„მატიანეს” კალენდრით 1880 წლის 4 ნოემბერია. ილია „თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც … იღებენ დადგენილებას, რომ საზოგადოების მიერ ნაყიდი წიგნებიდან ორ-ორი ეგზემპლარი დაეგზავნოს ყველა სასოფლო ბიბლიოთეკას…” ამ, ჩემი და ბევრი სოფლის, წიგნისა და ბიბლიოთეკის მოყვარული, აზრით მნიშვნელოვან ამბავს სათანადოდ გამოეხმაურა. გაზეთი „დროება” (1880, 7 ნოემბ. № 235, გვ. 3.), სადაც შავით თეთრზე, უფრო ყვითელზე, შეგვიძლია წავიკითხოთ:
“წერა-კითხვის საზოგადოება
4 ნოემბერს, საზოგადოების მმართველობის სხდომამ მიიღო შემდეგი გადაწყეტილება.
1) ბათუმის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა ბ. ალექსანდრე ნანეიშვილი, მედიკური აკადემიის სტუდენტი.
ამაზე ეცნობა ბ. ნანეიშვილს ტელეგრამით.
2) თავ. რაფიელი ერისთვისაგან დასაბეჭდათ წარმოდგენილი ქრისტომატია, „სკა” გადაეცა განსახილველათ კამისიას, რომლის წევრათ დანიშნულ იქმნენ: გ. ე. წერეთელი , ბ. პ. უთურგაული, თ. დ. ჟორდანია და პ. პ. უმიკაშვილი. კომისიამ თავისი ჰაზრი უნდა წარმოუდგინოს მმართველობას 1 დეკემბრამდის.
3) სოფლის სკოლას უნდა გაეგზავნოს შვიდ ას ოთხმოცდა შვიდი მანეთის წიგნები და სწავლის ნივთები სად რა გაეგზავნოს ამის ამორჩევი მმართებლობამ მიანდო ბ. ბ. გოგებაშვილს და მეუნარგიას.
4) ახლად გახსნილი თბილისის სა ხალხო სკოლაში ათი ღარიბი ყმაწვილები მიღებულ იქმნას მუქთათ.
5) დაადგინეს: მიეწეროს ბორის სემინარიის დირექტორს უ. სემიონოვს, რომ საზოგადოების სტიპენ დიანტებს, ამ ჟამად, მმართებლობა ვერ მიუმატებს მათგან ნათხოვნს ორმოც-და-ათს მანეთს – წელიწადში. (თითოეულს), რადგანაც ბიუჯეტი მომატების ნებას არ აძლევს მმართველობას. (ახლა თითო სტიპენ დიტზე იხარჯება 138 მან. წელიწადში. სულ არის 6 სტიპენდიანტი)
და 6) მიენდო თ. ი. გ. მაჩაბელს და ი. მ. მეუნარგიას. დაბეჭდონ 2,400 ეკზემპლიარი „წითელი ფანარი”, თ. გიორგი ანდრონიკაშვილის მიერ გადმოთარგმნილი.
ახალი ადრესი საზოგადოებისა არის:
Тифлись Въ Правление общества Грамотности, на Саперной улицѣ, №14.”
რიცხვ 14-ზე ვერაფერს გეტყვით, მე, ამჟამინდელი ბიბლიოთეკარი, ძველი წიგნის გამომცემელი, პროფესიით ეკონომისტ-მათემატიკოსი გახლავართ და არაფერი მესაქმება ნუმერალოგიასთან, ანუ ვერანაირად ვერ გეტყვი, როგორი რიცხვია 14, კარგი თუ ცუდი, ბედნიერებისა თუ არაბედნიერების მომასწავებელი, თუმცა „საპიორნოი ულიცაზე” ანუ მესანგრის ქუჩზე კი გეტყვით რამდენიმე სიტყვას. წესითა და კანონით ავლაბარში უნდა იყოს ამჟამადაც..
და რომ არ იყოს?
