მასწავლებელი

აზერ მუსაოღლუ

წარმოიდგინეთ  გზის  ორი  მხარე.  მაღალი  თუთის ხეების, კუნელის და მაყვალის  ბუჩქების  მქონე  გზა,  რომლის  ერთ  მხარეს  არხი  გადის,  ამ  გზის  დაახლოებით  7-8  კილომეტრი  ნახევრად მოასფალტებულია, ნახევრად  კი მიწაა. წარმოიდგინეთ?… ახლა წარმოიდგინეთ 27-28 წლის მასწავლებელი, რომელიც ამ გზით სოფლისკენ ზურგზე მოკიდებული წიგნებით და რვეულებით  სავსე  ჩანთით  მიდის.  ის ახალგაზრდა  მასწავლებელი დილის 6 საათზე იღვიძებდა ერთ  კარაქს და პურზე წასმულ ლეღვის მურაბასთან  ერთად ტკბილ ჩაის სვამდა და იმ გზას ყოველდღიურად გადიოდა.

გრძელ გზას იმიტომ გადიოდა, რომ სოფლის ბავშვებისთვის წერა, კითხვა და აზროვნება ესწავლებინა. სკოლასთან მისვლამდე, გრძელი გზის გამო  ფიქრისთვის დიდი დრო ჰქონდა, ასე გზაც  თითქოს მოკლდებოდა და სკოლაში ნახევარი საათით ადრე ზოგჯერ, სკოლის დირექტორზე ადრეც კი მიდიოდა. გზად  თუ  სოფლისკენ მიმავალი მანქანა შეხვდებოდა,  სკოლაში კიდევ უფრო ადრე უწევდა მისვლა და კართან ერთი საათი იცდიდა.  ამიტომაც, როდესაც შორიდან მომავალ მანქანას დაინახავდა გულში ეხვეწებოდა, რომ არ გაეჩერებინათ მისთვის.  ყველაზე გვიან სკოლაში ის მასწავლებლები მიდიოდნენ ვინც  ახლოს  ცხოვრობდა.  გაკვეთილების დასასრულს  სკოლაში  ახალგაზრდა  მასწავლებელი  და დირექტორი რჩებოდნენ, რომლებიც იმავე სოფელში არ ცხოვრობდნენ. საინტერესოა, ეს ყოველთვის ასე ხდებოდა? მთავარი ის კი არ არის  ვინ ადრე ან გვიან მიდიოდა, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი ახალგაზრდა  მასწავლებელი  ყველა  საქმეს დროულად ასრულებდა.  გაკვეთილზე  შესვლას,  ზარის დარეკვას, დაძინებას, გაღვიძებას  ყველაფერს  თავის  დროზე  ასწრებდა. დღემდე  ასე  ყოფილა -– დროულად მისულა სკოლაში, დროულად  დაამთავრა სკოლა, დროულად ჩააბარა უნივერსიტეტში, დროულად დაამთავრა, მუშაობაც დროულად დაიწყო და სხვა. როგორც ამბობდნენ ერთი რამ არ ჰქონია თავის დროზე შესრულებული –- ქორწინება. არ ეთანხმებოდა ამ ნათქვამს და ამბობდა, რომ მაგასაც თავისი დრო აქვსო.

