1906 წელს ქშწკგ საზოგადოების ისტორიაში უპრეცენდენტო ამბავი მოხდა. სწორედ ამ წელს ძმები ზუბალაშვილები საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.
თავად ფაქტი კიდევ ერთი რამითაა განსაკუთრებული, მოყოლებული 1880 წლიდან, როდესაც პირველი საპატიო წევრი იქნა არჩეული, არ ყოფილა შემთხვევა, როცა არა თუ ძმები, არამედ სამი წევრი (გამონაკლისია 1896 და 1904 წ.წ., აქვე შეგახსენებთ, 1896 წელს იყვნენ არჩეულნი: ილია, აკაკი და ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე; რაც შეეხება 1904 წელს ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.) აერჩიოთ.
და მაინც რამდენი იყო ძმა ქშწკგ საზოგადოების საპატიო წევრი?
სამი?
იქნებ ოთხი?
მოდით, ამაზე კიდევ უფრო მოგვიანებით ვისაუბროთ… ახლა კი ლირიკულად გადავუხვევ კიდევ ერთხელ…
ძმები ზუბალაშვილების შესახებ პირველად მამამ მიამბო. კარგად მახსოვს რუსთაველიდან მარჯანიშვილისკენ მივდიოდით. მარჯანიშვილის თეატრს რომ ჩავუარეთ, თეატრის უზომოდ მოყვარულმა მამამ შემაჩერა და მითხრა: „გიო, ეს შენობა ძმებმა ზუბალაშვილებმა ააშენეს და ქალაქს საჩუქრად გადასცესო”.
წარმოგიდგენიათ რა დაემართა 12 წლის ბიჭს, რომელსაც უნდა გაეაზრებინა ჯერ ამოდენა შენობის საკუთარი სახსრებით აშენება და მერე ქალაქისთვის უფულოდ გადაცემა?!
მე ვერაფრით წარმოვიდგინე.
შენობას კიდევ ერთხელ შევავლე თვალი და ნაბიჯი გადავდგი.
მამაც ჩემთან ერთად დაიძრა. ზუბალაშვილებზე საუბარი არ გაუგრძელებია, ბევრი ამბავი თუ ისტორია მოჰყვა, რაღაცნაირად, თითქოს ამბიდან ამბავზე, ისტორიიდან ისტორიაზე ზუსტად ისე გადადიოდა, როგორც მე ჩემს წიგნში. უჩვეულო თხრობა იყო მამისთვის და მაინც ძალზე საინტერესო.
ბევრი ისტორიიდან ცოტაღა მახსოვს…
ერთი რომ არ ვთქვა ვერაფრით ვახერხებ: „მარჯანიშვილმა მარჯანიშვილის თეატრი ქუთაისში დაარსა და მერე მთელი თეატრი აქ გადმოვიდა”. – თქვა მამამ და ნაბიჯს აუჩქარა.
მე რატომღაც უკან მოვიხედე და კიდევ ერთხელ შევავლე თვალი თეატრის შენობას.
მამას ძალიან უყვარდა ქუთაისი…
ჩემი მთელი ახალგაზრდობაა -ამბობდა ხშირად და ბევრს ჰყვებოდა ქუთაისზე, განსაკუთრებით სიცოცხლის უკანასკნელ წლებში.., ვუსმენდი და გარდაცვალებიდან ორიოდე წლის შემდეგ ძველი ქუთაისი ფეხით შემოვიარე!
თბილისში ვბრუნდები და გაზეთ „ივერიის “1905 წ. 25 მაისის 84-ე ნომრის გვერდზე, სტატიაში „ახირებული მოთხოვნა” ვკითხულობ:
„ქალაქის საბჭომ 19 მაისის კრებაზე, სხვათა შორის, განიხილა ცნობილ ქველმოქმედ ძმათა ზუბალაშვილების წინადადება — მიიღოს ქალაქმა განსვენებულის კონსტანტინე ზუბალაშვილის სახელობაზე აგებული სახალხო სახლი—თეატრი.
ხსენებული უზარმაზარი შენობა ზუბალაშვილებს დასჯდომიათ 300,000 მან. და ეგოდენ ძვირფასი სახალხო განძი, კულტურული ტაძარი გრძნობა-გონების განვითარებისათვის, ქველმოქმედ ზუბალაშვილებმა ქალაქ ტფილისს უფეშქაშეს.
ქალაქის საბჭოს უდიდეს მადლობის მეტი რაღა ეთქმოდა, მაგრამ დახე ადამიანის უმადურობას… თურმე, ნუ იტყვით, საბჭოს არაფრად ეჭაშნიკა ზუბალაშვილის ყოვლად მართებული ორგანიზაცია სახალხო სახლის მართვა-გამგეობისა.
საქმე ის არის, რომ ზუბალაშვილები საჭიროდ და სამართლიანად სცნობენ, რომ ხსენებულ სახლს განაგებდეს ქალაქის მოურავის თავმჯდომარეობით განსაკუთრებული კომიტეტი, რომლის წევრებადაც მოწვეულ იქმნებიან ქალაქის საბჭოს ერთი წარმომადგენელი, სომხურ და ქართულ დრამატიულ საზოგადოებათა მიერ ქალაქის ხმოსნებში არჩეული თითო კაცი, სიფხიზლისა და სახალხო კითხვების საზოგადოებათა თითო კაცი და ერთიც თვით ზუბალაშვილებისაგან დანიშნული წევრი.