ეგ არაფერი, დავაზუსტებ და ჩავასწორებთ..
არაჩვეულებრივი კოლეგა თამუნა ქოქაშვილი მართავს „მწიგნობარს”…
დავაზუსტებ, გავუგზავნი, განათავსებს და სულ ესაა!
დაზუსტებამდე აკა მორჩილაძის „ვეშაპი მადათოვზე” გავიხსენო უნდა.
აი, იქ, დანამდვილებით, შავით თეთრზე წერია და ვისაც ხელი მიუწვდება კითხულობს: „მაგალითად, მესანგრის ქუჩა – ცეცხლისაგან დაცული ხევი იყო”.
ჰო, ჰო, ჰო, რა მშვენიერი სიმბიოზია, მესანგრე და ცეცხლისგან დაცული ხევი”!
„მატიანეს” ახალი ფურცლის გადაშლის დროა!
გადავშლიდი კიდეც, მაგრამ, აბა, ისე როგორ იქნება სწორედ აქ და სწორედ ახლა, ეროვნული ბიბლიოთეკის ბევრთაგან მხარდაჭერილი და ასე პოპულარული პროექტი „ეკვილიბრიუმი” არ ვახსენო და მადლობა არ გადავუხადო კოლეგებს: გულიკო გორდელაძეს, ლელა ლიპარტელიანს, თამუნა წიკლაურს და ბესო ბაჯელიძეს. არაფერს ვამბობ „ეკვილიბრიუმის“ სულისჩამდგმელ გიორგი კეკეკლიძეზე.
მალობას ვუხდი კომპანია „გალფს“ („გალფის“ „ჩასხმული ბენზითით“ მოძრაობენ ჩვენი ავტომობილები დანიშნულების ადგილამდე წიგნების ჩასატანად), პარტნიორ გამომცემლობებსა და კერძო პირებს, ვინც წიგნებით უზრუნველყოფს არაჩვეულებრივ პროექტს.
1500 სოფელსა თუ ქალაქში ჩატანილი წიგნი!
განა ერთი?!
განა – ორი?!
მაშ რამდენი?!
ათობით თითო სოფელში და ათი ათასობით 1500 სოფელში!
დიდებულია ამბავია!
სალაპარაკოს რა გამოლევდა/გამოლევს, და ვისაუბრეთ გიორგიმ და მე, ამ და კიდევ ბევრ საკითზხე რადიო 1-ის ეთერში ჯერ კიდევ 2017-ში.
რა დროს გასულა!
მთელი 5 წელი…
გადაცემა მე მიმყავდა და „სტუმრები“ მყავდა რომ იტყვიამ „უკეთესს რომ ვერ ინატრებ“.
ჩამოვთვალო უნდა და სათითაოდ მადლობა უნდა გადავუხადო კიდევ ერთხელ, ამჯერად „მწიგნობარიდან“.
გიორგი კეკელიძე – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი,
თინათინ ანასაშვილი – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი,
თაკო სვიმონიშვილი – მე-10 კლასის მოსწავლე,
თეა შუბითიძე – ეროვნული ბიბლიოთეკის საგამომცემლო განყოფილების მთავარი სპეციალისტი,
ქეთევან გოჩიტაშვილი – ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი.
საოცარი გადაცემა იყო „თავისუფალი ლიტერატურა”..
სამწუხაროდ, იყო და აღარაა…
როგორ მწყდება გული…
დიდი მადლობა ქალბატონ ქეთი ჯოჯიშვილს! და ხმის ოპერატორს, ყველას ვინც კითხვა დაგვისვა და უცქირა და უსმინა, ბევრი იყვნენ!
კალენდარზე 1880 წლის დეკემბრის მეორე ათეულია. 12 დეკემბერი…
გაივლის წლები და ზუსტად 12-ში არა, მაგრამ 22-შსი მე რადიო ექსპრესის სტუმარი ვიქნები არაჩვეულებრივ წამყვანებთან მედეა იმერლიშვილი, გოგა გობრონიძე ერთად და არეულ-დარეულად მოვყვები ამბებს „ლინკოლნიდან ილიამდე, „არც „ქიშმიშის დუელი” დამავიწყდება და არც „კიდევ ბევრი სხვა დიდი და პატარა ამბავი”.
