ერთი ბარათის ამბავი

e18398e1839de183a1e18394e18391-e18398e1839be18394e18393e18390e183a8e18395e18398e1839ae18398

იოსებ იმედაშვილს, როგორც მწერალს, გამომცემელს, რედაქტორს, საზოგადო მოღვაწეს, კარგად იცნობს ქართველი მკითხველი. მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მან ქართული კულტურის სამსახურს შეალია.

იმედაშვილის სახელი პირველად 1895 წლიდან გამოჩნდა ქართული პრესის ფურცლებზე, თანამშრომლობდა „ივერიაში“, „ცნობის ფურცელში“, ხელმძღვანელობდა გაზეთ   „ ხალხის ერთიანობას“ (შემდეგ „ხალხის თავისუფლება“) და ჟურნალს „თეატრი და ცხოვრება“. რევოლუციური შინაარსის მისი ლექსები და პოემები პირველად გამოვიდა 1904 წელს, იზიძის ფსევდონიმით. იგი იყო პირველი სახალხო თეატრის ფუძემდებელი, რეჟისორი და მსახიობი.

გ. ლეონიძის სახელობის სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმში (ხ – №13944) დაცულია ზაქარია ჭიჭინაძის უცნობი ბარათი ფილიპე მახარაძისადმი. ბარათი დათარიღებულია 1925 წლის 25 ოქტომბრით და იოსებ იმედაშვილის პიროვნების საინტერესო დახასიათებას შეიცავს.მოგვყავს ბარათი მთლიანად:

„ჩემგან გულით პატივცემულო ძვირფასო ფილიპე!

იოსებ იმედაშვილს შენც იცნობ და მეც. იგი არის დიდი პროგრესისტი და მასთან თავისი მშობელი ქვეყნის უაღრესი მოყვარე. მისი შრომა ყოველთვის სდარაჯობდა ქართველი მუშის და გლეხის დაცემულ ცხოვრებას. იგი იყო და არის კიდევაც მხურვალე მოტრფიალე ქართველი ერის იდეური ამაღლების, პროგრესულად დაწინაურების, რაშიაც უაღრესად არის დაცული კომუნალური იდეაც.

მთელი 40 წელიწადი კაცი სდარაჯობს ქვეყანას, თავისი კალმით და თავისი შრომით. მისთვის 4 წელიწადი მეტეხშიც იჯდა. სხვა დროსაც არ აკმარეს მას დევნა. დევნა ცენზურის კომიტეტიდან, დევნა ჟანდარმერიისაგან, დევნა მონარქიული მთავრობისაგან, დევნა სხვათაგან. ამ კაცმა დაბეჭდა, სხვათაშორის, ერთი შენი წიგნი, მანვე დიდათ იმუშავა შენს კაუცკის წიგნზე ციხეში. იგია ერთი დამაარსებელი სახალხო თეატრისა ამ 38 წლის წინ. იგია შემდგენელი „უცხო სიტყვათა ლექსიკონისა“, რომელშიაც მან პირველად დაბეჭდა ვრცლად „კომუნისტური მანიფესტი“. უკანასკნელ 15 წელიწადში უძღვებოდა სათეატრო    ჟურნალს, „თეატრსა და ცხოვრებას“, რომელიც განსაკუთრებით მშრომელ ხალხს ემსახურებოდა, რისთვისაც ვალები წამოედო. ასეთ მდგომარეობაში მყოფი კვლავ აპირობს თავისებურ სამწიგნობრო მუშაობას.

“ასეთი კაცის შრომის დავიწყება არ შეიძლება.

თუ ხათრი გაქვს, ჩვენი ქვეყნის სიკეთე გსურს, ამ კაცს გამოუნახე დახმარება, რომ ვალები გაისტუმროს და თავის ჟურნალის გამოცემა განაახლოს. მას არაფერი დახმარება არა აქვს, მისი შეგირდები პენსიასაც იღებენ და ამას გროშიც არ ეძლევა. ფილიპე, თუ ხათრი გაქვს და კაცი ხარ, ნუ დაივიწყებ ამ ქართველ მუშაკს, ქართველი ერისას. შენ იცი და შენმა ჭკვა-გონებამ, როგორ უპატრონებ ამ ერთგულ მუშაკს ქართველი ერის პროგრესულ ამაღლების და დაწინაურებისას. იმედია, რომ ჩემს დავალებას არ დაივიწყებ და ამ დამსახურებულ მუშაკს შენებურ ზნეობრივ და ნივთიერ დახმარებას გაუწევ.

ამის გულისათვის შენთან თორმეტი კაცი მოდიოდა. მათ მაგიერ მე მოვედი და გთხოვ შენ  იზრუნო, რომ ასეთი შრომისმოყვარე  კაცი არ იქნეს დაჩაგრული. თქვენი პატივისმცემელი ზაქ. ჭიჭინაძე“.

ამ შუამდგომლობამ კარგი ნაყოფი გამოიღო. საბჭოთა ხელისუფლებამ სათანადოდ დააფასა იოსებ იმედაშვილის დამსახურება ქართული კულტურის წინაშე.

ლეილა ნანიტაშვილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s