ჩემი უკანასკნელი სარძევე კბილი

მოუთმენლად ველოდი, თუ როდის მომექანებოდა მორიგი სარძევე კბილი, რადგან ამას  მთელი  ცერემონია  მოჰყვებოდა,  რომელიც ჩვენს ოჯახში დაურღვეველ  წესად იყო უკვე  დამკვიდრებული.

კბილის მოქანების ამბავი პირველად მამას უნდა გაეგო. მე მამასა და ტელევიზორის ეკრანს შორის ვდგებოდი, მომხდარისათვის უფრო მეტი მნიშვნელობა რომ მიმენიჭებინა, უსიტყვოდ ვაღებდი პირს და ენით საზეიმოდ ვაწვებოდი მოქანებულ კბილს.-  მოიტა  ბავშვის კბილის კოვზი, – მიმართავდა მამა დედას. „კბილის  კოვზად“  წოდებული ერთი ტარმოჩუქურთმებული ვერცხლის კოვზი იყო, რომელსაც  მხოლოდ კბილის  მოქანების  შემთხვევაში  თუ  ამოიღებდნენ  უჯრიდან. გარდა ამისა მხოლოდ მამას ჰქონდა უფლება შეემოწმებინა თონის დანთების დრო იყო ნამდვილად, თუ  არა.  დედაჩემი  გამოაღებდა სამზარეულოს თეთრი კარადის ზედა კარს, ამოიღებდა ვერცხლის კოვზს და მამას მისცემდა.  მამაჩემი კოვზის ტარით ფრთხილად  მიაწვებოდა მოძრავ  კბილს  და იტყოდა კვირამდე კარგად მოფამფალდება, კვირას თონეს გავაჩაღებთ. ამით  იწყებოდა  ჩემი  ტანჯვა. არადა არ დგებოდა  კვირა.  თენდებოდა  და არ ღამდებოდა. ბოლოსდაბოლოს  შაბათს  საღამოს  მე  და  დედა  ვირჩევდით  მეორე  დღისთვის  ჩასაცმელ  კაბას, ბაფთებს, ფეხსაცმელებსა  და   წინდებს… ჩვენი  სახლი  პატარა  და  ერთსართულიანი  იყო.  თონე  ჩვენს  ქოხთან  უფრო  ახლოს  იდგა,  ვიდრე  ბიძაჩემის ორსართულიან  ქვის  სახლთან.  ჩვენ და ბიძაჩემი ვცხოვრობდით ერთი დიდი ბაღის სხვადასხვა კუთხეში  აშენებულ  სახლებში  და  პატარაობისას  მიძნელდებოდა  გარჩევა, რა  იყო  ჩვენი  და  რა  ეკუთვნოდა  ბიძაჩემის  ოჯახს. მხოლოდ მე  მქონდა  ნებადართული  ისე დამერღვია ყველა საზღვარი,  გამეთელა ბოსტანის ყველა  კვალი და დამეტეხა ყველა მსხმოიარე ხილის ტოტი, როგორც  მე მსურდა. რაც  შეეხება თონეს,  ის  ხომ  მთლიანად  ჩემი  იყო და ჩემი. უპირველეს  ყოვლისა,  ეს  თონე  ყლაპავდა  ყველა  ჩემს  სარძევე  კბილებს,  გარდა  ამისა, ქათმების   საბუდრისაკენ   მიმავალი   გზა  თონეს  გვერდს ჩაუვლიდა, მე  კი თოხლოდ მოხარშული კვერცხი  ძალიან  მიყვარდა.

კვირა  დილით  უთენია  კვამლის მწკლარტესუნი და ჩემი აცრემლებული თვალები მაღვიძებდნენ.  ამჯერად  ხმელი  ფოთლები  და  წკირები, რომლებსაც  თონეში  ტკაცა-ტკუცი  გაუდიოდა  უსიამოვნო  შეგრძნებას  არ იწვევდა  ჩემში. მე  სხვა  დანარჩენი  დღეებივით  აღარ  ვნებივრობდი  საწოლში, წამოვხტებოდი  და  ღამის  პერანგით  მივრბოდი  თონისკენ  მამაჩემთან  და  ისიც  აალებულ  თონესთან  მდგარი სწრაფად ხელში  ამიტაცებდა.

