ვირტუალურ კალენდარზე 1873 14 მარტია.
ილია 35 წლის, რამდენიმე თვისა და დღისაა…
დაზუსტებაც შეიძლება,
მამამ მასწავლა, როგორ…
მან – მასწავლა..
მე – ვისწავლე…
და რაც მასწავლა-ვისწავლე ვეცდები მოგიყვეთ გზა და გზა…
გზა კი ჯერ და კიდევ დიდხანს ილიას ცხოვრების მატიანეზე გაივლის ჩემი ნებით და შესაძლებლობის საზღვრებში…
ილია კი ჯერ დუშეთშია – მაზრის მომრიგებელი მოსამართლის მოვალეობას ასრულებს და ჯერ ისევ, ქვემოთ რომ მოვიტან. სწორედ ასეთ საქმეებს აგვარებს:
„დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში განიხილავს დავით ეღიკოვის სარჩელს არუთინ დალაქიშვილის წინააღმდეგ. არუთინის მამასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ეღიკოვს უნდა ესწავლებინა მისი შვილისთვის წერა-კითხვა და ანგარიში, რისთვისაც არუთინი ვალდებული იყო სამი წელი ემსახურა მასთან. ეღიკოვი ჩიოდა, რომ არუთინმა დროზე ადრე მიატოვა მასთან სამსახური და მოითხოვდა, რომ ვადის ამოწურვამდე ემუშავა. ილია ჭავჭავაძის დადგენილებით ეღიკოვის სარჩელი არ კმაყოფილდება, რადგან დალაქიშვილთან დადებული შეთანხმება არაკანონიერი იყო – მამას არ ჰქონდა უფლება შვილი ვინმესთვის მიექირავებინა.”
საოცარი ფაქტია!
„სამოქალაქო განათლების“ სასკოლო სახელმძღვანელოში შესატანი ფაქტია და მაინც, მე, როგორც ბიბლიოთეკარი, ილიაზე საუბარს „ ილია და ბიბლიოთეკაზე“ საუბრით დავიწებ.
ხომ გახსოვთ, კალენდარზე 1873 14 მარტია.
„ილიას ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანეში“ პირველად, სწორედ ამ დღეს გვხდება, სიტყვა „ბიბლიოთეკა“.
ილია „დუშეთიდან თბილისში კირილე ლორთქიფანიძეს სწერს, ,,რა ადგილებია ჩასასწორებელი „გლახის ნაამბობში“ და სთხოვს თერგდალეულების მიერ 1870 წელს თბილისში დაარსებული საჯარო ბიბლიოთეკიდან (ე. წ. ივანოვის ბიბლიოთეკა) გაუგზავნოს რუსული წიგნები: „ფილოსოფია და მეცნიერება. „ნარკვევები თანამედროვე ევროპელი მწერლებიდან“ და „საყოველთაო აღწერა (გეოგრაფია)“.
„ივანოვის ბიბლიოთეკაზე“ უნდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა, უფრო სწორედ ყოველდღიური საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთ დროების 1870 წლის 29 ნოემბერის N47. ბოლო, მერვე გვერდზე გადავფურცლოთ და იქ განთავსებულ განცხადებას გავეცნოთ:
განცხადება
”ფოჩტის ქუჩაზე, სემინარიის პირდაპირ, ზუბალოვის სახლში, გაიმართა სამწიგნობრო და საკითხავი ოთახი _ი, ივანოვისა.
წიგნების წაღება შინ საკითხავად ღირს, თვეში — — — — — — — — — — — — ათი შაური
თითო წიგნის წაღება, დღეში — — — — — — — — — — — — — — — — — — — ერთი შაური
წიგნების და გაზეთების კითხვა საკითხავ ოთახში, თვეში — — — — — — — ათი შაური
— — — — — — — —— — — — — — — — — — — —ერთჯერ — — — — — — ერთი შაური
სამწიგნობრო და საკითხავი ოთახი ღიაა დილის ცხრა საათიდან საღამოს ცხრა
შენიშვნა: წიგნების დარიგება დეკემბრის პირველს დაიწყება“.
დაიწყო?!
არ ვიცი…
რაც ვიცი, ისაა , რომ ზემოთთქმულის შემდეგ, წესითა და რიგით ი. ივანოვის ბიოგრაფიას უნდა გაცნობოდა კაცი.
ვცადე კიდეც…
უშედეგოდ!
ი. ივანოვის არა თუ ბიოგრაფია, სქესიც კი არაა ცნობილი ჩემთვის ცნობილ წყაროებსა და ზეპირ გადმოცემებში.
რამდენიმე გამოცემაში სულ სხვა რამ არის ცნობილი და აქვე „მოვიხმობ!“
ილიას წერილი სამაგიეროდ კირილე ლორთქიფანიძისადმი – რიგით მეშვიდე. მცირე. – სრულად გავაციფრულე და მომაქვს:
„ძმაო კირილე! 29 გვერდზე ქვევიდან 3, 4, 5 და 6* სტრიქონებში სადაც არეულობაა. ჩემს ნაწერთან გასინჯე და ისე გაასწორე.
,,შენი ჭირიმე კირილე! თუ ივანოვის ბიბლიოთეკაში იყოს ეს წიგნი უსათუოდ გამომიგზავნე: Философия и Наука. Очерки из современных Европейских писателей. Изд. Вольфа. თუ არ ჰქონდეს, მაღაზიებში იკითხე, მიყიდე და გამომიგზავნე. ფულს მოგართმევ დიდის მადლობითა. მალე კი უნდა გამომიგზავნო და მაცნობო ამ თხოვნის პასუხი.”
14 მარტსა შენი ილია ჭავჭავაძე.
ესეც გამომიგზავნე თუ ივანოვსა აქვს: Всеобщее землеописания география. для чтения и справок, по плану…
გაურკვეველია,… и. Т. д.
შენიშვნა: *. „გლახის ნაამბობის“ კორექტურაზეა ლაპარაკი.“
შენიშვნა ჩემი არაა…
ჩემ შენიშვნას არც თუ სხვა თემაზე მეც გავაკეთებ და განვაგრძობ…
„საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორია 1846 წლიდან იღებს სათავეს“…
ჩვენ კალენდარზე სულ ახლახან 1873 წლის 14 მარტი იყო.
კალენდარზე 1880 წელია!
10 მაისი!
ილია „თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ამტკიცებენ საზოგადოების ბიბლიოთეკის წესდებას. გაგზავნილი წიგნების მიღებაზე წერილობით დადასტურებას იღებენ სოფლების: ძიმითი, ვანი, ბახვი, სადმელი და კორცხელი მასწავლებლებისგან…“
წესდება ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივშია ( ფ. 481, № 2.გვ. 55.) დაცული, ვიმედოვნებ მოვა დრო და არა მხოლოდ ეს ოქმი იქნება ხელმისაწვდომი ვირტუალურ სივრცეში.
კალენდარზე, სავარაუდოდ ჯერ ისევ 1880 წელია..
ავტორი: გიორგი კილაძე
რა მაგარია! ბარაქალა!