ახალგაზრდა  მასწავლებელი,  რომელიც  ყველაფერს  დროულად  ასრულებდა  სკოლაში  მისვლის პირველივე დღიდან მოსწავლეებთან საერთო ენა მონახა. თავი ისე კი არ მოჰქონდა, როგორც მკაცრ მასწავლებლებს შეეფერებათ, არამედ  ისე, როგორც ბავშვების მეგობარის,  თვითონ იყო ბუნებით ასეთი. ყოველდღე დიდი სიყვარულით მიიჩქაროდა კლასში.  მუშაობა დაიწყო იმ მოსწავლეებიდან, რომლებიც ყველაზე  სუსტები  იყვნენ.  კლასში  ყველა  მოსწავლესთან  ერთნაირი  მიდგომა  ჰქონდა.  ბავშვების სიყვარულიც დროზე დაიმსახურა. მოსწავლეები, რომელებიც არ სწავლობდნენ სწავლა დაიწყეს, ვინც ვერ წერდა წერა დაიწყო, ვინც გაკვეთილზე ბევრს ლაპარაკობდა შემდეგ კარგად იქცეოდა. უკვე არავინ  აგვიანებდა  და აცდენდა გაკვეთილს მეტიც, მოსწავლეები შესვენებაზეც არ გადიოდნენ კლასიდან, არც უნდოდათ გასვლა, ისხდნენ და თავიანთ მასწავლებელს უსმენდნენ, მეტ ინტერესს იჩენდნენ, მეტ კითხვას უსვამდნენ, მეტს სწავლობდნენ. ორი წელი ასე გაგრძელდა. მოსწავლეებმა გაკვეთილების მეცადინეობის გარდა მასწავლებლის მიერ მოტანილი მხატვრული ლიტერატურაც წაიკითხეს და ბევრი რამ ისწავლეს.

ნელ-ნელა  სხვა  მასწავლებლებმა  ახალგაზრდა  მასწავლებელზე  ეჭვის თვალით  ყურება  დაიწყეს, გამომდინარე იქედან, რომ მისი მოსვლის შემდგომ სახლში მაშინ ვერ მიდიოდნენ, როცა მოუნდებოდათ. მასწავლებლები კი შესვენების დროს მოტანილი სხვადასხვა ნივთებით ვეღარ ვაჭრობდნენ.  მოსწავლეები მეტად მომთხოვნები გახდნენ. ახალგაზრდა მასწავლებელმა დირექტორის ნდობა მალევე მოიპოვა. როცა  თვითონ დირექტორი სკოლაში არ იყო ყველაფერს მას ავალებდა. ის სკოლაში ინტელექტუალურ შეჯიბრს მართავდა, მოსწავლეები მიჰყავდა დედაქალქში მუზეუმების, გალერეების, უნივერსიტეტების გასაცნობად. ის მოსწავლეებისთვის და დირექტორისთვის საყვარელი ადამიანი იყო. როცა დირექტორი სხვა მასწავლებლებს უსაყვედურებდა  ახალგაზრდა მასწავლებელი ყოველთვის  მაგალითად მოჰყავდა. ამას სხვები  ვერ იღებდნენ. ყოველთვის, როცა სამასწავლებლოში იკრიბებოდნენ ახალგაზრდა მასწავლებლის მისამართით ცუდ სიტყვებს ამბობდნენ. მიზეზად კი მის დაუოჯახებლობას ასახელებდნენ და  ამბობდნენ, რომ ახალგაზრდა, სიმპატიური ბიჭისთვის გოგოებთან საკლასო ოთახში 45 წუთის გატარება არასწორი იყო.   ის კი მათ ახსენებდა, რომ კლასში არა მხოლოდ გოგონები,  არამედ ბიჭებიც იყვნენ.  შემდეგ სამასწავლებლოდან ეზოში გადიოდა და მოსწავლეებს ესაუბრებოდა. ხანდახან მათ თამაშებშიც ერთვებოდა. ასე ახალგაზრდა მასწავლებელი შესვენების დროს სამასწავლებლოში აღარ შედიოდა. ან კლასში წერა-კითხვით იყო დაკავებული ან მოსწავლეებს ესაუბრებოდა.

მასწავლებლები ყოველთვის ცუდად საუბრობდნენ მასზე, თუმცა ამას ის ყოველთვის ნორმალურად იღებდა, ასაკოვან და ახალგაზრდა თაობას შორის მუდმივ დავად ღებულობდა. თავს პირობა მისცა, რომ ამ დავის გამო უკან არ დაიხევდა. თუ ათ მასწავლებელს არ უყვარდა, სამაგიეროდ ყველა მოსწავლის სიყვარული დაიმსახურა.