მამაჩემი  აუწერელად  ლამაზი  იყო. შავი  ფართო   თვალები ჰქონდა, მშვილდივით წარბები, ხორბლისფერი,  უზადო კანი, სწორი, ლამაზი ცხვირი და ამობურცული ტუჩები.  მართალი  რომ  ვთქვა, მე ეს ყველაფერი აღარც  კი  მახსოვს, დედაჩემის  მონაყოლიდან  ვიცი. აბა ხუთი  წლის  ბავშვს  საიდან  აქვს იმის შეგნება შეაფასოს მამამისი  ლამაზია  თუა  რა?   დედაჩემი   მიყვებოდა, რომ   მამას   მშვენიერი, ხავერდოვანი  ხმა  ჰქონდაო.   მე  მახსოვს, თუ როგორ მღეროდა ის  ჩემს  დაბადების  დღეებზე  და  ისე,  ყოველგვარი   მიზეზის   გარეშეც.  ღამღამობით  მიმღეროდა,  რომ  დამეძინა. სიტყვებიც  კი მახსოვს ,,მგელს  ერგოს  წილად  გული ჩემი, მხოლოდ დედაჩემს არ მოესწროს სიკვდილი  ჩემი“, – მღეროდა  მამა.

̶  დღეს  უნდა  ვიმღეროთ, მეტყოდა  თონესთან   მდგარი. მერე  ძირს ფრთხილად  ჩამომსვამდა და მეც ხტუნვა-ხტუნვით გავიქცეოდი  სახლისკენ,  ჩავიცვამდი  ლამაზ, საზეიმო  კაბას,  წინდებს,   ფეხსაცმელებს… მერე  კი, დედაჩემთან   ხელჩაკიდებული, მორთულ-მოკაზმული  ვბრუნდებოდი  თონესთან,   სადაც  უკვე  თავი  მოეყარათ   ბიძაჩემს, მის  ცოლსა  და  სამ  შვილს. ჩემს  გამოჩენაზე  ყველანი  ტაშს  უკრავდნენ.  მე  შუაში  გავჩერდებოდი, მამაჩემი არაყით  დაასველებდა  ძაფს  ჩააბამდა მოფამფალებულ ჩემს  სარძევე კბილს  და მოქაჩავდა. შემდეგ    მამაჩემს  კბილს  ფრთხილად  დადებდა  ლურჯ  ყვავილებიან  ხელსახოცზე    და მომცემდა.   შემდეგ  მე  და  მამა  თონეს  გარს  ვუვლიდით  და  ვმღეროდით  „თონევ, ჩემო  თონევ, მე  შენ  მოგცემ  ძაღლის  კბილს, შენ  მე მომე  ბატკნის  კბილი“. ამ  სიტყვებს  სიმღერით ვიმეორებდით  შვიდჯერ. მამაჩემი  ბოხი  ხმით  მღეროდა  მე  კიდევ  ვაკარკარებდი, ვცდილობდი  რაც  შემეძლო  კარგად  მემღერა, რადგანაც   მამაჩემმი   ამბობდა, რომ  თუ  კარგად  არ  ვიმღერებდი  თონე  გაბრაზდებოდა  და   უსწორმასწორო   კბილები   ამომივიდოდა. შვიდჯერ   გამეორების   შემდეგ  კბილს  თონეში  გადავუძახებდი.  ვცდილობდი  დამენახა, თუ როგორ  იწვოდა  ჩემი  კბილი,   მაგრამ  ვერ  ვახერხებდი, რადგანაც  ცეცხლის  ენები  სწრაფად  ნთქავდნენ  მას.  ყოველივე  ამის  შემდეგ  მივრბოდი  ჩემი  საწოლი ოთახისაკენ და ბალიშს ავწევდი, ვიცოდი იქ საჩუქარი უნდა ყოფილიყო ჩემი მორიგი სარძევე კბილის თონესთვის გადაცემასთან  დაკავშირებით. საჩუქრად ხან  თოჯინა  დამხვდებოდა,  ხანაც  დათუნია, ხან  კიდევ  ლამაზი კაბა… შემდეგ   უფროსები  მწვადს  წვავდნენ  (აბა ცეცხლს  ტყუილუბრალოდ  ხომ  არ  დაკარგავდნენ), ჩემთვის კი ეს სადღესასწაულო ღონისძიება საჩუქრის მიღებით მთავრდებოდა,  ამიტომაც ოჯახური  სადილიდან  ბევრ  რამეს  ვერ  ვიხსენებ.

