ამბავი გაზეთ “დროების” დახურვისა და მასში ერთი გურულის უშუალო მონაწილეობისა.

1885 წლის 17 სექტემბერს მთავარმართებელ ა. დონდუკოვ-კორსაკოვის განკარგულებით აიკრძალა თბილისში ქართულ ენაზე გამომავალი გაზეთ „დროების“ გამოცემა.

დახურვის მიზეზების გაცნობა დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია ნელი ბოსტაშვილის სტატიაში “რატომ დაიხურა გაზეთი” (“დროება”? : [ივანე მაჩაბელი და მეფის ცენზურა] / ნელი ბოსტაშვილი // საისტორიო მოამბე. – , 1991. – N61-62. – გვ.262-287.)

თუ რამე დამეჯერება, სტატია ბევრი რამის გამო არის მეტად საინტერესო, თუმცა, ამჟამად (ვის თუ არა, მე) მხოლოდ „ილიასა და გურულების” კონტექსტში მაინტერესებს და მაინც, გვერდს ვერ ავუვლი გაზეთის დახურვის მიზეზებზე საუბარს.

სტატიაში ვკითხულობთ:

„ თუ რამდენადაა გაღვივებული გაზეთ „დროებაში“ მთავრობის საწინააღმდეგო სული და მავნე მიმართულება, კარგად ჩანს იმ სტატიების ჩამოთვლით, რომლებიც მომიტანა კავკასიის საცენზურო კომიტეტმა და რომლებიც სხვადასხვა დროს წარდგენილი იყო ამ გაზეთში გამოსაქვეყნებლად, მაგრამ ცენზურის მიერ არ იყო დაშვებული:

ა. სახელწოდებით: „რა დროს ბოდიშია“, მიმართულია ქართველ თავადაზნაურთა გასაღიზიანებლად გლეხთა ფენების წინააღმდეგ.

ბ. სეპარატისტული ხასიათის მოწინავე წერილი, რომელიც მოუწოდებს, რომ ხელები ჩასჭიდონ ერთმანეთს.

ვ. ლექსი სათაურით „№ ქალწულს“, სადაც რუსეთი წარმოდგენილია ჩრდილოეთის ცივი ქალწულის სახით, რომელსაც წინადადება ეძლევა ჩამოშორდეს, მოსცილდეს ჩვენს ქვეყანას (საქართველოს).

გ. ვარსკვლავებით აღნიშნული ლექსი მოუწოდებს ქართველ ხალხს აჯანყებისაკენ.

დ. მოწინავე წერილი ყველაფერი ქართულის აუცილებელი შესწავლის შესახებ, რათა აღდგეს ეროვნულობა.

ე. სტატია „შეერთებული ქვეყნების მმართველობის სხვადასხვა სისტემა“, მიმართული მთავრობის წინააღმდეგ საქართველოსთან ურთიერთობაში.

ვ. ლექსი „მწყემსი“, რომელშიც ურიგოდაა აღწერილი მეფე და მისი ქვეშევრდომები.

ზ. სიმღერა: „ვინა სთქვა საქართველოზე, რომ ეს ლომის ბოკვერი უკვე კვდებაო“, მოუწოდებს ყველას შეერთებისა და მტრის წინააღმდეგ იარაღის ასხმისაკენ.

თ. სტატია: „გორის მაზრის სატრაპები“, ურიგოდაა აღწერილი მაზრის უფროსის და მისი ქვეშევრდომი მოხელეების მოქმედება.”

სიმართლე გითხრათ არცთუ დიდხნიანი ძიების შემდეგ ვერც „მაზრის უფროსის და მისი ქვეშევრდომი მოხელეების მოქმედებას” გავეცანი და ვერც ზემოთ ჩამოთვლილ სხვა სტატიებსა და ლექსებს.