ჯერჯერობით უცოლობის გარდა არანაირი „ცოდვის“  მქონე ახალგაზრდა მასწავლებელი ბავშვების ზნეობის გაფუჭებაში დაადანაშაულე. ს ისიც კი დააბრალეს, რომ მათ  ”უზნეო“ ლიტერატურას და ეროვნულ-–მორალური  ღირებულებების საწინააღმდეგო  ხელოვნების  ნიმუშებს  აცნობდა. დირექტორთანაც კი გაასაჩივრეს, თუმცა  დირექტორმა გამოაცხადა, რომ ყველაფერი იცის, და ყოველივე ეს განათლების სამინისტროს ახალი პროგრამაა.

შემოდგომაზე და ზამთარში გრძელი გზის ფეხით გავლა იმდენად რთული იყო, რომ ახალგაზრდა მასწავლებელმა ქოლგა და ველოსიპედი იყიდა. მოსწავლეების გარდა კი  მას ყველამ დასცინა. „კაცმა ქოლგა არ უნდა ატაროს“, „კაცმა არ უნდა ატაროს ველოსიპედი“ მსგავსი სიტყვებით მას მასხრად იგდებნენ. სოფლის მოხუცებიდან დაწყებული ახალგაზრდებამდე. სკოლის მასწავლებლებიც მის ქოლგას და ველოსიპედს მასხრად იგდებდნენ და დასცინოდნენ. ის ყურადღებას არ აქცევდა და არ პასუხობდა. სოფლის წერა-კითხვის უცოდინარმა ახალგაზრდებმა, რომლებიც მთელ დღეს ჩაიხანაში ატარებდნენ რამდენჯერმე მასწავლებლის ველოსიპედს საბურავები გაუფუჭეს, გზაზეც გააჩერეს და გააფრთხილეს, რომ ქოლგით და ველოსიპედით სკოლაში არ მოვიდეს, თუმცა მასზე ამანაც არ იმოქმედა, მეტიც  ახალ ნივთებს იყენებდა, მაგალითად, საწვიმარიც იყიდა, თავზე გადმოსახურავი ქოლგაც. ასე დაჯდებოდა ველოსიპედზე და კვლავ სკოლისკენ მიიჩქაროდა, რა თქმა უნდა, სოფლის მაცხოვრებლებს ეს კიდევ უფრო მეტად აბრაზებდა. ახალგაზრდებს, ვისაც მანქანა ჰყავდათ წვიმიან ამინდში სპეცილურად მის გვერდით გაივლიდნენ და გუბის წყლით ასველებდნენ. სკოლის მოსწავლეებმა მას სოლიდარობა გამოუცხადეს და  მათაც წვიმაში ქოლგა ეჭირათ ხელში. ვისაც საშუალება ჰქონდა ველოსიპედიც იყიდა და სკოლაში ველოსიპედით დაიწყეს სიარული. ბიჭების ქოლგით და გოგონების ველოსიპედით სიარულს მასწავლებლებიც ვერ იღებდნენ და ბავშვების ზნეობის „გაფუჭებისათვის“ მასწავლებელს  განათლების სამინისტროშიც უჩივლეს. სამინისტროს მონიტორინგის შემდეგ ახალგაზრდა მასწავლებლის მიერ განხორციელებული საქმეები დადებითად შეფასდა და სამაგალითო საქციელისთვის მას ხელფასიც მოუმატეს.  ამის შემდეგ ყველა დადუმდა, მასწავლებლები არ ელაპარაკებოდნენ, სოფლის მაცხოვრებლები კი არ ესალმებოდნენ. ის კი თავისი საქმის დღითიდღე გაუმჯობესებას ცდილობდა.  ახალ-ახალი წიგნები მოჰქონდა მოსწავლეებისათვის და ახალ ცოდნას სძენდა.

