დიდი პედაგოგისა და კომპოზიტორის ბიოგრაფიისათვის

კომპოზიტორმა  კოტე ფოცხვერაშვილმა ქუთაისის სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო იურიევის  უნივერსიტეტში. პარალელურად იგი აქ 1902 წლიდან სისტემატურად  ხელმძღვანელობდა  ქართველი  სტუდენტებისაგან  შემდგარ გუნდს.   მას  დიდი ღვაწლი  მიუძღვის  ქართული  ხალხური სიმღერების შეკრება – დამუშავებაში. თავისი გუნდის გამოსვლებით რუს საზოგადოებას  აცნობდა ჩვენს კულტურას და ეწეოდა ქართული ხალხური საუნჯის პროპაგანდას.  ამ  საღამო-კონცერტების წარმატებებზე ნათლად მეტყველებენ ის  პროგრამები და აფიშები, რომლებიც მრავლადაა დაცული  კომპოზიტორის  პირად  არქივში. იმდროინდელი პრესა ხაზგასმით აღნიშნავდა კ. ფოცხვერაშვილის გუნდის მონაწილეობით  გამართულ  საღამოების  ეროვნულ  ხასიათსა  და  მრავალფეროვნებას.  საყურადღებოა, რომ  ქართველთა  სათვისტომოს  მიერ   გამართული  კონცერტების  შემოსავალი  ღარიბი  სტუდენტებისათვის იყო განკუთვნილი,  1919-1914 წლებში  კოტე  ფოცხვერაშვილი  პეტერბურგში გადავიდა და ცნიბილი პროფესორების – საკეტისა და ბრუნის ხელმძღვანელობით განაგრძო  მეცადინეობა. პეტერბურგში  1909  წლის  22  იანვარს  გამართული  ტრადიციული  ქართული  საღამოს  შესახებ  გაზეთი ,, ჩვენი საქმე წერდა“:

,,საღამოს  შინაარსი  ფრიად  მდიდარი  იყო.  გარდა  რუსული  არიებისა და რომანსებისა, რომელიც  შეასრულა  ცნობილმა  არტისტებმა, სახელგანთქმულმა არხანგელსკიმ და ხორომ,  ფოცხვერაშვილის  დირიჟორობით იმღერეს  ქართულათ ,,მერცხალი,“ ,,მურმან-მურმან,“  ,,რერო,“ ,,ფაცხა,“ ,,ვახტანგ მეფე,“ და სხვა. სიმღერები საუცხოვოთ შესრულებულ იქნა.   საზოგადოება მეტათ  ნასიამოვნები  დარჩა,  რამდენჯერმე  გაამეორებინეს  და  ცხოველი  ტაშისცემით დააჯილდოვეს კ. ფოცხვერაშვილი. მარა აქ კიდევ არ იყო ფოცხვრაშვილის ტრიუმფი. ეს წილად ხვდა  მას მესამე განყოფილებაში, აქ დადგმულ  იქნა მისგანვე დაწერილი ერთმოქმედებიანი ოპერა ,, ბაყბაყ მდევნიდან,“ რამდენიმე  მოქმედება,  ცოცხალი სურათები დადგა მხატვარმა გ. პოლტორაცკიმ და ისე  ჩინებულათ,  რომ  უკეთ აღარც კი შეიძლებოდა. რითაც საზოგადოება მეტად  კმაყოფილი დარჩა. … როგორც ხედავთ, ბ. ფოცხვერაშვილმა ისეთი ნიჭი გამოიჩინა და ერთხელ კიდევ მოახედა საქართველოსკენ რუსეთის საზოგადოება და მისი შესწავლის სურვილი აღუძრა, და ეს მარტო პეტერბურგში კი არა, ყველგან, სადაც კი მან მონაწილეობა მიიღო საღამოს გამართვაში. აი, ასეთი ნიჭიერი და თვალსაჩინო გონებრივი ძალა, რომელსაც ანგარიშს უწევენ ცნობილი მუსიკოსენი, მთელი წელიწადია სტიპენდიის  დანიშვნას  ემუდარება  სხვადასხვა  ქველმოქმედ  დაწესებულებებს, მაგრამ ამაოდ. ის ღებულობდა ბ. სარაჯიშვილის სტიპენდას 25 მან, მაგრამ შარშან მაისში, სწორეთ მას შემდეგ, როცა ოდესის გაზეთებმა ასეთი ზეიმით აღნიშნეს ფოცხვერაშვილის ნიჭი და ღირსეული ხოტბა შეასხეს, მის თხოვნას სტიპენდიის მომატების  შესახებ  მით  უპასუხეს,  რომ  ისიც  წაართვეს, რასაც  აძლევდნენ.  ვერ  უშველა  ვერც  ბ. გოგებაშვილის ავტორიტეტმა.’’

როგორც ამ ნაწყვეტიდან ჩანს, კოტე ფოცხვერაშვილა ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მიიქცია დიდი პედაგოგისა და  საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის ყურადღება, რომელმაც, სწავლას მოწყურებულ ახალგაზრდაში მომავალი ნიჭიერი კომპოზიტორი დაინახა, ამის ნათელი დადასტურებაა  წერილები: ,,ქართული სიმღერის  ხოროს  შესახებ,’’ ,,უცნაური გაწიწმატება’’ და სხვა 1908 წლის შემოდგომაზე, პეტერბურგის, იურიევის და მოსკოვის ქართველ სტუდენტთა წრეებმა მოსკოვის  ,,თანამემამულეთა წრის’’  წევრებთან ერთად, უშუამდგომლეს თბილისის გუბერნიის  თავადაზნაურთ ა საკრებულოს  წინაშე,  რათა  სტიპენდიას  დაენიშნათ კოტე  ფოცხვერაშვილისათვის, ამ  თხოვნას სტუდენტები  იმითაც ასაბუთებდნენ, რომ საჭირო იყო ჩვენი ეროვნული მუსიკის შესწავლა და მისი გამოქვეყნება. აღნიშნული სუამდგომლობა ქართველმა სტუდენტებმა, იაკობ გოგებაშვილის მეშვეობით, გადასცეს თბილისის თავადაზნაურთა საკრებულოს მდივანს ილია ზურაბიშვილს. სამწუხაროდ, მისმა ჩარევამ თავდაპირველად  სასურველი  შედეგი  ვერ  გამოიღო — კოტე  ფოცხვერაშვილს  უარი  ეთქვა. მძიმე  ეკონომიკური პირობების მიუხედავად, ფოცხვერაშვილი მეცადინეობას განაგრძობდა. მაგრამ იაკობ გოგებაშვილის გულმოდგინე მეცადინეობის შედეგად კოტე ფოცხვერაშვილს სტიპენდია დაუნიშნა ჭიათურის შავი ქვისა და ნავთის მრეწველთა გამგეობამ. იაკობ გოგებაშვილსა და იაკობ მანსვეტაშვილს მართლაც არ გაცრუებიათ იმედი, კოტე ფოცხვერაშვილმა თავის მიზანს მიაღწია, ქართული მისიკით თქვა ის, რისი თქმაც სურდა. მას სწამდა ქართული მუსიკის მომავლისა და ამ ბრწყინვალე მომავლის შექმნაში მისი დიდი წვლილიცაა.

ავტორი: ლეილა ნანიტაშვილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s