ეკატერინე  ერისთავი-წერეთლისა

            ზამთრით  ჩაგრულნი გაზაფხულს ველით, ვიხარებთ  ყოველნი,

             ჰხედავთ, შემკულა ბუნება და მწვაით მოსილა ველი

ეკატერინე  ერისთავის ეს ლექსი დაწერისთანავე  გავრცელდა ხალხში და სიმღერად იქცა. „თუმცა ხალხი  სიამოვნებით იმღერებდა  ამ ლექსს, მაგრამ  როგორც  ქალს, ქების ტაშს  მაინც არავინ უკრავდა „,-წერდა დიდი ქართველი პოეტი აკაკი წერეთელი.

   ეკატერინე  ერისთავი-წერეთლისა XIX საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილი პოეტი  ქალია. მისი ლექსი   „უსტარი თ…  ერი..“  მიძღვნილი  გიორგი  ერისთავისადმი, 1852 წლის „ ცისკრის“   № 4-ში დაიბეჭდა, ხოლო 187-82 წლებში, პოეტი ქალის გარდაცვალების შემდეგ, მისი ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა ამავე ჟურნალში.   ეკატერინე შვილი იყო 1832 წლის შეთქმულების მონაწილის – ივანე ელიზბარის ძე ერისთავისა და პოდპოლკოვნიკ გიორგი ამილახვრის ასულ კონიასი. ივანე ერისთავი თავისი დროისათვის დიდად განათლებული პიროვნება ყოფილა, იგი ლექსებს წერდა და შვილებსაც მამისგან გამოჰყვათ პოეზიის ღრმა სიყვარული. ერისთავების ოჯახთან დაახლოებული ყოფილან: ი. მაჩაბელი, გიორგი იასეს ძე ერისთავი, გიორგი, რევაზ და ზაქარია ერისთავები. ივანე ერისთავს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ალ. ჭავჭავაძესთან. ჩვენამდე მოღწეულია ალექსანდრესადმი მუნასიბად თქმული მისი ლექსი. ივანე ერისთავის ოჯახი პოეტების ოჯახი იყო. მისი მრავალრიცხოვანი შვილებიდან, ორი ქალიშვილი-მარიამი და ეკატერინე ცნობილი იყვნენ ხალასი პოეტური ნიჭით. მათმა ლექსებმა გამოქვეყნებისთანავე მიიპყრო მკითხველთა ფართო საზოგადიების ყურედღება. მარიამ ერისთავის ლექსებით მოხიბლული დიდი ქართველი პოეტი გრ. ორბელიანი, 1857 წ. 30-IX  დიმიტრი ჯორჯაძისადმი გაგზავნილ წერილში წერდა

   „აბა, ახლა წაიკითხე უკანასკნელს ცისკარში ლექსი კნეინა მარიამ ერისთავისა, ნახე, როგორ მოგეწონოს? ვისი ქალი არის?“მოგვიანებით კი, აკაკი წერეთელი  ივანე ერისთავის ქალების შესახებ აღნიშნავდა: „ ამ ორმოცდაათის წლის წინათ გავარდა ხმა საქართველოში, რომ დიდი ივანე ერისთავის ქალები მშვენივრად გამოზრდილნი არიან, საღვთო-საეროში გაწაფულნი, და ზედმიწევნითაც იციან პლატონის ფილოსოფია, რიტორება, არისტოტელის კათეგორია და სხვა და სხვანი“.

  ეკატერინე ცოლად მიათხოვეს ცნობილი ბიბლიოფილის გრიგოლ წერეთლის ვაჟს-ალექსანდრეს; მაგრამ ეს ქორწინება სვებედნიერი არ ყოფილა. თურმე „ წერეთლები მოელოდნენ დედოფლურად გამოზრდილს ოჯახის ასულს, ყოველ შემთხვევაში, თავდაჭერილს, მაგრამ წარმოიდგინეთ მათი გაკვირვება, როდესაც ხელში დარჩათ პოეტური გრძნობით აღვსილი ახალგაზრდა ცქრიალა ქალი, რომელიც თავს არ იჭერდა, ყოვლისფერს თანაუგრძნობდა, კარგს რასმე შეფრქვევით მიეხაფიფებოდა, ცუდს ზიზღით ზურგს უჩვენებდა და შორდებოდა. ამგვარი პირდაპირობა, თავდაუჭერლობა და ზედ დართული მოლექსეობაც არ ესიამოვნა ქმარს და ცოლ-ქმარს შუა ცხოვრება გამწარდა“,-წერს აკაკი.

  ალექსანდრე წერეთელს ეკატერინე ცალკე დაუმწყვდევია. საქართველოს ლიტერატურულ მუზეუმში დაცულია ეკატერინე ერისთავის დაუბეჭდავი ლექსი სათაურით: ” ეკატერინე რომ დაატუსაღა თავისმა ქმარმა ალექსანდრე გრიგოლის ძემ წერეთელმა, მაშინ დასწერა ს. საჩხერეს“.  ამ ლექსში პოეტი ქალი მწარედ განიცდის სულიერ მარტოობას და დასტირის თავის ბედს:

              „ ვაი  ვერღარა ვიხილავ, განქრა ჩემთვის გაზაფხული,

                საუკუნოდ  მომიმზადეს სამყოფი ბნელი დახშული,

                ნაცვლად  ლხენის, მქონან ცრემლნი და ჭმუნვით მაქვს სავსე გული,

                ვეღარ ვსუნთქავ ტკბილს ჰაერსა, შვებას სრულად მოკლებული.