ახლა კი  ზემოაღნიშნული გზა ისევ  წარმოიდგინეთ.  გზის  შუაში კი წვიმისგან  დასველებულ  მიწაზე დაწოლილი,  ცხვირ-პირ დასისხლიანებული  ახალგაზრდა  მასწავლებელი  წარმოიდგინეთ. წარმოიდგინეთ?… დიახ… ჩვენი ახალგაზრდა მასწავლებელი 3-4 წუთის წინ სოფლის იმ ახალგაზრდებმა სცემეს, რომლებსაც თავიანთ ცხოვრებაში ერთხელ მაინც „ლეილი და მეჯნუნი“, „რომეო და ჯიულეტა“ არ აქვთ წაკითხული. რამდენიმე დღის წინაც გააჩერეს მასწავლებელი გზაში და ჰკითხეს თუ რატომ არ არის დაოჯახებული და მისი ცემა სცადეს.  მერე ხშირად სკოლის ეზოში მიდიოდნენ და მოსწავლეებს ახალგაზრდა მასწავლებელზე კითხვებს უსვამდნენ.

ერთ დღეს მან დირექტორს ჰკითხა, „ამ ბიჭებს სკოლის ეზოში რა უნდათ“. დირექტორმა ღრმად ამოისუნთქა და თქვა, რომ ისინი გოგოებისათვის მოდიან სკოლაშიო. ყველაფერი გასაგები იყო… ახლა ეს „ძლიერი“, სოფლის მდიდარი მაცხოვრებლების შვილები მასწავლებელს  იმ გოგონებზე ეჭვიანობდნენ, რომლებიც უყვარდათ.

ერთ დღეს მასწავლებელმა შეამჩნია, რომ  ერთ-ერთი  აქტიური  გოგონა კლასში  უხასიათოდ იყო და შესვენებაზე სთხოვა, რომ კლასში დარჩენილიყო და მოწყენის მიზეზი ჰკითხა. გოგომ იტირა და თქვა, რომ მშობლებს მისი გათხოვება იმ   ერთ-ერთ ბიჭზე უნდოდათ, რომელიც სკოლის ეზოში მოდიოდა და მას ელოდა. გაკვეთილების მერე სახლამდეც აცილებდა,  მას კი ეს აწუხებდა.

მასწავლებლები ამბობდნენ, რომ ისინი ერთმანეთის შესაფერისები არიან, ბიჭი მდიდარია და გოგოს მასზე უარის თქმას ჭკუასუსტობას უწოდებდნენ. ახალგაზრდა მასწავლებელმა გაიგო  ეს და ძალიან ბრაზდებოდა, ის გოგოს მხარეს იყო.  ზუსტად მას შემდეგ მეორე დღეს ის გზაში გააჩერეს და სცემეს, ველოსიპედი გაუფუჭეს დაუმახინჯეს და ახლომდებარე არხში გადააგდეს. ჩანთა გახსნეს და წიგნები ტალახიან წყალში ჩააგდეს.

მან მუშტის და ფეხის დარტყმისგან თავი ძლივს ასწია და  არხში ხელ-პირი დაიბანა, ტალახი გაიწმინდა. ველოსიპედი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ  არ  გამოადგებოდა. დასვლებული  წიგნები  კი  ჩანთაში ჩადო და გზა გააგრძელა.

მთელი გზა მომხდარზე ფიქრობდა. მოსწავლეები გაახსენდა და დაიფიცა, რომ  ნათელი მომავლისათვის,  წიგნისთვის,  წერისთვის,  განათლებისთვის და  ადამიანობისთვის  ბოლომდე იბრძოლებს.

მომხდარი ფაქტის შემდეგ ერთი კვირა სკოლაში არ გამოჩენილა, არავისთვის არ უთქვამს, რომ სცემეს. ოჯახში კი სიტუაციის ასახსნელად ძაღლების თავდასხმა მოიმიზეზა. სოფელში უმეტესობამ იცოდა, რომ  სცემეს. მოსწავლეებმა მისი ველოსიპედი არხიდან ამოიღეს და წაიღეს.

