იობა ისაკაძის გახსენება

აკაკი წერეთელი 1913 წელს გაზეთ „თემში’’ წერდა: „ ჩემს ხანგრძლივ სიცოცხლეში  ბევრი სიმწარე გამომიცდია, ერთი ორად მეტი სიტკბოზე, მაგრამ გამომიცდია ნეტარი წამებიც და ოთხი მათგანი მომაქვს აქ, რომ მკითხველებს გავუზიარო:

აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში

ერთხელ ლაპარაკი ჩამოვარდა ქართულ პურებზევ და მე წამცდა, რომ ყოველგვარ ქართულ პურს თორნის ლავაში მირჩევნია-მეთქი. მსმენელთა რიცხვში ერია იობა ისაკაძეც, სულ უბრალო კაცი, ტფილისში ხაბაზად მყოფი. მეორე დღეს მოვიდა ის იობა ისაკაძე და რაღაცა გამოხვეული ქაღალდში მოიტანა და მომაჩეჩა ხელში, ღიმილით,  ეს ჩემი ნაწარმოებია და მიტომ გიბედავო!..რადგანაც ამგვარი შემთხვევა ბევრია ხოლმე, რომ თავისი ნაწარმოები მოაქვსთ  ჩემთან, მე ისიც ნაწერები მეგონა, ჩამოვართვი და გავისტუმრე. მოცლის დროს, როცა გავხსენი ქაღალდი, რომ ნაწერები ამომელაგებინა, ვნახე, რომ შიგ ათიოდე თორნის ლავაში იყო ჩაწყობილი!.. ბევრი საჩუქარი მიმიღია საზოგადოებისგან…ბევრჯერ  მათ  რიცხვში ძვირფასიც. ჩემი ტაბი იმათ ღირსადაც არ მიმიჩნევია, მაგრამ არც ერთი მათგანი ისე ძვირფასი არ ყოფილა, როგორც იობას პურები(„ოთხი შემთხვევა“).

იობა ისაკაძე,  რომელსაც  ასე გულთბილად იგონებს აკაკი, რაჭველი ხაბაზი გახლდათ. იგი 1872 წლის 1 ოქტომბერს დაბადებულა რაჭის მაზრის სოფელ მუხლში. იობას ძმებს სახაბაზო ჰქონდათ  თბილისში და იობაც აქ ჩამოუყვანიათ. იგი პიროვნული თვისებების გამო რაჭველ მეპურეებს უსტაბაშად აურჩევიათ. 1912 წელს იობა ისაკაძემ ითავა აკაკის მოგზაურობის მოწყობა  რაჭა-ლეჩხუმში. უცხო სანახაობას წარმოადგენდა 17 ივლისს ტფილისში,,ედემის ბაღი“,- წერს ლადო ბზვანელი.  უზარმაზარ ვერხვის ქვეშ, ქართულ სუფრის გარშემო,თავი მოეტარათტფილისში მცხოვრებ რაჭველ-ლეჩხუმლებს და ყველა ღრმა სიყვარულითა და გულწრფელიარფრთოვანებით უმასპინძლდებოდა  მხცოვან მგოსანს  აკაკის,  რომელსაც განზრახული ფქონდა  რაჭა-ლეჩხუმის შემოვლა. სწორედ ამ  მოგზაურობის  დროს  გაიმართა  ის  მშვენიერი  ლხინი.  თამადამ,  გაზეთ „თემის“  რედაქტორმა გიგო დიასამიძემ პირველი ჭიქით აკაკის სადღეგრძელო შესვა.   შემდგომ სიტყვა წარმოთქვა იობა ისაკაძემ.

,, ჩვენო ძვირფასო და დიდებულო მგოსანო, ბატონო აკაკი!

მთელი თბილისის რაჭველები, დიდი და პატარა, საერთო აღტაცებით მოგიძღვნით უგულითადეს სალამს და ღმერთსა ვსთხოვთ დიდხანს გაგრძელებულიყოს თქვენი ბედნიერი სოცოცხლე, თქვენი ჯანმრთელობა და ბასრი კალმის მუშაობა საქართველოს და კერძოდ ჩვენი მივიწყებული კუნჭულის კეთილდღეობისა და ზნეობის ასამაღლებლად, ნიშნად გულითადის პატივისცემისა და თაყვანოსცემისა მოგიძღვნით ოქროს კალამს. დღეს უაღრესად ბედნიერად ვრაცხთ ჩვენს თავს, რომ აღასრულეთ ჩვენი  დიდი  ხნის  სურვილი და ინებეთ დასავლეთ საქართველოს ერთი, ბუნებით შემკულ ნაწილ რაჭა-ლეჩხუმის მიდამოებში მოგზაურობა და ჩვენი მოძმეების და თქვენი საყვარელი სამშობლოს შვილების პირისპირ ნახვით გახარება და გაბედნიერება. დარწმუნებული ვართ, როგორც ჩვენ, აქაურები, გაცილების დროს აღტაცებულნი ვართ, ისე ქუთაისში მყოფნი ჩვენი თანამოძმენი, რაჭა-ლეჩხუმის ყოველნი მცხოვრებნი წოდებისა, სქესისა და მდგომარეობის განურჩევლად მოგევლიან და შეჰნატრიან იმ წამს, როდესაც,გახდებიან ბედნიერნი თქვენი პირისპირ ხილვისაა, თქვენს გაბადრულს და მადლიან სახეს ერთის წამით მაინც გადაავლონ თვალი თავის სიცოცხლეში. ჩვენ, თბილისში მყოფი რაჭველები, სულითა და გულით ვუერთდებით ჩვენ თანამოძმე ქუთათურების და მთელი რაჭა-ლეჩხუმის აღტაცებულ ეროვნულ გულის  ჩქეფას და სიხარულს ვიზიარებთ“.

იობა ისაკაძემ  დიდ  პოეტს  ოქროს  კალამი მიართვა  წარწერით:  დიდებულ  მგოსანს აკაკის  მის  მოსიყვარულე  თბილისში  მცხოვრებ რაჭველებისაგან  ჩშიბ წ. რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის  სახსოვრად“. ამ მოგზაურობის დროს აკაკის თან ახლდნენ: გრიგოლ დიასამიძე, სოსიკო მერკვილაძე, მოგზაურობის მომწყობი კომიტეტის თავჯდომარე   იობა ისაკაძე, კოტე   აბდუშელიშვილი, აკაკის  ძმისწული  ვასილ წერეთელი, მხატვარი  კოტე ქავთარაძე. ქუთაისში მათ შეუერთდნენ   პედაგოგები ვასილ პეტრიაშვილი და სამსონ  დათეშიძე,  იაკობ ვარაზაშვილი, გაზეთ ,,კოლხიდას“ რედაქტორი მიხეილ ჯაფარიძე,  კორესპონდენტი ლადო  ნაცვლიშვილი (ბზვანელი) და კინოოპერატორი ვასილ ამაშუკელი.

1913 წლის 25 მაისს იობა ისაკაძე ტრაგიკულად დაიღუპა-თონეში მუშაობის დროს დაეცა ანთებული ლამფა და წამებით გარდაიცვალა.

კინო ისტორიამ შემოგვინახა აკაკის ცოცხალი სახე, ეს ვასილ ამაშუკელის ღვაწლთან ერთად იობა ისაკაძის დამსახურებაა.

ავტორი: ლეილა ნანიტაშვილი

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s