ამ ექვსმა დაწესებულებამ კანდიდატები უნდა დაასახელოს, ხოლო საბჭო ამტკიცებს კომიტეტის წევრთ. ყოველ ორი წლის შემდეგ კომიტეტის წევრნი იცვლებიან. საბჭოვე ამტკიცებს ხარჯთ-აღრიცხვას, ხოლო ყოველივე შემოსავალი ქალაქის საკუთრებას შეადგენს.
როგორც მკითხველი ხედავს ამაზე უფრო ხელსაყრელი პირობა ქალაქისათვის წარმოუდგენელიც არის. მესამედ მილიონად ღირებულ ქონებას გთავაზობენ და ამ ქონების და მის შემოსავლის სრული ბატონ-პატრონი და ბრძანებელი შენა ხარ! მეტი რაღა გინდა? – მაგრამ… მაგარი ის არის, რომ კაცის თვალი ხარბიაო, ნათქვამია, და ჩვენი ქალაქის საბჭოს თვალი ხომ ნამეტნავად: რამდენი წევრიც სხვადასხვა დაწესებულებებს ეყოლება, იმდენი წევრი, საბჭოსაც უნდა ჰყავდესო, გაიძახოდნენ ჩვენი ქალაქის მადა-აშლილი „მამები“ და კიდევაც ასეთი დადგენილება მიიღეს.
მერე რადაო? იმად, რომ საბჭომ ჩვეულებრივი „ნათლიმამობა“ გაუწიოს ხოლმე „ახლო პირებს“, რომელნიც, უეჭველია, „ხარჯთ-აღრიცხვას გაამართლებენ“… „ ჩვენ ძალიან ვეჭვობთ, რომ ასეთის ახირებულ სურვილით, ცალმხრივის და შეუფერებელ ნდომით ძმათა ზუბალაშვილებს შეაცვლევინონ ყოვლად მართებული და დიაღაც კანონიერი წინადადება.”
სტატიას ხელს აწერს „სცენის მოყვარე.”, რომელიც ვალერიან გუნიას ფსევდონიმი გახლავთ.
დროა, სტეფანე ზუბალაშვილის ბიოგრაფიიდან ერთი არცთუ ვრცელ ამონარიდი მოვიყვანო… მეტად საინტერესო ფაქტზე მოგვიწევს ფიქრი, განსაკუთრებით კოლეგებო…
ამასთან, ეჭვი რომ არ შეგეპაროთ ნათქვამის სისწორეში ნათქვამს ბმულსაც ვურთავ…
„1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ, ლევან, პეტრე და სტეფანე (გარდაცვალების შემდეგ) ზუბალაშვილები საზოგადოების საპატიო წევრებად აირჩია, ხოლო 1912 წელს ოთხივე ძმა ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ. (http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00018128/) “
ასე რომ, კიდევ უფრო უპრეცენდენტო ამბავთან გვაქვს საქმე!
კიდევ ერთი კითხვაც და სახალხო სახლთან დაარსებული სამკითხველოზეც ვიტყვი რამდენიმე სიტყვას…
კითხვა ასეთია…
სულ რამდენი საპატიო წევრი ჰყავდა ქშწკგ საზოგადოებას?
23?
იქნებ 24 და მე ამის შესახებ არაფერი ვიცი…
აი, დაპირებულ სახალხო სახლთან დაარსებულ სამკითხველოზე საუბრის დრო რომ მოვიდა დანამდვილებით ვიცი.
ვიცი და ამიტომ, ჩემგან ბევრჯერ ნახსენებ „საბიბლიოთეკო საქნე საქართველოს“ 305-ე გვერდზე გადავინაცვლებ და საინტერესო ინფორმაციას სათქვენოდაც წავიკითხავ:
„წ.-კ. საზოგადოების ნაძალადევისა და პუშკინის სახელობის ბიბლიოთეკის შემდეგ ყველაზე ღირსშესანიშნავი 1909 წელს ძმების ლევან, პეტრე და იაკობ ზუბალაშვილების სახალხო სახლთან დაარსებული სამკითხველო იყო. ძმების ზუბალაშვილების სახალხო სახლი ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას მდებარეობდა (ამჟამად კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრი), რომლის მიზანი იყო სხვადასხვა სანახაობითი საქმიანობის წარმოება და კულტმასობრივი ღონისძიებათა გამართვა ქალაქის მოსახლეობის ფართო ფენებისათვის. ამდენად, ბიბლიოთეკა აქ ერთგვარად წამყვან როლს თამაშობდა და მას განსაკუთრებულ ყურადღებასაც უთმობდნენ.
გახსნის მომენტისათვის ბიბლიოთეკაში სულ 3438 წიგნი იყო. იგი დროთა განმავლობაში იზრდებოდა და 1917 წლისათვის მისმა ფონდმა 13024-ს მიაღწია. აქ თავს იყრიდა როგორც ქალაქის დაბალი ფენების წარმომადგენლები, ისე საშუალო ინტელიგენცია. იგი კარგი საშუალება იყო რევოლუციურად განწყობილი პირების შეხვედრებისა და თავშეყრისათვის.
ამ ბიბლიოთეკის ფონდის მრავალფეროვნებასა და სიმდიდრეზე, მუშაობის მაღალ კულტურაზე მეტყველებს ის ორი კატალოგი, რომელიც 1910 (Систематический каталог Публичной библиотеки городское го народного дома, им. К. Я. Зубалова. Тб., 1910.) და 1916 (Систематический каталог Публичной библиотеки городского народного дома им. К. Я. З убалова. Тб., 1916) წლებში იქნა გამოცემული ბიბლიოთეკის მიერ.“
ავტორი : გიორგი კილაძე