ერთი კვირის შემდეგ ჩანთა მოკიდებული, რომელიც წიგნებით ჰქონდა სავსე   ახალ ნაყიდ სკუტერში ჩაჯდა და სკოლაში წავიდა. ახლა კი  სახლიდან გვიან გამოსვლა შეეძლო, 15-20 წუთში სკოლაში იყო.  მოსწავლეებს ძალიან  გაუხარდათ  მისი  დანახვა. მისი  სკოლაში არყოფნის დროს მოსწავლეები გაკვეთილებს არ აცდენდნენ თავად უწევდნენ თავს მასწავლებლობას და გაკვეთილებს სწავლობდნენ. ეს ახალგაზრდა მასწავლებელისათვის ძალიან სასიხარულო ამბავი იყო. ყველაზე ცუდი ამბავი კი  აქტიური გოგონას მოტაცება იყო იმ ბიჭის მხრიდან, რომელიც სკოლის ეზოში ხშირად დადიოდა.  როგორც ბავშვები ამბობდნენ, გოგოს მშობლები ბიჭთან შეთანხმებულები იყვნენ. იმ დღეს პირველად დაინახეს მოსწავლეებმა მასწავლებლის თვალებზე ცრემლი.

ნელ-ნელა ახალგაზრდა მასწავლებელი სოფელში არასასურველ ადამიანად იქცა. ის მხოლოდ სკოლის დირექტორს და მოსწავლეებს უყვარდათ. სოფლის ყველა  უხუცესი, ახალგაზრდები, რომლებიც მთელ დღეს  ჩაიხანაში ატარებდნენ ყველა მის მტრად გადაიქცა. რამდენჯერმე რეგიონის რესურს-ცენტრში მის შესახებ საჩივარი შეიტანეს. ვითომ ახალგაზრდა მასწავლებელი მოსწავლეებს ცუდ გზაზე აყენებდა, მისი ჩამოსვლის შემდეგ ბავშვებს სახლში საქმეს ვეღარ აკეთებინებდნენ, მიწას ვერ ამუშავებდნენ, ბალახს  ვერ თიბავდნენ, ისინი მთელი დღე წიგნს კითხულობდნენ. როცა მშობლები რამეს ავალებდნენ, ბავშვები მშობლებს პასუხობდნენ ახალი სიტყვებით როგორიცაა – „ბავშვთა უფლებები“, „მოსწავლის ვალდებულება“. მასწავლებლის სიტყვა მათთვის კანონი იყო. გოგო-ბიჭიანად ყველას ქალაქში წასვლა და უნივერსიტეტებში სწავლა უნდოდათ. აქ ჩვენს საქმეს ვინ გააკეთებს, ვინ დაგვეხმარება.  გოგო და ქალაქში სწავლა და დარჩენა,  ბიჭებთან ერთად სწავლა? კიდევ ამ მასწავლებელმა გოგონებს ისე შეუცვალა აზროვნება გათხოვებაზე, რომ ვესაუბრებით გიჟდებიან.  გოგოს რა უფლება აქვს მშობლებს სიტყვა შეუბრუნოს. ეს ახალი მასწავლებელი ჩვენს ადათ-წესებს დასცინის. ვითომ ეს ყველაფერი უკუსვლაა. თქვენი ჭირიმე მითხარით ახლა როგორც ამბობენ ამ მასწავლებელს, ძველ ბაზარში ახალი წესის დანერგვა უნდა? იმ დღეს მამედის გოგოს ხელის სათხოვნელად მოვიდნენ. გოგომ რა თქვა იცით? მე სკოლას დავამთავრებ, უნივერსიტეტში ვისწავლი, შემდეგ ვიმუშავებ, მერე კი ვინც შემიყვარდება მაგას გავყები ცოლადო. ამის შემდეგ შენ მამედს რაში სჭირდები. თუ მამედს ერთ ჭიქა ჩაის ვერ დაუსხამ, საჭმელს ვერ მიუტან, ტანსაცმელს ვერ გაურეცხავ, სახლს ვერ დაასუფთავებ, მამედისთვის შვილიშვილებს ვერ გააჩენ, მაშინ მამედს რად უნდიხარ. ამ სოფელში კაცები  სად დაიხოცნენ, რომ შენ უნდა იმუშაო და ასე შემდეგ.

