წიგნები პანდემიისას – თეონა დოლენჯაშვილი

                                                    ქალები პანდემიისას

“სიკვდილი მხოლოდ იმიტომ მიძნელდება, რომ სიყვარულის გამო არ ვკვდები

პანდემია ახშობს ცხოვრებას და მასში დახშულ სურვილებს ავლენს, ლიტერატურა კი მათ აღწერს. კრიზისის დროს, როგორც ვირჯინია ვულფი იტყოდა,  „ადამიანის მარადიული ბუნება იცვლება“, უფრო სწორად, საკუთარ ჭეშმარიტ არსს უბრუნდება, მორალურ-კულტურულ საბურველს იცლის და ძვლებამდე აშიშვლებს ჩვენს სისუსტეებს, შიშებს და ტკივილებს, და დგება დრო, როდესაც ყველაზე დიდი მისია ექიმებს და მწერლებს ეკისრებათ. ხორცის მკურნალობას და სულის გადარჩენას, სულზე დაკვირვებას, მის ყველაზე ბნელ და ღრმა კუნჭულებში შეღწევას. რადგან კრიზისი პროცესია და არა განაჩენი. განაჩენი კი იმის მიხედვით დგება, თუ როგორ გავივლით ამ პროცესს.

სწორედ ამიტომ ჩემი საყვარელი წიგნებიც ისინია, რომლებიც ყველაზე მძაფრად აღწერენ ამ პროცესს. სადაც ყველაზე უკეთ ჩანს სიკვდილის სიახლოვით შეცვლილი ადამიანი და მისი ბუნება, მისი არჩევანი, გმირობა თუ ლაჩრობა, სიძულვილი თუ სიყვარული…

მაგრამ ახლა ამ წიგნებზე კი არა, ამ წიგნების პეროსნაჟებზე მინდა მოგიყვეთ. მათ ყველაზე სუსტ და ამავე დროს  ყველაზე ძლიერ  გმირებზე – ქალებზე პანდემისაას.

ექიმის ცოლი

მას სახელი არ აქვს. ის უბრალოდ ექიმის ცოლია. ერთადერთი თვალხილული ადამიანი უცნობი ეპიდემიით დაავადებულ ასევე უსახელო უსინათლოთა შორის. ეს ქალი ჟოზე სარამაგუს „სიბრმავის“ მთავარი პერსონაჟია, რომელსაც მწერალმა ყველაზე დიდი მისია არგო – ექიმის ცოლი ის არის, ვინც  მოვლენების შუაგულშია. ვინც ხედავს ყველაფერს. ხედავს ადმიანების სულმოკლეობას, სასოწარკვეთას, სისასტიკეს, ღალატს, მკვლელობას, ის ხედავს მათ სრულ დაცემას, ქაოსს და რღვევას. ის ხედავს „თეთრი პანდემიის“ მიზეზს და აღწევს საგანთა არსში.

სარამაგუს ამ წიგნში იზოლაცია ყველაზე მძაფრია. კარანტინი – ყველაზე მძიმე. ადამიანებს გარესამყაროსგან თეთრი ნისლის სქელი ფარდა ჰყოფს. და ისინი არა მხოლოდ ჩვეული ყოფისგან ხდებიან იზოლირებული, ისინი მოკვეთილნი არიან საკუთარი თავისგანაც. მათ ყველაზე უმწეო, უილაჯო მდგომარეობ აქვთ მისჯილი – იზოლაცია სიბრმავით.

ექიმის ცოლი ტყუის. ტყუის, თითქოს თავადაც ბრმაა. თავდაპირველად ეს ქმრის გამო გააკეთა, რადგან მისი იზოლაციაში მიტოვება არ სურდა, მაგრამ მერე მის მთავარ როლად იქცა. ქალაქის საკარანტინე სივრცეში,  იქ, სადაც ცარიელი ფსიქიატრიული კლინიკის ბინძური ტალანებია, ექიმის ცოლი ყველასთან თამაშობს, რათა არ გამოირჩეს, რადგან იცის, ჯანმრთელი ადამიანის უპირატესობას ყველაზე მტკივნეულად დაავადებულები გრძნობენ, ამ უთანასწორობის გამო წარმოქმნილი უკონტროლო აგრესია კი ნებისმიერ ვირუსზე უფრო სახიფათოა.