დიდი მადლობა მედეა, გოგა!
დიდ და პატარა ამბებს უფრო დიდი ამბებიც მოჰყვება და ამის შესახებ ჟურნალ „ისინდში” მოვყვები, დეკემბერში არა – მ.წ. სექტემბერში.
დიდი მადლობა „ისინდს“ და მთავარ რედაქტორს! იკა ქადაგიძეს
მანამდე კალენდარზე „1880 12 დეკემბერია”. ილია თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც იღებენ გადაწყვეტილებებს ბიბლიოთეკაში დასადები წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების შესაკრავად ყდების შესყიდვისა და საზოგადოების დადგენილებების პრესაში გამოქვეყნების შესახებ”.
იღებენ და ასრულებენ კიდეც!
რა ვიცი?!
ილია ვიცი და ქშწ-კგ საზოგადოების საქმენი, თანაც საგმირონი!
კალენდარზე 1881 წლის 9 მაისია.
ილია თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც … ნიკოლოზ ცხვედაძესა და „რაფიელ ერისთავს ევალებათ პროექტის შედგენა ბიბლიოთეკის გამართვასა და წიგნების მოპოვებაზე” და მიუხედავად იმისა, არაფერი ვიცი პროექტის შედგენასა და მასში გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულებაზე, მაგრამ დიდი იმედი მაქვს ბიბლიოთეკაც გაიმართა და წიგნებითაც მომარაგდა დროულად ყველა წესისა და რიგის დაცვით.
წესისა და რიგის დაცვით „ვსქროლავ” „მატიანეს” ფურცლებს და 1884 წლის 2 ივნისთან ვჩერდები და ვკითხულობ:
„თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ სახალხო სკოლების დირექციიდან მიღებულ წერილობით ინფორმაციას წინარეხისა და თონეთის სკოლების გახსნის შესახებ. მსჯელობენ ბიბლიოთეკებისთვის ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსების, ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობისა” და რაფიელ ერისთავის თხზულებათა გაგზავნის თაობაზე. დადებითად წყდება მმართველობის მიერ ახალგორის სკოლისთვის ავეჯის გადაცემის საკითხი. ასაკინძად გადაეცემა „ბუნების კარი” და „დავითიანი”.
კალენდარზე კი უკვე 1884 21 იანვარია. ამ დღეს ილიას ცხოვრებაში ორი მნიშვნელოვანი ამბავი მომხდარა.
პირველი გაზეთ „დროების” სარედაქციო სტატიის „პროვინციალური გაზეთების” გამოქვეყნებაა, მეორე, უშუალოდ ბიბლიოთეკას ეხება – „თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც … ისმენენ ნიკო ცხვედაძის წინადადებას სახალხო სკოლების ბიბლიოთეკებთან დაკავშირებით…”
ვწუხვარ „წინადადადების” შინაარს რომ ვერ გაცნობთ, მოვა დრო და არა მხოლოდ ქშწ-კგ საზოგადოების ოქმს (საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 45, გვ. 51. ) გავეცნობი და გადმოვიტან ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციაში, რომლის მართის პატივი ჩემდა საამაყოდ მეც მაქვს შესაბამისი უნარითა და სურვილით.
„პროვინციული გაზეთების” გადაყვანის დროა სათანადო ფორმატში…
მომიტევეთ, ცოტა ხნით უნდა დაგტოვოთ.
* * *
გაციფრულებულია!
მომცროა!
და ისე საინტერესო, თავს უფლებას ვაძლევ და სრულად გთავაზობთ.
თფილისი, 20 იანვარს.