რესურსცენტრში მომუშავე თარჯიმანს შერცხვა მათი ნათქვამი, რომ ეთარგმნა და შეეცადა მათთვის აეხსნა, რომ  მასწავლებელს მათი  შვილებისთვის კარგი მომავალი უნდა, წერას და კითხვას ასწავლისო. გოგონების გათხოვებას რაც შეეხება, მათ ჯერ უნდა ისწავლონ, იმუშავონ, მერე თავად გადაწყვეტენ თუ ვის გაჰყვენ ცოლად. დიახ, უნდა იმუშაონ. კარგი არ იქნება, თუ თქვენი შვილებიც, როგორც ქართველები მასწავლებლად, ექიმად, მეცნიერად, სპორტსმენებად იქნებიან ჩამოყალიბებულნი. თქვენ კი შვილებს მსახურებად, დამლაგებლებად ზრდით. ადამიანები ხელჩაკიდებულნი ნათელი მომავლისათვის უნდა იბრძოდნენ.

სოფლის მაცხოვრებლებმა თარჯიმანზე თქვეს, ესეც მასწავლებლის მხარეს  არისო და მოგვიანებით საჩივრისთვის თავიანთი თარჯიმანი მიიყვანეს. რესურს-ცენტრის თანამშრომლებს მობეზრდათ მათი საჩივრები და ახალგაზრდა მასწავლებელი მიიწვიეს ცენტრში, სხვა სკოლაში მუშაობა შესთავაზეს. მან ეს შემოთავაზება არ მიიღო და თქვა, რომ ბოლომდე იბრძოლებს, იბრძოდა კიდეც  ახალ მომხდარ მოვლენამდე.

სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდებოდა. ახალგაზრდა მასწავლებელმა მოსწავლეებს 45 წუთის განმავლობაში თავისუფალი თემის წერა დაავალა. ზარის დარეკვის შემდეგ ყველა თავიანთი რვეული  მასწავლებელს დაუტოვეს და  კლასიდან გავიდნენ. საღამოს სახლში რვეულების შემოწმების დროს ზემოაღნიშნული ამბავი დახვდა. გოგონებიდან ერთ-ერთმა სათაურით „აღიარება“ დაწერა.  ნაწერი კი ასეთი იყო:

„დიდი ხანია თქვენთვის ამის თქმა მინდოდა,  მაგრამ  როგორ ან  რა  დროს  მეთქვა  არ  ვიცოდი. ამ გაკვეთილმა კარგი შესაძლებლობა მომცა. იმედი მაქვს, სწორად გაიმგებთ და მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაზე ცუდათ არ აისახება. თქვენ ჩემი ნამდვილი მასწავლებელი გახდით, არა მხოლოდ ჩემი, ყველა მოსწავლის, მაგრამ ჩემს  და სხვებს შორის განსხვავება ისაა, რომ მე თქვენ მიყვარხართ. დღე და ღამე მხოლოდ თქვენზე ვფიქრობ. როცა ვკითხულობ, ვწერ, თვალწინ სულ თქვენ ცოცხლდებით ხოლმე. გთხოვთ, ნუ მიბრაზდებით. სიყვარული ხომ თქვენ გვასწავლეთ. თქვენ ამბობდით, რომ სიყვარული ყველაზე მაღალი გრძნობაა, არც ერთ ჩარჩოში არ ირგებსო, ის თავისუფალია. მაპატიეთ… შეიძლება არასწორად ვიქცევი. მაგრამ ამ წინადადებებს ჩემს გულს ვუსმენ და ისე ვწერ. მე თქვენ მიყვარხართ!“.