ვერ გაცნობილებს შორისაა სიმღერა „ვინა სთქვა საქართველოზე, რომ ეს ლომის ბოკვერი უკვე კვდებაო”, რომელიც ივანე მაჩაბელს უნდა ეკუთვნოდეს (იხ. სტატიის ეპიგრაფი”), თუმცა, ერთი „ძალიან მაგარი” ლექსი, რომ არ გამხსენებოდა, შეუძლებელი იყო.

ლექსის ავტორი, ბაჩანა რაზიკაშვილია. ლექსს სრულად, არა, მაგრამ დასაწყისს აუცილებლად შევახსენებ მკითხველს:

„ვინა სთქვა საქართველოზე,

„ეგ არის ლომი კვდებაო,

ჩაუხდა ბედის ვარსკვლავი,

მალე მზეც გაუქრებაო,

თავს დასტრიალებს ყორანი,

დასჩხავის ზედიზედაო?!“

თვალთამც დაჰბზარვენ ყორანნი,

გამაგრდი, ქართლის დედაო!

ბევრმა გვიქადა კვლავაცა,

ბევრმა იუბნა ესაო,

ბევრმა გვიკრიჭა კბილები,

ჩუმად ფრანგული ლესაო.

ცუდად წაუხდათ ქადილი,

ვერრას გამოჰრჩნენ ვეფხვსაო,

ლეკვები წამოეზარდნენ,

მტრებზედ ილესენ ბწკლებსაო,..”

დარწმუნებული ვარ, მკითხველს არ გამორჩენია ვეფხვის არა, მაგრამ მაინც, ბრჭყალები.

ბაჩანა ამ დროს ლამის 20 წლისაა და დანამდვილებით ვიცით, უკვე გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ლექსი, მათ, შორის, რაც ახლა მახსენდება, „მუხა“ და „სიმღერა, მაგრამ რასაც ვერაფრით „გავიხსენებ“ არის პასუხი კითხვაზე: ნეტა, სად გაეცნო ბატონი ბაჩანა ივანე მაჩაბლის ცენზურის აკრძალულ ლექსს?!

დამეთანხმეთ, კითხვა საინტერესოა, თუმცა, პასუხი არც „გუგლში“ არსად ჩანს, არც ეროვნული ბიბლიოთეკის ელბაზებსა და კოლექციებში და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ვერც გავიგებ და არც მეცოდინება.

სულ სხვა ცოდნა მაქვს, ზემოხსენებული სტატიის დახმარებით და თქვენც გიზიარებთ:

„გიორგი ქართველიშვილი, ივანე მაჩაბელი და ილია ჭავჭავაძე ბეჭდვითი სიტყვის მთავარი სამმართველოს სახელზე 22 აგვისტოს შედიან განცხადებით, რომ რედაქტორად დანიშნონ ყოველთვიური ქართული ჟურნალის „ივერიის“ რედაქტორი ილია ჭავჭავაძე. ,მაგ: რომ რუსი მოხელეებისათვის კარგად იყო ცნობილი, რომ „დროების“ და „ივერიის“ ტონი და მიმართულება ერთმანეთისაგან არ განსხვავდებოდა. მართებულად წერს ვახტანგ ჭელიძე ნაშრომში „ცხოვრება ივანე მაჩაბლისა“ (გვ. 154), რომ „იმ წლებში „ივერიასა“ და „დროებაში“ გამოქვეყნებულ ბევრ წერილს, ხელმოწერას თუ არ დახედავ ან, მითუმეტეს, თუკი სულაც არა აქვს გვარი მოწერილი, ვერც გაარჩევ-ილიას ეკუთვნის, თუ მაჩაბელს. ივანე მაჩაბელმა ერთბაშად შეითვისა ილიას წერის მანერაც კი. მისი წერილებიც გამოირჩევიან პირდაპირობით, გაბედულობით, სამართლიანობით, დაუნდობლობამდე მისული მოურიდებლობით“. ეს ყველაფერი კარგად იყო ცნობილი მათთვის, ვისაც ჯერ არს”…

