ამბავი შორიდან, პატარა, მაგრამ მნიშვნელობანი წერილიდან ერთი ამონარიდის გაცნობით უნდა დავიწყო და ვიდრე დავიწყებდე წერილის ავტორიც და ადრესატის უნდა გავიხსენო მე და გავახსენო მკითხველს.
წერილის ავტორი ილია ჭავჭავაძეა…
ადრესატი – ვასილ მაჩაბელი
დაწერის თარიღი – 1877 წლის 10 მარტი
„…ჩვენი დავით იესეს ძე ჩუბინოვი ნახე. გაზეთი მოვართვი, როგორც ჩვენს უხუცესს მწიგნობარსა. ჰსთხოვე ჩემ მაგიერ, ლაზისტანზედ რომ რუსულად ნაწერი აქვს, გამომიგზავნოს, მე თვითო ვჰსთარგმნი და ისე დავბეჭდავ. შენი ჭირიმე, ამ წიგნის მიღებისვე უმალ მიდი და ჩემ მაგიერ ჰსთხოვე, მალე გამომიგზავნოს. დაპირებულიც არის…“.
სიმართლე გითხრათ არ ვიცი, დაპირებული ვასილ მაჩაბლის ჩარევის შემდეგ ასრულდა თუ მანამდე, მაგრამ ფაქტია, გაივლის სულ რამდენიმე თვე და 1877 ივნისში ხსენებული „ნაწერი“ (დავით ჩუბინაშვილის ნარკვევი „ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“) პეტერბურგიდან თბილისში გამოგზავნილიცაა, თარგმნილი და პირველი ნაწილი გაზეთ „ივერიის“ მეთოთხმეტე ნომერში დაბეჭდილიც და გავრცელებულიც და შეიძლება კი ვცები მაგრამ… თუ სამეცნიერო წრეებს არ ჩავთვლით დასავიწყებლად გამეტებულიც…
სიტყვაზე მენდეთ, ხსენებული წიგნის გაციფრულების საქმე რომ წამოვიწყე ცოტამ თუ იცოდა ხსენებული ნარკვევის არსებობა, წაკითხვაზე არაფერს ვამბობ… ერთი-ორი თუ იქნებოდა დასტურ ვამბობ!
დასტურ ვამბობ იმასაც, რომ 2019 წელს, საქართველო, მთელი თუ არა, გარკვეული ნაწილი ქშწკგ საზოგადოების 140 წლის იუბილესთვის ემზადება. არც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/National Library of Georgia გახლდათ გამონაკლისი გარკვეული ნაწილთა შორის. სამეცნიერო-პრაქტიკულ, ხაზს ვუსვამ, სამეცნიერო-პრაქტიკულ და არა, მხოლოდ სამეცნიერო, კონფერენციის ორგანიზება სულით, გულით და კიდევ თუ რამით შიძლება ბიბლიოთეკარმა, ჩვენმა კოლეგამ ბატონმა გურამ თაყნიაშვილმა ითავა. ითავა და საქმესაც ბოლომდე მიიყვანდა (ბატონი გურამი და ბოლომდე არ მიყვანილი საქმე?!) რომ არა მოულოდნელი გარდაცვალება.
გადაუჭარბებლად ვამბობ, მართლაც საოცარი კაცი ბრძანდებოდა ბატონი გურამი, დარწმუნებული ვარ მსგავს კაცებზე დაკვირვებამ ათქმევინა ილიას „მხოლოდ დიდ-ბუნებიანთა კაცთა თვისებაა ერთხელ რწმენილი და აღიარებული გაიხადონ თავის სიცოცხლის საგნად და მის ქვეშ დაუგონ თავისი ცხოვრება, და თუ საჭიროება მოითხოვს, შესწირონ თავი თვისიცა, ნიშნად იმისა, რომ ჭეშმარიტება მეტად უღირს, ვიდრე საკუთარი თავი და საკუთარი სიცოცხლე.“
სწორედ ასეთ კაცზე ვსაუბრობ ახლა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ საოცარი კაცი ბრძანდებოდა ბატონი გურამი,(არ დამავიწყდეს გითხრათ, დიდხანს და ბუნებრივია, იმხანადაც ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და სტანდარტების განყოფილებას ხელმძღვანელობდა, ჟურნალ “საქართველოს ბიბლიოთეკის” მთავარი რედაქტორის მოადგილეც იყო ამავდროულად.)
ეგ. იყო ყველაფერი ახლისა და პროგრესულის ამთვისებელ-გამზიარებელი ტელეფონს ფაქტობრივად არ იყენებდა… როგორც ახლა ვამბობთ, პირადი კომუნიკაცია ერჩივნა საქმის დასაწყებად. არ დაიზარა (სიზარმაცე და ბატონი გურამი?!), სამუშაო სივრცეში თავად მეწვია და კონფერენციაში მონაწილეობა შემომთავაზა, სიამოვნებით დავთანხმდი ( ბატონი გურამისთვის უარი თქმა?!). თემის სათაურიც “ქშწკგ საზოგადოების საპატიო წევრები მ. მამარდაშვილის სახელობის ციფრული კოლექციებში,” იქვე შევუთანხმე და სპეციალური ქვეკოლექციის “ქშწკგ საზოგადოების საპატიო წევრების” სახელდახელო ვერბალური მოდელი კონტურის მოვუხაზე.