მასწავლებელმა „აღიარება“ წაიკითხა და დიდ ხანს ფიქრობდა. დიახ… ახლა იმის წინაშე დადგა, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა. სულ ეშინოდა თავისი მოსწავლის შეყვარების, მაგრამ პირიქით მოხდა, მოსწავლეს შეუყვარდა მასწავლებელი. ეს მისთვის მოულოდნელი გამოცდა იყო. ამ გამოცდის ჩაბარებას შეძლებს? სოფლის მაცხოვრებლებსაც , სწორედ ასეთი რამის გაგონება უნდოდათ. ისედაც ჭორებს ავრცელებდნენ, რომ გოგონებს „აფუჭებდა“. მას ამ სოფელში ყველაზე მეტად გოგონებთან ურთიერთობა აშინებდა.  თავისი თავის დადანაშაულება დაიწყო. რა გააკეთა ისეთი, რომ მსგავსი მოვლენის  წინაშე დადგა . მერე ისიც გაიფიქრა ეს რამე ცუდი განზრახვა ხომ არ იყო.. არა! მას სჯეროდა თავისი მოსწავლეების.  მათგან ასეთი  „თამაში“ მისთვის წარმოუდგენელი იყო. ეს ნამდვილი სიყვარული იყო. სუფთა, ცოდვებისგან შორს მდგარი  სიყვარული.

ამ მოვლენამ მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. დილით კლასში შესვლის დროს იმ გოგოს ადგილი ცარიელი დახვდა. ერთი კვირა ასე გაგრძელდა. როცა მასწავლებელმა მიზეზი ჰკითხა სხვა ბავშვებს მათ უპასუხეს, რომ ის ავად იყო. მან ფურცელზე რაღაც დაწერა, გოგოს რვეულში ჩადო და მის ყველაზე ახლო დაქალეს, სანდო მოსწავლეს ჩააბარა და მისთვის სახლში მიტანა სთხოვა. ენდობოდა, მაგრამ  დილამდე ნერვიულობდა, რომ რვეული სხვის ხელში არ აღმოჩენილიყო. მეგობარმა რვეული გადასცა და მასწავლებლის ნათქვამიც უთხრა – „გაეცნოს თავის შეცდომებს“. რვეულში ჩადებულ ქაღალდზე ეწერა:

„მეც მიყვარხარ, მაგრამ ეს ის სიყვარულია, რაც მასწავლებელს მოსწავლის მიმართ აქვს. მხოლოდ შენ კი არა ყველა მიყვარხართ, როგორც ჩემი ახლობლები და ძვირფასი ადამიანები. ჩვენს შორის სიყვარული მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს. სიყვარული  არც  დანაშაულია და არც  ცოდვა.  ამიტომ, შენ არ გიბრაზდები. მე შენი მესმის. სინამდვილეში ეს ჩემი ბრალია, რომ სიყვარულის განვითარებაზე სხვა მიმართულებით შევქმენი პირობა. ასე არ უნდა მომხდარიყო. შენ ძალიან ახალგაზრდა ხარ და მომავალი წინ გაქვს. მჯერა, რომ ვინც უნდა შეგიყვარდეს ეს ადამიანი მე არ უნდა ვიყო. შენს სუფთა სიყვარულს მე არ ვიმსახურებ, მაპატიე….

თუ გაკვეთილებს გააცდენ და  სკოლაში ჩემს გამო არ მოხვალ, მე ჩემი საყვარელი საქმისთვის თავის დანებება მომიწევს, ჩემს ბრძოლას შევაჩერებ, დავემორჩილები. ამას კი იმედია, ოდესმე გაიგებთ და მე მაპატიებთ. გთხოვ, არ გააცდინო გაკვეთილები“.