ერთი უმთავრესთაგანი დანიშნულება ყოველ პროვინციალურ გაზეთისა, როგორც მოგეხსენებათ, ის არის, რომ საზოგადოებასა და თვით მთავრობასაც აცნობოს იმ მხრისა და ხალხისა მდგომარეობა, საჭიროება, ავი და კარგი, იმ ქვეყნის მოთხოვნილება, ლხინი და დარდი, და ერთის სიტყვით, ყველაფერი, რაც კი საზოგადო საქმეებს შეეხება იმ ქვეყნისას, სადაც ეს გაზეთი გამოდის.
ამ დანიშნულების შესრულება პროვინციალურ გაზეთს მით უფრო ადვილად და ქვეყნის სასარგებლოდ შეუძლია, რაც ის უფრო ნაკლებად დამოკიდებულია სხვადასხვა გარეშე მიზეზებისაგან, რაც უფრო მომეტებული ნება აქვს მიცემული, რომ ყოველ საზოგადო დაჭირებაზე და ლხინზე თამამად და მოურიდებლად ილაპარაკოს და სწეროს.
სამწუხაროდ, ხშირად სატახტო გაზეთებიც არ არიან ამგვარს მდგომარეობაში, პროვინციალურ გაზეთებს ხომ იმის ნახევარი დამოუკიდებელობაც არა აქვს მინიჭებული, რაც ზემოხსენებულ სატახტო გაზეთებსა. უმთავრესი დამაბრკოლებელი მიზეზი შემმფერხავი პროვინციალურ სტამბისა ის გახლავთ, რომ რუსეთში საზოგადოდ ბეჭვდის შესახებ არ არის კარგად გარკვეული, განსაზღვრული კანონები.
აქედამ წარმოსდგება გაურკვევლობა რუსეთის სტამბის მდგომარეობისა. დღეს ერთის თქმის ნებაა, ხვალ არა, ზეგ შეიძლება, მაზეგ კიდევ არა -როგორ 304 უნდა გამოიკვლიოს ჟურნალისტმა გზა ამისთანა მდგომარეობაში?
თვით ჩვენმა უმაღლეს მმართებლობამ იგრძნო ამისთანა მდგომარეობის მოუხერხებლობა და ამიტომაც ამ უკანასკნელის სამის წლის განმავალობაში პეტერბურღის გაზეთებში ხშირად იწერებოდნენ, რომ დანიშნული არისო ცალკე კამისია, რომელსაც ბეჭდვის შესახებ კანონების გამოცემა აქვს მინდობილიო.
მთელი რუსეთი მოუთმენელად მოელის ამ ახალ კანონებს ბეჭდვის შესახებ. ყველას ჰსურს, რომ ახლანდელი გაურკვეველი მდგომარეობა შეიცვალოს და მტკიცე, თუნდაც უფრო სასტიკი კანონები გამოიცეს, მხოლოდ კანონი კი იყოს; იყოს კანონი და ვიცოდეთ, რომ ვალდებულნი ვართ ამ კანონს ვემორჩილებოდეთ.
მაშ, ვინატროთ, რომ რაც შეიძლება მალე შეიცვალოს ახლანდელი მდგომარეობა, განსაკუთრებით პროვინციალურ ჟურნალ-გაზეთებისა, და რაც შეიძლება მალე დამყარდეს იმისთანა წესი, რომელიც ამ ჟურნალ-გაზეთებს ერის ნამდვილ სამსახურის შეძლების ღონეს მისცემს.
[1882 წ.]”
კალენდარზე იმავე წლის 28 იანვარია, „თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც … ამტკიცებენ სასოფლო სკოლათა ბიბლიოთეკებში წიგნების მოხმარებისა და კატალოგის შედგენის წესებს…”
უჰ! რა მასალაა გასაციფრულებლად და საანალიზოდ!
