გამოფენა გამოფენისათვის?!

იონა  მეუნარგია მონოგრაფიაში „ ცხოვრება და პოეზია ნიკოლოზ ბარათაშვილისა’’ წერდა:

,,…საუკეთესო კაცები საქართველოსი, ის კაცები, რომელთა საზოგადოებას მართლა  შეეძლო მიეცა რაიმე ბარათაშვილისათვის, რუსეთში იყვნენ გადაგზავნილები.  გრიგოლ ორბელიანი, გიორგი ერისთავი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, სოლომონ დოდაშვილი, ალექსანდრე ორბელიანი, ელიზბარ ერისთავი ამ დროს რუსეთში ნანობდნენ იმ ფარულ საზოგადოებაში მონაწილეობას, რომელიც დაწესდა თბილისში 1829  წელს. ეს კაცები წარმოადგენდნენ ჩვენს საზოგადოებაში სამწერლო ელემენტს და ამ ელემენტის უმყოფლობა საგრძნობელი იყო ჩვენი ერისათვის“.

ქართველი მწერლების ბიოგრაფი საქართველოში „სამწერლო ელემენტის უმყოფლობას“ აღნიშნავს, მაგრამ მათ გარდა თვალუწვდენელ სივრცეში მრავალი, სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ქართველი იყო გაძევებული. ყველას როდი გაუმართლა: გადასახლებიდან დაბრუნდნენ სოლომონ რაზმაძე და სოლომონ დოდაშვილი.

სწორედ საქართველოს ამ საუკეთესო კაცების ფოტოსურათები, პორტრეტები, ფოტორეპროდუქციები, მათი ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური მასალა, ეპისტოლარული მემკვიდრეობა, მემორიალური ნივთები,რომლებსაც  კვალიფიციურად შედგენილი ანოტაციები ახლდა და მეგზურობას უწევდა მნახველს, გამოფინა გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა.

ექსპოზიცია ოთხ დარბაზში იყო გამოფენილი. აქ ნახავდით ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ს, მისი მეუღლის – დარეჯან დედოფლის,უკანასკნელი მეფის გიორგი  XIII-სა და მისი მეუღლის -მარიამ ციციშვილის, დავით, იოანე, ფარნაოზ, ოქროპირ, თამარ და ერეკლეს საყვარელი ქალიშვილის–თეკლე ბატონიშვილის, შეთქმულებაში მონაწილეობისათვის ორენბურგსა და კალუგაში გადასახალებული მისი ვაჟების –ალექსანდრეს, დიმიტრისა და ვახტანგ ორბელიანების პორტრეტებსა თუ რეპრედუქციებს.

თვალსაჩინო ადგილი ეწირათ შეთქმულების ერთ-ერთი მოთავის–ელიზბარ ერისთავისა და მისი მეუღლის-ქეთევან შალვას ასულ ერისთავის ფოტოებს. ექსპოზიციის მეოთხე დარბაზში ეკიდა ფერწერული ტილოები:სენატორ გიორგი იესეს ძე ერისთავისა(მხ. მეზენცევისა), ალექსანდრე ჭავჭავაძისა (მხ. უჩა ჯაფარიძე) და გრიგოლ ორბელიანისა (მხ. პიოტრ კოლჩინ).

ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა ანასტასია ბატონიშვილის ვაჟის, არხანგელსკში გადასახლებული გიორგი ერისთავის (ატამანი) და ვიატკაში გადასახლებული იოსებ მამაცაშვილის ფოტოების ხილვა.

ექსპოზიციას განსაკუთრებულ ხიბლს ჰმატებდა მემორიალური ნივთები: ალექსანდრე ჭავჭავაძის პაჟთა კორპუსის დასრულების სამკერდე ნიშანი-„მალტის ჯვარი’’, „ჭავჭავაძეების ოჯახური რელიკვია-მუსიკალური ყუთი ნოჟეგოროდის მარშით; ალექსანდრე ორბელიანის მიერ მეუღლისათვის ორენბურგიდან ჩამოტანილი ღვთისმშობლის ხატი, ნინო ჭავჭავაძის მედალიონი, მანანა ორბელიანის ფერადი ქვებით, შემკული მინიატურული ქოლგა.

ექსპოზიცია ერთგვარ სამხატვრო სალონსაც წარმოადგენდა, რადგან აქ თავმოყრილი იყო როგორც ქართველ, ისე უცხოელ მხატვართა ნამუშევრების ორიგინალები: ქეთევან მაღალაშვილის ალექსანდრე ორბელიანის პორტრეტი, უჩა ჯაფარიძის  ალექსანდრე ჭავჭავაძე, ალექსანდრე ბერიძის დიმიტრი ყიფიანი, პიოტრ კოლჩინის გარსევან ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი; გიორგი კორადინის თეკლე ბატომიშვილი, ვახტანგ დიმიტრის ძე ორბელიანი; ანდრეი მორგუნოვის ოქროპირ ბატონიშვილი, ვახტანგ ორბელიანი; მეზენცევის ტილო- სენატორი გიორგი იესე ძე ერისთავი, ელენ ფრანკენის დავით ალექსანდრეს ძე ჭავჭავაძე; ლევ ანფიმოვის-„ალექსანდრ  გრიბოედოვი ქართულ საზოგადოებაში’ და სხვა.

გამოფენა დაიხურა.

ექსპონატებმა თავთავიანთ სამყოფელს მიაშურეს. ბარაქალა, რომ კარგად ახსოვთ დიდი ილიას ანდერძი: ,,ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილის ცხივრებისა, დავიწყება ისტორიისა, თავისი წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან-მომასწავლებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წაწყმედისაცა. წარსული-მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო-მომავლისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზედ გადაბმული, რომ ერთი უმეოროდ წარმოუდგენელი, გაუგებარი და გამოუცნობია“.

***

ჩვენისთანა ბედნიერი

განა არის სადმე ერი?!

P.S  თუ ოდესმე კვლავ განმეორდება ეს გამოფენა.

ავტორი: ლეილა ნანიტაშვილი

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s