ჯადოსნური სამყარო ბიბლიოთეკაში

ლიკა ბაქრაძე

ამბობენ, სიცოცხლის ბოლომდე მიგყვება ბავშვობისდროინდელი მოგონებების  სუნი, ფერი, მელოდია, შეგრძნებები. მეც ასე ვარ – არ მახსოვს შენობა, ინტერიერი, არაფერი გარშემო, გარდა წიგნების იმ განუმეორებელი სუნისა, რასაც ვერაფერს შეადარებ და ამბები – ჯადოსნური, ამაღელვებელი ამბები, – რაც იმ საბავშვო  წიგნებში იყო.

მახსოვს, მაღალ ჭერამდე აზიდულ კარადას იატაკთან თარო აკლდა, რაც შესანიშნავად გამოვიყენე. შევძვრებოდი ხოლმე, მივიყუჟებოდი თაროებქვეშ და ვკითხულობდი. ჩემი ბავშვობის საყვარელი თამაში. 🙂 შემძვრალი ხარ საიმედო ადგილას, უსაფრთხოდ, ვერავინ გხედავს, არავინ შეგიშლის ხელს დატკბე ჯადოსნური წიგნის სამყაროთი და იმ უცნაური, განუმეორებელი სურნელით, რომელიც მარტო წიგნს აქვს. ესაა ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მოგონება, რომელიც, ვიცი, არასდროს წაიშლება და ყოველთვის გაიღვიძებს როგორც კი წიგნის სასიამოვნო სუნს შევიგრძნობ. არადა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მიხვდებით ალბათ თუ რა სიხშირით ვგრძნობ ამას 🙂

ძალიან მინდა,  წიგნის ჯადოსნური სამყარო ყველა ბავშვისთვის ისეთივე ძვირფასი გახდეს, როგორც ჩემთვისაა. ადამიანი ხომ ბავშვობაში ყალიბდება, რაშიც უმთავრეს როლს საბავშვო ლიტერატურა თამაშობს – წიგნიდან წაკითხული, ფურცელ-ფურცელ ამოკრეფილი ჯადოსნური ამბები.

Continue reading