ამჯერზე ვერაფერს ვახერხებ სანუგეშოს და სტიმული რომ არ დავკარგო „მატიანეს” 163-ე გვერდზევე ახალ ინფორმაციას ვეცნობი:
კალენდარზე 1882 11 თებერვალია „თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც … განიხილავენ ბიბლიოთეკის საჭირო წიგნებით მომარაგების საკითხს”.
იმავე წლის 25 თებერვალს „ თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც … იღებენ დადგენილებას, რომ ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების მიწოდება სთხოვონ გეოგრაფიულ საზოგადოებას, კავკასიის არქეოგრაფიის კომისიას, სტატისტიკის კომიტეტსა და სხვა დაწესებულებებს….”.
„გეოგრაფიულ საზოგადოებაზეც” მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა. რამდენადაც ვხვდები საუბარია „რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებაზე. „ — ერთ-ერთი უძველესი გეოგრაფიული სამეცნიერო ორგანიზაცია. დაარსდა 1850 წლის 27 ივლისს, პირველი საზეიმო დამაარსებელი სხდომა შედგა 1851 წლის 10 მარტს თბილისში. იარსება 1917 წლამდე. განყოფილების დანიშნულება იყო კავკასიის მხარის სისტემატური გეოგრაფიული, გეოლოგიური, ეთნოგრაფიული კვლევა, მისი ფლორისა და ფაუნის შესწავლა, რითაც საფუძველი ჩაეყარა კავკასიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებას. განყოფილებას ხელმძღვანელობდა განმკარგულებელი კომიტეტი. განყოფილება სცემდა „ზაპისკი კავკაზსკოგო ოტდელა იმპერატორსკოგო რუსსკოგო გეოგრაფიჩესკოგო ობშჩესტვას” და „იზვესტია კავკაზსკოგო ოტდელა იმპერატორსკოგო რუსსკოგო გეოგრაფიჩესკოგო ობშჩესტვას”. განყოფილების საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველი მკვლევრები: პლატონ იოსელიანი, დიმიტრი ბაქრაძე, ვ. სარაჯიშვილი, რაფიელ ერისთავი, მოსე ჯანაშვილი, გრიგოლ წულუკიძე, მ. გარსევანიშვილი, გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე ხახანაშვილი და სხვა. განყოფილების ბაზაზე შეიქმნა გეოგრაფიული საზოგადოება გეოგრაფიული საზოგადოება საქართველოსი.(კაპანაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 306.
ვფიქრობ, აუცილებლად მოსაწოდებელი ინფორმაცია იყო და მეც არ დავახანე…
ასევე დაუხანებლად გადავინაცვლებ „მატიანეს” 170-ე გვერდზე, სადაც ვკითხულობ:
„1882 23 ივნისი. თავმჯდომარეობს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას, რომელზეც… თანხმდებიან, რომ დაიბეჭდოს და სახალხო სკოლების ბიბლიოთეკებს დაეგზავნოს წიგნების მოხმარების წესები.”
რამხელა ყურადღებაა ექცევა სასოფლო სკოლათა ბიბლიოთეკებში წიგნების მოხმარებისა და კატალოგის შედგენის წესებს..!
ბარაქალა! ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და განა მარტო ამისთვის?!
კიდევ ბევრისთვის და მის შრომას, განსაკუთრებით საპატიო წევრების ვეცდები ჩემი შესაძლებლობის საზღვრებში დავაფასო. პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგი და კოლეცსია პირადად ჩემთვის აწგარდაცლილი კოლეგის გურამ თაყნიაშვილის სახელობის იქნება. იმსახურებს არა მარტო ჩემგან და იმიტომ!!!
ამაზე სხვა დროს გიამბობთ დაწვრილებით.
ავტორი: გიორგი კილაძე
რა სიამოვნებით წავიკითხე , დიდი მადლობა 🥰დიდ საქმეს აკეთებთ ❤ გაიხარეთ და ულევი წარმატება თქვენ ! ეხლა რადიო ექსპრესსს ჩავუჯდები 🍷
ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს ტექსტებს ! დიდი მადლობა შრომისთის !