ამგვარად, ექიმის ცოლი ცოდნის ზღვარს იქითაა. მას ესმის, რომ ცოდნის გარკვეულ ზღვარს იქით სჯობს, თავი ისე დაიჭირო, თითქოს არაფერი იცი.

უსინათლო ექიმის თვალხილული ცოლი სიკეთის ზღვარს იქითაც არის. ის ერთადერთია, ვისაც შეუძლია, დაავადებულებს უშველოს. გახდეს ლიდერი, შექმნას ერთობა, გამოიყვანოს ეპიდემიის მოჯადოებული წრიდან ადამიანები, გადაარჩინოს სხვები.

და ასეც იქცევა. ის ყველას ნაცვლად იბრძვის.

ექიმის ცოლი სიყვარულის ზღვარს იქითაცაა. რადგან მოვალეა, თვალი არ დაუხუჭოს რეალობას, იმასაც ხედავს, როგორ ღალატობს ქმარი. ხედავს და ეგუება, თვალს ავლებს ნაცრისფერი საბნების ქვეშ სხეულების მოხაზულობას, ბინძურ კედლებს, ცარიელ საწოლებს და აუღელვებლად უსურვებს საკუთარ თავს  დაბრმავებას, რათა შეაღწიოს საგნების ხილული გარსის მიღმა, შიგ სიცარიელეში, მათ ბრწყინვალე და გარდაუვალ სიბრმავეში.

საოცარია, მაგრამ ექიმის ცოლი, მართლაც, ერთადერთი მხედველია საყოველთაო სიბნელეში. ტაძრებშიც კი წმინდანდების ქანდაკებებს თვალები აქვთ ახვეული, თითქოს ღმერთებიც დაბრმავებულან და ახლა ექიმის ცოლმა უნდა გაიყვანოს ადამიანები აღთქმულ მიწაზე და უთხრას მათ:

„მკვდრები ხართ და მკვდართა დამმარხავი!
ბრმები ხართ და ბრმათა წინამძღოლი!
მართალთა გამოგზავნილო მკვლელებო,

აჰა! გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად
შენ კი, ჩემოხალხო, გამოდი მისგან!

გაიქეცი ბაბილონიდან“

ფერმინა

ფერმინა დასაც ექიმის ცოლია. უფრო სწორად ექიმის ქვრივი. ფერმინა იმ ასაკშია, როდესაც ქალები დასასრულისთვის ემზადებიან. გრილ პატიოში ჩამოსხდებიან და ნუშისა და ყავის მომწარო სურნელში ტკბილახალგაზრდობას იგონებენ. ხანგრძლივი წვიმების სეზონზე  შინ ნაქსოვ თავშალში ეხვევიან, მზიან დღეებში კი ლურჯ ცაზე ანგელოზებს ეძებენ. ელოდებიან უკანასკნელ საქმროს – მთავარანგელოზს.

მაგრამ ფერმინასთან მთავარანგელოზი იგვიანებს. იქამდე ეპიდემია მოდის – ქოლერა. ქალაქში ჟამიანობა იწყება. ქალაქი იკეტება, გარესამყაროს სწყდება და ყოველ ოთხ საათში ციხესიმაგრის გარნოზონიდან ქვემეხის ხმა ისმის. ზარბაზანს ისვრიან. სჯერათ, რომ დენთი ჰაერს გაასუფთავებს ან ქოლერის დემონებს დააფრთხობს. მაგრამ ქოლერას არაფერი აშინებს. მიჰყავს და მიჰყავს ადამიანები, გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება, მათი დათვლა შეუძლებელია.მხოლოდ რჩეულები გადარჩებიან, რადგან ეპიდემია ღვათებრივი სამართლის ფორმაა, თუმცა ეს სამართალიც არავინ იცის, როგორ ნაწილდება, ის ისევე ულოგიკოა, როგორც უბედურება, რომელიც საყოველთაოა და ამავე დროს არათანაბარი.