კიდევ ერთი გურული გავიხსენე ამჯერზე – მწერალი, მთარგმნელი, რედაქტორი, გამომცემელი, რომ იტყვიან უბრალოდ, „მაგარი კაცი“ (სულ რომ არაფერი იცოდე მის შესახებ ნათქვამის სისწორეში მხოლოდ „ანდერძი“ დაგარწმუნებს!, რომ იცოდეთ, როგორ მიჯრით და სიამოვნებით წავიკითხე „ქართლის ქრონიკების“ 4 ტომი და „ცხოვრება ივანე მაჩაბლისა“, 1988 წელს!) ვახტანგ ჭელიძე და ვისაც კიდევ ბევრჯერ გავიხსენებ “ჩემი ილიას ” წერისას, განსაკუთრებით თუ გავბედე და ილია და ივანე მაჩაბლის ურთიერთობას შევეხე.

ჰო, მხოლოდ შევეხე და არა, მიმოვიხილე…

შესაშური მოთმინება გაქვს, გაზეთ „ალიონის” მკითხველო…

ამდენი ხანია „მკითხულობ“, ე.ი მისმენ და მშვიდად ელოდები როდის გამცნობ, თუ რა კავშირი აქვს უკვე ნათქვამს „ილია და გურულების” ურთიერთობასთან.

აქვს და დარწმუნებული ვარ, შენც არ გეპარება ამაში ეჭვი: განა მიუხედავად არც თუ თანმიმდევრული თხრობისა მთავარ სათქმელს (ლირიკულ და არც თუ ლირიკულ გადახვევები რომ იქნებოდა, განა წინასწარ არ გაგაფრთხილე? ორი „განა! რა ამბავიაო თუ გაიფიქრე გიბოდიშებ, რა ვქნა, დიდი მცდელობა დამწირდა, ვიდრე ასე უშუალოდ მომემართვა შენთვის,,. მოკლედ, მგონი მოვახერხე და შევძელი ამ ბოლო დროს ზუსტად ისე ვწერ, როგორც ვლაპარაკობ”) თუნდაც ერთხელ ავუარე გვერდი?!

არა, და არც ახლა ვაპირებ, ენდე!

„დროების” დახურვის კიდევ ერთ და ჩემი აზრით, არც თუ უმნიშვნელო მიზეზს გაგახსენებ/გაგაცნობ და ყველაფერს უჩემოდაც მიხვდები!

ილია ჭყონიას სტატია („გურიის ცხოვრებიდამ”. (გაზეთი „დროება“, 1885. 3 ივლისი. № 140). უნდა გაგახსენო გაზეთ „ალიონის“ მკითხველო.

გახსენება 1 ქალბატონ ნელის სტატიაშიც შეიძლება და თავად „დროების” მითითებულ ნომერშიც, თუმცა, მინდა, როგორც უკვე მრავალჯერ, გთხოვ, თუ დაგაინტერესდი ეროვნული ბიბლიოთეკის “მამარდაშვილის ციფრული კოლექციებში” გაეცანი შესაბამის ბმულზე (იხ.http://www.nplg.gov.ge/…/HASH6087a2318e2ddd9fe1353b…), მიზეზი ერთადერთია, დიდი შრომა გვაქვს ჩადებული მე და ჩემ რამდენიმე კოლეგას “მამარდაშვილის კოლექციის“ ახალი სიცოცხლისთვის და მინდა ბევრმა გაიცნოს!

რას ვიზამ, მეც ადამიანი ვარ და მეც ნებისმიერი ადამიანივით მჭირდება მოტივირება ანუ ზომიერად შექება!

