცა კრებული ,,ილია ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაფლავება“, რომელიც დღეს ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს.

სამსონ ფირცხალავას, როგორც რედაქტორის, სახელი უკვდავყო  ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა  პირველმა  აკადემიურმა  გამოცემამ. შეგროვდა ავტოგრაფები, მოგონებები, ბიოგრაფიული მასალა, ნ. ბარათაშვილის ეპოქის ამსახველი  მასალა. წიგნის გამოცემას აყოვნებდა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება. სარედაქციო კომისია თითქმის დაიშალა. გამოცემის ფაქტიური ხელმძღვანელი და რედაქტორი აღმოჩნდა მხოლოდ სამსონ ფირცხალავა, რომელსაც ჩვეული გულისხმიერებით ეხმარებოდა იოსებ გრიშაშვილი.ხელოვნების კოლეგიის შუამდგომლობითა და განათლების სახალხო კომისარიატის ენერგიული ჩარევით ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა პირველი აკადემიური გამოცემა 1922 წელს  მაინც დასრულდა, რასაც ქართველი საზოგადოებრიობა აღტაცებით შეხვდა.  ამ გამოცემას დღესაც არ დაუკარგავს თავისი მეცნიერული მნიშვნელობა. ეს ფაქტი კიდევ ნათელი დადასტურებაა ამ უანგარო მოღვაწის წიგნისადმი უსაზღვრო სიყვარულისა.

ავტორი: ლეილა ნანიტაშვილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s