ფერმინა ყველა ავადობის წამალს და უნივერსალურ ვაქცინას აგნებს. მისი სახით გაბრიელ გარსია მარკესმა რომანში „სიყვარული ჟამიანობის დროს“ სიკვდილ – სიცოცლის დუალიზმი ამოხსნა. ახსნა, რატომ არის, რომ სწორედ მაშინ, როცა ასე ახლოსაა სიკვდილი, ყველაზე მეტად გვინდა სიცოცხლე. რატომ არის, რომ როდესაც შეუძლებელია სიყვარული, ყველაზე მეტად გწყურია ის.

და მაშინ, როდესაც ქოლერა ირგვლივ ყველაფერს ანადგურებს, 80 წლის ფერმინას ახალგაზრდობის სიყვარული უცოცხლდება. ის გარბის ფლორენტინოსთან ერთად, რომელიც მას 51 წელი ელოდა, რომელმაც იცოდა, რომ უნდა ეცოცხლა, ავად არ უნდა გამხდარიყო, არ უნდა დაბერებულიყო, ფერმინას ქმარზე ადრე არ მომკვდარიყო.

დიახ, სიყვარული საუკეთესო ვაქცინაა, ხოლო ეპიდემია – თავისუფლება! თავისუფლება აკრძალვებისგან, საზოგადოებრივი წნეხისგან. სიბერისგან, შიშისგან. ჟამიანი ქალაქიდან გაქცეული მოხუცი შეყვარებულების გემზე მოფრიალე ქოლერის ყვითელი დროშა ფერმინას, როგორც ქალის, თავისუფლებაა. აკრძალული სიყვარულით ტკბობაა ცხოვრების დაისში. ეს დასასრული ამავე დროს ახლის დასაწყისია. სიყვარულში ჩაკეტვა, სიცოცხლის ზეიმი და სიკვდილთან დაზავება – ფერმინას სიყვარული არა მხოლოდ სიკვდილზე იმარჯვებს. ის იმარჯვებს იმ სიცოცხლეზეც, რომელსაც ის საზოგადოებრივი აზრის კარანტინში ჰყავდა გამოკეტილი.

ქითი

რომ არა ეპიდემია, ქითი (სომერსეტ მოემის „მოხატული ფარდა“)

სნობური ელიტარული ოჯახის განებივრებულ ქალად დარჩებოდა, ერთ მარტოსულ და მოწყენილ დიასახლისად. რომლისთვისაც ქმარს არ სცალია, მოწყენილობისგან გაბეზრებული ქითი კი  ინტრიგაში ეხვევა და ქმარს ღალატობს. ქითი მოღალატე ცოლია, რომლის ღალატის შესახებაც იცის ქმარმა, ექიმმა უოლტერ ფეინმა, თუმცა ქმრის სასჯელი უცნაურია. ის ცოლს არ ტოვებს, ის მასთან ერთად შორეულ და სახიფათო მოგზაურობაში მიემგზავრება. ჩინეთის პატარა დაბაში, იქ, სადაც ქოლერა მძვინვარებს.

გაუგებარია, რას ეძებს უოლტერი ღვთისგან მივიწყებულ სოფელში – სიკვდილს თუ გადარჩენას. ეს მისი სასჯელია თუ პატიება.  თავდაპირველად ქითისთვის ყველაფერი ტანჯვაა:  უცხო ადგილი, მძიმე პირობები, მოწამლული წყალი, ქოლერით გარდაცვლილთა სამგლოვიარო პროცესიები…  მაშინ, როდესაც ქმრის ცხოვრება ყოველდღიური ბრძოლაა სიკვდილთან.  როდესაც ის შიშველი ხელებით, მედიკამენტებისა და სანიტრების გარეშე ებრძვის მომაკვდინებელ სენს. ეპიდემიას, სულებს გლეჯს პირიდან. ქითის ცხოვრება მხოლოდ პასიური დაკვირვებაა  ყოველივე იმაზე,  რაც ხდება. და ბედს შეგუებული მოლოდინი, რა მოხდება მერე,  რას მოუტანს ხვალინდელი დღე მისთვის უკვე დასრულებულ ცხოვრებაში. მაგრამ სწორედ აქ ხდება მეტამორფოზა.