როდესაც  უკანასკნელი  სარძევე   კბილი   მომექანა   მამაჩემი   საავადმყოფოში   იწვა. მე  დეიდა  ემილიას  სახლში  ვრჩებოდი,  ერევანში,   რადგანაც   ჩვენსას   სახლში  არავინ  იყო. დედაჩემი  მამას უვლიდა  საავადმყოფოში. კბილი  რამდენიმე  დღე  ინძრეოდა, შემდეგ  კი სულ  მოეშვა  და  ჩამოეკიდა.- მოდი  კბილს  ამოგიღებ, უცებ  არ  გადაყლაპო, – მითხრა  დეიდამ.- ვერცხლის   კოვზი   სოფელშია, – ვუთხარი  მე.- ვერცხლის  კოვზი  რად  მინდა, ხელით   მოგაძრობ…- როგორ  თუ ხელით? – გავიკვირვე  მე. ჩემთვის  უკვე  გასაგებიიყო, რომ დეიდაჩემი  სარძევე  კბილის  ამოღების წესებს არ ფლობდა და მოვითხოვე  მამაჩემთან  წავეყვანე   (პატარობისას  მე  თხოვნა  არ  ვიცოდი, მხოლოდ  მოვითხოვდი).  მეორე  დღეს  კბილი  თვითონ  მომძვრა. მე დეიდას  ხელსახოცი  ვთხოვე, მანაც  მომცა,   მაგრამ  ყვავილებიანი  კი   არა, ჩველებრივი,  თეთრი. მე  მაინც  გავახვიე  კბილი  ხელსახოცში  და  ჯიბეში  ჩავიდე. კვლავ  მოვითხოვე   წავეყვანე  მამასთან. მეორე დღეს დედაჩემის  ძმამ  საავადმყოფოში  წამიყვანა.   მამაჩემი  საწოლში  იწვა,  ფანჯარასთან. როცა  შევედი  საწოლიდან  წამოიწია,  ხელში  ამიყვანა და  დიდხანს  კოცნიდა  ჩემი ბეწვის  ქუდს. მე  ძლივს  დავაღწიე  თავი  მამაჩემის   ხელებს,   ჯიბიდან  ამოვიღე  ხელსახოცი, გავხსენი  და  შევეკითხე :- ახლა  რაღა უნდა ვქნათ?-  ვინ   ამოგიღო? – მკითხა  მამამ. – თვითონ  ჩამოვარდა, – ვუთხარი  მე – რა უნდა  ვქნათ, თონე უნდა ავანთოთ, – გაიღიმა  მამამ.- როდის? – ვკითხე მე.-ერთი  კვირის  შემდეგ   სახლში  წავალთ  და  ვიმღერებთ.მამაჩემმა   კბილი   გამომართვა, შემდეგ  საწოლის  გვერდით  მდგარი პატარა კარადიდან უჯრედაცხვირსახოცია მოიღო,  კბილი შიგ გაახვია  და მე მომცა.

ერთი  კვირის  თავზე  მამაჩემი  გარდაიცვალა. ჩემი უკანასკნელი სარძევე კბილი, უჯრედაცხვირცახოცში  გამოხვეული, ახლა ჩემი საწერი მაგიდის  მარჯვენა უჯრაში  დევს.

გაიანე  პოღოსიან

სომხურიდან ქართულად თარგმნა  ელენე  ტუღუშმა

  

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s