… და ვიდრე ჩემი მოტივირებისთვის (შექებაზე, მეორედ ენას როგორ დავძრავ?!) შესაბამის სიტყვებს ეძებ მე „გურიის ცხოვრებიდამ“ ერთ აბზაცს მოვიტან ჭაშნიკად:

„იქ სადაც გურიის ტურფა მთა-მინდვრებზე მწვანე ნაპირებთ შორის ვეფხივით მოხტის ქვებიდან ქვებზე ანკარა ბჟუჯი (ვახუშტის „ხინოს წყალი“) და მას სამხრეთის გორიდან ზვავობით დასცქერს მედიდური მონასტერი შემოქმედისა, ე. ი. მონასტრისავე სახელით წოდებულს სოფელს შემოქმედში მოხდა იმგვარი შემთხვევა, რომელსაც საშუალო საუკუნეთა ისტორიაში უნდა ჰქონოდა ადგილი და არა მეცხრამეტე საუკუნის ღამლევს გაზეთის სვეტებზე. ერთ მშვენიერს ივანობისთვის დილას ცხრა წლის „გაუპუტკნული“. მაგრამ „ვაშლლოყებიანი“,შავთვალწარბა და თეთრ – წითური გლეხის ვაჟი ტყეში შევიდა ფიჩხის „მოსახიკად“ (შესაგროვებლად), მოხიკა შეაგროვა) კიდეც, ერთს ადგილს დააგროვა და მერმე … მერმე კაცმა არ იცის, სად წავიდა სადაური, სად აღეფხვრა საღით ძირი. იციან მხოლოდ, რომ ცას არ აუტაცნია, ქვესკნელს არ ჩაუყლაპავს, წყალს არ წაუღია და ნადირს არ შეუჭამია. ის ერთი ხმა, რომელსაც ერისას უწოდებენ და ღვთისას უდრიან ,ასე მოგახსენებთ, რომ იგი ტყვედ გაჰყიდესო! ტყვედ თუ გაჰყიდეს, მაშინ არ იქნება გასაკვირველი, თუ რატომ ვერ მიაკვლია ამ საარაკო შემთხვევის მსხვერპლის კვალს ადგილობრივმა გამგეობამ: ამგვარ შემთხვევაში თავდაპირველ გამოსაძიებლად ლეკოკია საჭირო და არა ყბაში ტყაპასანის წყალობით წინ წაწეული …”.

„ყბაში ტყაპასანის წყალობით” არა, მაგრამ ჩვენც წავიწიოთ წინ…

თავად ილია ჭყონიას მოსაზრება მინდა გაგაცნოთ „დროების” დახურვასთან დაკავშირებით, რისთვისაც ჟურნალ “მნათობში” (ჟურნალი მნათობი N8-9 აგვისტო-სექტემბერი 1928) გამოქვეყნებული სტატიის „ჩემი დღე და სოფელი“ გასხენება მოგვიწევს.

„1885 წ. მთავარ-მართებლის დონდუკოვ-კორსაკოვის მიზეზით დახურეს გაზეთი „დროება“ და მით მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს ივ. მაჩაბლის გავლენას და მოღვაწეობას. – უშუალო მიზეზი გაზეთის დახურვისა იყო ორი ფელეტონი: ერთი თვით ივ. მაჩაბლის და მეორე ამ პწკრების დამწერის. – პირველში მაშინდელი მეფის ნაცვალი დონდუკოვ-კორძrms :19ი და ხშირათ პროვინციებში საქეიფოთ მიმოსვლის მოყვარული ალეგორიუITifდ გამოყვანილი იყო დათვად, რომელიც ეწვევა შუა ბაზარს, სადაც შეივლის თაფლის კასრებით სავსე ბინებში, სტეხს კასრებს და სვლეპს თაფლს რამდენსაც შესძლებს.

მეორე ფელეტონში გამოყვანილი იყო ოზურგეთის პოლიცია—მაზრის უფროსი— ხოჯად, ხოლო მისი პრისტავი — მოლად.

– პირველმა აალაპარაკა მთელი ტფილისი და შემდეგ მთელი საქართველოც, ხოლო მეორემ ოზურგეთი გურიანად“

რაც შეეხება ილია ჭყონიას ბიოგრაფიას, დაინტერესებული მკითხველი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონიდან და ვიკი-ენციკლოპედია „ბიბლიოვიკიდან“ გაეცნობა.

საინტერესო ბიოგრაფიის კაცია, მენდეთ!

ავტორი: გიორგი კილაძე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s