სწორედ აქ – პატარა ჩინურ სოფელში იწყება ნამდვილი, სისხლსავსე და ბედნიერი ცხოვრება. სწორედ აქ იბადება ქითის მიზანი, ჩნდება მისია და იქმნება ნამდვილი სიყვარული. ქალი თითქოს ახლაღა გაიცნობს ქმარს. უბედურება მათ აახლოებს, ეპიდემიის წინააღნმდეგ ბრძოლა აერთიანებს. ქოლერა უკან იხევს. ისინი კი თავიდან აღმოაჩენენ ერთმანეთს. უყვართ და იბრძვიან. და, რა თქმა უნდა, აქაც ხდება კათარზისი. ექიმი ქალაქს გადაარჩენს, მაგრამ თავად იღუპება. სიკვდილს მთავარი გმირი მიჰყავს, მაგრამ სიყვარულს ტოვებს.  და ქოლერისგან გაწმენდილ ქალაქში ახალი სიცოცხლე იბადება.

ქითი ქალია. ქალი, რომელიც ყოველთვის იმარჯვებს  სიკვდილზე, რადგან მხოლოდ ქალს შეუძლია, აღადგინოს კაციობრიობის დაკარგული ბალანსი. მხოლოდ ქალს შეუძლია, ამქვეყნად ახალი სიცოცხლე მოავლინოს. ახალი შვილი, ახალი ადამიანი.

* * *

დასასრულს, კიდევ ერთი ქალი მახსენდება. ალბერ კამიუს გენიალური რომანიდან „შავი ჭირი“. ის ქალიც ექიმის ცოლია.  მთავარი გმირის ბერნარ რიეს სიყვარული. ქალი, რომელიც ნაწარმოებში თითქმის არ ჩანს, რადგან ეს კაცების რომანია. აქ კაცები იბრძვიან შავი ჭირის – ფაშიზმის წინააღმდეგ. კამიუს ამ დიდ ალეგორიულ წიგნში ვირთხების მიერ შემოტანილი შავი ჭირის ვირუსი ისევე ჰგავს ტოტალიტარული სახელმწიფოების იდეოლოგიას, როგორც ჟოზე სარამაგუს „სიბრმავეში“ აღწერილი  ფსიქიატრიული პალატები ჰგვანან ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებს. ექიმ ბერნარ რიეს ცოლი კი კოლექტიური სახეა იმ უდანაშაულო მსხვერპლისა, იმ ათი ათასობით ქალის და ბავშვისა, რომლებიც მიჰყავთ ომებს და ადამიანურ უგუნურებას. რიეს ცოლი, რომლის დაღუპვასაც ის ტყელეგრამით იგებს, უხილავი მსხვერპლია და ყველაზე ხილული მეამბოხე,

მისი სიკვდილი ნიშანია და ეპიდემიასთან,  ომთან,  ბოროტებასთან თუ ადამიანურ არასრულყოფილებასთან მებრძოლი ექიმი ხვდება,  რომ სამყაროს განკურნება შრუძლებელია, რომ „შავი ჭირის ბაცილა არასოდეს კვდება და არც არასოდეს ქრება, რომ მას შეუძლია, ათეულობით წელი ეძინოს ავეჯსა თუ თეთრეულში, მოთმინებით იცადოს ოთახებში, სარდაფებში, ჩემოდნებში, ცხვირსახოცებში, ქაღალდებში და ,იქნებ ერთი დღეც დადგეს, როცა, ადამიანთა საუბედუროდ თუ მათი ჭკუის სასწავლებლად, შავი ჭირი კვლავ გამოაღვიძებს ვირთხებს და სასიკვდილოდ გამოგზავნის ბედნიერ ქალაქში.“

და თუ არ დავინახეთ, არც ბრმებს აგვეხილება თვალები, რადგან სიბრმავე სხვადასხვაგვარია. არც თავისუფლება მოგვეცემა, თუ მისთვის არ ვიბრძოლეთ და არც ახალი სიცოცხლე  დაიბადება, თუ არ შევიყვარეთ.

ეს ჩემი ქალების გაკვეთილებია დიდი პანდემიის წიგნებიდან . ეს ჩვენი საერთო ლიტერატურული და ცხოვრებისეული გამოცდილებაა, რომელიც კიდევ ერთხელ გვეუბნება, რომ –

ცხოვრება აბსურდია.მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ აბსურდში ცხოვრება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება სხვისთვის!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s