თავდაპირვალად მოსწავლე მის თხოვნას არ ასრულებდა. გოგონა სკოლაში კვლავ არ დადიოდა. მთელი დღე სახლიდან არ გადიოდა, ტიროდა.  სოფელშიც გავრცელდა ჭორები. ყველა იმაზე საუბრობდა გოგომ ასე უცებ როგორ მიატოვა სკოლა, ისინი მის უცნაურ დაავადებაზე ჭორაობდნენ. მასწავლებელმა ბევრჯერ სთხოვა, ბევრს შეეცადა, დირექტორიც გააგზავნა მასთან სახლში, მაგრამ გოგონა ისევ არ მოვიდა სკოლაში. ნელ-ნელა მისი მდგომარეობა გაუარესდა, ნამდვილად ავად გახდა. საწოლიდან ვერ დგებოდა, საჭმელს არ ჭამდა, არავის  ელაპარაკებოდა. ღამით  მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, დილამდე არ უწევდა ტემპერატურა. ბოდვაც დაიწყო. ერთ ღამეს კი  სიცხიანმა გოგონამ თავისი მასწავლებლის სახელს იძახდა ძილში  და მშობლემა ეს გაიგეს. დილით კი მთელ სოფელში გავრცელდა ეს ამბავი.  გოგონას ავად ყოფნის მიზეზად მასწავლებელი დაასახელეს, დაადანაშაულეს  და სკოლაში მივიდნენ .

სკოლის წინ სოფლის მაცხოვრებლები ჯოხით და ჯაჭვით ხელში, მასწავლებლის გარეთ გამოსვლას ითხოვდნენ. ხმაურზე მოსწავლეები და მასწავლებლები ფანჯრის მინებიდან  შეიკრიბნენ. სკოლაში რა ხდებოდა ვერავინ მიხვდა. ახალგაზრდა მასწავლებელმა ყველას გასაგონად თქვა, რომ  ადგილებს დაბრუნებოდნენ. დირექტორი საკითხის გასარკვევად მოსახლეობასთან მივიდა. ხმაური უფრო იმატა  ახალგაზრდა მასწავლებლის გარეთ გამოსვლას ითხოვდნენ. დირექტორს აბრალებდნენ, რომ მასწავლებელი მან მიიღო სკოლაში.

ახალგაზრდა მასწავლებელი ფანჯრიდან ყველაფერს ხედავდა, ვერ მოითმინა და  გარეთ გავიდა.  მიუახლოვდა მოსახლეობას და სთხოვა დირექტორი გაეშვათ. მოსახელობამ მას ცემა დაუწო. დირექტორს ჩარევა უნდოდა, მაგრამ ხალხის ბრბო ურტყამდა. მასწავლებლები სკოლის კართან იდგნენ და მოსწავლეებს გარეთ არ უშვებდნენ. სკოლის ეზოში სირბილით მომავალი გოგონას ყვირილზე „გაჩერდით“, ყველა თავის შეჩერდა. ბრბოში შევიდა, ტანისამოს დახეულ მასწავლებელს მიუახლოვდა, რომელიც მიწაზე იწვა და  ჩაეხუტა და ტირილი დაიწყო.. „თქვენ რა გააკეთეთ? მისი ბრალი არაფერია…

მოსწავლეები გარეთ გამოვიდნენ. მათ მიწაზე, მოსწავლის კალთაზე უგონოდ დაცემული მასწავლებლის გარშემო წრე შეკრეს.  ხალხს და მასწავლებელს შორის თვიანთი წრით კედელი შექმნეს. გარშემო სიჩუმე იყო. მხოლოდ გოგონას ტირილის ხმა ისმოდა, რომელიც მასწავლებლის სისხლიან თავს ეხუტებოდა.  შემდეგ… შემდეგ რა მოხდა? ამას არ დავწერ. ამის გასარკვევად თვითონ მიდით სოფლის სკოლებში, მოძებნეთ ის მასწავლებელი…ისევ მინდა, რომ გრძელი გზა წარმოიდგინოთ, ამ გზაზე კი  მიმავალი მასწავლებელი, რომელსაც ზურგზე წიგნებით სავსე ჩანთა აქვს მოკიდებული. სოფლისკენ მიმართული ჩრდილი… ეს ახალგაზრდა მასწავლებლის ჩრდილია.

ავტორი: აზერ მუსაოღლუ

თარგმნა: აინურა ალიევა