                 ვითარღა ძალმიძს ვითმინო ესდები ჭირი და სულთქმა,

                ვის  მონად  ვიქმენ, საბრალო, ვის მივეც გული და აღთქმა,

                მსხვერპლად ვის უქმენ სიცოცხლე, მრცხვენის აწ მისი გამოთქმა,

                ნაცვლად ამ შეწირულების განმეწესა გლოვა-მოთქმა.

                მიკვირს  ვისთვისღა  აცალე  ტალანტოვანი  გონება.

                ფიცით არწმუნე, აღუთქვი უცვალებელი მონება,

               გამოუცხადე  უზომო  სიყვარულისა  ქონება,

                რომელს  ბომონი  უწოდე,  გულს  მიეცი  მით  ფონება“.

 დრამატურგი გ. ერისთავი ახალგაზრდობაში ეკატერინეთი ყოფილა გატაცებული. მას ბევრი ლექსი მიუძღვნია ეკატერინესათვის. ერთ-ერთ ლექსში ის მომხიბლველი ფერებით აღწერს ეკატერინეს და განიცდის  მის სულიერ მარტოობას, მისი ბედის უკუღმართობას.

  სიცოცხლის უკანასკნელი წლები პოეტმა ქალმა თავის მშობლიურ სოფელ ქვეშეს გაატარა. უნდა ვიფიქროთ, რომ ქმართან უსიამოვნების შემდეგ, ეკატერინე მამის ოჯახს დაუბრუნდა.

ეკატერინე გარდაიცვალა 1870 წლის 4 დეკემბერს. დაკრძალულია იკორთის ერისთავთა საგვარეულო სასაფლაოზე.  შვილის სიკვდილით დამწუხრებულ დედას საფლავის ქვაზე შემდეგი ეპიტაფია ამოუკვეთია:

          „ამა ლოდსა ზედა წარვსწერ გლოვის ხმასა,

          ეპიტაფიებრ ცრემლ სადენ საწუხ ხმასა,

          თუმცა ვერ შევმზადებ ღირს შენდა ქების თქმასა,

          ვით დებს მატებდი მარადღე დიდებასა,

          დედა ვგოდებ ასულის მოკლებასა. 

           ვით დავითმინო მწუხარებანი,

           ეკატერინას მოშორებანი,

           მათმან  დედამან  მოგონებანი,

           და ვაებისა  დამონებანი“.

        ეკატერინე ერისთავის ლექსები: „ ახალი დრო“, „ბორჯომზედ“, „ვარანცოვის ძეგლს“, „კნეინა მანანა ორბელიანის ფორტრეტზე“, „ოცნება“, „ჩემს მცნობს“, და სხვ. დიდი პოპულარობით სარგებლობდა თავის დროზე. ჟურნალი „ ცისკარი“ კი ეკატერინე ერისთავს ცნობილი ქართველი პოეტი ქალების–ბარბარე ჯორჯაძისა და ნინო ორბელიანის გვერდით აყენებდა:  „ჩვენ გვყვავდნენ და გვყავს ქალებიცა, რომელნიცა სწერენ და საზოგადო საქმისათვისაც, ზრუნავენ, ოჯახის მოვლის გარდა,–აი, განსვენებული ეკატერინე ერისთავისა, აი, კნ. ბარბარე ჯორჯაძისა, ნინა ორბელიანისა; ჩვენ მაღალ სასწავლებელში გაზრდილსაც ვერ შეეძლოს“.ეკ. ერისთავის ლირიკა უთუოდ საყურადღებოა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის პოეზიაში. აქვე ვაქვეყნებთ ეკ. ერისთავის ერთ-ერთ ლექსს

                                           კნეინა      მანანა ორბელიანის       პორტრეტზე 

 

                                                    სატრფოს ფორტრეტსა

                                                      ვჭვრეტ ვითა მზესა,

                                           ჭმუნვარეს გულის განმანათებლად.

                                                  მხატვრობა ესე,

                                               შვენებით სავსე,

                                     მგზავსი თუ ოდენ ყოფილხარ ძველად.

                                             ოდესცა ვნახე

                                           მის ტურფა სახე.

                                  მყის განკვირვებით ვიქმენ მოცული,

                                       და ვით შვენიერს,

                                        პლანეტსა ციურს,

                                 ვსჭვრეტდი, შევიქმენ აღტაცებული!

                                           იზიდავს გულსა,

                                      მსხვერპლად გძღვნი სულსა,

                               ნუ თუ მაღნიტი გქონან თვალებში

                                     და მისთვის მარად

                                    მყავ მონად მყარად

                            მაღალ გონებით მჯობმა ქალებში.

                                        უმანკო გული,

                                    კეთილი სრული,

                           აღატრფობს ყოველთ შენდა საქებრად,

                                 გაქვს შესაფერი,

                                  ეგ ნაზი ფერი,

                        მოგნიჭებიეს განსაშვენებლად.

                                    ხარ სრული გრძნობით,

                                 განსჯით და ცნობით,

                        სამაგალითოდ წარმოდგენილი,

                                ქცევა ქებული

                                გაქვს დიდებული,

                         გშვენის: ქალთ მეფედ გყონ დადგენილი!

 

                                                               ლ. ნანიტაშვილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s