შევატყვე „მაგრად ესიამოვნა”…
დროა, კოლექციაზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა..
ქშწკგ საზოგადოებას სულ 26 საპატიო წევრი ჰყავდა, და მათი დიდ უმრავლესობა მწერალი გახლდათ. გადავწყვიტე სულ ახლახან ხსენებულ ქვეკოლექციაში საპატიო წევრების ნაწარმოებები გამეთავსებინა. არა, არ მოგესმათ, უნდა „გამეთავსებინა“ .. მხოლოდ და მხოლოდ მე უნდა „გამეთავსებინა“. ქვეკოლექციის შექმნა და მასში ბიოგრაფიების, ნაწარმოებების განთავსება ორ ეტაპად ჩავიფიქრე. პირველ ეტაპზე მე თავად შევარჩევდი ნაწარმოებებს, მეორე ეტაპზე – მკითხველი შეარჩევდა, რომ იტყვიან არც მე და არც ჩემი რომელიმე კოლეგა „არაფერ შუაში იქნებოდა“.
პირველი ეტაპი, დავით ჩუბინაშვილით ზემოთ ხსენებულ ინარკვევით დავიწყე… არ დაგავიწყდეთ, სწორედ დავით ჩუბინაშვილით იწყება “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრების” ბაზა ეროვნული ბიბლიოთეკაში და სწორედ დიდი მეცნიერია საზოგადოების პირველი საპატიო წევრი!
პირველი საპატიო წევრის ბიოგრაფიაც მინდა გავახსენო მკითხველს. გასახსენებლად შორს წასვლა როდი მომიწევს – ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონს მივაკითხავ.
მივაკითხავ და ბიოგრაფიულიმონაცემებთან ერთად ბიბლიოგრაფიასაც გავეცნობი და
აქ მოვიტან:
- ქართულ–რუსული ლექსიკონი (ავტორი). – С.Петербургъ, тип. Академiи Наукъ, 1887. – XXXIX, [1], [2], 1780 სვეტი
- ქართული ღრამმატიკა (შემდგენელი). – С.Петербургъ, 1887. – 1779გვ.
- ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაბადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა (ავტორი). – თბილისი, 1877. – 48გვ.
- ქართული ქრესტომატია ანუ გამოკრებილნი ადგილები ქართულთა წერილთაგან დავით ჩუბინოვის მიერ (ავტორი) // Ч. 2: Стихотворенiя. – სანკტპეტერბურღი, тип. имп. Академiи Наукъ, 1846. – XXVIII, 242გვ.
- Русско-грузинскiй словарь (ავტორი) // Часть первая и [вторая].. – Санктпетербургъ, тип. имп. Академiи Наукъ, 1846. – II, XXIV 1187[1]გვ.
- ქართული ქრესტომატია ანუ გამოკრებილნი ადგილები ქართულთა წერილთაგან დავით ჩუბინოვის მიერ (ავტორი) // Часть I: Проза. – სანკტპეტერბურღი, тип. имп. Академiи Наукъ, 1846. – XVII, 458, 240გვ.
- ქართულ–რუსულ–ფრანციცული ლექსიკონი (ავტორი). – Санктпетерьургъ, тип. имп. Академiи Наукъ, 1840. – [764]გვ.
ჩემს მიერ ხაზგასმული რუსულ ენაზე შეიქმნილი ნარკვევი, როგორც უკვე ვთქვი ილიამ
თარგმნა და დაბეჭდა…
ჩემი გარდაცვლილი კოლეგის, ქალბატონ ჟანას ჟანა ქვათაძე გახსენების დროა!
დროა, რადგამ ქალბატონ ჟანას აქვს ლომის წილი “ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაბადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა (ავტორი). – თბილისი, 1877. – 48გვ.” დოკუმენტურ. ფაილად გაციფრულების საქმეში!
ყველაფერი ეროვნული ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკათშორისი აბონიმენტის განყოფილებაში ჩემი სატელეფონო ზარით დაიწყო, ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი / Iverieli Digital-სა და ფონდების კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილებაში გაგრძელდა და ქართველოლოგიის განყოფილება Department of Kartvelology-ში დაგვირგვინდა.
სწორედ ქართელოლოგიის განყოფილების უფროსი ბრძანდებოდა იმხანად ქალბატონი ჟანა და სხვებს კი არ მოუყოლიათ, თავად ვნახე როგორ აკეთებდა წიგნის კორექტურას თავად!
ნათელი და სანთელი კოლეგებო!!!
p.s
ქალბატონ ჟანაზე საუბრისას, კიდევ ერთხელ გამახსენდა ილიას ნათქვამი…
ავტორი: გიორგი კილაძე